როგორ დავეხმაროთ მოსწავლეებს, რომ გახდნენ უკეთესი მსმენელები
წერის, კითხვისა და საუბრის უნარი მეტად მნიშვნელოვანია აღზრდის პროცესში და ბევრი მასწავლებელი ყველაზე მეტად სწორედ მათზე ამახვილებს ყურადღებას. თუმცა, არანაკლებ მნიშვნელოვანია მოსმენის უნარი, განსაკუთრებით, როცა უნივერსიტეტისთვის მზადყოფნასა და მომავალ კარიერაზე ვფიქრობთ.
როგორ უნდა დავეხმაროთ ბავშვებს, გახდნენ უკეთესი მსმენელები? გთავაზობთ რამდენიმე გზა, რომელიც ხელს უწყობს ყურადღებით მოსმენის წახალისებას:
სტრატეგია 1 – თქვით ერთხელ
ხშირი გამეორება კლასში ნაკლებ ყურადღებას გამოიწვევს. თუ ბავშვები მიჩვეულნი არიან 2-ჯერ, 3-ჯერ ან მეტჯერ მითითების გაგონებას, პირველად ნათქვამის მოსმენას საჭიროდ აღარ თვლიან. ამიტომ, სასწავლო წლის დასაწყისიდანვე მიაჩვიეთ მოსწავლეები იმას, რომ იშვიათად იმეორებთ ინსტრუქციებს და ისინი ყოველთვის ყურდაცქვეტილნი მოგისმენენ.
სტრატეგია 2 – მიბრუნება და განხილვა
აქტიური მოსმენის მოტივაციის კიდევ ერთი გზაა, მისცეთ ბავშვებს მოსასმენი ამოცანა. მაგალითად: “ახლა მე აღვწერ …… -ის პროცესს. მე რამდენჯერმე შევჩერდები და მოგთხოვთ, მიუბრუნდეთ გვერდით მჯდომს და აუხსნათ, რა გაიგეთ ჩემი ნათქვამიდან.” თქვენ შეგიძლიათ, მოთხოვოთ ბავშვებს, რიგ-რიგობით ახსნან გაგონილი ყოველ ჯერზე, როცა შეჩერდებით. ამავდროულად, დააკვირდეთ მათ საუბარს, რაც ასევე დაგეხმარებათ იმის გარკვევაში, თუ რამდენად გებულობენ ბავშვები თქვენს ახსნილს.
სტრატეგია 3 – ხელის აწევა
მოსმენის უნარის გასამახვილებლად შესანიშნავი საშუალებაა, მოთხოვოთ ბავშვებს არავერბალური სიგნალების მეშვეობით პასუხი. მაგალითად, უთხარით მათ: “ახლა მე წაგიკითხავთ ყოფილი პრეზიდენტის მოსაზრებას იმის შესახებ, თუ რატომ თვლის იგი, რომ ომი ზოგჯერ საჭიროა. როდესაც დავასრულებ, თქვენს აზრს დააფიქსირებთ ხელის აწევით: აწიეთ 1 თითი, თუ ეთანხმებით მოსაზრებას; 2 თითი – თუ ეწინააღმდეგებით და 3 თითი – თუ ზუსტად ვერ გადაწყვეტთ, ან კითხვები გაგიჩნდებათ.” ეს სტრატეგია მთელი კლასის ჩართულობას იწვევს აქტივობაში და ასევე ფავორიტია მორცხვი ბავშვებისა, რომელთაც თავიანთი “ხმის” დაფიქსირების საშუალება ეძლევათ.
სტრატეგია 4 – მოსმენა და პერიფრაზირება
იმისათვის, რომ ბავშვებმა თავი შეიკავონ ლაპარაკისგან და ყურადღებით მოისმინონ, სცადეთ ეს სტრატეგია:
1. როდესაც მოსწავლეები წყვილებად ან ჯგუფებად არიან დაყოფილნი, აირჩიეთ ერთი მომხსენებელი (თავადვე დანომრონ რიგ-რიგობით).
2. მოთხოვეთ დანარჩენებს სრულად მოუსმინონ მომხსენებელს საუბრის დასრულებამდე. თავიდან აიცილეთ მათი ჩარევა, სანამ იგი საუბრობს.
3. მომხსენებლის საუბრის დასრულების შემდეგ, მეორე ემზადება და მისი პარტნიორის მიერ წარმოთქმული მოსაზრების პერიფრაზს ახდენს: “ესე იგი, შენი აზრით…” “შენ არ ხარ დარწმუნებული, რომ…”.
4. ამის შემდეგ კი, იგი უკვე საკუთარ აზრს აფიქსირებს: “მე კი ვფიქრობ…”, “მე არა მგონია…”.
ამგვარი დისკუსია ეხმარება მოსწავლეებს, ჩამოიყალიბონ მოსმენისა და საუბრის კულტურა.
სტრატეგია 5 – კითხვების დასმა
როცა მოსწავლეები ვინმეს სიტყვით გამოსვლას უსმენენ, უყურებენ დოკუმენტურ ფილმს ან ისმენენ ხმამაღლა წაკითხულ ისტორიას, რამდენჯერმე შეაჩერეთ იგი და თხოვეთ ბავშვებს, დაწერონ 1-2 შეკითხვა მოსმენილის შესახებ. ამ გზით მოსწავლეები აქტიურად უსმენენ და დაბნეულობის ან რაიმე საკითხით დაინტერესების შემთხვევაში, აქვთ შესაძლებლობა, თავიანთი კითხვები ჩამოაყალიბონ. ამისათვის კონცენტრირება და ყურადღებაა საჭირო.
კარგი მსმენელები იშვიათნი და ღირებულნი არიან. მნიშვნელოვანია, გაუზიაროთ მოსწავლეებს, რომ ადამიანებს, რომლებიც ნამდვილად გისმენენ, აქვთ თვალით კონტაქტი, აჩვენებენ დაინტერესებას და არ ახდენენ სხვების იგნორირებას საუბრის დროს – ადვილად იმსახურებენ გარშემომყოფების მოწონებასა და პატივისცემას.
წყარო: edutopia