რატომ ირჩევენ საქართველოს უცხოელი სტუდენტები და რა დაბრკოლებების გადალახვა უწევთ ჩვენს ქვეყანაში
უკვე დიდი ხანია საქართველო უცხოელებისთვის სასწავლებლად მიმზიდველი ქვეყანაა. დღესდღეობით ქართულ უნივერსიტეტებში 14 ათასზე მეტი უცხოელი სტუდენტი სწავლობს. ისინი დროებითი მიგრანტები არიან, რომლებიც უმაღლესი განათლების მისაღებად საქართველოს ირჩევენ.
მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის მონაცემებით, ქვეყანაში მყოფი უცხოელი სტუდენტების 90%-ს აზერბაიჯანის, ინდოეთის, ერაყის, ნიგერიის, თურქეთისა და რუსეთის მოქალაქეები შეადგენენ. მათი რიცხვი წლიდან წლამდე მნიშვნელოვნად იზრდება. ერთ-ერთ გადამწყვეტ როლს სწავლის დაბალი საფასური ასრულებს. ასევე მნიშვნელოვანია, საქართველოს, როგორც უსაფრთხო ქვეყნის რეპუტაცია: უცხოელი სტუდენტების აზრით, საქართველოში ცხოვრება, სხვა ქვეყნებთან შედარებით, მეტად უსაფრთხოა.
სასწავლებლად ჩამოსული უცხოელების დიდ ნაწილს სამედიცინო სფერო აინტერესებთ. ისინი ძირითადად მედიცინის, ჯანდაცვის, ფარმაცევტიკის ან სტომატოლოგიის მიმართულებით სწავლობენ. აღსანიშნავია, რომ საქართველოში ყველაზე ძვირადღირებული სწორედ სამედიცინო განათლების მიღებაა. პოპულარულია ბიზნესის, ეკონომიკის და სამართლის ფაკულტეტებიც. საერთაშორისო სტუდენტების რაოდენობის ზრდასთან ერთად, საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში უცხოენოვანი პროგრამებიც იზრდება.
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში ყოველწლიურად ბევრი უცხოელი სტუდენტი ირიცხება. სასწავლებელი მათ სხვადასხვა ინგლისურენოვან საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებს სთავაზობს. EDU.ARIS.GE-ს რესპონდენტი, ანდრინა ვარგესე პანიკერი, ერთ-ერთია იმ უცხოელ სტუდენტებს შორის, რომელიც აღნიშნულ უნივერსიტეტში სწავლობს. ის ხუთ წელზე მეტია საქართველოში ცხოვრობს. ინდოელი სტუდენტი სამედიცინო განათლებას იღებს.
„საქართველოს შესახებ პირველად სკოლაში გამართულ შეხვედრაზე გავიგე, რომელიც თბილისის უნივერსიტეტებს შეეხებოდა. მინდოდა ჩემი ქვეყნის გარეთ სწავლა და ცხოვრება მეცადა, ამიტომაც არჩევანი საქართველოზე გავაკეთე. სურათებიდან ვიცოდი, რომ ძალიან ლამაზი ქვეყანაა. უნივერსიტეტიც ძალიან კარგია. სწავლებით კმაყოფილი ვარ, ლექტორებიც ძალიან მეგობრულები არიან. სამედიცინო სფერო საკმაოდ სტრესულია, თუ დაძაბული ხარ ან თუ კითხვები გაქვს, ყოველთვის გეხმარებიან და დროს გითმობენ.
თავიდან საქართველოში ცხოვრება ცოტა გამიჭირდა. პირველი ორი წელი ენის ბარიერი მქონდა. უნივერსიტეტის პროგრამა დამეხმარა, რომელიც უცხოელებს ქართულ ენას ასწავლის: მარტივი ფრაზების სწავლა და გაგება შევძელი. აქაური კულტურა და ცხოვრება ძალიან საინტერესოა, უნიკალური და განსახვავებულია. ენას დღემდე ვსწავლობ. ხალხი ძალიან დადებითია, მაინც ვახერხებ მათთან კომუნიკაციას.
სწავლის დასრულების შემდეგ აქ სიამოვნებით დავრჩებოდი, მაგრამ სხვების გამოცდილებიდან ვიცი, რომ თუ ქართულ ენას სრულად არ ფლობ, რთულია სამსახურის დაწყება“, – ამბობს ანდრინა.
ანდრინას მსგავსად, ჰუსამ უდ დინ შარიფიც საქართველოში მედიცინას ეუფლება. ინდოელი სტუდენტი ოთხი წელია საქართველოში ცხოვრობს. აქ ცხოვრება მოსწონს და ცოტა ქართულიც იცის. ამბობს, რომ პანდემიამ სხვადასხვა სირთულე წარმოქმნა, თუმცა სწავლებით კმაყოფილია.
„საქართველო ერთ-ერთი გამორჩეული ქვეყანაა, ქართველი ხალხი მომწონს, ქართული ენაც ვიცი და მათთან კომუნიკაციას ვახერხებ. სწავლის ხარისხი ძალიან კარგია. პანდემიის გამო ახლა ონლაინ რეჟიმში ვსწავლობთ. სამედიცინო სფეროსთვის მნიშვნელოვანია პრაქტიკული ნაწილის გავლა, რასაც ჯერჯერობით ვერ ვახერხებთ“.
გამკაცრებული კოვიდ რეგულაციები არამარტო სწავლის მიმდინარეობას აფერხებს, არამედ საერთაშორისო სტუდენტებისთვის სხვა დაბრკოლებებსაც წარმოქნის. გართულებულია ქვეყნებს შორის მიმოსვლა, ასევე სავიზო პროცედურებიც. სტუდენტებს აქ ცხოვრების განმავლობაშიც არაერთი სირთულე ხვდებათ.
ჰიჯას რაჰიმ ბინუთაც ინდოელი სტუდენდია, რომელიც უკვე 6 წელია საქართველოში იმყოფება. აქ სწავლით და ცხოვრებით კმაყოფილია, თუმცა აღნიშნავს, რომ წარმომავლობის გამო, საქართველოში ცხოვრების დროს სირთულეებიც შეხვედრია.
„საქართველოში ცხოვრება ჩემთვის მეტად ხელმისაწვდომი იყო, ამიტომაც ჩამოვედი. სწავლებით კმაყოფილი ვარ. კოვიდ-სიტუაციამ და შეზღუდვებმა სწავლისას სხვადასხვა სირთულე წარმოშვა. პრაქტიკული სწავლების ნაწილში ხელი შეგვეშალა. კარგი იქნება თუ შესაძლებლობა მოგვეცემა აუდიტორიებს დავუბრუნდეთ.
ხალხი ძალიან მომწონს, თუმცა ყოფილა შემთხვევები, როცა ინდოელების მიმართ რასიზმს ჰქონდა ადგილი. მაგალითად, საცხოვრებელი ბინის შერჩევა ინდოეთის მოქალაქეებისთვის რთულია. ბინის დაქირავება გვიჭირს, რადგან მეპატრონეს სახლში ინდოელების შეშვება არ უნდა.
ერთ-ერთი სირთულე ვიზის პროცედურებზე გვექმნება. რთულია ვიზის აღება, საკმაოდ დიდი დრო სჭირდება. არის შანსი, რომ საერთოდ უარი გითხრან, შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენის შემთხვევაშიც კი. ამ დროს თავიდან გიწევს განცხადების შეტანა. სტუდენტისთვის ეს უმთავრესი პრობლემაა.
სწავლის დასრულების შემდეგ, საქართველოში არ დავრჩები. დიდ ბრიტანეთში ან სხვა რომელიმე ქვეყანაში ვფიქრობ წასვლას“, – ამბობს ჰიჯასი.
ალი ერთ-ერთია იმ უცხოელ სტუდენტებს შორის, რომელიც სამომავლოდ ქვეყნის დატოვებას ფიქრობს. 21 წლის ირანელი სტუდენტი უკვე ხუთი წელია საქართველოში ოჯახთან ერთად ცხოვრობს. ქართულ ენას სწავლობს, რათა უნივერსიტეტში მისთვის საინტერესო ფაკულტეტზე ჩაბარება შეძლოს. მას კინოხელოვნება აინტერესებს, რომელიც საქართველოში მხოლოდ ქართულად ისწავლება.
„განათლების მიღების თვალსაზრისით, საქართველოში ბევრი კარგი შესაძლებლობაა. ამიტომაც გადავწყვიტე აქ ჩამოსვლა. ენის ბარიერი, ერთადერთი დაბრკოლებაა, რის გამოც უნივერსიტეტში ჯერჯერობით არ ჩამიბარებია. საერთაშორისო სტუდენდებისთვის ყველაზე მოთხოვნადი და პოპულარული ეკონომიკა ან სამედიცინო სფეროა, რომლებიც ინგლისურენოვანია. ხოლო იმ უცხოელ სტუდენტებს, რომლებსაც სხვა ინტერესები აქვთ, ენის ბარიერი ექმნებათ, რადგან მათთვის სასურველი ფაკულტეტები ქართულ ენაზეა.
უნივერსიტეტი უკვე შერჩეული მაქვს, მომავალი წლიდან სწავლას დავიწყებ. ამისთვის ჯერ ქართული ენის კურსს გავდივარ“, – ამბობს EDU.ARIS.GE– სთან ალი.
უცხოელები ქვეყნით და ხალხით მოხიბლულები არიან. ძალიან ბევრი ქართულ ენაზეც საუბრობს. მათი ძირითადი ნაწილი თბილისში სწავლობს, ნაწილი კი სასწავლებლად ბათუმისა და ქუთაისის უნივერსიტეტებს ირჩევს. საერთაშორისო სტუდენტების უმეტესობა სწავლის დასრულების შემდეგ საკუთარ ქვეყანაში დაბრუნებას ან სამუშაოს სხვაგან ძიებას გეგმავს. მიგრაციის ეროვნული კომისიის კვლევის მიხედვით, მხოლოდ 5 პროცენტი აპირებს სამუშაოდ საქართველოში გაჩერებას.
საინტერესოა, რომ მათი პრობლემები და გამოწვევები ერთმანეთს გავს. არის შემთხვევები, როცა სტუდენტების უფლებები უხეშად ირღვევა. ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტს არაერთმა უცხოელმა სტუდენტმა მიმართა. ორგანიზაცია მათი საკითხებით ინტერესდება და მათ უფლებებს იცავს. ბოლო პერიოდში ინდოელ სტუდენტებს გამკაცრებული რეგულაციების გამო პრობლემები შეექმნათ. საქართველოს მთავრობამ მათ ქვეყანაში ჩამოსასვლელად განსხვავებული პირობები დაუწესა, რამაც ისინი დისკრიმინაციულ მდგომარეობაში ჩააყენა. ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტის იურისტი ანზორ ხატიაშვილი განმარტავს, რომ ამ ეტაპზე კანონში ახალი ცვლილებებია შესული, რომელიც მეტად შემსუბუქებულია. თუმცა იურისტის თქმით, სხვა ქვეყნებთან შედარებით, საქართველომ ეს ცოტა დაგვიანებით გააკეთა.
„ინდოელი სტუდენტების შემთხვევაში, საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ, ვაქცინაციის სრული კურსის მიუხედავად, მაინც უწევდათ სავალდებულო კარანტინში გაჩერება. ასევე ჩამოსვლა შესაძლებელი იყო მხოლოდ ჩარტერული ფრენებით, მაგრამ არც ამ რეისის ორგანიზება ხდებოდა.
უნივერსიტეტები არ ითვალისწინებდნენ მათ მდგომარეობას. მაგალითად, სემესტრის გასაგრძელებლად ითხოვდნენ, რომ უცხოელ სტუდენტებს საბუთებზე ხელი მოეწერათ. ამისთვის საქართველოში უნდა ჩამოსულიყვნენ, მაშინაც კი, როცა სწავლება დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობდა. უნივერსიტეტებს ურთიერთშეუსაბამო მიდგომა ჰქონდათ.
ამ მხრივ კანონში შევიდა ცვლილება: 8 ოქტომბრის დადგენილებით, მოიხსნა ჩარტერული რეისების ვალდებულება. ასევე ინდოელ სტუდენტებს საშუალება მიეცათ, ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის შემთხვევაში, სავალდებულო კარანტინი აღარ გაიარონ. ვფიქრობ, ცოტა დაგვიანებული იყო ამ შეზღუდვების მოხსნა. იმის გათვალისწინებით, რომ სხვა ქვეყნებმა ინდოეთთან მიმართებაში ბევრად ადრე დაიწყეს შეზღუდვების შემსუბუქება. ასევე დაგვიანებულად ხდება ამ სტუდენტებისთვის ინფორმაციის მიწოდება, როცა ფაქტის წინაშე აღმოჩნდებიან, მხოლოდ მაშინ იგებენ კანონში შესული ცვლილებების შესახებ. რაღაც ეტაპზე მათი მდგომარეობა ბუნდოვანი იყო“, – აღნიშნავს ანზორ ხატიაშვილი.
იურისტის თქმით, სხვადასხვა ქვეყნის სტუდენტებს ორგანიზაციისთვის რასიზმის თემაზეც მიუმართავთ. თუმცა ხშირად შესაბამისი მტკიცებულებების გარეშე, რთული ხდება რამის დამტკიცება.
„რასიზმის თემაზე მომართვიანობა ყოფილა, თუმცა არც ისე ხშირად. ამ პრობლემას უფრო ბინის ქირაობის ეტაპზე ხვდებიან. ჩვენ კონსულტაციას ვუწევთ და ვურჩევთ, სახალხო დამცველის თანასწორობის დეპარტამენტს მიმართონ.
პრაქტიკული თვალსაზრისით, დისკრიმინაციის შემთხვევები დამტკიცებას საჭიროებს. ხშირ შემთხვევაში მათ მტკიცებულებები არ აქვთ. ადვილია, როცა მტკიცებულებები სახეზეა. ამის არ არსებობის გარეშე კი რთულია დამტკიცება, რაიმე დისკრიმინაციას ჰქონდა თუ არა ადგილი“, – ამბობს ანზორ ხატიაშვილი.
აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო სტუდენტებს საქართველოსთვის დიდი მნიშვნელობა აქვს. ისინი ხელს უწყობენ ქვეყნის ცნობადობის გაზრდას. ამის გარდა, მნიშვნელოვანია მათი წვლილი ქვეყნის ეკონომიკაში. ხელს უწყობენ უნივერსიტეტების განვითარებას.
ჩვენი კიდევე რთი რესპონდენტის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორის, რუსუდან ქინქლაძის თქმით, უცხოელი სტუდენტების მოზიდვაში მნიშვნელოვანია როგორც სწავლის დაბალი საფასური და ქვეყნის რეპუტაცია, ასევე ინგლისურენოვანი კურსების ხელმისაწვდომობა და აკადემიური პერსონალის კვალიფიციურობა.
„საერთაშორისო სტუდენტები ქვეყნისთვის შემოსავლის ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი წყაროა. ინგლისურენოვან პროგრამებზე სადაც უცხოელები ჩამოდიან, გადასახადიც უფრო მაღალია. თუმცა სხვა ქვეყნებთან შედარებით, საქართველო უცხოელი სტუდენტებისთვის მეტად ხელმისაწვდომია. მათთვის მნიშვნელოვანია ინგლისურენოვანი პროგრამები და აკადემიური პერსონალის კვალიფიციურობაც.
სახელმწიფო აკრედიტაციას აძლევს იმ პროგრამებს, რომლებიც შემდგომში უცხოელ სტუდენტებს მოემსახურება. დიდი ყურადღება ეთმობა პროგრამის შედგენას, რამდენად არის სტანდარტებთან შესაბამისი. ამით უნივერსიტეტებს საშუალება ეძლევათ უცხოელი სტუდენტები მიიღონ“, – გვეუბნება რუსუდან ქინქლაძე.
ფაქტია, საერთაშორისო სტუდენტების ინტერესი საქართველოს მიმართ ყოვეწლიურად იზრდება. მათი როლი ქვეყნისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანია. აუცილებელია სახელმწიფოს ხელშეწყობა, ამ სტუდენტების მოზიდვის და შენარჩუნების მიზნით. აქ ჩამოსული სტუდენტების უმეტესობა კმაყოფილია თავიანთი უნივერსიტეტით. ისინი საქართველოში ჩამოსვლას და სწავლას რეკომენდაციას უწევენ.
ასევე იხილეთ:
მოამზადა სალომე გაზდელიანმა
- რა აიკრძალება დეკემბრიდან „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებით by ARIS.GE-განათლება
- განათლების მინისტრს ახალი მოადგილეები ჰყავს – ბიოგრაფიები by ARIS.GE-განათლება
- „სააუდიტორიო და საგამოცდო პროცესი 1 დღით ვაკეში მდებარე კორპუსებში შეჩერდება“ – თსუ-ის ადმინისტრაცია by ARIS.GE-განათლება