GE

რას მოითხოვს დიდაქტიკაში გამოცდის ჩაბარება მასწავლებლისგან და როგორ მოვემზადოთ ამისთვის

მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის დახვეწის პროცესში, სხვადასხვა რეგულაციებისა თუ ცვლილებების დამატებასთან ერთად, სქემის დოკუმენტის სწორად წაკითხვა როგორც პრაქტიკოსი პედაგოგების, ისე მასწავლებლობის მსურველი პირებისთვის არცთუ ისე მარტივი ხდება. ჩნდება არაერთი კითხვა, რომელთაც ხშირად დამაბნეველი პასუხი აქვთ დოკუმენტში.

სწორედ აღნიშნულის გათვალისწინებით, EDU.ARIS.GE, სამინისტროს ექსპერტისა და ტრენერის, კომაროვის სკოლის ისტორიისა და სამოქალაქო განათლების მასწავლებელ თიკო ლობჯანიძის დახმარებით, წარმოგიდგენთ წერილს მასწავლებლებისა და პედაგოგობის მსურველთა ერთ-ერთ საინტერესო საკითხზე, რომელიც “დიდაქტიკის გამოცდის” სახელწოდებით არის ცნობილი. (მასწავლებელი, რომელსაც აქვს სურვილი შეიცვალოს სტატუსი, მას საგნის გამოცდა ჩაბარებული უნდა ჰქონდეს მინიმუმ 50%-ზე ზემოთ, რაც ნიშნავს 7 ან 10 კრედიტს. ამის შემდეგ ის აბარებს გამოცდას დიდაქტიკაში.) სპეციალისტი ამ საკითხს ცალკე გამოყოფს მის მიერ მომზადებულ ვებინარში და მიმოიხილავს ყველა საინტერესო დეტალს:

რისი ჩაბარება მოუწევთ მასწავლებლებს პროფესიულ უნარებში, და რას მოითხოვს დიდაქტიკა?

დიდაქტიკაში გამოცდის ჩაბარება მოითხოვს მასწავლებლის გამოცდილებას და მისი პროფესიონალიზმის შემოწმება. ალბათ, გახსოვთ წინა გამოცდები, როდესაც საგანი და უნარები კომბინირებულად ბარდებოდა, ახალი სტილის გამოცდაზე მოგიწევთ ჩააბაროთ ძირითადად სხვადასხვა სახის სიტუაციური ამოცანები, სადაც თქვენი გამოცდილების და ცოდნის გამოიყენოთ უნდა შეასრულოთ დავალების პირობა თქვენი საგნიდან გამომდინარე. მაგალითად: კლასში გყავთ სხვადასხვა შესაძლებლობის მოსწავლე, რომლებიც ესგ-ის სხვადასხვა დონით აკმაყოფილებენ, შეურჩიეთ აქტივობა ერთი კონკრეტული თემის შესწავლისა ან ერთი კონკრეტული უნარის განვითარების ხელშესაწყობად და ა.შ.

უფრო ზუსტად რომ განვიხილოთ განათლებასა და სწავლებასთან ერთად დიდაქტიკა განიხილება როგორც აღზრდის (გონებრივი და ზნეობრივი) თეორია. აღზრდაში, უპირველესად ვგულისხმობთ მოსწავლის მსოფლმხედველობის ჩამოყალიბების ხელშეწყობას, ღირებულებათა და ფასეულობათა მიხედვით. აქედან გამომდინარე, მასწავლებელმა უნდა შესთავაზოს მოსწავლეს ისეთი გაკვეთილი, სადაც გათვალისწინებული იქნება მოსწავლისათვის საჭირო შესაბამისი უნარის განვითარება, მოსწავლის შესაძლებლობებიდან გამომდინარე.

დიდაქტიკა ეს გახლავთ – პრინციპები და მეთოდები (ზოგადი და კერძო დიდაქტიკური კონცეფციები), რომელიც მოიცავს სასწავლო პროცესის წარმართვის, ფუნქციონირებისა და განვითარების ლოგიკა, კანონზომიერება, კავშირურთიერთობა პედაგოგის საქმიანობასა (სწავლება) და მოსწავლის შემეცნებით საქმიანობას (სწავლას) შორის.

დიდაქტიკის გამოცდაზე გამოცდების ცენტრი მუშაობს, ჩაერთვება ესგ-ის დეპარტამენტიც, მასწავლებლის სახლმა გადასცა სტანდარტი, ლიტერატურა, რომლის მიხედვითაც მოამზადებენ ტესტებს. ამ ეტაპზე არის ვარაუდი რომ დიდაქტიკის გამოცდა გვიან შემოდგომაზე შეიძლება ჩატარდეს. აქ აუცილებლად გასათვალისწინებელია ერთი დეტალიც – დიდაქტიკის გამოცდის ჩატარების გამოცდილება არ არსებობს, ანუ ადრე არ მომხდარა, რომ ცალ-ცალკე ჩატარებულიყო სტატუსისთვის გამოცდები, აქედან გამომდინარე, საკმაოდ რთულია ამ ტიპის გამოცდების მომზადება. სწორედ ეს შეიძლება გახდეს მიზეზი იმისა, რომ გადაიწიოს გამოცდებმა და მოგვიანებით ჩატარდეს.

ცუდი დიდაქტიკის მახასიათებლები, კერძოდ:

პროცესის სუსტი ორგანიზაცია;

ძალზე ბევრი ინფორმაცია; – მასალის კომპლექსი, რომელიც არასათანადოდ არის განმარტებული;

მოსაწყენი მასალა;

დემონსტრირების ნაკლებობა;

დროის არასათანადო მენეჯმენტი.

დიდაქტიკური მეთოდით მიწოდებული ინფორმაცია უნდა იყოს ნათელი და პასუხობდეს შემდეგ კითხვებს:

რა, რატომ და სად?

ამ დროს მოსწავლისთვის ნათელია სასწავლო მიზნები, მან იცის, როდის ითვლება მიზანი მიღწეულად.

მასწავლებელს ცნების ასახსნელად მოჰყავს მაგალითები, ამყარებს კავშირს ახალ და ძველ ცნებებს შორის.

ინფორმაციის გაცვლის პროცესში მოსწავლე და მასწავლებელი – ორივე მონაწილეობს და ერთად აგებს ახალ ცოდნას.

ქვემოთ მოყვანილია ამ მეთოდის გამოყენების მაგალითები გაკვეთილზე:

1) მასწავლებელი ხაზს უსვამს იმას, რაც, მისი აზრით, მნიშვნელოვანია მოცემულ მასალაში (ან გაკვეთილზე);

2) მასწავლებელი გადასცემს ინფორმაციას, რათა წაახალისოს მოსწავლეთა აზროვნება მოცემულ საკითხებზე;

3) მასწავლებელი, საკუთარი მოსაზრებების გარდა, განიხილავს სხვების მოსაზრებებსაც;

4) მასწავლებელს მოჰყავს მრავალი მაგალითი ახალი ცნების ახსნისას;

5) მასწავლებელი იყენებს შესაბამის საკლასო აქტივობებს (სადემონსტრაციო ცდა, სახელმძღვანელოსა ან დამატებითი მასალების გამოყენება), რომ მოსწავლეებმა ისწავლონ ან განიმტკიცონ ახსნილი მასალა;

6) მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს, რომ გაიხსენონ გაკვეთილის მთავარი საკითხები, ფაქტები, მოვლენები;

7) მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეს, რომ თავისი სიტყვებით გადმოსცეს წაკითხული ან მოსმენილი ინფორმაცია.

როგორც ცნობილია, განახლებული სქემით, სტატუსის ცვლილებისთვის მასწავლებელმა პორტფოლიოც უნდა წარმოადგინოს. საკუთარ ვებინარში თიკო ლობჯანიძე იმ მაგალითებსაც სთავაზობს პედაგოგებს, თუ რისი შეტანა შეუძლიათ სტატუსის ცვლილების გზაზე თავიანთ პორთფოლიოში:

რეკომენდაციები მასწავლებლებს:

რა შემიძლია შევიტანო პორტფოლიოში:

საკუთარ გაკვეთილზე კოლეგების მიწვევა და მათი გამოხმაურების ანალიზი;
ტრენინგში/სემინარში მონაწილეობა;
სასწავლო გეგმის/ების შედგენა;
საკითხის დამოუკიდებლად შესწავლა;
ელექტრონული მიმოწერა საკითხის პრეზენტატორთან;
პროფესიულ ორგანიზაციაში გაწევრიანება და მათ მიერ დაგეგმილ სხვადასხვა ღონისძიებებში მონაწილეობის მიღება;
თვითრეფლექსიის ჟურნალის წარმოება;
წიგნის განხილვაში მონაწილეობა;
გაკვეთილების ერთობლივი დაგეგმვა;
კონფერენციაზე მოხსენების გაკეთება;
პროფესიული ჟურნალებისა და წიგნების გაცნობა;

ეფექტური პრაქტიკის შესახებ პროფესიული ლიტერატურის მიმოხილვა;
საზაფხულო კურსებში მონაწილეობა;
დისტანციური პროფესიული განვითარების ღონისძიებებში მონაწილეობა;
საუნივერსიტეტო კურსის მოსმენა;
აუდიო პრეზენტაციების მოსმენა;
საკუთარი გაკვეთილის ვიდეოჩანაწერის ანალიზი და შეფასება;
სამოდელო გაკვეთილების ჩატარება;
სტატიების დაწერა;
სასწავლო რესურსების შექმნა;
პრეზენტაციები და დისკუსიები მრავალრიცხოვან პროფესიულ ჯგუფებში;
თანმდევი სესიები და საქმიანობები ახალი იდეების წარმატებული დანერგვისთვის;
დაკვირვება/შეფასება;
განვითარება/გაუმჯობესების პროცესებში მონაწილეობა;
სასწავლო ჯგუფებში მონაწილეობა და ა.შ.

პროფესიულ კონფერენციაზე დასწრება;
სამუშაო შეხვედრებში (ე.წ. ვორქშოფებში) მონაწილეობა;
სხვა პედაგოგის მენტორობის ქვეშ ყოფნა;
სხვა მასწავლებლის მენტორობა;
პედაგოგების მიერ ურთიერთსწავლება;
კოლეგებისათვის სამუშაო შეხვედრის ჩატარება;
პარალელური კლასების მასწავლებელთა შეხვედრებში მონაწილეობა;
მოსწავლეთა შესახებ მონაცემების შეგროვება და ანალიზი;
საკუთარი პედაგოგიური პრაქტიკისა და სკოლის საჭიროებების კვლევა;
კვლევაში მონაწილეობა;
ექსპერტთან კონსულტაცია;
„კრიტიკული მეგობრის“ ინსტიტუტი – სხვა მასწავლებლების გაკვეთილებზე დასწრება, დაკვირვება და ეფექტური უკუკავშირის მიცემა და კიდევ მრავალი სხვა…

მომდევნო წერილში წარმოგიდგენთ სქემასთან დაკავშირებულ სხვა საინტერესო ნაწილებს, ძველ და ახალ სქემას შორის სხვაობას და სხვ., რომლებიც ასევე თიკო ლობჯანიძის ვებინარშია განხილული.

მანანა რატიანი: ეს არ იქნება სტანდარტული პროფესიული უნარების გამოცდა სტატუსის ასამაღლებლად

წამყვანის და მენტორის სტატუსის მოსაპოვებლად მასწავლებლები ერთნაირ გამოცდას ჩააბარებენ, ზღვარი კი განსხვავებული იქნება

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური