როგორ უნდა ვესაუბროთ ბავშვებს ვირუსებზე? – სტრატეგიები პატარებისთვის და უფროსებისთვის
ამბები კორონავირუსით ინფიცირებული ადამიანების რაოდენობის ზრდაზე ყოველდღიურად ჩნდება. ვირუსი მთელ სამყაროში სწრაფად ვრცელდება. არ არის გასაკვირი, რომ ადამიანების უმრავლესობა საკუთარი და ახლობლების ჯანმრთელობაზე ფიქრობს და განიცდის. იმ დროს, როდესაც კორონავირუსზე ყველგან საუბრობენ – მედიაში, ქუჩაში, მაღაზიაში და სახლში, ბავშვებს ეპიდემიის დავიწყება არ შეუძლიათ.
რა ხერხით ჯობს ბავშვისთვის მიმდინარე მოვლენების ახსნა და როგორ ვასწავლოთ მათ ინფექციისგან თავის დაცვა?
დაამშვიდეთ ბავშვი
„უპირველეს ყოვლისა საჭიროა ბავშვის დამშვიდება და იმის ახსნა, რომ ეს ვირუსი ჩვეულებრივი გაციებისგან დიდად არ განსხვავდება“,- ამბობს ოჯახის ექიმი პუნამ კრიშანა BBC Radio Scotland-თან მიცემულ ინტერვიუში. მედიკოსი ექვსი წლის ვაჟს ზრდის. ის მშობლებს მოუწოდებს ბავშვებთან მაქსიმალურად გულახდილნი იყვნენ და მათ კორონავირუსზე გახსნილად ესაუბრონ.
ბავშვთა ფსიქოლოგი რიჩარდ ვულფსონი აღნიშნავს, რომ შვილთან საუბრისას მისი ასაკის გათვალისწინება არის საჭირო. მისი აზრით, 6-7 წლის ბავშვები უფროსების აზრზე არიან დამოკიდებულნი. ისინი მათი თანდასწრებით გაჟღერებულ ინფორმაციას სხარტად ითვისებენ. ამ ასაკის ბავშვი გაგონილმა ამბავმა შეიძლება ძალიან შეაშინოს. ფსიქოლოგის თვლის, რომ პირველ რიგში ბავშვის დამშვიდებაა საჭირო. არავინ იცის რა მოხდება მომავალში, მაგრამ ის მშობლებს ბავშვებთან საუბარს შემდეგნაირად ურჩევს: „შენ კარგად იქნები. ვინმე შეიძლება ავად გახდეს, მაგრამ ჩვენ ჯანმრთელები ვიქნებით.“
კონკრეტული ნაბიჯები
ფსიქოლოგის თქმით, მშობელი ვერ იქნება იმაში დარწმუნებული, რომ მისი შვილი არ დაავადდება, მაგრამ ის უფროსებს ოპტიმისტურად განწყობას ურჩევს. დედ-მამის ნერვიულობამ, შფოთვისა და შიშის გაჩენის მიზეზი შეიძლება ბავშვსაც მისცეს.
„მხოლოდ ბავშვის დაწყნარება არ არის საკმარისი. პატარებმა უნდა გაიგონ, რომ მათზე ბევრი რამ არის დამოკიდებული“,- ამბობს რიჩარდ ვულფსონი.
დაინფიცირების რისკის შესამცირებლად ბავშვებს კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა უნდა ვასწავლოთ. ამგვარად ისინი იგრძნობენ, რომ გარკრვეული დოზით მათაც შეუძლიათ სიტუაციის გაკონტროლება, რაც საკუთარი თავისა და მშობლების ინფექციისგან დაცვაში დაეხმარება.
ბავშვს საკუთარი თავის უსაფრთხოების უზრუნველყოფა ასწავლეთ
პატარა ბავშვები ძალიან ცნობისმოყვარეები არიან. მათ თვალში მოხვედრილი ყველა საგნის ხელით შეხება და გემოს გასინჯვა სურთ. გარდა ამისა, მათ საჭმელისა და სასმელის სხვებისთვის გაზიარება უყვართ. ხოლო როდესაც საქმე ხელების დაბანას ეხება, ამ საქმეს გულდასმით ცოტა ბავშვი ეკიდება.
როგორც წესი, ბავშვები ინფიცირების ძირითადი გამავრცელებლები არიან. ამიტომ, უფროსებმა მათ ადრეული ასაკიდან პირადი ჰიგიენის ძირითადი ნორმების დაცვა და მათი ზედმიწევნით შესრულება უნდა ასწავლონ.
ბავშვების უმრავლესობას, ხელების დაბანის შემდეგ მათი გამშრალება ავიწყდება. ზოგი კი საპონს საერთოდაც არ იყენებს. ახლა ზუსტად ის დროა, როდესაც ბავშვს ხელების კეთილსინდისიერად დაბანა უნდა ასწავლოთ და აუხსნათ, რომ ამგვარად მათი და გარშემომყოფების დაინფიცირების რისკი შემცირდება.
ჭორები და საუბრები
ვულფსონის თქმით, ბავშვის ნერვიულობისა და შფოთვის ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება მშობელი იყოს. მისი თქმით, პატარები უფროსების ძლიერი ზემოქმედების ქვეშ იმყოფებიან. ამიტომ, როდესაც დედ-მამა რაღაცაზე ღელავს და ნერვიულობს, ეს შფოთვა ბავშვზეც გადადის. ფსიქოლოგი მშობლებს ბავშვების თანდასწრებით თავიანთი ქცევის გაკონტროლებას ურჩევს.
მაგრამ რა ვქნათ როდესაც ბავშვს საუბრები კორონავირუსზე სკოლაში ან საბავშვო ბაღში ესმის? ვულფსონის თქმით, ამ შემთხვევაში მშობელს შვილთან მუდმივი საუბარი და მისი დროული დამშვიდება დაეხმარება
როგორ ვესაუბროთ მოზარდებს?
მოზარდებთან, რომლებისთვისაც მშობლის ავტორიტეტი ნაკლებ მნიშვნელოვანია, განსხვავებული საუბარია საჭირო. თინეიჯერები ინფორმაციას მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების შესახებ თავიანთი მეგობრებისგან იღებენ. რიჩარდ ვულფსონის თქმით, მოზარდები ყველაფერს უფრო რეალისტურად უყურებენ. თუ მშობელი თოთხმეტი წლის შვილს დაამშვიდებს და ეტყვის, რომ ყველაფერი კარგად იქნება, საპასუხოდ რიგ სკეპტიკურ შეკითხვას მიიღებს. ამიტომ მოზარდებთან უფრო წონითი და დამარწმუნებელი არგუმენტების გამოყენება არის საჭირო. ფსიქოლოგი მშობლებს წინასწარ კვლევების მონაცემების, სახიფათო ინფექციებზე არსებული სტატისტიკისა და ვაქცინის გამოგონების ეტაპებზე ინფორმაციის მოძიებას ურჩევს.
რიჩარდ ვულფსონი აღნიშნავს, რომ მშობელმა შვილის ფსიქოლოგიურ კომფორტზე მისი ასაკის მიუხედავად უნდა იზრუნოს.
მოამზადა თეა ინაშვილმა
წყარო: BBC