როგორ ემზადება პანდემიის მეორე გამოშვება სკოლის დამთავრებისთვის – 2021 წლის კურსდამთავრებულები VS კოვიდ-19
მოკრძალებული ღონისძიებები ღია ცის ქვეშ, ტრადიციული წარწერები თეთრ პერანგებზე, მცირემასშტაბიანი და მოკლემეტრაჟიანი წარმოდგენები რეგულაციების დაცვით – წლევანდელი მეთორმეტეკლასელების სკოლასთან გამოსამშვიდობებელი გეგმები, სულ ესაა. თუმცა, არ წუწუნებენ და არც ბედს ემდურებიან, რადგან შარშანდელი კურსდამთავრებულებისგან განსხვავებით, მათ სკოლის დასრულების აღნიშვნა მაინც შეუძლიათ და ამ მცირეოდენი აქტივობებითაც კმაყოფილდებიან.
შარშან კი, მოგეხსენებათ, კორონავირუსი იმ გრინჩად მოგვევლინა, რომელმაც მეთორმეტეკლასელებს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დღეები მოჰპარა – ისინი ბოლო ზარისა და ბანკეტების გარეშე დარჩნენ, რაც საქართველოში ასე პოპულარული და ტრადიციად ქცეულია. 2020 წლის კურსდამთავრებულებს ერთმანეთთან, მასწავლებლებთან და სკოლასთან გამომშვიდობება ზუმში მოუწიათ, რადგან შენობის სიახლოვეს ყველანაირი სახის შეკრება აკრძალული იყო. განსაკუთრებულად კრეატიულებმა თეთრი პერანგები სახალისო ნახატებით სახლებში ჩაიცვეს და ოჯახის წევრებმა მათზე სამახსოვრო წარწერებიც დაუტოვეს.
წელს კი, 20 მაისისთვის, მეთორმეტეკლასელებს გარკვეული გეგმები აქვთ. მოკრძალებული, მაგრამ მაინც. როგორც აღმოჩნდა, გამოსაშვებ აქტივობებთან დაკავშირებით, სკოლებს სამინისტროსგან თავისუფლება ეძლევათ. უწყება მხოლოდ რეკომენდაციებით შემოიფარგლება და სკოლებს ურჩევს დახურულ სივრცეში ხალხმრავალი ღონისძიებებისგან თავი შეიკავონ. ხოლო ღია სივრცეში გამართული სიმბოლური ცერემონიალები, მათ შორის თეთრი პერანგები და ტრადიციული წარწერები, ნებადართულია.
იქიდან გამომდინარე, რომ სკოლების ადმინისტრაციას თავად უწევს პასუხისმგებლობის აღება 20 მაისს გასამართ ღონისძიებებზე, EDU.ARIS.GE სხვადასხვა სკოლის დირექტორს დაუკავშირდა და მათ ამ დღის გეგმებზე კითხვები დაუსვა. დირექტორების ნაწილმა, ჩვენთან საუბრისას, განაცხადა, რომ სკოლა მაქსიმალური სიფრთხილის გამოჩენას ცდილობს და ამიტომ, ამ დღისთვის, განსაკუთრებულს არაფერს გეგმავს. მაგალითად, თბილისის 41-ე საჯარო სკოლის დირექტორმა მოკლედ გვიპასუხა, რომ გამოსაშვები დღის აღნიშვნას სკოლა არანაირი ფორმით არ აპირებს, ხოლო პირველი კლასიკური გიმნაზიის დირექტორმა განგვიცხადა, რომ ამ კითხვაზე პასუხი ჯერ არ აქვს.
თბილისის 177-ე სკოლის დირექტორი გელა ოდიშელიძე კი ამბობს, რომ ამ ეტაპისთვის, სამინისტროსგან რაიმე სახის პირდაპირი მითითება არ მიუღიათ და სასწავლო პროცესის პერიოდში ჯგუფური თავშეყრის ორგანიზება და უსაფრთხოების ნორმებს დაცვა სრულად მათი პასუხისმგებლობაა. ჯერ არ გადაუწყვეტიათ, თუ როგორ გააცილებენ მეთორმეტეკლასელებს 20 მაისს სკოლიდან, თუმცა დირექტორი იმას უკვე დაბეჯითებით აცხადებს, რომ ძველებურ დიდ თავშეყრას არ დაუშვებენ.
„ამ ახალგაზრდებისთვის სკოლის ბოლო დღეები უხალისო რომ არ გახდეს, შესაძლოა, მსუბუქი ფორმით, კლასის დონეზე აღნიშვნა უზრუნველვყოთ, მაგრამ არა სასკოლო დონეზე, სადაც მონაწილეობას ათობით და ასობით მოსწავლე მიიღებს. ამ პროცესის მართვა არ იქნება ადვილი და უსაფრთხო. რეგულაციების დაცვა შეუძლებელი გახდება. თუმცა, საკლასო ოთახში კლასის დამრიგებელმა პატარა ღონისძიება რომ მოაწყობინოს, რომელშიც მხოლოდ მეთორმეტეკლასელები მიიღებენ მონაწილეობას, შესაძლებელია“, – აცხადებს გელა ოდიშელიძე.
სამინისტროს მითითებებსა და საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებებს ელოდებიან თბილისის 59-ე საჯარო სკოლაში, რომლის დირექტორი მაია ლელაშვილი ამბობს, რომ 20 მაისს იმას გააკეთებენ, რის საშუალებასაც სიტუაცია მისცემთ.
“შარშან არაფერი გვქონია და წელსაც რეგულაციებს დაველოდებით. ბავშვებთან ჯერ არ მილაპარაკია, მაგრამ შეიძლება თიმსის საშუალებით მოვუწყოთ გამომშვიდობება. კლასში გაკვეთილები, რა თქმა უნდა, ტარდება, მაგრამ საგაკვეთილო პროცესი სხვა არის და ღონისძიება – სხვა. იქ სასკოლო საზოგადოება იყრის თავს და ამის გამო არ გვქონდა შარშან არაფერი“, – აღნიშნავს 59-ე სკოლის დირექტორი.
სსიპ – ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლის №1 საჯარო სკოლის დირექტორი მზია კორაშვილი: „რაიმე მითითება არ ყოფილა, მაგრამ რეგულაციებიდან გამომდინარე, დიდად არაფერი შეცვლილა და ამ დროისთვის, არაფერს ვგეგმავთ. არდადეგებიდან ჯერ არ დავბრუნებულვართ, არც ბავშვებს და არც დამრიგებელს არ შევხვედრივართ და არაფერი შეუთანხმებიათ. თუკი მოინდომებენ, გარე სივრცეში, ეზოში, რამდენიმეწუთიანი გამოსამშვიდობებელ აქტივობას, თუნდაც ერთმანეთისთვის წარწერების გაკეთებას, რეგულაციების დაცვით, არანაირი შეზღუდვა არ ექნება“.
დირექტორებისგან განსხვავებით, გეგმებში ნაკლებ თავშეკავებას იჩენენ თავად მეთორმეტეკლასელები, რომელთაც პანდემიასთან შეგუება არ სურთ და უნდათ, რომ სკოლასთან გამოსამშვიდობებელი დღე მაქსიმალურად დაუვიწყარი გახადონ. როგორც აღმოჩნდა, რეგიონების სკოლების მოსწავლეებს შედარებით მეტი თავისუფლება ეძლევათ და ისინიც უფრო თამამ გეგმებს სახავენ.
მარიამ აბაშიძე შუახევის რაიონის სოფელ ნიგაზეულის საჯარო სკოლის მეთორმეტეკლასელია. ამბობს, რომ სკოლა მათ ყველაფრის უფლებას აძლევთ და მოსწავლეებმაც 45 წუთიანი პროგრამა შეიმუშავეს, რომელიც სხვადასხვა საკონცერტო ნომერს გააერთიანებს და რომელიც სკოლის დარბაზში დაიდგმება. წარმოდგენას, რა თქმა უნდა, მაყურებელიც დაესწრება – სკოლის სხვა მოსწავლეებისა და პედაგოგების სახით.
„აქ იქნება სიმღერები, რომლებიც ჩვენს განვლილ წლებს შეეხება, სასაცილო ისტორიები, ხუმრობები და მასწავლებლების პაროდიები, “მან სან კან”-ის მსგავსად. ბოლოს კი დავემშვიდობებით და სკოლიდან მოშორებით გავაგრძელებთ აღნიშვნას. ყველას გვექნება თეთრი პერანგი ერთნაირი ნახატით. ჩვენი გეგმები სულ ესაა“, – ამბობს მარიამი.
ალექს გულაშვილი მცხეთის რაიონის სოფელ ერედის საჯარო სკოლის მეთორმეტეკლასელია. მის კლასში სულ ოთხი მოსწავლეა, თუმცა ამას ხელი არ შეუშლია იმისთვის, რომ ეს თარიღი გამორჩეულად აღენიშნათ – მეთერთმეტეკლასელების დახმარებით ალექსის კლასიც წარმოდგენის გასამართად ემზადება, ოღონდ სკოლის ეზოში. რეპეტიციებიც, სკოლის ეზოშივე, უკვე დაწყებული აქვთ.
„ფლეშმობს ვგეგმავთ, საცეკვაო და მუსიკალურ ნომრებს, იქნება სამადლობელი სიტყვებიც. თეთრი პერანგები და წარწერებიც, რა თქმა უნდა. მერე მანქანებით გავისეირნებთ და ბოლოს, ტრადიციულად, კარგი ქეიფით დავასრულებთ, ჩემს სახლში. კომენდანტის საათის გამო სხვაგან ვერ ვგეგმავთ. იმედია ხელისშემშლელი ფაქტორი არ გამოჩნდება“, – გეგმებს გვიმხელს ალექსი.
ბარბარე აფციაური. ქალაქ რუსთავის #7 საჯარო სკოლის მეთორმეტეკლასელი: „ამ დღეს ყველა და განსაკუთრებით მე, 12 წელი ველოდით. გვეგონა პანდემია წელს უკვე დასრულებული იქნებოდა, მაგრამ ნურას უკაცრავად. ამიტომ, ავიყოლიე კლასელები და ყველაფერი ჩემს თავზე ავიღე, რათა მინიმალისტური რაღაც მაინც გაგვეკეთებინა და სამახსოვროდ დაგვრჩენოდა. რეჟისორი ვიშოვე და სკოლის სტადიონზე, ღია სივრცეში 20-წუთიან პერფორმანსს ვდგამთ. ერთმანეთს წარვადგენთ, დავახასიათებთ, შევასრულებთ კლასის სიმღერას, წარმოვთქვამთ სამადლობელ სიტყვას და იქნება მუსიკალური ნომრებიც. მერე, როგორც ხდება, ფოტოებს გადავიღებთ, ცოტას მანქანებით გავისეირნებთ, ტორტს გავჭრით, დამრიგებელთან ერთად დავილოცებით და 9 საათამდე დავიშლებით. კლასში 17 მოსწავლე ვართ და აქედან 13-ს კორონა უკვე გადატანილი აქვს, ასე რომ, იმედია, ყველაფერი მშვიდობით ჩაივლის. სკოლასთან ყველაფერი შეთანხმებულია“.
ბოლო ზართან დაკავშირებულ ღონისძიებებთან შედარებით, ბანკეტებისა და სასკოლო ექსკურსიების ბედი კიდევ უფრო სათუოა. სასკოლო ექსკურსიების ორგანიზება ისე, რომ რეგულაციები დაცული იყოს, ფაქტობრივად, შეუძლებელია. რაც შეეხება ბანკეტებს, კომენდანტის საათი და რესტორნებში 10 კაცზე მეტის შეკრებასთან დაკავშირებული შეზღუდვა, მათ გამართვასაც შეუძლებელს ხდის. მეთორმეტეკლასელები იმედოვნებენ, რომ სიტუაცია შემოდგომამდე მაინც გამოსწორდება და ტრადიციული ბანკეტების გამართვას მერე მაინც შეძლებენ.
- განათლების სამინისტროს 4-წლიანი ხედვა და დაგეგმილი ცვლილებები – რა თქვა პარლამენტში ალექსანდრე წულაძემ (ვიდეო) by ARIS.GE-განათლება
- „ვინც ამ პროგრამის შემუშავებაში მონაწილეობდა, ოდნავადაც არა აქვს წარმოდგენა, რა კრიტერიუმებით უნდა შეფასდეს ლიტერატურული ტექსტი“ by ARIS.GE-განათლება
- ქართულის სპეციალისტი საგამოცდო პროგრამაში ცვლილებებზე: „სანამ წიოკს დავიწყებდეთ, რამდენიმე „მარტივი ჭეშმარიტება“ გავიმეოროთ“ by ARIS.GE-განათლება