GE

„მთავარი საკითხი, რასაც უმაღლესი განათლების რეფორმა შეეხება სწავლების შინაარსი იქნება“ – ირაკლი კობახიძე დეტალებზე საუბრობს

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, ერთ-ერთი მიმართულება, სადაც დღევანდელ ხელისუფლებას ჰქონდა გარკვეული ხარვეზები და ჩავარდნები, არსებითი ფორმით და მოცულობით, ეს იყო განათლების სისტემა.

ამის შესახებ მან 12 მარტს, პირდაპირ ეთერში, უმაღლესი განათლების რეფორმასთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად განაცხადა.

„დღეს გვქონდა უმაღლესი განათლების რეფორმის დეტალური განხილვა და უკვე გამოიკვეთა კონცეფციის ძირითადი მიმართულებები. წინ არ გავუსწრებ მოვლენებს, თუმცა ვფიქრობთ, რომ თვის ბოლომდე უკვე შევძლებთ კონცეფციის შემუშავებას, მომზადებას და შემდეგ უკვე გვინდა, დავიწყოთ ფართო განხილვა საზოგადოების წარმომადგენლებთან, მათ შორის, ბუნებრივია, პირველ რიგში აკადემიური წრეების წარმომადგენლებთან. გვინდა, ძალიან სწრაფი ტემპით წარიმართოს ეს პროცესი, რადგან დასაკარგი დრო ნამდვილად არ გვაქვს. ერთ-ერთი მიმართულება, სადაც გვქონდა გარკვეული ხარვეზები და ჩავარდნები, შედარებით არსებითი ფორმით და მოცულობით, ეს იყო განათლების სისტემა, ეს შეგვიძლია ვაღიაროთ.

„ამიტომ ახლა აღარ უნდა დავკარგოთ დრო და მაქსიმალურად მკვეთრი ნაბიჯები უნდა გადავდგათ და ვითარება გავაუმჯობესოთ. საერთო სურათი რაც არის, ალბათ ყველას კარგად მოგეხსენებათ, არის პრობლემები ყველა მიმართულებით, როცა ვსაუბრობთ უნივერსიტეტებზე, უმაღლეს განათლებაზე. დავიწყებ ინფრასტრუქტურით, რომელიც არ შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს. არც სასწავლო კუთხით, არც სტუდენტების სხვადასხვა ინტერესების რეალიზების კუთხით, მათ შორის, იგივე სპორტული ინფრასტრუქტურა და ა.შ. გვინდა, რომ მაქსიმალურად განვავითაროთ საუნივერსიტეტო ინფრასტრუქტურა. საერთო საცხოვრებლები არის ასევე სერიოზული პრობლემა, ჩვენ გვინდა, რომ რადიკალურად შევცვალოთ ეს ვითარება სამი წლის თავზე“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ირაკლი კობახიძის თქმით, უმაღლესი განათლების დაანონსებული რეფორმა არაერთ საკითხს შეეხება, მაგრამ მთავარი სწავლების შინაარსის ნაწილია.

მან ასევე დაასახელა საკადრო პოლიტიკა, სახელმძღვანელოებთან დაკავშირებული პრობლემები, დაბალი ანაზღაურება, კვლევასა და სწავლას შორის კავშირის არარსებობა და ისიც, რომ დღეს საქართველოში ახალგაზრდას სათანადო განათლება ვერ ეძლევა.

„არის პრობლემები თითონ სწავლების შინაარსის ნაწილში, რაც ბუნებრივია, არის მთავარი საკითხი, რასაც უნდა ეხებოდეს უმაღლესი განათლების რეფორმა. სასწავლო პროგრამები უმეტესი მიმართულებით არის არსებითად დასახვეწი. საკადრო საკითხები არის სხვანაირად მოსაწესრიგებელი. სისტემაც კი არ არის სწორად ჩამოყალიბებული.

„მოგეხსენებათ, მე, მაგალითად, ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ვასწავლი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, 2005 წლიდან სხვადასხვა თანამდებობაზე ვიყავი იურიდიულ ფაკულტეტზე. რასაც ვხედავთ, დღეს სისტემაში არის რა, რომ, როგორც წესი, არ გვყავს სრულ განაკვეთზე მომუშავე პროფესორები, რაც სერიოზული პრობლემაა. თითქმის არავითარი კავშირი არ არსებობს სწავლებასა და კვლევას შორის, ძალიან სუსტია, უფრო სწორად, ეს კავშირი. არ გვაქვს ძირითად საგნებშიც კი სახელმძღვანელოები. საუბარია, ძირითად, საბაზისო საგნებზე, აღარაფერს ვამბობ არჩევითებზე. ყველა მიმართულებით გვაქვს ძალიან სერიოზული გამოწვევები. შრომის ანაზღაურება არის საკმაოდ დაბალი. შეიძლება მრავალი კუთხით, საკადრო თვალსაზრისით, მნიშვნელოვანი ცვლილებების განხორციელება, რომლებიც თვისებრივად გააუმჯობესებს სწავლების საკითხს. უამრავი საკითხია, რასაც ვეხებით.

„ჩვენ გვინდა, რომ სამი წლის თავზე, 2028 წლის ბოლომდე, მივიღოთ სრულიად განსხვავებული ინფრასტრუქტურა, სრულიად განსხვავებული სისტემა, განახლებული და დახვეწილი სასწავლო პროგრამები, სახელმძღვანელოები, უკეთესი საკადრო პოლიტიკა, გაზრდილი ანაზღაურება უმაღლესი განათლების სფეროში და, რა თქმა უნდა, მთავარი ორიენტირი არის სტუდენტი. სტუდენტს დღეს არ მიეწოდება სათანადო განათლება და ჩვენ 2028 წლისთვის, თავისუფლად შეგვიძლია, უკვე ევროპულ სტანდარტებამდე ავწიოთ საქართველოში უმაღლესი განათლების ხარისხი. ეს არის ჩვენი ამბიციური ამოცანა. თავისუფლად არის ეს ყველაფერი შესაძლებელი, ეს არის საუნივერსიტეტო რეფორმის ამბიციური მიზანი – სტუდენტებისთვის საკუთარი ინტერესების რეალიზების უკეთესი შესაძლებლობა და ა.შ. ამ ყველაფერზე იქნება აგებული რეფორმის კონცეფცია. რეფორმა მოიცავს ძალიან ბევრ საკითხს, ბევრი მიმართულებით შეიძლება რესურსების ოპტიმიზაცია, რაც შეეხება გამოცდების სისტემას, იქაც შეიძლება მსჯელობის გაგრძელება. ოპტიმიზაციასთან დაკავშირებით ბევრი მიმართულებით არსებობს სივრცე. დღეს სისტემა ვერ მუშაობს, სამწუხაროდ, გამართულად და, პირველ რიგში, მთავარი შედეგი არის ის, რომ სტუდენტს ვერ ვაძლევთ სათანადო ხარისხის განათლებას. საშუალო მოცემულობა საკმაოდ არასახარბიელოა და შეგვიძლია, ეს ყველაფერი რადიკალურად შევცვალოთ ოთხი წლის თავზე, 2028 წლის ბოლომდე“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ამავე თემაზე:

ცნობილია რაზე ისაუბრეს უმაღლესი განათლების რეფორმის სამთავრობო კომისიის 12 მარტის სხდომაზე

უმაღლესი განათლების რეფორმის სამთავრობო კომისიის შემადგენლობა ცნობილია – სია

„ჩვენს ქვეყანაში არ არის დამაკმაყოფილებელი უმაღლესი განათლების ხარისხი – ვქმნით სამთავრობო კომისიას“

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური