რატომ ჭიანურდება სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაცია და რომელმა უწყებამ რამდენი დახარჯა სამუშაოებზე ბოლო 3 თვეში
საქართველოს მასშტაბით არაერთი საჯარო სკოლის დაუსრულებელი მშენებლობა-რეაბილიტაცია სასკოლო საზოგადოების წევრებისთვის, განსაკუთრებით კი მოსწავლეებისა და მათი მშობლებისთვის მტკივნეული საკითხია.
რატომ ჭიანურდება თბილისსა და რეგიონებში სკოლის შენობების აღდგენა თუ ახლის მშენებლობა – ამ საკითხზე 5 მაისს, საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა და კულტურის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ ისაუბრა.
მინისტრის მოადგილემ კანონმდებლებთან საქართველოს 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პირველი კვარტლის შესრულება მიმოიხილა და სკოლების ინფრასტრუქტურულ პროექტებთან დაკავშირებით დამაიდებელი პროგნოზიც გააკეთა. მისი თქმით, თუ 2025 წელი, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მშენებლობის მხრივ, „საკმაოდ არასახარბიელო“ იყო, მიმდინარე წელს, „სისწრაფე და ხარისხზე პასუხისმგებლობა“ აიწევს. გიორგი კაკაურიძემ ამის დასტურად მოიყვანა მონაცემები, რომლის მიხედვითაც, საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს, რომელსაც სკოლების მსხვილი სარეაბილიტაციო ან სამშენებლო სამუშაოები ევალება, გასული სამი თვის განმავლობაში, ბიუჯეტის 99%-იანი ათვისება აქვს.
EDU.ARIS.GE 6 მაისს გაეცნო ფინანსთა მინისტრის მოადგილის მიერ კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე წარდგენილ დოკუმენტს, რომელშიც ნათქვამია, რომ 2026 წლის პირველ კვარტალში:
მიმდინარეობდა 70 საჯარო სკოლის სამშენებლო სამუშაოები (მათ შორის, 65 საჯარო სკოლაში სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობდა დიზაინ ბილდის კონცეფციით), 45 საჯარო სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოები (მათ შორის, 6 საჯარო სკოლაში დიზაინ ბილდის კონცეფციით) და 18 საჯარო სკოლის საპროექტო დოკუმენტაციის მომზადება.
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტრომ ზოგადსაგანმანათლებლო და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მშენებლობა-რეაბილიტაცისთვის გამოყოფილი 64,214.0 ათასი ლარიდან 64,038.9 ათასი ლარი დახარჯა, რაც ბიუჯეტის 99.7%-იან ათვისებას ნიშნავს.
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტროს საჯარო სკოლების მოვლა-პატრონობის სისტემის განვითარებისთვის გამოყოფილი 100.0 ათასი ლარიდან არაფერი დაუხარჯავს, რაც 0%-იანი შესრულებაა.
საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტრომ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის გამოყოფილი 9,000.0 ლარიდან 76.7 ათასი ლარი დახარჯა, რაც 0.9%-იან ათვისებას გულისხმობს.
ასევე რეგიონული განვითარების სამინისტროს საჯარო სკოლების ოპერირებისა და მოვლა-პატრონობის სისტემის განვითარებისთვის გამოყოფილი 2,000.0 ლარიდან არაფერი დაუხარჯავს, რაც ასევე 0%-იანი შესრულებაა.
ამ მონაცემების გათვალისწინებით, გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე დაისვა კითხვა – თუ ფული არის, რატომ ვერ ხდება მისი სათანადოდ ათვისება და შესაბამისი ინფრასტრუქტურული სამუშაოების შესრულება – რასაც ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ასე უპასუხა:
„ისე ნუ ვიტყვით, რომ ყველაფრის ფული გვაქვს – პრიორიტეტებზე ვანაწილებთ. არ არსებობს ქვეყანა, არ არსებობს ბიუჯეტი მისი მოცულობის მიუხედავად, რომელსაც ყველაფრის ფული ჰქონდეს. განათლება გამოვყავით ერთ-ერთ პრიორიტეტად და გვინდა, რომ მაქსიმალურად დაჩქარდეს ეს პროცესი [სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები]“.
როგორც გიორგი კაკაურიძემ განმარტა, ინფრასტრუქტურულ პროექტებთან დაკავშირებით დაიწყო მოქმედება ე.წ. მონიტორინგის სისტემამ, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩამორჩენის შემთხვევაში, მყისიერი რეაგირება მოხდება, ათვისების პრობლემის არსებობისას კი, თანხა სხვა მიმართულებაზე გადამისამართდება. ზოგადად, სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაციის გაჭიანურება კი, მინისტრის მოადგილემ, ძირითადად, ამ მიზეზებით ახსნა:
„პრობლემა არის სწორი კონტრაქტორების შერჩევა. პროექტირება და შესრულება ხდებოდა ერთი კონტრაქტორის ფარგლებში, ხარისხი არცთუ ისე კარგი იყო. ამიტომ, ეს ნაწილი გაიყო და პროექტირების დასრულებისთანავე ხდება უშუალოდ სამშენებლო კონტრაქტების გაფორმება. ვფიქრობთ, სისწრაფეც მეტი იქნება და ხარისხზე პასუხისმგებლობაც აიწევს. შესაბამისად, ალბათ, მეორე კვარტალი უნდა იყოს ის პერიოდი, როდესაც საკმაოდ დიდი მოცულობის სკოლების სარეაბილიტაციო და სამშენებლო სამუშაოები იქნება დაკონტრაქტებული.
ფასების დადგენაზეც გარკვეული პრობლემები იყო და გარკვეული ცვლილებები აქაც არის. არსებობდა პრაქტიკა, რომელიც რომელიღაც წიგნზე იყო დაფუძნებული. როცა ტენდერი ცხადდებოდა, იმ წიგნის ფასები არ ედრებოდა და კონტრაქტორებს გარკვეული პრობლემები ექმნებოდათ ხოლმე. შეიცვალა ეს მიმართულება და 15 მაისიდან, ფასებს სამხარაულის ექსპერტიზის ბიურო დაადგენს და ეს ფასები იქნება მიმდინარე და არა ერთი კვარტლის წინანდელი, რომელსაც ეფუძნებოდა ხოლმე სატენდერო დოკუმენტაცია“.
კომიტეტების სხდომაზე მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების გარდა, საუბარი ასევე შეეხო მუნიციპალიტეტებში არსებული სკოლების შედარებით მცირე სარემონტო სამუშაოებს, რომლებსაც საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტრო ახორციელებს. როგორც ფინანსთა მინისტრის მოადგილემ განმარტა, მუნიციპალიტეტებს, სკოლებში მიმდინარე სამუშაოების შესასრულებლად, მაისში, დამატებით, დაახლოებით, 80 მილიონი ლარი გამოეყოფათ.
„ერთ-ერთი მიმართულება, სადაც დამატებითი თანხაა მოთხოვნილი, არის სკოლების მიმდინარე რეაბილიტაცია. ვფიქრობთ, რომ სხვადასხვა ეკონომიებიდან, მათ შორის შესყიდვებით წარმოქმნილი ეკონომიის ნაწილში და მოსალოდნელი აუთვისებლობის გათვალისწინებით, შესაძლებელია, რომ დაახლოებით, 80 მილიონ ლარამდე მუნიციპალიტეტებს გამოეყოს იმისთვის, რომ სკოლების მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდეს. მაისის თვეში მოხდება ამ თანხის განაწილება..
ორთვიანი პერიოდია [ზაფხულის არდადეგები], როცა შეიძლება, სკოლებში სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდეს. ვცდილობთ, რომ სანამ არდადეგები დაიწყება, შესაბამისი კონტრაქტორები ყველა სკოლაში იყოს და მოესწროს სამუშაოები სწავლის დაწყებამდე… მცირე სარემონტო სამუშაოებისთვის რეგიონული განვითარების სამინისტროს მხრიდან მუნიციპალიტეტების ნაწილში, დაახლოებით, 37 მილიონი ლარი იყო გამოყოფილი, 80 მილიონზეც ვისაუბრეთ. არსებული ინფრასტრუქტურის მოვლა-შენახვა კი უშუალოდ სკოლების ფუნქციაა. მსხვილ სკოლებს ნაკლები პრობლემა აქვთ, თუმცა მცირეკონტიგენტიან სკოლებს დახმარება სჭირდებათ ხოლმე ამ ნაწილში“, – განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.
ასევე იხილეთ:
„ასეთ სკოლებში განათლების ხარისხის მიღწევა საკმაოდ რთულია, დამიჯერეთ“ – ფინანსთა მინისტრის მოადგილე
მოამზადა მარიამ იმერლიშვილმა
-
„ამოქმედდეს უფასო სასკოლო კვების პროგრამა“ – მოქალაქეების საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტშია by სკოლების ამბები
-
„ბედნიერება არჩევანშია” – გიმნაზია AIA-GESS-ში ღონისძიება გაიმართა by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS
-
ქართველმა მოსწავლეებმა ევროპის მათემატიკურ ოლიმპიადაზე (EMO-2026) მე-6 ადგილი დაიკავეს by სკოლების ამბები