GE

როგორ უნდა გაუფრთხილდნენ მოზარდები ფსიქიკურ ჯანმრთელობას კორონავირუსის დროს

თინეიჯერობის ასაკი ადამიანის ცხოვრებაში მარტივი პერიოდი არ არის. ახალი ვირუსი (COVID-19) მას კიდევ უფრო ართულებს. სკოლების დახურვისა და სხვადასხვა ღონისძიების ჩაშლის გამო, ბევრი მოზარდი ცხოვრების მნიშვნელოვან მოვლენებს გამოტოვებს. გარდა ამისა, მათ არც თავიანთი კლასელების ნახვა შეუძლიათ, რაც ბევრისთვის საკმაოდ რთულია.

ეპიდაფეთქების გამო, ახალი (დროებითი) რეალობის წინ აღმოჩენილმა მოზარდებმა, რომლებიც აღელვებასა და სასოწარკვეთას გრძნობენ, უნდა იცოდნენ, რომ ისინი მარტოები არ არიან. მოზარდების ცნობილი ფსიქოლოგი და ბესტსელერების ავტორი ლიზა დამური იმ სტრატეგიებზე საუბრობს, რომელთა დახმარებით თინეიჯერები საკუთარი თავისა და ფსიქოლოგიური ჯანმრთელობის გაფრთხილებას შეძლებენ.

1. აღიარეთ, რომ თქვენი შფოთვები სრულიად ნორმალურია

თუ სკოლის დახურვა და გავრცელებული საგანგაშო სათაურები თქვენში შფოთვას იწვევს, იცოდეთ, რომ თქვენ მარტო არ ხართ. სინამდვილეში თქვენ თავს ზუსტად ასე უნდა გრძნობდეთ. „ფსიქოლოგებმა დიდი ხნის წინ აღიარეს, რომ შფოთვა ნორმალური და ჯანსაღი ფუნქციაა. ის ადამიანს საფრთხის შესახებ აფრთხილებს და მას თავდაცვის ზომების მიღებაში ეხმარება“, – ამბობს ექიმი დამური. შენი შფოთვა სწორი გადაწყვეტილების მიღებაში დაგეხმარება, მაგალითად არ გაატარო დრო ადამიანების დიდ ჯგუფში, დაიბანო ხელები და არ შეეხო სახეს. ეს გრძნობა არა მხოლოდ საკუთარი თავის, არამედ გარშემომყოფების დაცვაში დაგეხმარება.

მიუხედავად იმისა, რომ პანდემიის მიერ გამოწვეული შფოთვა სავსებით ნორმალური და გასაგებია, დარწმუნდით, რომ თქვენ ინფორმაციის მიღების სანდო წყაროებს იყენებს. ამისათვის ფსიქოლოგი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციის გაცნობას გვირჩევს.

თუ თქვენ თვლით, რომ COVID-19-სთვის დამახასიათებელი სიმპტომები გაქვთ, აუცილებლად უთხარით მშობლებს. გახსოვდეთ, რომ ბავშვებსა და მოზარდებში ახალი ვირუსი შედარებით მსუბუქად მიმდინარეობს. ასევე მისი ბევრი სიმპტომი მკურნალობას ექვემდებარება. ამიტომ აუცილებლად გააგებინებთ მშობლებს ან უფროსებს თქვენი სიმპტომების შესახებ, რომ მათ თქვენი დახმარება დროულად შეძლონ.

2. შექმენით ყურადღების გადასატანი ფაქტორები

რთულ მდგომარეობაში ყოფნისას ფსიქოლოგები პრობლემის ორ კატეგორიად დაყოფას გვირჩევენ: საკითხები, რომელთა გადაჭრა შესაძლებელია და ისეთები, რომელთაც ვერაფერს მოვუხერხებთ. ამჟამად მსოფლიოში მიმდინარე მოვლენები მეორე კატეგორიას მიეკუთვნება, თუმცა სტრესთან გასამკლავებლად ლიზა დამური ყურადღების გადასატანი ფაქტორების შექმნას გვირჩევს. თქვენ საშინაო დავალების გაკეთება, ახალი ფილმის ნახვა ან საყვარელი რომანის წაკითხვა შეგიძლიათ. ყველაფერი ეს ყოველდღიური წონასწორობის შეკავებაში დაგეხმარებათ.

3. იპოვეთ მეგობრებთან დაკაშირების ახალი ხერხი

სოციალური დისტანციის დაცვისას მეგობრებთან დროის გატარების საუკეთესო ხერხი თანამედროვე ქსელებია. იყავით კრეატიულები: შეუერთდით TIK-TOK-ის გამოწვევას #safehands. ლიზა დამურის თქმით, თინეიჯერებს განსაკუთრებული შემოქმედებითი უნარი აქვთ და მათ მეგობრებთან კომუნიკაციის ახალი წყაროების მოფიქრება არ გაუჭირდებათ. თუმცა ფსიქოლოგი ხაზს უსვამს იმასაც, რომ ინტერნეტთან უწყვეტი წვდომაც არ ვარგა. ამას მოზარდის შფოთვის გაზრდა შეუძლია. ამიტომ, სპეციალისტი მშობლებთან ერთად გრაფიკის შემუშავებას გვირჩევს.

4. კონცენტრირება საკუთარ თავზე მოახდინეთ

თუ თქვენ უცხო ენის შესწავლა ან ახალი წიგნის კითხვის დაწყება გსურდათ, ახლა ამისთვის საუკეთესო დროა. გამოჩენილ თავისუფალ დროს საკუთარ თავზე კონცენტრირება თქვენი ფსიქოლოგიური ჯანმრთელობის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ. ფსიქოლოგი იმ საქმეების ჩამონათვალის გაკეთებას გვირჩევს, რომელთა გაკეთებაც ამ პერიოდში გვსურს.

5. შეიგრძენი საკუთარი ემოციები

თინეიჯერებისთვის სკოლის, სპორტული მატჩებისა და მსგავსი აქტივობების გამოტოვება ძალიან რთულია. „მოზარდებისთვის ეს დიდი დანაკარგია და მის გამო ისინი ძალიან განაწყენებულნი არიან“,-ამბობს ექიმი დამური. სპეციალისტის თქმით, საუკეთესო გზა ამ მდგომარეობის გამოსასწორებლად საკუთარი ემოციების შეგრძნებაა. როდესაც საქმე ნერვიულობასა და ტკივილს ეხება, ერთადერთი გამოსავალი მისი გამოვლაა. როგორც კი საკუთარ თავს ემოციების გამოხატვის უფლებას მისცემთ, უკეთესად გახდებით. ამ მდგომარეობას ყველა განსხვავებულად გადალახავს. ზოგი მოზარდი ხელოვნებით კავდება, სხვებს კი თანატოლებთან ურთიერთობა და პრობლემების გაზიარება ურჩევნია. ასეთ დროს მნიშვნელოვანია, რომ მოზარდმა თავისი გრძნობები გამოხატოს და საკუთარ თავში არ ჩაიკეტოს.

მოამზადა თეა ინაშვილმა

 წყარო: unicef.org

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური