რა სტანდარტებს უნდა აკმაყოფილებდეს საჯარო სკოლა ავტორიზაციის მისაღებად – პროცესი დაწყებულია
საჯარო სკოლების სავალდებულო ავტორიზაციის პროცესი, კანონში განხორციელებული ბოლო ცვლილების თანახმად ხუთი წლით გადავადდა. მთავრობის ბოლო გადაწყვეტილებით, საქართველოს 2084 საჯარო სკოლამ ავტორიზაცია 2020-2021 სასწავლო წლისთვის უნდა განახორციელოს. პროცესი უკვე დაწყებულია, თუმცა ამ ეტაპზე არც ერთ საჯარო სკოლას არ გამოუთქვამს სურვილი, რომ ავტორიზაციის საბჭომ მათი შეფასება მოახდინოს. რა სიახლეებია ავტორიზაციის პროცესში, რა მოეთხოვებათ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს ავტორიზაციის მიღებისთვის და შემდეგ უკვე ფუნქციონირებისთვის – ამ საკითხებზე EDU.ARIS.GE–ს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ავტორიზაციის სამსახურის უფროსი ლაშა მარგიშვილი ესაუბრა.
–საჯარო სკოლებისთვის ავტორიზაციის ვადად 2015 წელი იყო განსაზღვრული. თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ ეს თითქმის შეუძლებელი გახლდათ – ვადები გადაიწია. ბოლო მოცემულობით საქართველოში არსებულმა 2084 საჯარო სკოლამ სავალდებულო პროცესი 2020-2021 სასწავლო წლისთვის უნდა გაიაროს. რაც შეეხება კერძო სკოლებს, არსებული 247 სკოლიდან ავტორიზაცია უკვე ყველამ გაიარა. თუმცა მათ ვინც ეს პროცესი 2011 წელს გაიარა, წელს რეავტორიზაცია უწევს.
–საჯარო სკოლებიდან ამ ეტაპზე თუ გაიარა რომელიმე სკოლამ ავტორიზაცია?
–ჯერ-ჯერობით არც ერთ სკოლას არ გაუვლია. 2016 წლიდან ყველა მსურველს შეუძლია გაიაროს ავტორიზაცია თუ თვლის, რომ საჭირო კრიტერიუმებს აკმაყოფილებს. თუმცა ჯერ-ჯერობით აღნიშნული განაცხადით არც ერთს არ მოუმართავს.
–ანუ, სტანდარტები, რის მიხედვითაც აპირებთ სკოლები შეაფასოთ უკვე შედგენილია…
–სამუშაო პროცესი ჯერ კიდევ მიმდინარეობს. ამასთან, მიმდინარეობს სტანდარტების გადახედვის პროცესიც. თავად სკოლების წარმოამდგენლებთან გვაქვს შეხვედრები და მათთან ერთად ხორციელდება სტანდარტები დახვეწა. უახლოეს პერიოდში, ზაფხულის დასაწყისისთვის დოკუმენტი მზად იქნება. თუმცა იმ სკოლებს, რომლებსაც აქვთ სურვილი უკვე დააყენონ ავტორიზაციაზე საკითხი, შეუძლიათ ამ დროისთვის არსებული სტანდარტებით იხელმძღვანელონ.
–ბატონო ლაშა, რა ხდება იმ შემთხვევაში თუ სკოლა ვერ გადის ავტორიზაციას? და გქონიათ თუ არა პრაქტიკაში ასეთი შემთხვევა?
–საჯარო სკოლებთან მიმართებაში ასეთი პრაქტიკა არ გვაქვს, თუმცა იგივეს ვერ ვიტყვი კერძო სკოლებთან მიმართებით. არის შემთხვევები, როდესაც სკოლა ვერ აკმაყოფილებს სტანდარტებს. ასეთ შემთხვევაში ის კარგავს საგანმანათლებლო სტატუსს. მოსწავლეები კი მობილობით სხვა სკოლებში გადადიან.
EDU.ARIS.GE დაინტერესდა, კიდევ რა სტანდარტებს უნდა აკმაყოფილებდეს სკოლა სახელმწიფო შემოწმების წარმატებით დასაძლევად – განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის ბრძანების თანახმად, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის სტანდარტები დაკმაყოფილებულია თუ:
- დაწესებულებას აქვს სასკოლო სასწავლო გეგმით განსაზღვრული სასწავლო პროცესის შესაბამისი მატერიალური რესურსი, მათ შორის: 250 კვ.მ ფართი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭო იღებს გადაწყვეტილებას 50 მოსწავლეზე ნაკლებკონტინგენტიანი სკოლის ავტორიზაციის შესახებ.
- საკლასო ოთახები, აღჭურვილი სათანადო ინვენტარით, კერძოდ: მოსწავლეთა ინდივიდუალურ საჭიროებებს მორგებული მერხებით, სასკოლო დაფებითა და სხვა აუცილებელი მატერიალური საშუალებებით;
- სპორტული დარბაზი, აუზი ან მოედანი;
- სათანადოდ აღჭურვილი ლაბორატორია/ლაბორატორიები;
- სკოლაში არის საგანმანათლებლო პროცესის წარმართვისთვის აუცილებელი გარემო: ელექტროენერგიის მიწოდების უწყვეტი სისტემა, სველი წერტილები, ბუნებრივი განათების შესაძლებლობა და გათბობის საშუალებები;
- სკოლაში არის სასკოლო სასწავლო გეგმის შესაბამისი ბიბლიოთეკა სათანადო რაოდენობის წიგების ფონდით, პერიოდიკითა და სხვა დამხმარე მასალით;
- სკოლას აქვს ადაპტირებული გარემო სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე მოსწავლეთათვის;
- სკოლას აქვს სასკოლო სასწავლო გეგმით დასახული მიზნების განხორციელებისათვის აუცილებელი საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები, მათ შორის, ინტერნეტით მუდმივად უზრუნველყოფილი კომპიუტერები. ვებგვერდი ასრულებს საკომუნიკაციო და საინფორმაციო ფუნქციას;
- სკოლაში დაცულია პერსონალისა და მოსწავლეთა უსაფრთხოება და ჯანმრთელობა, რისთვისაც არსებობს:ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების უზრუნველყოფის მექანიზმები და ხანძარსაწინააღმდეგო ინვენტარი;
- თვალსაჩინო ადგილას გამოკრული ევაკუაციის გეგმა;
- სამედიცინო დახმარების აღმოჩენის მექანიზმები;
- წესრიგის დაცვის უზრუნველყოფის მექანიზმები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად;კერძო უსაფრთხოების კამერები, რომლებიც უზრუნველყოფენ სკოლის შიდა და გარე პერიმეტრის კონტროლს;
- შემუშავებულია სკოლის განვითარების გრძელვადიანი (ექვსწლიანი) და ერთწლიანი სამოქმედო გეგმები, გამომდინარე დაწესებულების მისიიდან, რაც ასევე ითვალისწინებს მატერიალური რესურსების ეფექტურად გამოყენებისა და გაუმჯობესების მექანიზმებს;
ავტორიზაციის პროცესის წარმატებით გავლისთვის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება ადამიანური რესურსის დადგენილ სტანდარტსაც უნდა აკმაყოფილებდეს. პირველ რიგში კი, სკოლებს სასწავლო გეგმით განსაზღვრული სასწავლო პროცესის შესაბამისი ადამიანური რესურსი უნდა ჰყავდეს და მუდმივ რეჟიმში უნდა ცდილობდეს მათ პროფესულ განვითარებას.
ავტორიზაცია – საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოპოვების პროცედურა, რომლის ფარგლებშიც მოწმდება დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამების, მატერიალური და ადამიანური რესურსების შესაბამისობა სახელმწიფოს მიერ დადგენილ სტანდარტებთან.
მკაცრდება თუ არა უმაღლესი სასწავლებლებისთვის ავტორიზაციისა და აკრედიტაციის მინიჭების პროცედურა
ეკა არის© წივწივაძე
- 2024 წელს, 2023 წელთან შედარებით, საშუალო სკოლა თითქმის 12%-ით ნაკლებმა მოსწავლემ დაასრულა – საქსტატის უახლესი მონაცემები by ARIS.GE-განათლება
- როგორ შეძლებს სკოლის თანამშრომელი დირექტორის უფლებამოსილების შესრულებას – რეგისტრაციის წესი დამტკიცდა by ARIS.GE-განათლება
- სახალხო დამცველი საგანმანათლებლო დაწესებულებებს მიმართავს და ბავშვთა უფლებებს შეახსენებს by ამბები ზოგადი განათლებიდან