GE

რა შემთხვევებში მიეცემა აბიტურიენტს უფლება, რომ ეროვნული გამოცდა დაგეგმილზე გვიან ჩააბაროს – მინისტრის ბრძანება

„ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის №19/ნ ბრძანებაში ცვლილებები შევიდა.

მათ შორის, 29 ივნისს გამოქვეყნებული განათლების მინისტრის პრძანებით, დეტალურად გაიწერა იმ აბიტურიენტების უფლებები და შესაძლებლობები, რომელთაც 2021 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე, გამოცდის დღეს დაუდასტურდებათ კორონავირუსი, ან სხვა კორონავირუსთან დაკავშირებული მიზეზების გამო ვერ გამოცხადდებიან გამოცდაზე.

განათლების მინისტრის მიერ ხელმოწერილ ბრძანებაში ვკითხულობთ:

45-ე პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 46-ე პუნქტი:

„46. 2021 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების მიზნებისათვის:

ა) ის აბიტურიენტები, რომელთაც გამოცდის დღისათვის დადასტურებული ექნებათ COVID-19-ის ინფექცია, გამოცდაზე არ დაიშვებიან;

ბ) ცენტრი უფლებამოსილია, იმ აბიტურიენტებისათვის, რომელთაც ვერ მოახერხეს გამოცდაზე დასწრება COVID-19-ის ინფექციის დადასტურების გამო, განსაზღვროს შესაბამისი საგნის დამატებით ერთი საგამოცდო სესია;

გ) ცენტრი ამ პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ პირთა შესახებ ეყრდნობა სსიპ – ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ მოწოდებულ ინფორმაციას, რისთვისაც ცენტრი უფლებამოსილია ელექტრონულად, დაცული დოკუმენტის სახით გამოცდის წინა დღეს მიაწოდოს შესაბამის გამოცდაზე გამსვლელი აბიტურიენტების თაობაზე ინფორმაცია (სახელი, გვარი, პირადი ნომერი) სსიპ – ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს. საგამოცდო პერიოდში ცენტრი უფლებამოსილია ყოველდღიურად დაცული ფორმით მიიღოს სსიპ – ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისაგან ინფორმაცია, რომელ აბიტურიენტს დაუდასტურდა COVID-19-ის ინფექცია შესაბამის გამოცდამდე 14 დღის განმავლობაში;

დ) ცენტრი უზრუნველყოფს იმ აბიტურიენტების მონაწილეობას შესაბამის გამოცდაზე, რომლებიც ვერ შეძლებენ საგამოცდო-საიდენტიფიკაციო ბარათში მითითებულ დროს გამოცდაზე გამოცხადებას ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებაში სულ მცირე ერთი დღე-ღამით ყოფნის, ოჯახის წევრის (მეუღლე, დედა, მამა, და-ძმა, შვილი) გარდაცვალების ან საქართველოს სახელით უცხო ქვეყანაში საერთაშორისო სპორტულ ტურნირში მონაწილეობის გამო.

ე) ამ პუნქტის „დ“ ქვეპუნქტში მითითებულმა პირებმა შესაბამისი საგამოცდო სესიის დასრულებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში ცენტრში უნდა წარმოადგინონ სტაციონარულ დაწესებულებაში ყოფნის, ოჯახის წევრის გარდაცვალების და ნათესაობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ასევე საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ გაცემული დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს აბიტურიენტის მონაწილეობას უცხო ქვეყანაში საერთაშორისო სპორტულ ტურნირში საქართველოს სახელით.

ვ) ამ პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირები შესაბამის გამოცდაზე დაიშვებიან მხოლოდ ამ პუნქტის „ე“ ქვეპუნქტში მითითებული დოკუმენტაციის წარმოდგენის შემდგომ, იმ შემთხვევაში, თუ გამოცდა ტარდება რამდენიმე დღეს/რამდენიმე სესიად და ამ პირთა დაშვება ტექნიკურად შესაძლებელია.

ზ) ამ პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად მიღებული ინფორმაცია აბიტურიენტისათვის COVID-19-ის ინფექციის დადასტურების თაობაზე ხელმისაწვდომი იქნება მხოლოდ ცენტრის უფლებამოსილი თანამშრომლებისათვის და დაცული ფორმით ეცნობება მხოლოდ იმ საგამოცდო ცენტრის შესაბამის თანამშრომელს, სადაც აბარებს ერთიან ეროვნულ გამოცდას აბიტურიენტი.

თ) ამ პუნქტის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად ცენტრის მიერ მიღებული მონაცემები ცენტრში ინახება ერთი წლის ვადით, ხოლო ამ ვადის გასვლის შემდეგ ნადგურდება.

ი) დამატებით საგამოცდო სესიაზე გამოყენებულ ტესტში მიღებული ქულები არ გათანაბრდება.“;

ბრძანების სრული ვერსიის სანახავად იხ. ბმული.

გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე

განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური