GE

რამდენია და რომელ სამაგისტრო პროგრამებზე გადანაწილდება 2025-2026 სასწავლო წლისთვის განსაზღვრული სამაგისტრო გრანტები – დადგენილება

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ხელმოწერით გამოიცა დადგენილება 2025-2026 სასწავლო წლისათვის სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის წლიური მოცულობისა და ოდენობების, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულებების, მათ შორის, პრიორიტეტული საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულებების განსაზღვრის, თითოეულ საგანმანათლებლო პროგრამულ მიმართულებასა და პრიორიტეტულ საგანმანათლებლო პროგრამულ მიმართულებას შორის სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის წლიური მოცულობის პრიორიტეტული საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულებებისათვის გამოყოფილი სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის წლიური მოცულობის განაწილების შესახებ.

როგორც 7 თებერვლის დადგენილებაში ვკითხულობთ, 2025-2026 სასწავლო წლისათვის სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის წლიური მოცულობა 2 250 000 (ორი მილიონ ორას ორმოცდაათი ათასი) ლარით გაინასაზღვრა.

თანხის გადანაწილება ასე განხორციელდება:

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მაგისტრატურის თითოეულ საგანმანათლებლო პროგრამულ მიმართულებასა და პრიორიტეტულ საგანმანათლებლო პროგრამულ მიმართულებას შორის გასანაწილებელი გრანტის წლიური მოცულობა განისაზღვრა 2 000 000 (ორი მილიონი) ლარით.

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მაგისტრანტების სოციალური პროგრამის ფარგლებში დაფინანსება განისაზღვრა 205 000 (ორას ხუთი ათასი) ლარით.

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მაგისტრანტების საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ განსაზღვრული სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში დაფინანსება განისაზღვრა 45 000 (ორმოცდახუთი ათასი) ლარით.

რა ოდენობითა და პრინციპით გაიცემა სასწავლო გრანტი თითოეულ სტუდენტზე:

მთავრობის დადგენილების თანახმადვე, 2025-2026 სასწავლო წლისათვის სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტი გაიცემა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის საფასურის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 2 250 (ორი ათას ორას ორმოცდაათი) ლარისა.

საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულებები, რომლებიც  2025-2026 სასწავლო წლისათვის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს მაგისტრატურაში ექნებათ:

განისაზღვროს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მაგისტრატურის შემდეგი საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულებები: საბუნებისმეტყველო მეცნიერებანი (გარდა ფიზიკისა); ჯანდაცვა; ჰუმანიტარული; ხელოვნება; აგრარული; განათლება; სოციალური მეცნიერებები (გარდა ეკონომიკისა); საინჟინრო (გარდა ინფორმაციული ტექნოლოგიებისა); სამართალი; მათემატიკა და ფიზიკა; ინფორმაციული ტექნოლოგიები; ბიზნესი და ეკონომიკა.

დადგენილებაში წერია, რომ გათვალისწინებული თანხის 39,96% (799 200 (შვიდას ოთხმოცდაცხრამეტი ათას ორასი) ლარი) თანაბრად განაწილდება თითოეულ ზემოაღნიშნულ საგანმანათლებლო პროგრამულ მიმართულებაზე.

რაც შეეხება პრიორიტეტულად განსაზღვრულ სამაგისტრო საგანმანათლებლო მიმართულებებს, თანხები ასე გადანაწილდება:

2025-2026 სასწავლო წლისათვის გათვალისწინებული თანხის 60,04% (1 200 800 (ერთი მილიონ ორასი ათას რვაასი) ლარი) განაწილდება ამ პროცენტული მაჩვენებლის ფარგლებში განსაზღვრულ მაგისტრატურის პრიორიტეტულ საგანმანათლებლო პროგრამულ მიმართულებებზე, პროცენტული მაჩვენებლების შემდეგნაირი განაწილებით:

  • საინჟინრო (გარდა ინფორმაციული ტექნოლოგიებისა) − 9,57%;
  • საბუნებისმეტყველო მეცნიერებანი (გარდა ფიზიკისა) − 9,07%;
  • სოციალური მეცნიერებები (გარდა ეკონომიკისა) − 8,57%;
  • განათლება − 6,07%;
  • ჰუმანიტარული − 6,07%;
  • ინფორმაციული ტექნოლოგიები − 5,87%;
  • ბიზნესი და ეკონომიკა − 5,07%;
  • სამართალი − 3,07%;
  • მათემატიკა და ფიზიკა − 2,67%;
  • აგრარული − 2,17%;
  • ჯანდაცვა − 1,17%;
  • ხელოვნება − 0,67%.

ზემოთ ჩამოთვლილ პრიოტიტეტული საგანმანათლებლო პროგრამებისთვის გამოყოფილი თანხზების სტუდენტებზე განაწილების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ირაკლი კობახიძის ბრძანებაში.

ასევე იხილეთ:

ტერმინი „უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება” ახლებური რედაქციით ჩამოყალიბდება

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური