ცნობილია რა ვადებში შეძლებთ ზაფხულის გამოცდებისთვის ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი თანხების დაბრუნებას – ინსტრუქცია

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი 2025 წლის გამოცდებისათვის რეგისტრაციის დროს ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი თანხის დაბრუნებასთან დაკავშირებით განაცხადების მიღებას იწყებს.
პროცესი 14 აპრილიდან 14 მაისის 18:00 საათამდე გაგრძელდება.
NAEC-ის ცნობით, იმ დარეგისტრირებულ გამოსაცდელებს, რომელთაც 2025 წლის ერთიან ეროვნულ, საერთო სამაგისტრო, საგნის/უფროსი სპეციალური მასწავლებლის/საბაზო პროფესიული უნარების გამოცდებსა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსზე თანხა ზედმეტად გადაიხადეს, მისი დაბრუნების თაობაზე განაცხადის წარმოდგენა შეუძლიათ სპეციალური პროგრამის გამოყენებით შემდეგ ბმულზე.
რა შემთხვევაში ბრუნდება საფასური სრულად:
– თუ 2025 წლის გამოცდებში მონაწილეობისათვის დარეგისტრირებულმა პირმა რეგისტრაციის ვადის ამოწურვამდე წერილობით განაცხადა უარი გამოცდებში მონაწილეობის მიღებაზე;
– თუ პირმა გადაიხადა თანხა და არ გაიარა რეგისტრაცია;
– თუ საფასური გადახდილია რეგისტრაციისათვის განსაზღვრულზე მეტი ოდენობით, გადამხდელს უბრუნდება სხვაობა გადახდილ თანხასა და საფასურის დადგენილ ოდენობას შორის.
ინსტრუქცია:
იმ შემთხვევაში, თუ პირმა გადაიხადა რეგისტრაციის საფასური, მაგრამ არ დარეგისტრირდა, უნდა შეავსოს ამობეჭდილი განაცხადის ფორმა და წარმოადგინოს შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში (მისამართი: თბილისი, ე. მინდელის ქუჩა N9), ხოლო რეგიონებში – საგანმანათლებლო რესურსცენტრებში, რომლებიც შემდგომ უზრუნველყოფენ განცხადებების გადმოგზავნას დოკუმენტბრუნვის ელექტრონული სისტემის (eflow) გამოყენებით.
იხილეთ განაცხადის ფორმა (განაცხადის შევსებისას იმ ველების შევსება, რომელთა შესახებაც ინფორმაცია არ გაქვთ (მაგ.: საგამოცდო-საიდენტიფიკაციო ბარათის კოდი) სავალდებულო არ არის).
გაითვალისწინეთ, რომ:
განცხადებას უნდა დაერთოს:
– გამოსაცდელის/გადამხდელის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
– იმ შემთხვევაში, თუ განმცხადებელი სხვა პირია – წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი (მინდობილობა, ან მშობლის შემთხვევაში, არასრულწლოვანი პირის დაბადების მოწმობა);
– ბანკის მიერ გაცემული საბანკო რეკვიზიტები, სადაც მითითებული იქნება ბანკის კოდი, ანგარიშის ნომერი და ანგარიშის დასახელება, აგრეთვე, ანგარიშის მფლობელის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი.
გაითვალისწინეთ, რომ თანხა თქვენ მიერ მითითებულ ანგარიშზე ჩაირიცხება განცხადებების მიღების დასრულებიდან ერთი თვის ვადაში.
-
ცნობილია რამდენი აბიტურიენტი დარეგისტრირდა 2025 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე – საერთო სტატისტიკა by სიახლეები მისაღებ გამოცდებზე 22 აპრილი, 2025
-
ქართული ენა და ლიტერატურა – ნანა ლოლაძის ვიდეოინსტრუქცია აბიტურიენტებს by რჩევები 11 აპრილი, 2025
-
ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებულ მოსწავლეთა რეიტინგულ სიები – 2024-2025 სასწავლო წელი by შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი 4 აპრილი, 2025