GE

ვუთხრათ სიცოცხლეს „დიახ“! – მსოფლიო ბესტსელერის პრეზენტაცია წმ. ანდრიას ქართულ უნივერსიტეტში გაიმართა

ვუთხრათ სიცოცხლეს „დიახ“!“ – წმ. ანდრიას ქართულმა უნივერსიტეტმა, “დიოგენესა” და კავკასიის ლოგოთერაპიისა და ეგზისტენციალური ანალიზის ასოციაციასთან თანამშრომლობით, ვიქტორ ფრანკლის ბესტსელერის პრეზენტაციას უმასპინძლა. თარგმანზე გამოცდილმა მთარგმნელმა, მაია ბადრიძემ იმუშავა. პრეზენტაციას, წიგნის თარგმნასა და გამოცემაში ჩართული ადამიანების გარდა, პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტებიც ესწრებოდნენ. თარგმანზე გამოცდილმა მთარგმნელმა, მაია ბადრიძემ იმუშავა.

ავსტრიელი ფსიქიატრი, ფსიქოლოგი და ფსიქოთერაპევტი, ეგზისტენციალური ფსიქოლოგიის წარმომადგენელი, ლოგოთერაპიის, ვენის მესამე სკოლის ფუძემდებელი, მედიცინისა და ფილოსოფიის დოქტორი ვიქტორ ფრანკლი მეორე მსოფლიო ომის დროს, 37 წლის ასაკში საკონცენტრაციო ბანაკში მოხვდა, სადაც სამი წელი გაატარა და ჯამში, ოთხი ბანაკის ტყვეობა გამოცადა. ტყვეობამდე მას უკვე დიდი გამოცდილება ჰქონდა ფსიქიატრიასა და ნევროლოგიაში. სწორედ ამ გამოცდილების პრიზმაში ხედავს იგი ბანაკის ყოფას. „ვუთხრათ სიცოცხლეს „დიახ“!“ ავტორმა 1946 წელს, ბანაკიდან თავის დაღწევისთანავე, ცხრა დღეში დაწერა და იგი „სიცოცხლის მეორე ნაპირიდან“ მომზირალი ადამიანების ფსიქოლოგიას აღწერს.

ღონისძიება გამომცემლობა „დიოგენეს“ დამფუძნებელმა, თამარ ლებანიძემ გახსნა, რომელმაც წიგნის მნიშვნელობის შესახებ ისაუბრა. მისივე თქმით, გამომცემლობისთვის განსაკუთრებულად სასიხარულოა, რომ ფრანკლის ბესტსელერი ქართულ ენაზე მათ პირველებმა გამოსცეს.

ვიქტორ ფრანკლის მიერ შექმნილი მიმდინარეობის – „ეგზისტენციალური ფსიქოთერაპიის შესახებ ისაუბრა თავის გამოსვლაში წმ. ანდრიას უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელმა, პროფესორმა დიმიტრი ნადირაშვილმა და აღნიშნა, რომ უნივერსიტეტისთვის პატივია უმასპინძლოს ამხელა მნიშვნელობის მქონე წიგნის პრეზენტაციას, ვინაიდან ის მიმდინარეობები, რომლებზეც ფრანკლი მუშაობდა, მათთვის განსაკუთრებულად საინტერესო და ახლობელია.

„ვიქტორ ფრანკლის მიერ შექმნილი მიმართულება საზრისზე ორიენტირებული ფსიქოთერაპიაა. ანუ, ის, თუ რა მნიშვნელოვანია ადამიანს ცხოვრებაში საზრისი ჰქონდეს, რათა გაუცხოებული და დაკარგული არ იყოს. ჩვენ, უნივერსიტეტში, განსაკუთრებულ აქცენტს ვაკეთებთ გეშტალტთერაპიაზე, რომელიც ასევე ეგზისტენციალური მიმართულებაა, ჰუმანისტურ მიმართულებასთან ერთად. ასე რომ, ეგზისტენციალურ ფსიქოთერაპიასთან ბევრი რამ გვაახლოებს.

„ეს წიგნი დიდ როლს შეასრულებს ფსიქოლოგიის მიმართულების სტუდენტების განათლების პროცესში. ჩვენთან სიღრმისეულად ისწავლება ფსიქოთერაპიები, განწყობის თეორია, განსაკუთრებით – გეშტალტთერაპია. ასევე, ვიქტორ ფრანკლი და მისი მიმართულება – ლოგოთერაპია. ის თანხვედრაშია სხვა ფსიქოთერაპიულ მიმართულებებთან. ასე რომ, ლოგოთერაპიის ავტორის ასეთი მნიშვნელოვანი წიგნი, ჩვენი სტუდენტებისთვის, ძალიან საინტერესო იქნება, როგორც დამხმარე ლიტერატურა“, – განაცხადა ჩვენთან საუბრისას დიმიტრი ნადირაშვილმა.

ღონისძიებაზე ფსიქოლოგმა, ლოგოთერაპევტმა, პროფესიონალმა ქოუჩმა, კავკასიის ლოგოთერაპიისა და ეგზისტენციალური ანალიზის ასოციაციის (CALEA) პრეზიდენტმა ნინო ბერძნიშვილმა ფრანკლისა და მისი მოძღვრების შესახებ ლექცია წაიკითხა. „ესაა წიგნი, რომელიც ყველას ბიბლიოთეკაში ერთ-ერთი პირველი უნდა იდოს თაროზე. ეს არაა უბრალოდ ლიტერატურა, რომელიც უნდა წაიკითხო და გადადო. იგი ადამიანში ღრმა კვალს ტოვებს“, – ასე დაიწყო მან ჩვენთან ინტერვიუ და დასძინა, რომ საჭიროა ლოგოთერაპია ფართო აუდიტორიამ სწორედ ვიქტორ ფრანკლის შემოქმედებით გაიცნოს.

„დღევანდელი ღონისძიება ერთ-ერთია იმ ღონისძიებათა ციკლის ფარგლებში, რომელიც ვიქტორ ფრანკლის დაბადების თარიღს მიეძღვნა. ძალიან მიხარია, რომ გამომცემლობა დიოგენემ არჩევანი მის წიგნზე „ვუთხრათ სიცოცხლეს „დიახ!“ შეაჩერა. მთელ მსოფლიოში მისი მილიონობით ეგზემპლარი იყიდება, მაგრამ არათუ არ კარგავს აქტუალურობას, არამედ ყოველდღიურად უფრო და უფრო აქტუალური ხდება. აქ არაა საუბარი მხოლოდ მეორე მსოფლიო ომზე და იმდროინდელ საკონცენტრაციო ბანაკებზე. იგი შეიძლება ყველანაირ სიტუაციას მივუსადაგოთ – მსოფლიოში არსებულ რეალობას თუ ჩვენს პირად, შინაგან მდგომარეობას. ახალ, მრავალწახნაგოვან თვალთახედვას გვივითარებს.

„ლოგოთერაპია, როგორც მიმდინარეობა მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ფსიქოლოგებისთვის და ფსიქოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის, არამედ ფართო საზოგადოებისთვის. ფსიქოთერაპია, ფსიქოლოგის გარდა, საჭიროა ექიმისთვის, HR-სთვის, ფსიქიატრისთვის, ბიზნესის წარმომადგენლისთვის, კომპანიების ხელმძღვანელობებისთვის და ა.შ. ლოგოთერაპია ძალიან ფართოდ გამოიყენება რეკრუტინგის, გუნდური მუშაობის, ქოუჩინგის პროცესშიც. ამიტომ, მისი უფრო ახლოს გაცნობა, ყველასთვის ღირებული იქნება“, – დასძინა ნინო ბერძნიშვილმა.

წიგნის თარგმანი ლიტერატურულ მთარგმნელ მაია ბადრიძეს ეკუთვნის. პრეზენტაციაზე მან თარგმნის პროცესისა და იმ ემოციის შესახებ ისაუბრა, რომელიც მუშაობის დროს ეუფლებოდა და რომელსაც „უმძიმესი“ უწოდა. მას, როგორც პროფესიონალ მთარგმნელს, ფსიქოანალიზურ ტექსტებთან მუშაობის მდიდარი გამოცდილება აქვს, თუმცა ფრანკლის წიგნის თარგმნა, განსაკუთრებულად მძიმე აღმოჩნდა.

ამბობს, რომ „დიოგენეს“ არჩევანი, ამ წიგნზე, მარტივი მიზეზით შეჩერდა – „არ შეიძლება ეს შენს ენაზე ნათარგმნი არ გქონდეს და მის შესახებ არაფერი იცოდე“. მისი აზრით, რაც არ უნდა რთული იყოს ამ წიგნის წაკითხვა, ვალდებულები ვართ ეს ყველაფერი ვიცოდეთ. ვიცოდეთ იმ ტკივილის შესახებ, რაც საკონცენტრაციო ბანაკებში ადამიანებმა გადაიტანეს და ამით მაინც ვცეთ პატივი.

„საბჭოთა პერიოდში ფსიქოლოგია და ფსიქიატრია იდეოლოგიზირებული დარგები იყო და ამიტომ, განვითარებული არ გახლდათ. ფსიქოანალიზი კი უბრალოდ არც არსებობდა. შესაბამისად, არ არსებობდა ფსიქოანალიზური ენაც. ამიტომ, როდესაც ფროიდის, ან იუნგის თარგმნა დავიწყე, პირველი სირთულე ტერმინოლოგიური ბაზის არარსებობა იყო. ასეთი სირთულეები ფრანკლის წიგნის თარგმნისას არ მქონია, პროცესი სულ 3-4 თვე გაგრძელდა. რა თქმა უნდა, გაცილებით რთულია ფროიდის, ან იუნგის თარგმნა, მაგრამ ფრანკლის შემთხვევაში სხვა სახის სირთულეებს წავაწყდი – მძიმე იყო ემოციურად.

„ფსიქოანალიზის ისტორიაში, ფრანკლი, ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა. იგი კი ამბობს, რომ ისინი (გულისხმობს ფროიდსა და იუნგის) ავადმყოფობის მიზეზს ეძებენ, მე კი ჯანმრთელობის მიზეზს ვეძებო, ჩემთვის ჯანმრთელობის ფაქტორებია მთავარიო. ამის შემდეგ მას მართლაც შეუძლია თქვას – ვუთხრათ სიცოცხლეს „დიახ“! ეს წიგნი არა მხოლოდ ფსიქოლოგებისთვის, არამედ ნებისმიერი ადამიანისთვის აუცილებელი საკითხავია. ადამიანური ბუნების აღწერაა. იმის, თუ რა შეიძლება დაემართოს მას და როგორ გადარჩეს გარემოში, სადაც აღარაფერი ადამიანური აღარ დარჩა. როგორ შეიძლება ეს წიგნი ვინმემ არ წაიკითხოს?!“, – განაცხადა EDU.ARIS.GE-სთან ინტერვიუში მაია ბადრიძემ.

წიგნი „ვუთხრათ სიცოცხლეს „დიახ“!“ შედის „დიოგენეს“ ახალ სერიაში “NONFICTION”, რომელიც არამხატვრულ ლიტერატურას აერთიანებს, მათ შორის, ფსიქოლოგიურ, ფილოსოფიურ ნაშრომებს. შეხვედრის ბოლოს, სპეციალურად წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტის ლექტორებისა და სტუდენტებისათვის, სერია “NONFICTION”-ის გამოფენა-გაყიდვა მოეწყო, სადაც წიგნები ფასდაკლებით იყო წარმოდგენილი.

უნივერსიტეტის სხვა ამბები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური