როგორ გავუმდიდროთ პირველკლასელს ლექსიკური მარაგი – მარტივი აქტივობები სახლსა და სკოლაში შესასრულებლად
16 იანვარს, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესი განახლდა და პირველკლასელები, უკვე მეორე სემესტრს გაატარებენ სკოლაში. ახალ გამოწვევებთან გამკლავებას კი მასწავლებლებისა და მშობლების სწორი ჩართულობით შეძლებენ.
პირველკლასელებს, რომლებიც ჯერ კიდევ ახალბედა მოსწავლეებად ითვლებიან, ასაკით უფროსი მოსწავლეებისგან განსხვავებით, მწირი ლექსიკური მარაგი აქვთ. სპეციალისტები ამბობენ, რომ რაც უფრო მეტი სიტყვა ჩნდება პირველკლასელის მეტყველებაში, მით უკეთ ვითარდება მისი აზროვნება და შესაბამისად, ნაკლები სირთულით ითვისებს სასწავლო პროგრამასაც.
„ლექსიკური მარაგი არის გონებაში არსებული სიტყვების ერთობლიობა. შეზღუდული ლექსიკური მარაგი წაკითხული ტექსტების გააზრების ძირითადი დამაბრკოლებელი ფაქტორია. ლექსიკური მარაგის გამდიდრება გულისხმობს არა მხოლოდ სიტყვების გარკვეული რაოდენობის მეხსიერებაში შენახვას, არამედ საკითხავი სიტყვების სიმრავლის მუდმივად გაფართოებას, სალაპარაკო და საკითხავი ენობრივი მარაგისთვის ყოველდღიურად ახალი სიტყვების მიმატებას, იმის უკეთ გაგება-გააზრებას, თუ რას ნიშნავს ესა თუ ის სიტყვა განსხვავებულ კონტექსტში; სიტყვების ერთმანეთთან დაკავშირებისა და სიტყვებით თამაშის უნარს.
„ხშირად ხდება, რომ თავიდან მოსწავლის კითხვის უნარი კარგად ვითარდება, მაგრამ მესამე-მეოთხე კლასში ამ პროცესს სწორედ ლექსიკურ მარაგთან დაკავშირებული პრობლემები აფერხებს. ეფექტური კითხვისათვის საჭირო ლექსიკური მარაგი წიგნებიდან უფრო გროვდება, ვიდრე საუბრებიდან ან ტელევიზორიდან“, – ვკითხულობთ აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) საქართველოს დაწყებითი განათლების პროექტის ფარგლებში შემუშავებულ კრებულში კითხვისა და წერის სწავლების შესახებ.
EDU.ARIS.GE დაინტერესდა, შესაძლებელია თუ არა, პირველკლასელს ლექსიკური მარაგი თამაშ-თამაშით გავუმდიდროთ და რა აქტივობების გამოყენება შეგვიძლია ამისთვის. ვესაუბრეთ მარიამ მიქელაძეს, დაწყებითი კლასის მასწავლებელს, რომელიც პირველკლასელებს კერძო გაკვეთილებსაც უტარებს და სასკოლო პროგრამის დაძლევაში ეხმარება.
– მარიამ, როგორია თქვენი პრაქტიკული გამოცდილება, რაც უფრო მეტი სიტყვა ჩნდება პირველკლასელის მეტყველებაში, მით ნაკლები სირთულეები აქვს სასწავლო პოგრამის დაძლევაში, თუ ეს არ არის გარანტია?
– სიტყვათა მარაგი თავის მხრივ განსაზღვრავს ენის ცოდნის სათანადო დონეს. მნიშვნელოვანია, ენის საფუძვლიანად დაუფლებისთვის და გამართული საუბრისთვის ბავშვს სიტყვათა მარაგი ჰქონდეს. ჩემი პრაქტიკული გამოცდილების გათვალისწინებით, ყოველთვის ინდივიდუალურია თუ როგორ იზრდება ინტერესი სწავლის მიმართ. ზოგი ბავშვისთვის მოტივაციის მომცემია ახალი სიტყვების შესწავლა, ზოგისთვის კი რთულია, როდესაც შესასწავლად უფრო მეტი სიტყვა ჩნდება. რაც შეეხება სწავლის ხარისხს, აქ მთავარი დამახსოვრების ნაწილია, ვინაიდან რაც უფრო მეტი სიტყვა ახსოვს მოსწავლეს, მით უფრო უკეთესედ ეუფლება ენას. ამ ნაწილში მნიშვნელოვანია მასწავლებლის და მშობლის როლი, სწორი მეთოდების გამოყენება და მხარდაჭერაა საჭირო.
– რას ეტყოდით მშობლებს, რისი გაკეთებაა აუცილებელი, რომ პირველკლასელმა სიტყვათა მარაგის გაფართოება შეძლოს?
– მშობლის როლი ამ მხრივ განსაკუთრებულია, რადგანაც პირველკლასელი ჯერ ახლა ეჩვევა სწავლას და მისთვის ახალ გარემოში ხვდება. მშობლის მხრიდან შვილთან მხოლოდ საუბარი და მითითებების მიცემა საკმარისი არ არის. საჭიროა რეალური თანადგომა, თუნდაც დავალებების შესრულებისას მასთან დგომა, ვინაიდან ამ ასაკის ბავშვები მშობლებისგან იღებენ მაგალითს.
ბავშვს წესრიგი უნდა ვასწავლოთ. მაგალითად, განვუსაზღვროთ დრო და ვუთხრათ, რომ წერითი დავალება 20 წუთის განმავლობაში უნდა შეასრულოს. დროის განსაზღვრა შეგვიძლია ახალი მასალის ან სიტყვების გასწავლისას. ამგვარად ბავშვს პასუხისმგებლობის გრძნობას ვუჩენთ, რაც შემდგომ დამოუკიდებლად სწავლაში დაეხმარება.
მნიშვნელოვანია ინტერესის გაღვივება. თქვენ შეგიძლიათ, თითოეულ ახალ სიტყვასთან დაკავშირებული მაგალითის მოყვანით, მისი ინტერესი გაზარდოთ. აჩვენოთ რეალურად საგნები, რომელთა სახელწოდებასაც სწავლობს. შეგიძლიათ დაეხმაროთ, რომ აღნიშნული სიტყვები გაკვეთილს მიღმაც გამოიყენოს. რთული სიტყვების ყოველდღიურობაში გამოყენება მას სიტყვის დამახსოვრებასა და შესწავლაში დაეხმარება.
სწავლის პროცესში ბავშვს შესაძლოა, არაერთი სირთულე შეხვდეს, მათ შორის, გაუჭირდეს ახალი სიტყვების შესწავლა და დამახსოვრება. ამ დროს მნიშვნელოვანია, მშობლებმა არ დაკარგონ მოთმინების უნარი და მშვიდად შეხვდნენ აღნიშნულს.
მარიამმა EDU.ARIS.GE-ს მკითხველებისთვის ის მარტივი აქტივობები გაგვიზიარა, რომლის გამოყენებითაც, როგორც მშობლები, ისე პედაგოგები, პირველკლასელის ლექსიკის მარაგს გაამდიდრებენ:
ერთად ვკითხულობთ წიგნებს. წაუკითხეთ წიგნები. მნიშვნელოვანია, შეურჩიოთ მისი ასაკისთვის შესაბამისი წიგნები, სადაც გამოყენებულ იქნება ის სიტყვები, რომლებსაც სწავლობს. განუმარტეთ, რომ კითხვის პროცესში შეუძლიათ კითხვები დაგისვან. მაგალითად მაშინ, როცა რომელიმე სიტყვის მნიშვნელობა დააინტერესებთ.
აუხსენი მაგალითებით. მოიყვანეთ მაგალითები თითოეულ სიტყვასთან დაკავშირებით. თუ საქმე ეხება ფერების შესწავლას, გამოიყენოთ ფერადი ბარათები ან ფურცლები. თუ სწავლობს ცხოველების სახელებს, შეგიძლიათ გამოყენოთ ნახატები ან სურათები. აღნიშნული პროცესი სწავლის პროცესს უფრო საინტერესოსაც გახდის.
სახალისო თავსატეხები (მშობლებს). ბავშვებს უყვართ თავსატეხები (ფაზლები). შეარჩიეთ ფაზლები თქვენი შვილის ინტერესისა და შესაძლებლობების გათვალისწინებით. შემდგომ, შეგიძლიათ, ამ ფაზლების უკან შესასწავლი სიტყვები დაწეროთ და სთხოვოთ ბავშვს, რომ თითოეული ფაზლის აღებისას, სანამ მას საჭირო ადგილას ჩასვამს, მოცემული სიტყვები წაიკითხოს. ამგვარად მათთვის დამახსოვრება უფრო მარტივი იქნება.
სიტყვების კედელი. თუკი თქვენს შვილს წერის პროცესი უყვარს, შესაძლებელია, სიტყვები წერით უფრო უკეთ დაამახსოვრდეს. გამოიყენეთ თაბახის ან ფერადი ფურცლები და ბავშვს მარკერით, დიდი ასოებით დააწერინეთ სიტყვები. შემდგომ, შეგიძლიათ, ერთადაც გამოაკრათ მისი ოთახის კედლებზე. შეგიძლიათ, ერთად დახატოთ ნახატები და საგნებს თავისი სახელი მიაწეროთ. მაგალითად, დახატოთ თვითმფრინავი და დააწეროთ „თვითმფრინავი”.
ლექსიკური მარაგის სწავლების ძირითადი მიდგომები და სტრატეგიები (USAID) საქართველოს დაწყებითი განათლების პროექტის ფარგლებში შემუშავებულ კრებულის მიხედვით)
მიმოვიხილოთ ლექსიკური მარაგის სწავლების ძირითადი მიდგომები და სტრატეგიები. პირველ
რიგში, გავმიჯნოთ სიტყვების სწავლებისა და ათვისების ორი გზა, ესენია: პირდაპირი (ექსპლიციტური) და თანმდევი. ბავშვები სიტყვების უმრავლესობას არაპირდაპირი, თანმდევი გზით ითვისებენ. ეს ეხებათ იმ მოსწავლეებსაც, რომლებისთვისაც ქართული არ არის მშობლიური ენა. ისინი ქართულ სიტყვათა უმეტესობას არაპირდაპირი, თანმდევი გზით ითვისებენ. ამიტომ არის მიზანშეწონილი ბუნებრივი მიდგომის, ავთენტური ტექსტების კითხვის, ინტერაქტიული თამაშების გამოყენება, რომლებიც სიტყვების არაპირდაპირი გზით ათვისების კარგი საშუალებებია.
სიტყვების არაპირდაპირი გზით სწავლების ყველაზე ეფექტური საშუალებებია:
- საუბრები და დისკუსიები მრავალფეროვან, საინტერესო საკითხებზე. საუბარში გაგონილ სიტყვებს ბავშვები ნაბეჭდ ტექსტებშიც ადვილად ცნობენ და იაზრებენ;
- ბავშვისათვის ხმამაღლა წაკითხვა. ეს აქტივობა განსაკუთრებით ეფექტურია, როცა მკითხველი ჩერდება უცნობ სიტყვასთან და განმარტავს მას, ასევე, წაკითხვის შემდეგ განიხილავს ასეთ სიტყვებს მოსწავლეების მონაწილეობით;
- დამოუკიდებელი კითხვა. დღეს ბევრ საკლასო ოთახში 10-15-წუთიანი დამოუკიდებელი კითხვის ბლოკი ერთ-ერთ ხშირად გამოყენებულ, რეგულარულ აქტივობად იქცა. გასათვალისწინებელია, რომ პრობლემურ მკითხველებს უჭირთ დიდი ხნით კონცენტრირებულად კითხვა. ამიტომ დამოუკიდებელი კითხვის დროს მათ პერიოდულად კარგ მკითხველთან აწყვილებენ ხოლმე.
კვლევა და პედაგოგიური პრაქტიკა ცხადყოფს, რომ გაგება-გააზრების გასაუმჯობესებლად განსაკუთრებით სასარგებლოა ლექსიკის სწავლების ორი მიდგომის გამოყენება: სიტყვების უწყვეტად და რეგულარულად სწავლება (Beck, Perfetti, & McKeown, 1982) და საკითხავი დავალების შესრულებამდე (ან ტექსტის წაკითხვამდე) სიტყვების სწავლება (Brett, Rothlein, & Hurley, 1996; Wixson, 1986).
როგორც ქართულ ენასა და ლიტერატურაში, ისე მეორე/უცხოურ ენასა და სხვა საგნებში აკადემიური წარმატების მისაღწევად ბავშვებს ესაჭიროებათ გარკვეული სიტყვების პირდაპირი, ფორმალიზებული გზით სწავლება. ამ მიზნით მეტად სასარგებლოა ახალი სიტყვების წინასწარ გაცნობა ტექსტის წაკითხვამდე, შესწავლილ ლექსიკურ ერთეულებზე პერიოდულად სავარჯიშოების შესრულება, მათი სხვადასხვა კონტექსტში გამოყენება და ა. შ. ცალკეული სიტყვის პირდაპირი, ექსპლიციტური სწავლების ყველაზე ეფექტური საშუალებებია:
- სიტყვების წინასწარ განხილვა ტექსტის წაკითხვამდე;
- პირდაპირი განმარტება (მასწავლებლის მიერ ან სახელმძღვანელოდან);
- სიტყვის ლექსიკონში მოძებნა;
- გათვალსაჩინოება (სურათით, სქემატური მონახაზით, რეალური საგნებით, მოქმედებით,
ხატვით, ჟესტ-მიმიკით); - მორფოლოგიური ანალიზი სიტყვათწარმოების წესების მიხედვით; სიტყვის დაშლა შემადგენელ ნაწილებად;
- მნიშვნელობის ამოცნობა კონტექსტის დახმარებით (როცა მასწავლებელი აკეთებს მოდელირებას და ავარჯიშებს მოსწავლეებს ამ ტექნიკის გამოყენებაში);
- სინონიმებისა და ანტონიმების მოშველიება (მსგავსი და/ან საპირისპირო მნიშვნელობის
სიტყვასთან დაწყვილება და დაკვირვება); - დამხმარე გრაფიკული სქემების გამოყენება (მაგ., სიტყვის პირამიდა, ასოციაციური
რუკა, `სიტყვის ვერბალური და ვიზუალური ასოციაციების სქემა, სიტყვის/ცნების
რუკა, ფრეიერის სქემა და სხვ.).
არსებობს კიდევ ორი საკვანძო სტრატეგია, რომლებიც ხელს უწყობს სიტყვების გაცნობიერებას
და სიტყვებისადმი შინაგანი ინტერესის გაღვივებას. ესენია: ინტენსიური კითხვა და თავისუფალი წერა. სთხოვეთ მოსწავლეებს, ყურადღება გაამახვილონ ავტორების “საყვარელ” სიტყვებსა და ფრაზებზე, შეთხზან ლექსები, შაირები, რეპის ჟანრის ტექსტები და სხვ. პერიოდულად ესაუბრეთ მოსწავლეებს ამა თუ იმ სიტყვის ისტორიაზე და მათთან ერთად იმსჯელეთ, როგორ შეიცვალა სიტყვის მნიშვნელობა, როგორ ვიყენებთ მას დღეს ყოველდღიურ მეტყველებაში.
მნიშვნელოვანია, რომ სიტყვის სწავლების სტრატეგიები ასაკობრივად ადეკვატური იყოს და
გათვალისწინებული იყოს ბავშვის ინდივიდუალური შესაძლებლობებიც. ქართულის, როგორც
მეორე ენის მასწავლებლებმა კი საგანგებო ყურადღება უნდა მიაქციონ მოსწავლეთა ლექსიკური
მარაგისა და ენობრივი კომპეტენციების ინდიკატორებსაც.
რომელი სიტყვები ვასწავლოთ?
შესასწავლი სიტყვა ბევრია, სწავლებისთვის გამოყოფილი დრო კი – არასაკმარისი. ზემოთ უკვე
აღვნიშნეთ, რომ წაკითხულის გააზრება მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული სიტყვების ცოდნაზე. დაწერილი ტექსტების გასააზრებლად საჭირო სიტყვების უმრავლესობას ჩვენ ისევ და
ისევ დაწერილ ტექსტებთან ურთიერთობისას ვითვისებთ. მეორე მხრივ, კარგად ვიცით, რომ
წაკითხული ტექსტის გააზრება შეუძლებელია, თუკი მის შემადგენელ სიტყვათა უმრავლესობას
ვერ გავიგებთ.
ლექსიკურ მარაგთან დაკავშირებული მეორე პრობლემა ისაა, რომ სიტყვათა უმრავლესობა
ცალკეულ ტექსტში მხოლოდ თითოჯერაა გამოყენებული. აკადემიური წარმატების მისაღწევად მოსწავლემ ათიათასობით სიტყვა უნდა იცოდეს. ამ ამოცანის შესრულებას ორი ფაქტორი
ართულებს: 1. მოსწავლეს დროის გარკვეულ მონაკვეთში შეზღუდული რაოდენობის სიტყვების
დაუფლება შეუძლია; 2. სიტყვები განსხვავდება სირთულითა და გამოყენების სიხშირით.
როგორ დავეხმაროთ მოსწავლეებს ლექსიკური მარაგის მუდმივად გამდიდრებაში, რაც რთული
ტექსტების გააზრების აუცილებელი საფუძველია? ამისათვის მხოლოდ ორი ზოგადი მიდგომა
არსებობს: 1. შევასწავლოთ მათ ის სიტყვები, რომლებიც დასჭირდებათ ტექსტების გააზრებისთვის (ექსპლიციტური სწავლება); 2. მივცეთ საშუალება, რომ უშუალოდ კითხვის პროცესში აითვისონ ახალი სიტყვები (იმპლიციტური სწავლა).
სიტყვების ექსპლიციტურად სწავლება კარგ შედეგს იძლევა, მაგრამ ასათვისებელი სიტყვების
რაოდენობას თუ გავითვალისწინებთ, საკმარისი არ არის. დაწყებით საფეხურზე (6 წლის განმავლობაში) კვირაში საშუალოდ 20 სიტყვის სწავლების შემთხვევაშიც კი სულ 4000 სიტყვას
ვიღებთ. ეს კი საჭირო სიტყვების რაოდენობაზე ბევრად ნაკლებია. ზემოთ აღწერილ დილემას
ლექსიკის სწავლების ოპტიმიზაციის აუცილებლობამდე მივყავართ. სიტყვების ექსპლიციტურად
სწავლების პროცესში საგანგებოდ უნდა გამოვყოთ ის სიტყვები, რომელთა სწავლებასაც დროს
დავუთმობთ. როგორ გავაკეთოთ ეს?
დასაუფლებელი სიტყვები ექსპლიციტური სწავლებისათვის მიზანმიმართულად უნდა შეირჩეს (როგორც წესი, შესასწავლ სიტყვებს სახელმძღვანელოების ავტორები არჩევენ. ისინი ქმნიან ტექსტებს, ლექსიკური ერთეულების განმარტებებს, ლექსიკურ სავარჯიშოებს და სხვ.).
უშუალოდ სასწავლო პროცესში დასამუშავებელ სიტყვებს მასწავლებლები გამოარჩევენ. ისინი წინასწარ განსაზღვრავენ იმ ლექსიკურ ერთეულებს, რომლებიც, სავარაუდოდ, უცხო ან ბუნდოვანი იქნება მოცემული კლასის მოსწავლეებისთვის. დაბოლოს, ამ მსჯელობიდან კარგად ჩანს, თუ რამხელა როლი აქვს ბავშვის წარმატებაში არა მხოლოდ სასკოლო ტექსტების, არამედ მრავალფეროვანი ლიტერატურის ინტენსიურად კითხვას.
სიტყვების რანჟირება
როცა სწავლებისათვის სიტყვების შერჩევას ვიწყებთ, სასურველია, გავითვალისწინოთ სამი ძირითადი ფაქტორი:
1. რამდენად სასარგებლოა ამ სიტყვის ცოდნა? რამდენად ხშირად შეხვდებიან მოსწავლეები
მას სხვა ტექსტებში (მაგ., აგებულება, ხარჯი)? რამდენად გამოადგებათ მოსწავლეებს
ეს სიტყვა საკუთარი გამოცდილების აღსაწერად (მაგ., კომენტარი, განრისხდა, აღრიცხვა)? რამდენად დაეხმარება ეს სიტყვა ამა თუ იმ საგნის სპეციფიკური საკითხების
გააზრებაში (მაგ., შრე, ბარომეტრი)?
2. რა მიმართებაა ამ სიტყვასა და სხვა სიტყვებს/ცნებებს/იდეებს შორის, რომლებიც მოსწავლეებმა უკვე ისწავლეს ან რომლებსაც ახლა სწავლობენ? რამდენად აზუსტებს ან განავრცობს ეს სიტყვა ადრე ნასწავლ ცნებებსა და იდეებს?
3. რა როლი აქვს სიტყვას მოცემული ტექსტის ნაწილების გაგების თვალსაზრისით? რამდენად დაეხმარება მისი ცოდნა მკითხველს წინამდებარე კონტექსტის აღქმაში? (მაგ. ბაზიერი, ჩაიფუფქა – თბილისზე ლეგენდის გააზრებისათვის).
შესაბამისად, თუ სიტყვა შესაძლებელია ბავშვისათვის გასაგებად აიხსნას (მისთვის ნაცნობი სიტყვებით) და თუ ეს სიტყვა ხშირად გამოადგება მოსწავლეს სხვადასხვა საკითხზე მსჯელობის/
წერის დროს, მაშინ მისი სწავლება საჭირო და სასარგებლოა.
ასევე იხილეთ:
ესაუბრა მზეო შველიძე
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება
- საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 2 056.7-ლარამდე გაიზარდა – განათლების სექტორის მაჩვენებელი 2024 წლის III კვარტალში by ARIS.GE-განათლება
- 500, 400 და 300 ლარი – ცნობილია წარმატებული სტუდენტების წახალისებისა და სტუდენტთა სოციალური დახმარების ოდენობები ერედვის 2025 წლის ბიუჯეტში by ARIS.GE-განათლება