GE

რაშია პედაგოგების გამოსავალი – სწავლებაში ტექნოლოგიის გამოყენების 8 უპირატესობა

კორონავირუსის პერიოდში თანამედროვე ტექნოლოგიამ თავის შესაძლებლობებში კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა. მიუხედავად იმისა, რომ ის განათლების სახლში მიღებას ახალ ჰორიზონტებს უხსნის, ამასთან, ადაპტირება უფრო და უფრო რთული ხდება. განსაკუთრებით, ტექნოლოგიურ სიახლეებთან შეგუება პედაგოგებს უჭირთ.

ამ სტატიაში შევეცდებით, დაგარწმუნოთ სწავლებაში ტექნოლოგიის გამოყენებისა და დისტანციური სწავლების უპირატესობაში.

1.უწყვეტი კომუნიკაცია, მიუხედავად ადგილმდებარეობისა

თუ მასწავლებელსა და მოსწავლეს შორის მჭიდრო ურთიერთობა არაა, დიდი ალბათობით, ბავშვი სწავლის სურვილს მალევე დაკარგავს. შეგიძლიათ, მოსწავლეებს ეკონტაქტოთ მეილებით, ვიდეო-შეხვედრებით, სოციალური ქსელებით. მათ უნდა იცოდნენ, რომ საჭიროების შემთხვევაში თქვენ მათ დასახმარებლად მზად ხართ.

ჯერი ბლუმერგართენი, რომელსაც პედაგოგად მუშაობის 30-წლიანი გამოცდილება აქვს, მასწავლებლებს ურჩევს, დისტანციური სწავლების წარმატებით წარსამართად, პირველ რიგში მოსწავლეები ტექნიკურად მოამზადონ და მისცენ შესაბამისი ცოდნა:

„დისტანციური სწავლებისთვის ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა მოამზადოთ საკუთარი თავიც და მოსწავლეებიც. პირველ რიგში მოამზადეთ ტექნიკური რესურსების გამოყენების ინსტრუქციები. ასევე, არ დაგავიწყდეთ მოსწავლეებისთვის საკუთარი საკონტაქტო ინფორმაციის მიცემა, რათა დაბნეულობისა და გაურკვევლობის დროს მოსწავლემ თქვენთან დაკავშირება შეძლოს“, – ურჩევს ის პედაგოგებს.

2. აქტიური მოსწავლეების წახალისება

ცხადია, ეს ტრადიციულ სკოლაშიც შეგიძლიათ ნებისმიერი ფორმით, მაგრამ 40-მოსწავლიან საკლასო ოთახში რამდენად შესამჩნევია ყველას აქტიურობა და დაფასება? ონლაინ სწავლება იძლევა შესაძლებლობას შექმნათ 5-6-კაციანი ჯგუფები და რამდენიმეწუთიანია შეხვედრები მოაწყოთ მათთან. შეგიძლიათ, მისცეთ პერსონალური დავალებები, ჩაუტაროთ ინდივიდუალური ან ჯგუფური გაკვეთილები. ამ ყველაფერს საკლასო ოთახში ვერ გააკეთებთ.

3. სტუდენტთა შეფასების ახალი გზები

მოსწავლეები უფრო მობილიზებულები არიან მაშინ, როცა პედაგოგის გარდა მათ ცოდნას ვიღაც ან რაღაც სხვა აფასებს. შესთავაზეთ მათ ონლაინ ვიქტორინებისა და ინტერაქტიული სასწავლო პლატფორმეების გამოყენება.

4. პლაგიატის აღმოჩენის სიმარტივე

ტექსტის მსგავსების აღმომჩენი არაერთი პროგრამა არსებობს. მაგალითად, unicheck-ი, რომელიც ტექსტის სრულ სკანირებას მოახდენს და განმეორების შემთხვევაში პლაგიატიზმს დაადასტურებს.

5. შეფასება და შეფასების ავტომატიზაცია

ონლაინ ტესტები ისე შეამოწმებს მოსწავლის ცოდნას, თქვენი მისია მხოლოდ ქულების ამოწერა იქნება. მოიძიეთ და გამოიყენეთ ყველა შესაძლო რესურსი, რომელთა მეშვეობითაც შრომის გამარტივებას შეძლებთ.

6. მოსწავლისა და მასწავლებლის როლების შეცვლა

ინტერნეტით ნებისმიერი ინფორმაციის მოძიებაა შესაძლებელი. ამასთან სხვადასხვა წყაროდან ამ ინფორმაციის მიღება კიდევ უფრო საფუძვლიანსა და მყარს ხდის ცოდნას. ამის გათვალისწინებით, სულაც არაა რთული მასწავლებლის ნაცვლად ამა თუ იმ საკითხის ექსპერტად მოსწვალე მოგვევლინოს. შეიძლება, ერთი შეხედვით იფიქროთ, რომ ამით პედაგოგი კონტროლს კარგავს, თუმცა რეალურად, ეს მიდგომა მჭიდრო და სანდო ურთიერთობებს აყალიბებს.

7. მრავალფეროვანი სასწავლო გარემო

მობილური აპლიკაციები, ვიდეო შეხვედრები, ონლაინ საგანმანათლებლო პროგრამები – ეს იმ ონლაინ რესურსითა კატეგორიები, რომლებიც საკლასო ოთახზე მიმზიდველ და მრავალფეროვან გარემოს ქმნის.

8. უახლეს ინფორმაციაზე წვდომა

მსოფლიოს სასკოლო სახელმძღვანელოებზე უარი ჯერ არ უთქვამს, თუმცა უნდა ვაღიაროთ, რომ ინტერნეტში გავრცელებული ინფორმაცია დინამიკური და განახლებულია. სასწავლო პროცესში უახლესი კვლევებისა და სტატიების გამოყენების დანერგვა ტექნოლოგიის ერთ-ერთი დიდი უპირატესობა იქნება.

დასკვნა:

ტექნოლოგია განათლებაში იმაზე მეტია, ვიდრე უბრალოდ უახლესი ტენდენცია.

ესაა ძლიერი ინსტრუმენტი პედაგოგთა შრომის შესამცირებლად და მოსწავლეთა შედეგების გასაზრდელად.

გაერთიანებული სამეფოს Worcestershire College-ის შერეული სწავლების მოდელის ხელმძღვანელი ემი ჰოლიერი თვლის, რომ პანდემიის შემდეგ ყველა პედაგოგი გააუმჯობესებს თავის შედეგებს და დახვეწს მიდგომებს:

„ციფრულმა სამყარომ ამ გარემოებების მიუხედავად მოგვცა კომუნიკაციისა და სწავლების შესაძლებლობა. ამ პერიოდის შემდეგ ყველას გვექნება სწავლების ახალი გაუმჯობესებული მიდგომა, რომელიც ციფრულ სწავლებასაც მოიაზრებს“, – ამბობს ის.

მოამზადა მარიამ ელიაშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური