რა უნდა იცოდეს სტუდენტმა საკუთარი შრომითი უფლებების შესახებ – სპეციალისტი სტუდენტებს მიმართავს
სწავლასთან ერთად, სტუდენტების მნიშვნელოვანი ნაწილი მუშაობს კიდეც, ან დასაქმების სურვილი აქვს. დასაქმებულ თუ დასაქმების მსურველ სტუდენტთა რიგებში ვხვდებით როგორც მოტივირებულ და მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე სტუდენტებს, ასევე მათ საპირისპირო ახალგაზრდებსაც, რომლებსაც, რასაკვირველია, აქვთ პასუხი თუ რა არის მათი დემოტივაციის მიზეზი.
როგორც წესი, სტუდენტებისთვის არსებობს სრული თუ ნახევარ განაკვეთიანი სამუშაო, დისტანციურიც და არადისტანციურიც. თუმცა, სწავლის პარალელურად მუშაობა რომ რთული საქმეა, ამაზე ყველა თანხმდება, განსაკუთრებით მაშინ, თუ შრომითი ბაზარი ნაკლებად არის ორიენტირებული სტუდენტის ინტერესზე, რომ ჰქონდეს ისეთი ღირსეული სამსახური და სამუშაო პირობები, რომელიც მას ხელს არ შეუშლის აკადემიური განათლების მიღებაში.
იმისთვის, რომ თქვენი შრომითი უფლებების საკითხში უფრო მეტად იყოთ გარკვეული და იცოდეთ რისი უფლება გაქვთ თქვენ და რისი დამსაქმებელს, რა წერია თქვენს შესახებ საქართველოს შრომით კოდექსში და რა პრივილეგიებით სარგებლობთ, მოუსმინეთ EDU.ARIS.GE რესპონდენტს, ადვოკატ დავით ომსარაშვილს, რომელიც სტუდენტების შრომით უფლებებთან დაკავშირებულ საკითხებზე მუშაობს. იგი შრომის სამართლის მკვლევარი და პროფკავშირი – სოლიდარობის ქსელის მთავარი იურისტია.
– ბატონო დავით, რამდენად დაცულია სტუდენტის შრომითი უფლებები საქართველოში?
– გეტყვით, რომ საქართველოს შრომის კოდექსი არ გამოარჩევს სტუდენტს სხვა დასაქმებულისგან. არ არსებობს ხსენებულ ორგანულ კანონში ისეთი ჩანაწერი, რომელიც უპირატესობას ან უფრო მაღალი დაცვის სტანდარტს შემოგვთავაზებდა სტუდენტების მიმართ (გარდა მცირე გამონაკლისებისა). სტუდენტები ისეთივე შრომითი უფლებებით სარგებლობენ საქართველოში, როგორც სხვა დასაქმებულები. აქედან გამომდინარე, სტუდენტებს საქართველოში აწუხებთ ყველა ის პრობლემა დასაქმების ადგილებზე, რაც აწუხებთ სხვა დასაქმებულებს, რომლებიც სტუდენტები არ არიან. უბრალოდ, სტუდენტებზე შრომითი უფლებების დარღვევა, ხშირ შემთხვევაში, უფრო მძიმე შედეგებს იწვევს. მიუხედავად შრომის კოდექსში არსებული ჩანაწერისა, რომ „დამსაქმებელი ხელს უწყობს დასაქმებულის კვალიფიკაციის ამაღლებას“ შეიძლება ითქვას: ჩვენი ქვეყნის შრომის კანონმდებლობა და აქედან გამომდინარე შრომის ბაზარი, არ არის მორგებული სტუდენტის ინტერესებზე. მაგალითად, ზოგიერთ შემთხვევაში, სტუდენტებს არ ეძლევათ დამსაქმებლის მიერ ლექციებზე/გამოცდებზე დასწრების საშუალება. მათ არ აქვთ სწავლისთვის საჭირო ადეკვატური დრო და უსაფრთხო სამუშაო გარემო. ხელფასები იმდენად მწირია, რომ სტუდენტებს სწავლის საფასურის გადახდაც კი უჭირთ და ასე შემდეგ.
– რა წერია კანონმდებლობაში, სად შეუძლია სტუდენტს დასაქმება, რა შრომითი პირობით სარგებლობს და აქვს თუ არა გარკვეული შრომითი პრივილეგიებიც?
– როგორც უკვე აღვნიშნეთ, საქართველოს შრომის კოდექსი სტუდენტს სხვა დასაქმებულისგან არ გამოარჩევს. თუმცა, გარკვეული ასაკობრივი შეზღუდვები ორგანულ კანონში გვხვდება. მაგალითისთვის, სამუშაო განაკვეთთან დაკავშირებით: 16 წლიდან 18-წლამდე არასრულწლოვანის სამუშაო დროის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს კვირაში 36 საათს და სამუშაო დღის განმავლობაში 6 საათს. ქართული კანონმდებლობა არ იცნობს სტუდენტის სტატუსის მიხედვით დასაქმების შეზღუდვას რომელიმე სახის სამუშაოზე.
სტუდენტს მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჰქონდეს გარკვეული სარგებელი ქართული კანონმდებლობით, თუ პროფესიული გადამზადების, კვალიფიკაციის ამაღლების ან სხვა სასწავლო კურსში დასაქმებულის მონაწილეობის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს დამსაქმებელი. ამ კურსში დასაქმებულის მონაწილეობა სამუშაო დროში ითვლება და ანაზღაურდება.
– სამუშაო განაკვეთები ახსენეთ, უფრო მეტად გაარკვიეთ სტუდენტები, რას გულისხმობს სრული, ნახევარ განაკვეთიანი და ზეგანაკვეთური სამუშაო?
– საქართველოს შრომის კოდექსის თანახმად, არასრულ სამუშაო განაკვეთზე მომუშავე პირი არის დასაქმებული, რომლის ნორმირებული სამუშაო დრო, კვირის განმავლობაში ან საშუალოდ 1-წლამდე ხანგრძლივობის შრომითი ურთიერთობის პერიოდში, ანალოგიურ პირობებში სრულ სამუშაო განაკვეთზე დასაქმებული პირის ნორმირებულ სამუშაო დროზე ნაკლებია. ზეგანაკვეთური სამუშაო კი არის მხარეთა შეთანხმებით დასაქმებულის მიერ სამუშაოს შესრულება დროის იმ მონაკვეთში, რომლის ხანგრძლივობა აღემატება ნორმირებულ სამუშაო დროს.
– განათლების მიღების უფლება ყველ მოქალაქის კონსტიტუციურად გარანტირებული უფლებაა. როცა დამსაქმებელს სრულ განაკვეთზე აჰყავს სტუდენტი, ან აძლევს მას ზეგანაკვეთურ საქმეს, ნიშნავს თუ არა ეს, რომ ის არღვევს ამ უფლებას და რა ბერკეტი არსებობს ამის შესაჩერებლად?
– სტუდენტის სრულ განაკვეთზე დასაქმება აკრძალული არ არის. შესაბამისად, ასეთი ქმედება არ ნიშნავს, რომ დამსაქმებელი არღვევს ადამიანის კონსტიტუციურ უფლებას. აქვე აღსანიშნავია, რომ სრულ განაკვეთზე მუშაობა სტუდენტს არ უნდა ართმევდეს შესაძლებლობას, რომ ისწავლოს. შესაძლებელია სტუდენტი მუშაობდეს სრულ განაკვეთზე, თუმცა მისი სამუშაო დრო ისე იყოს გადანაწილებული, რომ ხელი არ შეუშალოს სწავლაში. რაც შეეხება ზეგანაკვეთურ სამუშაოს, უნდა გვახსოვდეს, რომ ზეგანაკვეთური სამუშაო, როგორც წესი, არის ნებაყოფლობითი (გარდა კანონით გათვალისწინებული მცირე საგამონაკლისო შემთხვევებისა). არავის აქვს უფლება, აიძულოს დასაქმებული, რომ იმუშაოს ზეგანაკვეთურად. თუ სტუდენტს კანონის დარღვევით, ზეგანაკვეთურად, იძულებით ამუშავებენ, მას შეუძლია, მიმართოს პროფესიულ კავშირებს დახმარების თხოვნით, ან შრომის ინსპექციას საჩივრით.
– რა უნდა იცოდეს, სტუდენტებმა საკუთარი შრომითი უფლებების
შესახებ?
– შესაძლებლობების ფარგლებში, დამსაქმებელი ვალდებულია, ხელი შეუწყოს ახალგაზრდებს სწავლა განათლებაში. სტუდენტებს აქვთ უფლება, ჰქონდეთ წერილობითი ხელშეკრულება, რომელსაც დეტალურად გაეცნობიან იქამდე, სანამ ხელს მოაწერენ. უფლება აქვთ, უარი თქვან ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულებაზე (მცირე გამონაკლისი შემთხვევების გარდა). სტუდენტებს უნდა ეძლეოდეთ დასვენებისა და შესვენების ადეკვატური დრო, ასევე შვებულება. ისინი უნდა შრომობდნენ უსაფრთხო და ჯანსაღ სამუშაო გარემოში. დამსაქმებელი არ უნდა უქმნიდეს მათ სწავლის საწინააღმდეგოდ ხელოვნურ ბარიერებს.
– ვის მიმართოს სტუდენტმა თუ ეს უფლებები დაირღვა?
– დასაქმებულებს, უპირველესად უნდა ახსოვდეთ, რომ შრომითი უფლებების დარღვევის პრევენციისა და უკეთესი შრომითი პირობების მოპოვების უმთავრესი გზა თვითორგანიზებასა და ძლიერი, დამოუკიდებელი პროფესიული გაერთიანებების ჩამოყალიბებაზე გადის. ყველას, ვისაც სურს, იბრძოლოს საკუთარი შრომითი უფლებების დასაცავად, შეუძლია, მიმართოს „სოლიდარობის ქსელს“. დასაქმებულებს ასევე შეუძლიათ, შრომითი უფლებების დარღვევის შემთხვევაში, მიმართონ შრომის ინსპექციას, ან სასამართლოს.
ასევე იხილეთ:
10 ხრიკი, რომელიც სტუდენტს CV-ის შექმნის პროცესს გაუმარტივებს
- რას უნდა ველოდოთ უმაღლეს განათლებასა და მეცნიერებაში 4 წლის განმავლობაში – ახალი სამთავრობო პროგრამა by ARIS.GE-განათლება
- „საქართველომ და ქართველმა პედაგოგებმა უნდა დავინახოთ და კარგად გავიაზროთ მოსალოდნელი საფრთხეები“ – გამოსავლები მათემატიკის სწავლებაში by განათლებული ბლოგი
- 500 და 300 ლარი ოქროსა და ვერცხლის მედალოსან მოსწავლეებს – წახალისება რუსთავის 2025 წლის ბიუჯეტით განისაზღვრა by ARIS.GE-განათლება