GE

რას ნიშნავს იყო ახალბედა მასწავლებელი – უპირატესობები და გამოწვევები

ავტორი ლევან ალფაიძე

მეთიუ ჯონსონი, მიჩიგანის საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი, ავტორი წიგნისა „წარმატება სწავლების პირველივე წელს: გადარჩენის სახელმძღვანელო ახალბედა მასწავლებებისთვის“

ახალბედა მასწავლებლებზე წერისას ძირითადად იმ გამოწვევებსა და პრობლემებზე საუბრობენ, რომლებსაც ყველა ეჯახება სასკოლო კარიერის დასაწყისში, თუმცა ასევე ფასეულია მათი ძლიერი მხარეების დანახვაც.

თუ თვალს გადაავლებთ ახალგაზრდა და ახალბედა მასწავლებლებზე დაწერილ წიგნებს, აუცილებლად შეამჩნევთ ერთ მკაფიო ტენდენციას: ამ თემაზე დაწერილი ათობით წიგნი, Amazon-ის საუკეთესო ბესტსელერების ჩათვლით, სათაურში ან ქვესათაურში შეიცავს სიტყვა „გადარჩენას“. სხვა ჟანრებში, მეორედ მოსვლის თემაზე დაწერილ მხატვრულ ლიტერატურას თუ არ ჩავთვლით, ეს სიტყვა სათაურებში იშვიათად გვხვდება.

„გადარჩენის“ თემაზე მუდმივი აქცენტირება ბევრს ამბობს იმ დამოკიდებულებაზე, რომელიც საგანმანათლებლო საზოგადოებას აქვს ახალბედა მასწავლებლებისადმი. საბოლოოდ ისე გამოდის, რომ ასეთ მასწავლებლებს ააფსებენ არა მათი ცოდნით, უნარებით თუ წვლილით, არამედ იმ მიმართულებებით, სადაც ისინი თითქოს უნდა „გადარჩნენ“: ყოველდღიური ბრძოლით, ზეგანაკვეთური სამუშაოთი და მცდარი ნაბიჯებით.

ყველამ, ვინც ოდესმე ახალბედა მასწავლებლის ტყავში ყოფილა, იცის, რომ ბრძოლა, ზეგანაკვეთური სამუშაო და მცდარი ნაბიჯები მართლაც შეადგენს პირველი წლების გამოცდილების საკმაოდ დიდ ნაწილს. „ატლანტიკში“ ცოტა ხნის წინ გამოქვეყნებულ სტატიაში, რომელსაც გრძელი სახელი ჰქვია: „მასწავლებლობის პირველი წელი საძმოში ინიციაცის გამოცდას ჰგავს“, – იმაზე საუბრობენ, რისი გადატანა და დათმობა უწევთ ახალბედა მასწავლებლებს წყლის ზედაპირზე დასარჩენად.

თუმცა უნდა ითქვას, რომ ეს ისტორიის მხოლოდ ნაწილია. ახალბედა მასწავლებლები უფრო მეტს აკეთებენ, ვიდრე გვიანობამდე დარჩენა და კლასში ყოფაქცევის კონტროლია. მათ შემოაქვთ სიახლეები და ინოვაციები, შთაგონებით აღავსებენ მოსწავლეებს და მათთან ერთად ძლევენ სწავლების კურსის სირთულეებს, ახალ სიცოცხლეს შთაბერავენ სკოლების მოძველებულ სასწავლო პროგრამებს… მაგრამ, სამწუხაროდ, ეს მიღწევები იშვიათად ხვდება სათაურებში.

ცალმხრივი და მიკერძოებული ნარატივი „ახალბედა მასწავლებლების“ შესახებ შესაძლოა სერიოზულ პრობლემად იქცეს – მათმა მუდმივმა სტიგმატიზაციამ გამოუცდელობისა და არასრულყოფილების გამო შესაძლოა დიდი ზიანი მიაყენოს საქმეს, რომელსაც ახალბედა მასწავლებელი უძღვება. არსებობს მტკიცე ურთიერკავშირი მასწავლებლის მყიფე მორალურ განწყობასა და მოსწავლეთა სუსტ მოსწრებას შორის და ეს არც არის გასაკვირი. არაკომპეტენტურობის თაობაზე მღრღნელმა ეჭვმა, რომელიც, ბუნებრივია, თან სდევს მასწავლებლის პირველ სამუშაო წლებს, შესაძლოა სერიოზული გავლენა მოახდინოს მის პირად ცხოვრებაზე. ალბათ ამის გამოც არის, რომ ახალბედა მასწავლებლების დაახლოებით ნახევარი პირველი ხუთი წლის განმავლობაში მიდის სკოლიდან.

ყველაზე დიდი დახმარება, რომელიც მენტორებმა შეიძლება გაუწიონ ახალგაზრდა მასწავლებლებს, იქნება იმის ჩვენება, რომ მასწავლებელი, თუნდაც ახალგაზრდა, უფრო მეტია, ვიდრე მათი პრობლემები თუ ბრძოლის ველი. აუცილებელია, ახალგაზრდებს ვუჩვენოთ, რომ მათი წვლილი სასწავლო ცხოვრებაში უფრო დიდია; დავანახოთ მათი ძალა და უპირატესობა.

თომას ნიუკირკი თავის გახმაურებულ წიგნში „Embarrassment: And the Emotional Underlife of Learning“ („დაბნეულობა და სწავლის ემოციური იატაკქვეშეთი“) განიხილავს, როგორ შეიძლება თუნდაც ერთმა გაცნობიერებულმა ძლიერმა მხარემ თავდაჯერება მიანიჭოს ადამიანს და ცხოვრების მკაცრი გამოცდები ჩააბარებინოს. სწორედ ახალბედა მასწავლებლების ძლიერ მხარეებსა და უპირატესობებს აღწერს თომას ნიუკირკი და საუბრობს უფრო ასაკოვანი, ვეტერანი მასწავლებლების დახმარების აუცილებლობის შესახებ.

ახალბედა მასწავლებლების ძლიერი მხარეები

ახალბედა მასწავლებლებს ახალი იდეები აქვთ: გასულ კვირას ერთმა კოლეგამ მითხრა რომ სიამოვნებით იყოლიებდა უფრო მეტ დამწყებ მასწავლებელს თავის განყოფილებაში, რადგან, მისი ჯგუფის მთავარი გამოწვევა ინოვაციებია და ეს თავისი განყოფილების მთავარ მიმართულებად მიაჩნია.

მსგავსი მოსაზრება ბევრისგან გამიგონია, რაც მოწმობს, რომ ახალი მასწავლებლები ახალი იდეებით მოდიან.

მაგალითად, ჩვენს სკოლაში ინგლისური ენის ახალმა მასწავლებელმა შეამჩნია, რომ, ახალი SAT-ის[1]მიხედვით, მოსწავლეებს მოეთხოვებთ რიტორიკისა და დარწმუნების ხელოვნების უფრო ღრმა გაგება, რაც ნაკლებად იყო აქცენტირებული ტესტების წინა ვერსიაში.

ამ საკითხებში მოსწავლეთა ცოდნის გაღრმავებისთვის მასწავლებელმა გადაწყვიტა, ჩაეტარებინა ფესტივალი, რომლის დროსაც მოსწავლეებს უნდა ეკამათათ აბსურდულ ჰიპოთეზებზე რიტორიკის ტექნიკისა და დარწმუნების ხერხების გამოყენებით.

ახალგაზრდა მასწავლებლის იდეა სენსაციური აღმოჩნდა და მოსწავლეებმა ხალისით აიტაცეს ახალი წამოწყება, დისკუსიისა და დებატების აღნიშნული ტექნიკის გამოყენებით.

ახალ მასწავლებელებს ახალი პერსპექტივა მოაქვთ: მათ, თავიანთი „სიახლის“ წყალობით, შეუძლიათ იმ ნაკლოვანებების დანახვა, რომლებიც სკოლების ტრადიციულ ცხოვრებაში დაფარული რჩება.

მასწავლებლობის პირველ წელს ერთ პატარა სკოლაში ვმუშაობდი, რომელსაც ჰყავდა სპორტული გუნდი, მაგრამ არ ჰყავდა მძლეოსნები, ამიტომ გადავწყვიტე შემექმნა მძლეოსანთა ახალი გუნდი, რადგან ჩემს განვითარებაში მძლეოსნობამ ძალიან დიდი როლი შეასრულა. შედეგად მივიღეთ ის, რომ ორ წელიწადში მძლეოსანთა გუნდი ყველაზე დიდი გახდა სკოლაში და მოსწავლეთა მეოთხედი საკმაო წარმატებით დარბოდა, დახტოდა და ტყორცნიდა ბადროს. საბოლოოდ ისე გამოვიდა, რომ სკოლამ სპორტული გუნდის შექმნა ჩემი პედაგოგიური კარიერის ერთ-ერთ მთავარ მიღწევად ჩათვალა, თუმცა პირადად მე ეს წამოწყება ჩემი საქმიანობის სავსებით ლოგიკურ გაგრძელებად მიმაჩნდა.

ხშირად ახალი მასწავლებლები ექსპერტები არიან იმ სფეროებში, რომლებშიც ვეტერან მასწავლებლებს არ აქვთ ღრმა ცოდნა: სწავლება უზარმაზარ დროს მოითხოვს და ყველაზე პატივსაცემი ვეტერანი მასწავლებლებიც კი ვეღარ იცლიან ინვოაციებისა და სიახლეების შესასწავლად. ეს კი იმას ნიშნავს, რომ, სწავლების ბევრ სფეროში მიუხედავად ვეტერანი მასწავლებლების აშკარა უპირატესობისა, ახალბედა მასწავლებლებს უკეთესი ცოდნა აქვთ უახლეს გამოკვევებში, ახალ პრაქტიკასა და პედაგოგიურ თუ ტექნოლოგიურ სიახლეებში. ეს ცოდნა, თუ მას გონივრულად გამოვიყენებთ, შესაძლოა დიდად წაადგეს განყოფილებას, მთელ სკოლას და სასკოლო ოლქსაც კი.

ახალ მასწავლებლებს ენერგიის უნიკალური რეზერვი აქვთ: ისინი ახლები არიან და მოსალოდნელია, რომ მათი შემართება, მათი ენთუზიაზმი, განსხვავებული იყოს იმათგან, ვისაც სკოლაში უკვე ათეული წლები აქვს გატარებული.

ვფიქრობ, ეს პრინციპი სავსებით მიესადაგება ახალბედა მასწავლებლების მდგომარეობასა და სტატუსს – მათი გზა სასკოლო სამყაროში ახალი დაწყებულია და მათ უბრალოდ მეტი ენერგია აქვთ სასკოლო საქმიანობისთვის, იმ წამოწყებებისათვის, რომლებიც შესაძლოა ყველაზე გამოცდილი მასწავლებლებისთვისაც კი რთული აღმოჩნდეს ახალი ენერგიისა და ახალი პერსპექტივის გარეშე.

წყარო: https://www.edutopia.org/profile/matthew-m-johnson

[1] SAT (Scholastic Assessment Test ,ინგლ.), სასკოლო შეფასების ტესტი – სტანდარტიზებული ტესტი წერა-კითხვისა და მათემატიკური უნარების შესაფასებლად აშშ-ში. ეს ტესტი, ჩვეულებრივ, განკუთვნილია მაღალი სასკოლო საფეხურის, ე.წ. ჰაი-სქულის, მოსწავლეებისათვის (დამამთავრებელ კლასებში).

იხილეთ ორიგინალი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური