GE

ჩაშლილი ბანკეტები, გადადებული გამოსაშვები ღონისძიებები და ბოლო ზარი ზუმში – 20 მაისს სკოლებში ბოლო ზარი არ დაირეკება

2020 წელი პირველი წელი იქნება ტრადიციული ბოლო ზარისა და ბანკეტების გარეშე. წლევანდელ მეთორმეტე კლასელებს სკოლის გამოსაშვები ღონისძიებები კორონავირუსის გამო ჩაეშალათ. 20 მაისს დაკეტილ სკოლებში მათთვის სწავლა ყოველგვარი თეთრი პერანგების, სახალისო ნახატების, სამახსოვრო წარწერების, მილოცვებისა და ხალხმრავლობის გარეშე დასრულდება.

გააუქმეს ბანკეტები, ექსკურსიები და ყველაფერი ის, რაც სკოლის დასრულების აღსანიშნავად ჰქონდათ ჩაფიქრებული. როგორც აღმოჩნდა, ზოგიერთი კლასი ამ დღეებისათვის განსაკუთრებული მონდომებით ემზადებოდა. ახლა კი, ზოგს კლასის შესახებ გადაღებული ფილმი დარჩა უქმად, ზოგსაც – თვეობით ადრე ნაყიდი საბანკეტო კაბა.

ალბათ, გასაკვირი არავისთვის იქნება თუ ვიტყვით, რომ ამას, მეთორმეტე კლასელები, საკმაოდ განიცდიან. ამბობენ, რომ დღე, რომელსაც მთელი 12 წელი ელოდნენ, ჩაშხამდათ. ზოგიერთი მათგანი ფარ-ხმალს არ ყრის და მოკრძალებულ აღნიშვნას მაინც აპირებს. კორონავირუსის გამო შექმნილმა სიტუაციამ ახალგაზრდებს ალტერნატიული გეგმების დასახვისკენ უბიძგა და ზოგიერთ სკოლაში საკმაოდ ორიგინალური გამოსავალიც მოიფიქრეს.

ანუკი ბაბლიძე 181-ე საჯარო სკოლას ამთავრებს. მისი კლასი განსხვავებული ბოლო ზარისა და ბანკეტის ჩატარებას მე-11 კლასიდან გეგმავდა. ამბობს, რომ 20 მაისს ყველა გამორჩეულად ელოდა, რადგან ამ დღისათვის განსაკუთრებული ღონისძიება ჰქონდათ დაგეგმილი. პანდემიის გამო სახლებში გამოკეტვასა და სკოლის სრულიად მოულოდნელად, თებერვლის ბოლოს შეწყვეტას ვერც კი წარმოიდგენდნენ, მაგრამ კორონავირუსმა მათი გეგმებიც თავდაყირა დააყენა.

„ზოგადად, როდესაც სკოლას ამთავრებ, ბანკეტსა და ბოლო ზარს, განსაკუთრებულად ელოდები. ესაა დღეები, რომლებიც ყველაზე კარგად გამახსოვრდება. შესაბამისად, ვგეგმავდით რაღაც ისეთს, რაც თითოეული ჩვენგანისთვის დასამახსოვრებელი იქნებოდა. ყველაზე მეტად, მთელი კლასი, ალბათ, 20 მაისს ველოდით, რადგან პატარა ფილმს ვაკეთებთ და ის უნდა გაგვეშვა. ფილმი ჩვენს კლასზეა და დაწყებითი კლასებიდან მოყოლებული, სკოლის დამთავრებამდე გადაღებული ვიდეომასალა შედის. ფილმში თითოეულ ბავშვი იქნებოდა, სასაცილო მომენტებს გავიხსენებდით. იგი სააქტო დარბაზში, ყველას თანდასწრებით უნდა გვეჩვენებინა, სადაც უამრავი ადამიანი შეიკრიბებოდა და ჩვენთან ერთად განვლილ პერიოდს გაიხსენებდა. ყველაზე ბედნიერი მომენტია, როცა შედარებით პატარა ბავშვები პერანგზე სამახსოვრო წარწერებს გიტოვებენ, გილოცავენ, წარმატებებს გისურვებენ. ძალიან კარგი შეგრძნებაა.

„ბანკეტსაც განსხვავებულად ვაპირებდით – რესტორნის გარეშე. რა თქმა უნდა, გამოვიპრანჭებოდით, ფოტოსესიასაც მოვაწყობდით, შემდეგ კი ქალაქგარეთ ლამაზ გარემოში აღვნიშნავდით. იქ რამდენიმე დღის გატარებას გეგმავდით. მეთერთმეტე კლასიდან გეგმებს ვაწყობდით. მთელი სკოლა ჩვენი კლასის ბოლო ზარს ელოდებოდა, რადგან იცოდნენ რომ ყველაზე განსხვავებული და ორიგინალური იქნებოდა. ეს ყველაფერი რომ ჩაგვეშალა, გული ძალიან გვწყდება. ამ ვირუსმა ჩვენი ცხოვრება თავდაყირა დააყენა“, – ამბობს ანუკი.

მას შემდეგ, რაც მიხვდნენ, რომ მათ გეგმებს ასრულება არ ეწერა, ყოველ შემთხვევაში იმ დროისთვის, რა დროისთვისაც გეგმავდნენ, ალტერნატივა მოიფიქრეს – 20 მაისს თეთრი პერანგებით ქუჩაში გასვლა და სამახსოვრო წარწერები გამვლელებისგან, სექტემბერში კი, როცა სკოლებში სწავლა აღდგება, პირველ დღეს გააკეთებენ ყველაფერს ზუსტად ისე, როგორც 20 მაისს უნდა გაეკეთებინათ.

„ეს პირველკლასელთათვის პირველი ზარი იქნება, ჩვენთვის კი – ბოლო. აი ბანკეტზე კი ვერაფერს ვიტყვი, არ ვიცით რას მოვიფიქრებთ. შესაძლოა, ბანკეტი გავაკეთოთ მაშინ, როდესაც უნივერსიტეტში ჩავაბარებთ და ერთგვარი აღნიშვნაც გამოგვივა“, – ამბობს ანუკი.

მარიამი თბილისის 136-ე საჯარო სკოლის მეთორმეტე კლასელია. დიდი ხნის ნაფიქრი გეგმების შეცვლა მის კლასსაც მოუწია – „12 წელი ამ დღეს ველოდებოდით“,- ამბობს ის. ტრადიციულ ბოლო ზარს გეგმავდნენ – თეთრი პერანგებით, ბუშტებით, სკოლასთან დაგებული წითელი ხალიჩითა და ფოტოებით. ამის შემდეგ, ცხოვრების ერთი ეტაპის დასრულება სპეციალურად ამ დღისთვის დაქირავებულ სახლში უნდა აღენიშნათ. ეროვნული გამოცდების დასრულების შემდეგ კი ზღვაზე დასასვენებლად წასვლას გეგმავდნენ.

მიუხედავად გეგმების ჩაშლისა, მაქსიმალურად ეცადნენ განწყობა არ გაეფუჭებინათ და მათაც ყველაფერი სექტემბრისთვის გადაიტანეს – სკოლის დაწყების პირველ დღეს ისინი ბოლო ზარს დარეკავენ.

„იმედია დირექტორიც დაგვთანხმდება. ვფიქრობთ, სიმბოლური იქნება – ბევრისთვის სკოლა დაიწყება, ჩვენთვის კი საბოლოოდ დასრულდება. ყველანაირად ვცდილობთ, რომ კორონას ყველაფერი არ ჩავაშხამებინოთ. თუ კორონამ ხელი შეგვიწყო, ერთად დასვენების იდეა ძალაშია – წავალთ ზღვაზე ან ბანაკში. თუ არადა, შესაძლოა, ეგეც სექტემბრისათვის გადავდოთ. ვნახოთ რამდენად გამოგვივა. ზოგადად, კორონავირუსმა ძალიან დაგვაზარალა. ყველა მხრივ დიდ სტრესში ვართ“, – მიიჩნევს მარიამი.

ელენე: „მამაჩემი ნოემბერში იტალიაში იყო და იქიდან ჩამოვატანინე ჩემთვის საბანკეტო კაბა. სასწაული კაბაა და დღეებს ვითვლიდი ჩაცმამდე. ჩემზე ძალიან კორონავირუსი მგონი არავის სძულს, ამ კაბის ჩაცმის შანსი რომ წამართვა. ვიღაცას ალბათ გაეცინება – კაბაზე წუწუნებს, როცა ხალხს ამხელა პრობლემები აქვსო, მაგრამ მათ ვეტყოდი, რომ ჩვენ ჩვენი პრობლემები გვაქვს. სკოლის დასრულება და გამოსაშვები საღამო ნებისმიერი ადამიანის ცხოვრებაში დასამახსოვრებელი მომენტია. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი.ზოგი გოგო ამ დღეს პირველად იცვამს გამოსასვლელ კაბას, ქუსლიან ფეხსაცმელს და ისვამს მაკიაჟს. ჩვენ კი ეს მომენტი დავკარგეთ.“

რატი: “ძალიან კარგი კლასი გვაქვს, ძალიან გვწყდება გული სკოლის დასრულების გამო, მაგრამ ასმაგად გვწყდება გული იმის გამო, რომ სკოლა ასე უცნაურად და მოულოდნელად დავასრულეთ. 28 თებერვალს ვერც კი წარმოვიდგენდით, რომ სკოლაში ბოლოჯერ ვიყავით. ბოლო ზარზე სპექტაკლის დადგმას ვგეგმავდით. ჩვენს კლასზე კლიპის გადაღებაც გვინდოდა. 20 მაისი ჩვენს ცხოვრებაში დასამახსოვრებელი დღე უნდა ყოფილიყო. ახლა კი ყველა სახლებში ვისხდებით. პიკნიკზე გასვლასაც კი ვერ ვახერხებთ. ბანკეტს გამოცდების დასრულების შემდეგ ვაპირებდით. ახლა იმედს ვებღაუჭებით, იქნებ მაგ დროისათვის ყველაფერი დასრულებული იყოს. თუმცა ჩვენი მშობლები ისე არიან შეშინებულები, არ მგონია ბანკეტის გამართვის საშუალება მოგვცენ. რაღა დაგიმალოთ და ცოტა ისიც უხარიათ, ფული რომ დაეზოგათ.“

მარიამ ქართლელიშვილი. რუსთავის #5 საჯარო სკოლა: „სექტემბერში ბოლო ზარს აუცილებლად დავრეკავთ. გვინდოდა სკოლასთან მაინც მივსულიყავით, ახლა, სასწავლო წლის დასასრულს, მაგრამ დირექტორი წინააღმდეგია და შესაბამისად, ვერ მივდივართ. ძალიან გვწყდება გული. რაღაცებს ვგეგმავდით და თურმე სულ ტყუილად.“

თანატოლების გასამხნევებლად სახალისო რამ მოიფიქრა გიორგი დოლიძემ, რომელიც თავადაც 175-ე საჯარო სკოლის დამამთავრებელი კლასის მოსწავლეა. მან ფეისბუკში ღონისძიება შექმნა სახელწოდებით „ბოლო ზარის დღეს ტაში დავუკრათ მე-12 კლასელებს“. ჯგუფში, რომლითაც უკვე 4 500-მდე ადამიანია დაინტერესებული, გიორგი მოსახლეობას მე-12 კლასელების მხარდაჭერისკენ მოუწოდებს – „რადგან წელს მე-12 კლასელებს ბოლო ზარი არ გვექნება, გთხოვთ ტაშით გაგვამხნეოთ ამ მძიმე დროს“, – წერს გიორგი.

მის ამ ინიციატივას ზოგი ხუმრობით შეხვდა, ზოგმა იდეა მოიწონა, ზოგიც სკეპტიკურად უყურებს. თავად გიორგი კი ამბობს:

„ყველა გეგმა ჩაგვეშალა. ბანკეტს ისედაც არ ვგეგმავდით, მაგრამ სვანეთში სამი დღით წასვლა გვინდოდა და გავაუქმეთ. რაკი ყველა ასეა და ბოლო ზარი არ იქნება, ვიფიქრე რაიმე გამამხნევებელს მოვიფიქრებ-მეთქი და ეს „ივენთი“ შევქმენი ნახევრად ხუმრობით, თუმცა საკმაოდ დიდი გამოხმაურება მოჰყვა. არ მგონია ხალხი ისე აგვყვეს და დაგვიკრას ტაში როგორც ექიმებს დაუკრეს, მაგრამ თუკი გამოვა, ცუდი არ იქნება“.

სტატიაზე მუშაობისას არაერთ მეთორმეტე კლასელს ვესაუბრეთ. აღსანიშნავია, რომ ცხოვრების ამ მნიშვნელოვანი მომენტის გაუქმებას თითოეული მათგანი საკმაოდ მტკივნეულად აღიქვამს. ამბობენ, რომ თებერვალში სწავლის მოულოდნელად დასრულებისთვის მზად არ იყვნენ და რომ სკოლის დასრულების აღსანიშნავი ღონისძიებები მათთვის ერთგვარი რიტუალია სკოლასთან, მასწავლებლებთან, თანაკლასელებთან, ძველ ცხოვრებასთან დასამშვიდობებლად და ახალი ცხოვრების დასაწყებად. სწორედ ამიტომ, ბოლო ზარს იმაზე მეტი დატვირთვა აქვს, ვიდრე უბრალოდ სკოლაში ბოლოჯერ მისვლაა. თუმცა 2020 წლის კურსდამთავრებულთა მოგონებები, სავარაუდოდ, ყველასგან განსხვავებული იქნება – „ჩვენ ბოლო ზარი ზუმში გვექნება“, – გვწერენ მეთორმეტე კლასელები.

მოამზადა თაკო მათეშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური