როდემდე მიეცემათ კომპეტენციის გამოცდით დადასტურების უფლება მოქმედ სპეციალურ მასწავლებლებს – ვადები და ცვლილება კანონში
გაიზიარებენ თუ არა დღეს მოქმედი სპეციალური მასწავლებლები ყოფილი პრაქტიკოსი მასწავლებლების ბედს, ამას სამი წლის შემდეგ გავიგებთ. საქმე იმაშია, რომ მოქმედ სპეციალურ მასწავლებლებს, რომლებიც ვერ აკმაყოფილებენ სპეციალური მასწავლებლისთვის დღეს დადგენილ მოთხოვნებს, კომპეტენციის დამადასტურებული გამოცდის ჩაბარება 2025 წლის 1-ელ იანვრამდე შეუძლიათ. აღნიშნულს ითვალისწინებს „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში შესატანი ცვლილება, რომლის ინიცირებაც მთავრობის მიერ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე 6 დეკემბერს განხორციელდა.
აქამდე არსებული რეგულაციით, პრაქტიკოს სპეციალურ მასწავლებლებს კომპეტენცია 2022 წლის 1-ელ იანვრამდე უნდა დაედასტურებინათ, პირველი გამოცდა კი, 2020 წელს უნდა ჩატარებულიყო, თუმცა როგორც კანონპროექტის ავტორი – განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო განმარტავს, კოვიდპანდემიიდან გამომდინარე, სპეცმასწავლებლები პირველ გამოცდაზე 2021 წლის ზაფხულში გავიდნენ.
განათლების სამინისტრო ცვლილების საჭიროებას ხსნის იმით, რომ სხვა პრაქტიკოსი პედაგოგებისგან განსხვავებით, რომლებსაც კომპეტენციის დადასტურება 2015 წლიდან შეეძლოთ, სპეცმასწავლებლებს გამოცდაზე გასვლის საშუალება მხოლოდ ერთხელ მიეცათ. აქედან გამომდინარე, კანონპროექტის განმარტებით ბარათში სამინისტრო უთითებს, რომ ვადის გახანგრძლივება საჭიროა, რადგან სპეცმასწავლებლები სხვა პრაქტიკოსებთან შედარებით არათანაბარ პირობებში არ აღმოჩნდნენ და ამასთან ერთად, არ შეფერხდეს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის განათლების მიწოდების პროცესი.
„კანონპროექტის მიღება გამოწვეულია სპეციალური მასწავლებლებისთვის კანონმდებლობით დადგენილი შესაბამისი გამოცდის ჩაბარებისთვის განსაზღვრული საკანონმდებლო ვადის გაგრძელების საჭიროებიდან. კანონპროექტის მომზადების მიზეზს წარმოადგენს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის ხარისხიანი განათლების უზრუნველსაყოფად სპეციალური მასწავლებლის განათლების, განვითარებისთვის შესაბამისი შესაძლებლობების შექმნა…
“ამ გარემოებებისა და კანონმდებლობით განსაზღვრული ვადის გათვალისწინებით, სპეციალურ მასწავლებლებს მხოლოდ ერთხელ მიეცათ კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი გამოცდის ჩაბარების შესაძლებლობა, რაც მათ არათანაბარ პირობებში აყენებს სხვა პრაქტიკოს მასწავლებლებთან შედარებით, რომლებსაც საშუალება ჰქონდათ, რამდენჯერმე ეცადათ გამოცდის ჩაბარება“, – აღნიშნულია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.
როგორც EDU.ARIS.GE-მ დოკუმენტიდან გაარკვია, დღევანდელი მდგომარეობით, განათლების სისტემაში დასაქმებულია 938 პრაქტიკოსი სპეციალური მასწავლებელი, რომელთაც არ აქვთ ჩაბარებული კანონით განსაზღვრული შესაბამისი გამოცდა და 2022 წლის 1-ელ იანვრამდე ვერ შეძლებენ კვალიფიკაციის დადასტურებას და როგორც ცვლილების ინიციატორები განმარტავენ, იმისთვის, რომ არ შეფერხდეს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის განათლების მიწოდების პროცესი, ასევე, აღნიშნული სპეციალური მასწავლებლები არ აღმოჩნდნენ სხვა პრაქტიკოს მასწავლებლებთან თანაბარ პირობებში, რომლებსაც 2015 წლიდან ყოველწლიურად ჰქონდათ შესაძლებლობა, დაედასტურებინათ თავიანთი კვალიფიკაცია და აემაღლებინათ სტატუსი, ხორციელდება საკანონმდებლო ცვლილება, რაც გულისხმობს საგანმანათლებლო სისტემაში დასაქმებული პრაქტიკოსი სპეციალური მასწავლებლებისთვის კანონმდებლობით განსაზღვრული შესაბამისი გამოცდის ჩაბარებისთვის ვადის განსაზღვრას 2025 წლის 1-ელ იანვრამდე.
ინიცირებულ ცვლილებაზე, მისი მოსმენის პროცედურებსა და ვადებზე ბიუროს სხდომის დასრულების შემდეგ, EDU.ARIS.GE-მ შეკითხვით მიმართა პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარეს. შალვა პაპუაშვილის განცხადებით, კომიტეტი ცვლილებას, პლენარულ სხდომაზე გატანამდე, გამარტივებული წესით განიხილავს.
„პირველი გამოცდები ჩატარდა 2021 წელს, რომელიც საკმაო რაოდენობით სპეცმასწავლებელმა წარმატებულად გაიარა, თუ შევადარებთ იმას, რომ პრაქტიკოს მასწავლებლებს ჰქონდათ რამდენიმე შესაძლებლობა გამოცდის ჩაბარების, თანაბარ მდგომარეობაში რომ აღმოჩენილიყვნენ სპეციალური მასწავლებლები, ამიტომ ხდება ამ ვადის გახანგრძლივება. ამის შემდეგ ცვლილებას განიხილავს განათლების და მეცნიერების კომიტეტის გამარტივებული წესით – მხოლოდ ერთი მოსმენით და დროის კუთხით, მომავალ კვირაში მოესწრება პლენარულ სხდომაზე განხილვა“, – უთხრა EDU.ARIS.GE-ს შალვა პაპუაშვილმა.
აღსანიშნავია, რომ 2021 წლის ზაფხულში ჩატარებულ გამოცდაზე კვალიფიკაცია დაადასტურა და შესაბამისი სტატუსი მოიპოვა 1 302-მა კანდიდატმა, მათგან 1 010 მოქმედი სპეციალური მასწავლებელია.
ასევე იხილეთ:
- „როგორც ისტორიის პედაგოგი, ამ ახალ კანონში რამდენიმე სერიოზულ საფრთხეს ვხედავ“ by ARIS.GE-განათლება
- განათლების მინისტრის ექვსი მოადგილიდან 1-ელი მოადგილე 37 წლის გიორგი მოდებაძე იქნება – ბიოგრაფია by ARIS.GE-განათლება
- რა აიკრძალება დეკემბრიდან „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებით by ARIS.GE-განათლება