GE

როგორ ავიმაღლოთ მოტივაცია სწავლის პროცესში?

ფოტო –
Girl Doing Study Clipart

სასწავლო წლის დასასრულის მოახლოებასთან ერთად სულ უფრო რთული ხდება მასალაზე კონცენტრაციის მოხდენა და იმ ენთუზიაზმის შენარჩუნება, რაც წლის დასაწყისში გქონდათ. ამის მიზეზი მრავალგვარია. პირველ რიგში, ეს პრობლემა დასვენებისა და ყოველდღიურ ცხოვრებაში მრავალფეროვნების შეტანის სურვილით აიხსნება. ასეთ სიტუაციაში ადამიანი ყველაფრის კეთების სურვილს კარგავს და უმოქმედო ხდება, მაშინ როდესაც წინ უამრავი გამოცდა და ტესტირებაა.
ამიტომ ჩვენმა სიზარმაცემ შეიძლება მთელი წლის ნაშრომი წყალში ჩაგვიყაროს. ამ დროს მოტივაციის ამაღლება და საკუთარი თავის იძულება – კვლავ აქტიურად ჩავებათ სწავლის პროცესში არც ისე ადვილია, მაგრამ არც მთლად შეუძლებელი.

მიჰყევით შემდეგ რეკომენდაციებს, რომლებიც დაგეხმარებათ მოცემული პრობლემის გადაჭრაში.

გაარკვიეთ პრობლემის მიზეზი

თუ პრობლემის გადაჭრის გზებს ეძებთ, პირველ რიგში გაარკვიეთ ამ პრობლემის გამომწვევი მიზეზი. კონკრეტულ შემთხვევაში, დაადგინეთ ქვემოთ ჩამოთვლილ მიზეზთაგან თუ რომელი შეეფერება თქვენს სიტუაციას.

ფოკუსირების დაკარგვა – ეს ეხება გრძელვადიან მიზნებს. მაგალითად, სკოლის დამთავრების შემდეგ, არ გსურთ გამოცდებზე რეგისტრაცია და უმაღლეს სასწავლებელში სწავლის გაგრძელება.
ინტერესის დაკარგვა – დაკისრებულ მოვალეობებთან დაკავშირებული პრობლემები. მაგალითად, გული აგიცრუვდათ და აღარ ასრულებთ საშინაო დავალებებს, სისტემატიურად იგვიანებთ სკოლაში.
მუხტის ნაკლებობა – სამუშაოს შესრულების პროცესში ენერგიის ნაკლებობა, უმოქმედობა.

ეს კი მცირე ჩამონათვალია იმ ფაქტორებისა, რომლებიც ხელს უწყობს მოტივაციის დაქვეითებასა და უმოქმედობას: სტრესი, დეპრესია, საყვარელ ადამიანთან განშორება, სასმელზე ან წამლებზე დამოკიდებულება. დაიმახსოვრეთ, რომ პირველ ნაბიჯი პრობლემასთან გამკლავებაში თვით ამ პრობლემის გამომწვევი მიზეზის დადგენაა, შემდეგ კი გადამჭრელი ზომების მიღება.

გაუზიარეთ გასაჭირი ახლობელ ადამიანებს

ის რომ თქვენ პრობლემები გაქვთ, ამაში სამარცხვინო არაფერია. ხშირ შემთხვევაში მისი ახლობელთან გაზიარება და დახმარების თხოვნა, სირთულის დაძლევისა და გადაჭრის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა. არ შეშინდეთ, ადამიანები ნამდვილად გამოთქვამენ დახმარების სურვილს. დაელაპარაკეთ უახლოეს მეგობარს, მშობლებს ან მასწავლებელს, ჰკითხეთ რჩევა, ისინი აუცილებლად გამოგიწვდიან დახმარების ხელს და ჩვეულ კალაპოტში ჩაგაყენებენ. მაგრამ დაიმახსოვრეთ, რომ პირველ რიგში თქვენ უნდა გქონდეთ საკუთარი თავის დახმარების სურვილი !

მზად იყავით ცვლილებისათვის !

პრობლემის აღმოჩენისა და მისი გამომწვევი მიზეზის დადგენის შემდეგ აუცილებელია ენთუზიაზმისა და მოტივაციის ამაღლების გზების ძიება, მაგრამ პირველ რიგში, არ დაგავიწყდეთ, რომ ნამდვილად უნდა გქონდეთ პრობლემასთან გამკლავების სურვილი. ის, რომ თქვენ პრობლემის გამომწვევი მიზეზის დადგენა შეძელით, პირველი წინ გადადგმული ნაბიჯია და იმის მანიშნებელია, რომ ცვლილებებისათვის ხართ მზად!

აიმაღლეთ მოტივაცია

იმისათვის, რომ აიმაღლოთ მოტივაცია და სამუშაოს ხარისხიანად შესრულება შეძლოთ, მიყევით შემდეგ რეკომენდაციებს:
გამოყავით სამუშაო კუთხე-მნიშვნელობა არ აქვს სად ცხოვრობთ, საკუთარ სახლში, საერთო ბინასა თუ საცხოვრებელში, გამოყავით სამეცადინო ადგილი. სულ მცირე ადგილის გამოყოფაც კი საშუალებას მოგცემთ გამიჯნოთ სამუშაო და მოსასვენებელი ადგილი ერთმანეთისგან და დაგეხმარებათ უკეთ კონცენტრირებაში.
გათავისუფლდით ხელისშემშლელი ფაქტორებისაგან – შეიქმენით სამუშაო ატმოსფერო და შეეცადეთ მოწყდეთ ყველაფერს, რაც ხელს გიშლით სამუშაოზე კონცენტრაციის მოხდენაში, იქნება ეს მუსიკა, ხმაური, ტელეფონი, კომპიუტერი თუ სხვა რამ. თუ სიწყნარეში მუშაობა არ შეგიძლიათ, ჩართეთ წყნარი მუსიკა გემოვნებისამებრ. მის ფონზე სამუშაო უფრო ადვილად შესასრულებელი მოგეჩვენებათ. რაც შეეხება სოციალურ ცხოვრებას, კვირის განმავლობაში სახლში გვიან მისვლის ნაცვლად, ეცადეთ დრო რაციონალურად გამოიყენოთ, რათა კვირის ბოლოს მეგობრებთან ერთად სასიამოვნო დროის გასატარებლად უფრო მეტი შესაძლებლობა გქონდეთ.
შეადგინეთ სამუშაო განრიგი– ხანდახან საშინაო დავალებები და გამოცდები დაუსრულებლად გვეჩვენება და დროის ეფექტურ დაგეგმვას მოითხოვს. იმეცადინეთ სადმე მშვიდ ადგილას, ტელევიზორისა და სხვა ხელისშემშლელი ფაქტორებისაგან მოშორებით. სამეცადინო ისე გადაანაწილეთ, რომ ყველაფრის კეთება ბოლო წუთში არ მოგიწიოთ. მაგალითად, თუ 6 საათის სამუშაო გაქვთ, დაყავით ის 2 საათიან მონაკვეთებად და გააკეთეთ მცირე შესვენებები მათ შორის. ასე უფრო გაგიადვილდებათ სამუშაოზე ფოკუსირების მოხდენა და მის შესრულებას უფრო სწრაფადაც შეძლებთ.
გააკეთეთ რეგულარული შესვენებები და გაანებრივეთ საკუთარი თავი სიურპრიზებით – საათში ერთხელ 5 წუთიანი შესვენებები დაგეხმარებათ გამოცოცხლებასა და ტვინის გაჯანსაღებაში. დატოვეთ სამუშაო გარემო, გადით სუფთა ჰაერზე, ან იმით დაკავდით, რაც სიამოვნებას განიჭებთ. იფიქრეთ გრძელვადიან პერსპექტივაში. გირჩევნიათ ახლა დათმოთ გართობა და თქვენი შესაძლებლობების მაქსიმუმი გააკეთოთ, შემდეგ კი დატკბეთ მიღწეული შედეგით.

წყარო: www.thesite.org

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური