GE

როგორ დავრეგისტრირდეთ 2021 წლის სტუდენტთა საგრანტო კონკურსზე – პროცედურა

სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მსურველებისათვის რეგისტრაცია პირველი მარტიდან 31 მარტის 18:00 საათამდე გაგრძელდება.

რეგისტრაცია მიმდინარეობს მხოლოდ ელექტრონულად შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე online.naec.ge.

რეგისტრაცია
რეგისტრაციის ვიდეოინსტრუქცია

სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველა იმ სტუდენტს, რომლებსაც არ აქვთ შეწყვეტილი სტუდენტის სტატუსი და სურთ დაფინანსების მოპოვება ან გაუმჯობესება. ამასთან, გაითვალისწინეთ, რომ დაუშვებელია ერთსა და იმავე პირისათვის სწავლის თითოეულ საფეხურზე ერთზე მეტი სახელმწიფო სასწავლო გრანტის გაცემა.

სისტემა ავტომატურად ამოწმებს ინფორმაციას გამოცდაში მონაწილეობის საფასურის გადახდის შესახებ (თუ გადახდა არ დადასტურდა, სტუდენტი ეკრანზე ხედავს შესაბამის შეტყობინებას და ვეღარ აგრძელებს რეგისტრაციას). სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეობის საფასურია 10 ლარი.

გადახდის შესაძლო საშუალებები და საბანკო მომსახურების საკომისიო:
1. „საქართველოს ბანკის“ თვითმომსახურების ტერმინალით – საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 1 ლარი;
2. „საქართველოს ბანკის“ სერვის ცენტრები – საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 0,5 ლარი;
3. ვებგვერდზე epay.ge – საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 1 ლარი;
4. „საქართველოს ბანკის“ ინტერნეტ ბანკინგის საშუალებით – ibank.ge – საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 1 ლარი;
5. OPPA.ge-ის თვითმომსახურების ტერმინალით – საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 0,5 ლარი (თანხა აისახება მომდევნო დღეს).

თუ სტუდენტი რეგისტრაციის გაუქმების თაობაზე ცენტრს განცხადებით 31 მარტის 18:00 საათამდე მომართავს, მას თანხა უკან დაუბრუნდება. რეგიონებში განცხადება მიიღება საგანმანათლებლო რესურსცენტრებში, ასევე ელექტრონულად ფოსტაზე: gancxadebebi@naec.ge (ელექტრონულად განაცხადის გამოგზავნის დეტალური ინსტრუქცია იხილეთ ბმულზე).

სტუდენტებმა, რომლებსაც ესაჭიროებათ სპეციფიკური საგამოცდო გარემოს შექმნა, რეგისტრაციის დროს უნდა მონიშნონ – „სპეციალური პირობა“ და შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში 15 აპრილის 18:00 საათამდე უნდა წარმოადგინონ შესაბამისი ჯანმრთელობის ცნობა (ფორმა N100).

თუ სტუდენტი ვერ შეძლებს გრანტის გაუმჯობესებას, მას შეუნარჩუნდება ის დაფინანსება, რომელიც სტუდენტთა საგრანტო კონკურსში გასვლამდე ჰქონდა მოპოვებული.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური