350 დოლარად ნაყიდი დიპლომი – ,,პრობლემა იმდენად მასშტაბურია, რომ ის მხოლოდ უნივერსიტეტებს არ უკავშირდება, ეს მთლიანად ქვეყნის კატასტროფაა“
,,2017 წელს დავამთავრე ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტი. საბაკალავრო ნაშრომში, შესავლიდან დაწყებული, დასკვნით დამთავრებული, ყველაფერი ინტერნეტიდან მქონდა გადმოწერილი, მხოლოდ სიტყვებს შევუცვალე ადგილი. ერთადერთი წინადადება, რომელიც ნამდვილად მე მეკუთვნოდა, დასკვნაში ჩაწერილი სიტყვები იყო: ,,თუ ვინმე ამას კითხულობთ, იცოდეთ, დიპლომს რაში მაძლევენ“. დიპლომი ავიღე. ფაქტია, ნაშრომი ყურადღებით არავის წაუკითხავს“, – აღნიშნავს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ყოფილი სტუდენტი EDU.ARIS.GE-სთან საუბარში.
ეს არ არის სენსაციური ამბავი. მართალია, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტის დეკანი ელენე შატაკიშვილი EDU.ARIS.GE-სთან სატელეფონო საუბარში გამორიცხავს მსგავსი ფაქტის დაშვების შესაძლებლობას, მაგრამ ასეთ ისტორიებს ხშირად ვისმენთ მეგობრებისგან, ნაცნობებისგან თუ უბრალოდ იმ სტუდენტებისგან, რომლებიც სიამაყით ჰყვებიან იმის შესახებ, როგორ მარტივად დაიძვრინეს თავი ლექტორებისგან. ხშირად ვისმენთ ისტორიებს უნივერსიტეტების გვერდით არსებულ სარდაფებზე, სადაც სადიპლომო ნაშრომები საღეჭი რეზინასავით იყიდება. ეს არ არის კულუარებში მოყოლილი ამბები, ამაზე ღიად საუბრობენ, წერენ სოციალურ ქსელებში, თუმცა ამბები ჭორებად რჩება. თუკი უნივერსიტეტებმა არ იციან, რა ხდება მათ კედლებში ან კედლებთან ახლოს, ეს სერიოზული პრობლემაა. თუმცა უფრო დიდ პრობლემასთან გვაქვს საქმე, თუკი მათ იციან ამის შესახებ და თვალს ხუჭავენ.
ბოლო დღეებია ინტერნეტ სივრცეში აქტიურად განიხილავენ საკითხს იმასთან დაკავშირებით, რომ სტუდენტები, ანაზღაურების სანაცვლოდ, სხვას აწერინებენ შთა-ს (შესავალი თანამედროვე აზროვნებაში – საგანი, რომელიც ისწავლება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში) დავალებებს. მსგავსი ვითარებაა საბაკალავრო/სამაგისტრო ნაშრომებთან დაკავშირებითაც. სოციალურ ქსელებში არსებობს ჯგუფები, რომლებიც სტუდენტებს სადიპლომო ნაშრომის დაწერას სთავაზობენ. რამდენიმე პიროვნებას თავად დავუკავშირდი, როგორც კლიენტი, რათა პირობების შესახებ მიმეღო ინფორმაცია. ერთმა მათგანმა, 80-გვერდიანი ნაშრომის დაწერის სანაცვლოდ, 350 დოლარი მოითხოვა, სხვებმა – გვერდში 10 ლარი. ისინი იძლევიან გარანტიას, რომ ნაშრომი პლაგიატის შემოწმებას უპრობლემოდ გაივლის. უფრო მეტიც, მითხრეს, რომ კარგი პრეზენტაციის შემთხვევაში, საკმაოდ მაღალ ქულასაც მივიღებდი. სატელეფონო საუბარში ერთ-ერთმა მათგანმა აღნიშნა, რომ 2014 წლიდან დღემდე 600-მდე ნაშრომი აქვს დაწერილი. შეკითხვაზე, რომელი უნივერსიტეტების სტუდენტებისთვის შეუქმნიათ მსგავსი ტიპის ნაშრომები, ფაქტობრივად, ჩვენთვის ნაცნობი ყველა უნივერსიტეტი დაასახელეს.
აღნიშნულ საკითხზე საკუთარი პოზიცია დააფიქსირა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ასოცირებულმა პროფესორმა, მორის შალიკაშვილმა.
მ.შ.: ,,გულწრფელად გითხრათ, პირველად თქვენგან მესმის მსგავსი სერვისების არსებობის შესახებ. როგორც ლექტორს, ნამდვილად მრცხვენია, რომ მსგავსი რამ ხდება. წესით, განათლების სისტემას ასეთი რამ არ უნდა ეპარებოდეს. ეს რომ ათამდე შემთხვევა იყოს, არც ისე შემაშფოთებელი იქნებოდა, მაგრამ თუკი ნამდვილად ექვსასამდე ან მეტი შემთხვევაა და ეს ციფრები გადაჭარბებული არ არის, მაშინ ეს ძალიან დიდი პრობლემაა“.
მოცემული პრობლემის ანალიზისთვის EDU.ARIS.GE დაუკავშირდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ფილოსოფიის მიმართულების დოქტორანტს, დავით გალაშვილსა და პოლიტიკური მეცნიერების დოქტორანტს, თსუ-სა და GIPA-ს მოწვეულ ლექტორს ,,ადამიანური რესურსების მართვაში“, თამთა ჭრიკიშვილს.
რატომ უჩნდებათ სტუდენტებს სურვილი, თავიანთი ნაშრომი სხვას დააწერინონ?
თამთა ჭრიკიშვილი: ,,პრობლემა იმდენად მასშტაბურია, რომ ის მხოლოდ უნივერსიტეტებს არ უკავშირდება. ეს მთლიანად ქვეყნის კატასტროფაა. თუკი სტუდენტი, სრულწლოვანი ადამიანი, გადაწყვეტს, რომ მისი სადიპლომო ნაშრომი სხვამ დაწეროს, ეს ნიშნავს იმას, რომ მინიმუმ, ის იქ არ არის, სადაც უნდა იყოს. რაც შეეხება გამომწვევ მიზეზებს, ისინი უფრო სიღრმეებში უნდა ვეძებოთ. პირველი მიზეზი, რამაც შესაძლოა მსგავსი პრობლემები გამოიწვიოს, გახლავთ ის, რომ განათლების სისტემა არ იძლევა შესაძლებლობას, 17-18 წლის ადამიანმა ზუსტად იცოდეს, სად უნდა ჩაბარება. მათი ძირითადი ნაწილი უნივერსიტეტში აბარებს არა იმის გამო, რომ რომელიმე კონკრეტული მიმართულება აინტერესებს, არამედ მოვალეობის მოხდის მიზნით. საინტერესოა, ვის წინაშე იხდიან ვალს? პირველი, ალბათ, მშობლების წინაშე, რომლებსაც სჯერათ, რომ მათ შვილს დიპლომი აუცილებლად უნდა ჰქონდეს. მეორე – საზოგადოების წინაშე, სადაც მიიჩნევა, რომ დიპლომი წარმატების მთავარი ფაქტორია, რაც სიმართლეს არ შეესაბამება და მესამე – დამსაქმებლების წინაშე, რომლებიც ხშირად არაადეკვატურად ითხოვენ დიპლომს მაშინ, როცა უდიპლომო ადამიანს შესაძლოა გაცილებით დიდი გამოცდილება ჰქონდეს იმ კონკრეტულ საკითხში“.
დავით გალაშვილი: ,,ეს აბსურდული პრაქტიკაა. ფულს იხდი იმისთვის, რომ ცოდნა მიიღო, საბოლოო ჯამში კი, საკუთარ თავსაც ატყუებ. თუმცა, ყველაფერს აქვს გამომწვევი მიზეზი. დავიწყოთ იმით, რომ სკოლის დამთავრების შემდეგ ახალგაზრდებმა, როგორც წესი, არ იციან ზუსტად, რა უნდათ ან საერთოდ, უნდათ თუ არა სწავლის გაგრძელება, მაგრამ უნივერსიტეტში მაინც აბარებენ. ბიჭების შემთხვევაში, ეს შეიძლება ერთგვარად ჯარის თავიდან აცილების საშუალება იყოს. მეორე მიზეზი ხშირად ,,მუშაობის გადავადებაა“. ჩვენს შრომის ბაზარზე მუშახელზე ისედაც მცირე მოთხოვნაა, ხოლო რაც არის, იმდენად დაბალანაზღაურებადია, რომ გირჩევნია, სტუდენტის სტატუსი გქონდეს და ამ მტანჯველ შრომასა და ექსპლუატაციას გარკვეული დროით მაინც აარიდო თავი. აქედან გამომდინარე, სტუდენტების საკმაოდ დიდი ნაწილი არ არის დაინტერესებული იმ პროფესიით, რომლის მიმართულებითაც სწავლობს“.
რა სახის პრობლემასთან გვაქვს საქმე, როცა ასეულობით სტუდენტი სხვისი დაწერილი სადიპლომო ნაშრომით ამთავრებს უნივერსიტეტს?
თამთა ჭრიკიშვილი: ,,პირველ რიგში, რაც მინდა ვთქვა – როცა უნივერსიტეტი ვერ ახერხებ, რომ ოთხი წლის მანძილზე ისე მაინც დააინტერესო სტუდენტი, თუნდაც ერთი კონკრეტული საკითხით, რომ თავად დაწეროს სადიპლომო ნაშრომი, ეს უკვე სერიოზული პრობლემაა. რაც შეეხება კონკრეტულად იმ საკითხს, თუ როგორ ახერხებენ სტუდენტები სხვისი ნაშრომის თავისად გასაღებას, აქ ცალსახად იკვეთება საბაკალავრო/სამაგისტრო/სადოქტორო ნაშრომის წერის პროცესში ხელმძღვანელების არასათანადო ჩართულობის პრობლემა. იქიდან გამომდინარე, რომ უკვე ერთი წელია ლექტორი ვარ და ერთ-ერთი სამაგისტრო ნაშრომის ხელმძღვანელიც გახლავართ, დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, რომ თუკი ხელმძღვანელი კეთილსინდისიერად ასრულებს თავის მოვალეობას, ნაბიჯ-ნაბიჯ მიყვება სტუდენტს, დეტალურად კითხულობს ნაშრომს წერის პროცესის სხვადასხვა ეტაპზე, მაშინ შეუძლებელია ვერ მიხვდეს, რომ ნაშრომს სხვა წერს. ეს გამორიცხულია.“
დავით გალაშვილი: ,,რეალურად, იმის დადგენა, თავად წერს თუ არა სტუდენტი ნაშრომს, ძალიან მარტივია, თუკი ხელმძღვანელი მთელი სემესტრის განმავლობაში იქნება ჩართული სამუშაო პროცესში, რაც, როგორც წესი, არ ხდება. ჩემს მაგალითზე ვილაპარაკებ. სადოქტოროს ვწერ და ხელმძღვანელთან ჩემი კომუნიკაცია მხოლოდ ადმინისტრაციულ საკითხებს შეეხება. შინაარსობრივად, ის საერთოდ არაა ჩართული ამ პროცესში. ამის ძირითადი მიზეზი ლექტორების არაკომპეტენტურობაა. მეორე მიზეზი მათი გულგრილობაა. თუმცა არის მესამე ვარიანტიც, როცა არც არაკომპეტენტურები არიან და არც გულგრილები, მაგრამ დრო არ აქვთ. ასეთ შემთხვევაში, როცა იცი, რომ სტუდენტს სათანადო დროს ვერ გამოუყოფ, საკუთარ თავზე არ უნდა აიღო ეს პასუხისმგებლობა. სამაგისტრო/სადოქტორო ნაშრომზე მუშობა ხომ უბრალოდ ცოდნის გადაცემა არ არის, ეს ახალი ცოდნის წარმოშობაა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია“.
რა მექანიზმი შეიძლება არსებობდეს უნივერსიტეტებში აღნიშნული პრაქტიკის თავიდან ასაცილებლად?
თამთა ჭრიკიშვილი: ,,სიმართლე გითხრათ, ძალიან მეეჭვება, რომ უნივერსიტეტებმა, როგორც ინსტიტუციამ, რაიმე ქმედითი მექანიზმი შეიმუშაოს არსებული პრაქტიკის აღმოსაფხვრელად. ერთ-ერთი მექანიზმი, რომელიც არსებობს, ეს პლაგიატზე ნაშრომის შემოწმებაა. თუმცა, ის კონკრეტული ნაშრომი ნამდვილად ეკუთვნის თუ არა ავტორს, ამას პროგრამა ვერ დაადგენს. მე მაინც ვფიქრობ, რომ ველოსიპედის თავიდან გამოგონება არცაა საჭირო, რადგან, წესით, ასეთი ცოცხალი მექანიზმი უკვე არსებობს და ის არის სწორედ ხელმძღვანელი, რომელიც უნდა იყოს დამაკავშირებელი რგოლი სტუდენტებსა და უნივერსიტეტს შორის. მათ უნდა გაიაზრონ, რომ ნაშრომის ხელმძღვანელობა დიდი პასუხისმგებლობაა და ეს მათი პირდაპირი მოვალეობაა“.
დავით გალაშვილი: ,,ნაშრომის დაცვის პროცესი უნდა იყოს ის მექანიზმი, რომელიც არსებულ პრობლემას აღმოფხვრის. ის, რაც ხდება, მხოლოდ სტუდენტების ,,ბრალი“ არ არის. წესით და რიგით, დაცვის დროს უნდა ხდებოდეს ნაშრომის ირგვლივ კრიტიკული შეკითხვების დასმა, ოპონირება, რაც ავტორის ანალიტიკურ ჩართვას მოითხოვს. როცა ერთხელ მაინც იქნება იმის პრეცედენტი, რომ ინტერნეტიდან ამოღებულ ან გაუაზრებლად დაწერილ თეორიებს კომისია არ მიიღებს, სხვა სტუდენტები შემდეგ უფრო მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდებიან სადიპლომო ნაშრომის დაწერას. თუმცა, რა უნდა მოსთხოვო სტუდენტს მაშინ, როცა ზოგადად, მეცნიერული სტანდარტი აკადემიურ წრეებშიც დაბალია. როცა თავად არ გაქვს კომპეტენცია, ბუნებრივია, ვერც სხვის კომპეტენციას შეაფასებ“.
მიუხედავად იმისა, რომ ერთადერთი გზა სტუდენტის შრომის შესაფასებლად ხელმძღვანელების ჩართულობა და ნაშრომის დაცვის დროს დასმული ანალიტიკური შეკითხვებია, უნივერსიტეტებში ხშირად ამ პროცესს ფორმალური ხასიათი აქვს. უფრო მეტიც, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალური და პოლიტიკური მეცნიერებების ფაკულტეტის ერთ-ერთი კურსდამთავრებული EDU.ARIS.GE-სთან საუბარში აღნიშნავს, რომ მას სამაგისტრო ნაშრომის დაცვა საერთოდ არ ჰქონია:
,,სამაგისტრო ნაშრომის თემა მთლიანად ჩემი იდეა იყო. აქედან გამომდინარე, ის ჩემთვის საინტერესო საკითხს შეეხებოდა. ხელმძღვანელის მონაწილეობა ამ პროცესში მინიმალური იყო. თავიდან ვიყავით შეთანხმებული, რომ პანდემიის გამო, ნაშრომის დაცვა ზუმის საშუალებით უნდა გვქონოდა. თუმცა, ვფიქრობ, თუკი სათითაოდ შევიდოდით აუდიტორიაში, პირისპირაც შეიძლებოდა ამის გაკეთება. საბოლოოდ კი, საერთოდ ისე მოხდა, რომ ნაშრომები არც ზუმის საშუალებით დაგვიცავს და უბრალოდ გადავაგზავნეთ. სიმართლე გითხრათ, ვერ ვხვდები, როგორ უნდა შეაფასო მაგისტრანტი, თუკი არ მოუსმინე მას და არ გაიგე, რა ნააზრევი აქვს, რა რატომ უწერია. ასეთ შემთხვევაში, ვფიქრობ, აზრს კარგავს სამაგისტრო ნაშრომი.“
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის მიერ EDU.ARIS.GE-სთვის მოწერილ ოფიციალურ წერილში ნათქვამია: ,,2020 წლის გაზაფხულის სემესტრში, პანდემიის მიზეზით მოხდა გამონაკლისის დაშვება რიგი პროგრამებისათვის, რომლის სტუდენტების ნაწილსაც დაცვის პერიოდისათვის არ შეეძლოთ ონლაინ დაცვის პროცედურებში ჩართვის ტექნიკური უზრუნველყოფა. ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ, რომ ეს იყო ერთადერთი გამონაკლისი, რომელიც გამოწვეული იყო პანდემიის მიზეზით. 2020 წლის საშემოდგომო სემესტრიდან სამაგისტრო ნაშრომების შეფასება კვლავ ხორციელდება საჯარო დაცვით.“
,,პანდემიით გამოწვეული დაბრკოლებების მიუხედავად, თუკი სტუდენტები მაინც ვახერხებდით ზუმის საშუალებით ლექციებზე დასწრებას, მონდომების შემთხვევაში, ზუმში ჩართვას საკუთარი ნაშრომის დაცვაზეც შევძლებდით“, – აღნიშნავს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალური და პოლიტიკური მეცნიერებების ფაკულტეტის კურსდამთავრებული.
უნივერსიტეტები, როგორც წესი, ან თავდაცვის ტაქტიკით მოქმედებენ და ზემოთ მოცემული ამბების ჭეშმარიტებას ეჭვქვეშ აყენებენ, ან უბრალოდ დუმან მაშინ, როცა პრობლემებზე ღიად საუბარმა და გამომწვევი მიზეზების იდენტიფიცირებამ, შესაძლოა მნიშვნელოვანი ცვლილებები გამოიწვიოს, რაც არა მხოლოდ კონკრეტული სტუდენტის, არამედ მთელი ქვეყნის მომავალზე აისახება. აღსანიშნავია, რომ სოციალურ ქსელებში მსგავსი შინაარსის პოსტებზე კომენტარების დიდი ნაწილი ისევ სტუდენტების კრიტიკას ეთმობა. თუმცა, სტუდენტების არაკეთილსინდისიერებაზე ხაზგასმა ამ საკითხის განხილვისას, ალბათ, ყველაზე ნაკლებ ადგილს უნდა იკავებდეს, რადგან ისინი თავად არიან განათლების სისტემის არაკეთილსინდისიერებისა და უნივერსიტეტების ფართოდ დახუჭული თვალების მსხვერპლი.
დაკარგა თუ არა მნიშვნელობა დიპლომმა და უმაღლესმა განათლებამ და რას აქცევენ ყურადღებას დამსაქმებლები?
edu.aris.ge-სთვის მოამზადა ინგა ღოღობერიძემ
- დამტკიცდა სკოლის საბაზო-საშუალო საფეხურის მასწავლებლის უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებელი by განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება
- საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 2 056.7-ლარამდე გაიზარდა – განათლების სექტორის მაჩვენებელი 2024 წლის III კვარტალში by ARIS.GE-განათლება