GE

რამდენი მილიონის დახარჯვას გეგმავს განათლების სამინისტრო ახალი სკოლის მოდელზე – დეტალური ბიუჯეტი

განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტროს ახალი სკოლის მოდელის პროგრამის დეტალები და ბიუჯეტი  ცნობილია.  ზოგადი განათლების რეფორმის ხელშეწყობის კონცეფციაში დეტალურადაა აღწერილი ახალი სკოლის მოდელის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობები, რომელიც დაწყებით კლასებს მოიცავს და რომლის მისიაც სკოლებში პიროვნებაზე ორიენტირებული საგანმანათლებლო გარემოს ჩამოყალიბებაა.

დოკუმენტში საუბარია, რომ 2019 წლის მანძილზე რეფორმა საქართველოში 100 საჯარო სკოლას შეეხება და 2023 წლამდე ყველა სკოლას მოიცავს. 2019 წლის იანვარ-დეკემბერში კი აღნიშნულ ქვეპროგრამაზე ჯამში 19 მილიონ ლარზე მეტი უნდა დაიხარჯოს.

19 მილიონიდან დასაქმებულ პირთა შრომის ანაზღაურებასა და ადმინისტრაციულ ხარჯებზე გათვალისწინებული იქნება  330,325.00 ლარი. ციფრული ტექნიკის შესყიდვა, WIFI-ს მონტაჟი, ელ. რესურსების განვითარება – 14,881,100.0 ლარით დაფინანსდება. მხარდამჭერი ჯგუფების წევრების ტრენინგებისთვის გამოყოფილი იქნება – 396,185.00 ლარი, მხარდამჭერი ჯგუფების წევრების შრომის ანაზღაურებისთვის კი – 3,578,250.00 ლარი.

კონცეფციაში საუბარია ასევე მოსწავლეთა შეფასების სისტემის დანერგვაზე, რომელიც მე-4 და მე-6 კლასის მოსწავლეებს უნდა შეეხოს. მოსწავლეთა მიღწევების დინამიკისა და პროგრესის შემსწავლელი ტესტის შექმნის და ადმინისტრირებისთვის დაიხარჯება 168,140.00 ლარი.

„მოსწავლეთა ცოდნის შეფასება გულისხმობს მოსწავლეთა აკადემიური წინსვლისა და საჭიროებების გაზომვას მხარდაჭერისა და მიზანმიმართული ინტერვენციების დაგეგმვის მიზნით. შეფასდება IV და VI კლასების ყველა მოსწავლე ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრულ ყველა სავალდებულო საგანში. მოსწავლის სადიაგნოსტიკო ტესტები აგებული იქნება კომპლექსური დავალებებით და ტესტის სპეციფიკაციის ჩარჩო დაეფუძნება ზოგადი განათლების საფეხურების მკვიდრ წარმოდგენებს, რომლებიც გამომდინარეობს საფეხურის შედეგებიდან. სკოლის სადიაგნოსტიკო შეფასებას ექნება ყოველწლიური სახე და შედეგებზე დაყრდნობით შემუშავდება სკოლის აკადემიური პროფილი (ძლიერი მხარეებისა და საჭიროებების გამოვლენის მიზნით) და გაიზომება მისი წინსვლა“, – ვკითხულობთ გამოქვეყნებულ დოკუმენტში.

ქვეპროგრამის მმართველი და განმახორციელებელია საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სკოლამდელი და ზოგადი განათლების განვითარების დეპარტამენტი. ქვეპროგრამის განხორციელებაში ასევე ჩართული არიან სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი, სსიპ საინფორმაციო მართვის სისტემა, სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების რესურსცენტრები და სხვა სამთავრობო და არასამთავრობო ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციები.

განათლების სამინისტროს ინფრომაციით, ინტერვენციები 2019 წლის გაზაფხულიდან ეტაპობრივად განხორციელდება ზოგადი განათლების დაწყებით (I-IV კლასები) საფეხურზე. ქვეპროგრამის განხორციელებაში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და მასზე დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების (სსიპ-ების) თანამშრომლობით მომზადებული მხარდამჭერი ჯგუფები (თითოეული ჯგუფი შედგება ოთხი წევრისგან: სასკოლო კურიკულუმის განვითარების ექსპერტი, სასკოლო კურიკულუმის განვითარების ექსპერტის თანაშემწე, საგანმანათლებლო ლიდერობის ექსპერტი და ტექნოლოგიების ექსპერტები). თითოეული სკოლისთვის მომზადდება 1 ჯგუფი და სემესტრის/წლის განმავლობაში უწყვეტად იმუშავებს ამ სკოლაში. სემესტრის/წლის დასრულების შემდგომ, ჯგუფი სრული დატვირთვით გადაინაცვლებს სხვა ახლომდებარე სკოლაში, ხოლო წინა სკოლაში დისტანციურად ან პირისპირ განაგრძობს კონსულტაციებს კვირაში ერთხელ ან ორჯერ, საჭიროებისამებრ.

ამავე თემაზე:

გზავნილი სასკოლო საზოგადოებას „ახალი სკოლის მოდელის“ შესახებ – პროცესი, გამოწვევები და სავარაუდო შედეგი

მოამზადა თამთა ვირსალაძემ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური