„ასეთ სკოლებში განათლების ხარისხის მიღწევა საკმაოდ რთულია, დამიჯერეთ“ – ფინანსთა მინისტრის მოადგილე
საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე, გიორგი კაკაურიძე მიიჩნევს, რომ სკოლებში, სადაც ცოტა ბავშვი სწავლობს, განათლების მაღალი ხარისხის მიღწევა, მიუხედავად მათი დაფინანსებისა თუ პროფესიონალი მასწავლებლების მივლენისა, ნაკლებად შესაძლებელია.
ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილემ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის სხდომაზე, მცირეკონტინგენტიანი სკოლების განვითარების მიზნით დაფინანსების შემოღებაზე დასმული კითხვის პასუხად, 5 მაისს ისაუბრა.
„ზოგადად, სამსჯელოა და მომავალში გარკვეული ანალიზი არის გასაკეთებელი, თუ რამდენად შესაძლებელია, მცირეკონტიგენტიან სკოლებში განათლების იგივე ხარისხი მივიღოთ, როგორც მსხვილკონტიგენტიან სკოლებში. მე ვგულისხმობ სკოლებს, სადაც 1, 2 და 3 ბავშვი დადის. აქ განათლების ხარისხის მიღწევა საკმაოდ რთულია, დამიჯერეთ. მათ შორის, რაც არ უნდა კარგი მასწავლებელი ჩავიყვანოთ, ბავშვს სჭირდება თანატოლებთან ურთიერთობა, რაც განათლების ხარისხზე მნიშვნელოვნად აისახება”, – თქვა გიორგი კაკაურიძემ.
მცირეკონტინგენტიანი სკოლების კონტექსტში მინისტრის მოადგილემ საჯარო სკოლების დაფინანსების თემაზეც გააკეთა აქცენტი და ამ მიმართულებით მიმდინარე სამუშაო პროცესზეც ისაუბრა. EDU.ARIS.GE-ს მკითხველისთვის ცნობილია, რომ სკოლების დაფინანსების ახალ მოდელზე მუშაობა და საუბრები ჯერ კიდევ 2023 წელს დაიწყო და ახალ სქემაზე გადასვლა სხვადასხვა დროს გადავადდა კიდეც.
“დავასწრებ, ალბათ, ჩემგან არ უნდა იყოს ეს ინიციატივა, მაგრამ ვმუშაობთ სკოლების დაფინანსების ახალ სქემაზე, სადაც სკოლის განვითარება ერთ-ერთი კომპონენტი იქნება და უკვე აისახება. ეს, განვითარებისთვის დაფინანსება, მსხვილ სკოლებსაც სჭირდება და ახალ მოდელში, ალბათ, გათვალისწინებული იქნება”, – განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ.
ასევე იხილეთ:
-
რა შემთხვევაში და სად უნდა წარადგინოს აპლიკანტმა დოკუმენტაცია – მასწავლებლის გამოცდები 2026
by სიახლეები პედაგოგთა გამოცდებზე
-
განახლებული ჩამონათვალი – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები, პროგრამები და უცხოენოვანი პროგრამები საქართველოს უნივერსიტეტებში
by ARIS.GE-განათლება
-
ორი მაგისტრატურა – ჯერ უცნობია, შეეძლება თუ არა სტუდენტს, ერთწლიანი მაგისტრატურის შემდეგ მეორე წელი სხვაგან გაიაროს
by ARIS.GE-განათლება