მანიფესტი გოგებაშვილის „დედაენის“ დაბრუნების მოთხოვნით, – იდეალური წიგნი ჩავანაცვლეთ საშინელებით
„დავაბრუნოთ იაკობ გოგებაშვილის „დედაენა“ საჯარო სკოლებში!“, – ამ მოთხოვნით ონლაინ სივრცეში პეტიცია გავრცელდა. პეტიციას 3 000–მდე ადამიანი აწერს ხელს. აღნიშნულის პარალელურად EDU.ARIS.GE-მ არაერთი მშობლისგან მსგავსი შინაარსის კითხვა მიიღო – ისწავლის თუ არა მისი პირველკლასელი შვილი სკოლაში იაკობ გოგებაშვილის „დედა ენით“?!
როგორც manifest.ge-ს (ვებგვერდი, სადაც ეს პეტიციაა განთავსებული) გამგეობის თავმჯდომარე გიორგი მაჭარაშვილი აცხადებს, ეს არის სამოქალაქო ინიციატივების პლატფორმა, რომელზეც ნებისმიერ ადამიანს შეუძლია დარეგისტრირდეს და ამა თუ იმ საკითხის ინიცირება მოახდინოს.
„ხელმოწერების ამ გზით შეგროვება ზეწოლის ერთ-ერთი მექანიზმია პოლიტიკურ პროცესებზე. თვითონ საზღვრავს პეტიციის ავტორი, რა რაოდენობის ხელმოწერა უნდა მას. მინიმალურია 50 და მაქსიმალურია 10 მილიონამდე. დანარჩენ შემთხვევაში არ ვერევით, რამდენი ხმაც უნდა თვითონ ადამიანს, იმდენს აწესებს. შემდეგ თუ პეტიცია დააგროვებს იმ რაოდენობას, რამდენიც მის ინიციატორს აქვს მითითებული, ჩვენ ვაგზავნით ოფიციალურ მეილზე ინფორმაციას. ესაა ის პროცედურა, რომელიც ჩვენ გვაქვს. ყოფილა შემთხვევა პეტიციის ავტორებს გამოუყენებიათ ეს ხელმოწერები. ამ შემთხვევაში გამოიყენებს თუ არა ამ პეტიციის ავტორი მას, ეს მისი გადასაწყვეტია“, – უთხრა EDU.ARIS.GE-ს გიორგი მაჭარაშვილმა.
ჩვენ პეტიციის ავტორსაც დავუკავშირდით, იმის გასარკვევად, რატომ გადაწყვიტა ონლაინ პეტიციის გაკეთება „დედაენის“ საჯარო სკოლებში დაბრუნების მოთხოვნით და აპირებდა თუ არა ხელმოწერების შეგროვების შემდეგ ამ ინიციატივით მიემართა შესაბამისი ორგანოებისთვის.
როგორც აღმოჩნდა, პეტიციის ავტორმა ოთარ მუშკუდიანმა „დედაენის“ დაბრუნების მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება იმიტომ დაიწყო, რომ არ უნდა, მისმა მცირეწლოვანმა შვილებმაც იმ წიგნით ისწავლონ, რომლითაც უფროსებმა.
„ხელმოწერების შეგროვება იმიტომ გადავწყვიტე, რომ „დედაენაზე“ ვართ გაზრდილები, ჩემზე უფროსი და უმცროსი თაობა და ეს მარტო ჩემი აზრი არ არის. მე ვარ ოთხი შვილის მამა. უფროსი ბავშვები სხვა წიგნით გაიზარდნენ და მინდა, რომ დაბრუნდეს იაკობ გოგებაშვილის „დედა ენა“. მყავს ორი მცირეწლოვანი შვილი, რომლებმაც მომავალ წლებში უნდა დაიწყონ სკოლაში სწავლა. ჩვენ „დედაენა“ “აი იათი” დავიწყეთ და ჩემმა შვილებმა “არწივით” და “აქლემით”. ბავშვმა წერა-კითხვა უნდა ისწავლოს, “ა” არ იცის და ამ დროს პირველი სიტყვა უწერია “არწივი” და როგორ უნდა გაიგონ დანარჩენი ასოები? ანუ იდეალური წიგნი ჩავანაცვლეთ საშინელებით და ეს არის ჩემი ტკივილი და არამარტო ჩემი.
“ხელმოწერების შეგროვების შემდეგ უნდა შევთავაზოთ მათ, ვისაც შეუძლია რომ შეიტანონ ცვლილება და გაითავლისწინონ. განათლების სამინისტროს და პარლამენტში განათლების კომიტეტს ვგულისხმობ. ვაპირებ, მათ მივმართო. ონლაინ პეტიციას ყველა ვერ იგებს კარგად და უჭირს ძალიან ბევრს ხელის მოწერა. სინამდვილეში უფრო მეტი მსურველია“, – გვითხრა ოთარ მუშკუდიანმა.
იაკობ გოგებაშვილის „დედაენის“ დაბრუნების მოთხოვნას არაერთი ადამიანი გამოეხმაურა თვითონ პეტიციის გვერდზე:
„ძალიან კარგი იქნება; მშვენიერია!; სასიხარულოა და აუცილებელი ჩვენი ბავშვებისათვის. და ჩვენი ქართველობისათვის!; ხელმოწერები უნდა ჭირდებოდეს, “დედაენით” სწავლებას?! საით მივდივართ, სულ გაგიჟდნენ, ე.წ. განათლების მესვეურები?!; აქამდეც უნდა დაბრუნებულიყო“, – წერდნენ ინტერნეტ მომხმარებლები.
„იაკობ გოგებაშვილის “დედაენის” საფუძველზეა შექმნილი ყველა ის სახელმძღვანელო, რითაც პირველკლასელები სწავლობენ. ანბანიც იმ თანმიმდევრობით ისწავლება, როგორც გოგებაშვილმა დაწერა. რედაქტირებულია იაკობის მიერ დაწერილი “დედაენა” და ასეც უნდა იყოს. ამოღებულია სიტყვები “სტოლი”, “შკაფი” და ა.შ. შეუძლებელია, მე-19 საუკუნეში შექმნილი, თუნდაც ასეთი გენიალური წიგნით ასწავლო 21-ე საუკუნის მოსწავლეს”, – იყო ასეთი კომენტარიც მანიფესტის ბოლოში.
EDU.ARIS.GE დაინტერესდა, ვისი ავტორობით ასწავლიან ქართულ ენას და ლიტერატურას დაწყებით კლასებში და არის თუ არა გამოყენებული მათში „დედაენის“ პრინციპი.
ირკვევა, რომ სკოლები თავად ირჩევენ სახელმწიფოს მიერ გრიფირებული დედაენის 3 სხვადასხვა სახელმძღვანელოდან რომლით ასწავლონ თავიანთ პირველკლასელებს.
როგორც განათლების და მეცნიერების სამინისტროში განგვიცხადეს, “პირველ კლასის ქართულ ენასა და ლიტერატურაში დღეს მოქმედი სამივე გრიფირებული სახელმძღვანელოს დასახელებაა „დედა ენა“, აქედან ორში აღნიშნულია, რომ შედგენილია ი. გოგებაშვილის „დედა ენის“ მიხედვით”.
რაც შეეხება ავტორებს, ერთია შპს “ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა – ქართული ბიოგრაფიული ცენტრის”, რომლის თანაავტორები არიან ნინო გორდელაძე, გვანცა ჩხენკელი, თინათინ კუხიანიძე; მეორეა შპს “გამომცელობა მერიდიანი”. თანაავტორები: ნათელა მაღლაკელიძე, ელენე მაღლაკელიძე, ცისანა ყურაშვილი, ნანა ღონღაძე; ხოლო მესამე შპს ”გაზეთი საქართველოს მაცნე” და შპს ”საგამომცემლო სახლი სწავლანი” თანაავტორები: ვახტანგ როდონაია, მარიამ მირიანაშვილი, ქეთევან თოფაძე, ლალი ვაშაკიძე, ავთანდილ არაბული, ნინო ნაკუდაშვილი, მარინე ხუციშვილი, ენგურ ქურციკიძე.
EDU.ARIS.GE-მ მშობლებისა და მასწავლებლების გამოკითხვის გზით დაადგინა, რომ ქართული ენის და ლიტერატურის სახელმძღვანელო, რომლის ავტორები არიან ვახტანგ როდონაია, მარიამ მირიანაშვილი, ქეთევან თოფაძე, ლალი ვაშაკიძე, ავთანდილ არაბული, ნინო ნაკუდაშვილი, მარინე ხუციშვილი, ენგურ ქურციკიძე, არ მიჰყვება გოგებაშვილის “დედაენის” პრინციპებს, ვინაიდან სწორედ ამ სახელმძღვანელოში იწყება ანბანი “არწივის” და “აქლემის” შესწავლით. როგორც ჩანს, ამ სახელმძღვანელოს გაუნაწყენებია თავად პეტიციის ავტორიც.
მასწავლებლის წიგნში იმ სახელმძღვანელოს შესახებ, რომლის ავტორებიც არიან ნათელა მაღლაკელიძე, ელენე მაღლაკელიძე, ცისანა ყურაშვილი, ნანა ღონღაძე, წერია კიდეც, რომ “დედაენიდან” აქვს აღებული ძირითადი პრინციპები.
“ხსენებული სახელმძღვანელო იაკობ გოგებაშვილისეული “დედაენიდან” “სესხულობს” არამარტო სახელწოდებას, არამედ იმ პრინციპებსაც, რომლებიც წლების მანძილზე ედებოდა საფუძვლად ქართული ანბანის სახელმძღვანელოთა შედგენას: წერა-კითხვის სწავლების ანალიზურ-სინთეზური მეთოდი; კითხვისა და წერის ერთდროული სწავლება (სინკრეტულობა); ანბანის სწავლების კითხვა-წერის ხერხი; ქართული ანბანის გრაფიკული თავისებურებების გათვალისწინება, ოთხხაზიან ბადეში წერა; საანალიზო სიტყვებისა და საკითხავი მასალის შერჩევისა და დალაგების პრინციპები.
თანამედროვეოების მოთხოვნების გათვალისწინებით, მასში შევიდა ძირეული ცვლილებები, რაც მას ახალი ტიპის სახელმძღვანელოდ აქცევს: წიგნში შესული ყველა სავარჯიშო გათვლილია მოსწავლეთა აქტივობებზე, მათი კრიტიკული აზროვნების განვითარებაზე; ფართოდ არის წარმოდგენილი ლოგიკური სავარჯიშოების სისტემა“, – აღნიშნულია სახელმძღვანელოს შესახებ მასწავლებლის წიგნში.
EDU.ARIS.GE-მ მშობლებსაც და მასწავლებლებსაც ჰკითხა აზრი, რას ფიქრობენ დაწყებითი საფეხურის ქართული ენისა და ლიტერატურის სახელმძღვანელოზე და კმაყოფილები არიან თუ არა მისით.
“როდონაია, მირიანაშვილი, ვაშაკიძე და თოფაძის წიგნით სწავლობს ჩემი შვილი. ერთი შეხედვით საწინააღმდეგო არაფერი მაქვს იმ წიგნის, რითაც სწავლობს ამ წუთას. შეიძლება იმიტომ, რომ ბავშვს არ გასჭირვებია მოცემული მასალის დაძლევა და სწავლა. თუმცა ,,დედა ენა” რომ დაბრუნდეს სკოლებში, ძალიან კარგი იქნება. მომხრე ვარ და ხელიც მოვაწერე უკვე პეტიციას”, -გვითხრა ლიკა ევგენიძემ.
“მაღლაკელიძის ავტორობით წიგნი ძალიან მომწონს. არ ვარ უკმაყოფილო, მაგრამ “დედა ენა” იაკობ გოგებაშვილის უნდა იყოს. ის სულ სხვაა. სხვათაშორის, სანამ პირველ კლასში შევიყვანდი, მაგ “დედა ენით” ვასწავლე ანბანი”, – აღნიშნა თაკო ბადრიძემ.
კითხვაზე, რამდენად მოგწონთ ქართული ენისა და ლიტერატურის წიგნი, რომლითაც მოსწავლეებს ასწავლით და გოგებაშვილის “დედა ენის” დაბრუნებას დაუჭერდით თუ არა მხარს, 115-ე საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის მასწავლებელი ლილი კეშელავა გვპასუხობს:
„არ ვგიჟდები ახალ წიგნზე, მაგრამ ვერც გავლანძღავ. თუ გოგებაშვილის “დედა ენას” დავუბრუბდებით, მე მადლობას ვეტყვი უფალს და კიდევ რამდენიმე წელს თუ ვიმუშავებ, მადლობელი ვიქნები. განა იმიტომ, რომ მე 37 წელია ვასწავლი, მაგრამ „დედაენის“ წიგნი და ის ტექსტები ძალიან კარგი ტექსტებია და სხვანაირად არის დაკომპლექტებული. დროების და დღესასწაულების მიხედვით. კარგი იქნება, თუ დაბრუნდება. მათემატიკით როგორც უკმაყოფილოც ვარ, ისეთ უკმაყოფილო ქართულით არ ვარ, მაგრამ ჯობია “დედა ენა”. ახლა ვასწავლით მაღლაკელიძის წიგნით”, – უთხრა EDU.ARIS.GE-ს ლილი კეშელავამ.
სიონის საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის მასწავლებელი სარა კურეტიშვილიც ნათელა მაღლაკელიძის წიგნით ასწავლის. მისი თქმით, ეს წიგნი შედგენილია გოგებაშვილი “დედა ენის” მიხედვით.
“დედა ენის” დაბრუნების წინააღმდეგი არ ვარ, მაგრამ ამ წიგნებსაც ვერაფერს ვერ ვუწუნებ. ბავშვები შესაძლებლობიდან გამომდინარე მშვენივრად ძლევენ წერას, კითხვასაც. რაც კი მოეთხოვებათ სტანდარტების მიხედვით, ყველანაირ მოთხოვნას ასრულებენ. ამ წიგნების მიხედვით ყველანაირ შედეგს აღწევენ. მე ზუსტად გოგებაშვილის “დედა ენით” არ მისწავლებია, მაგრამ რასაც ვუყურებ, ძირეული განსხვავება არ უნდა იყოს. მის პრინციპებზეა დაფუძვნებული“, – აღნიშნა სარა კურეტიშვილმა.
როგორც განათლების და მეცნიერების სამინისტროში განგვიცხადეს, დაწყებითი საფეხურის ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვა დაგეგმილია 2018-2019 სასწავლო წლიდან, შესაბამისად, ამ პერიოდისთვის მოხდება ახალი სახელმძღვანელოების გრიფირება და დანერგვა. როგორ შეიცვლება იმ დროისთვის ქართული ენის და ლიტერატურის სახელმძღვანელო, იქნება თუ არა ყველა წიგნი იაკობ გოგებაშვილის “დედა ენაზე” დაფუძვნებულია, ამას დრო გვიჩვენებს.
ცისანა არის© შერგილაშვილი
- რას უნდა ველოდოთ უმაღლეს განათლებასა და მეცნიერებაში 4 წლის განმავლობაში – ახალი სამთავრობო პროგრამა by ARIS.GE-განათლება
- „საქართველომ და ქართველმა პედაგოგებმა უნდა დავინახოთ და კარგად გავიაზროთ მოსალოდნელი საფრთხეები“ – გამოსავლები მათემატიკის სწავლებაში by განათლებული ბლოგი
- 500 და 300 ლარი ოქროსა და ვერცხლის მედალოსან მოსწავლეებს – წახალისება რუსთავის 2025 წლის ბიუჯეტით განისაზღვრა by ARIS.GE-განათლება