როგორი იქნება პროფესიული განათლების დაფინანსების ახალი მოდელი და სისტემა – რაზე მუშაობს სამინისტრო
განათლების სისტემური რეფორმის ფარგლებში 2020 წლისთვის პროფესიული განათლების დაფინანსების კუთხით ცვლილებები იგეგმება. განათლების სამინისტრო პროფესიული სასწავლებლების დაფინანსების ახალ მოდელს გაერთიანებული სამეფოს კარგი მმართველობის ფონდთან ერთად ამუშავებს.
დაფინანსების სისტემა 5 სხვადასხვა კომპონენტისგან იქნება შემდგარი, ესენია: ვაუჩერული დაფინანსება, მიზნობრივი დაფინანსება, ინსტიტუციური მხარდაჭერა, შესრულებაზე დაფუძნებული დაფინანსება და დამატებითი სოციალური დაფინანსება.
ვაუჩერული დაფინანსებით მიღებული სახსრების განკარგვა განხორციელდება საგანამანათლებლო დაწესებულების პირდაპირი საოპერაციო ხარჯებისთვის და ვაუჩერის ღირებულება 20 %-დან 100 %-მდე იქნება. მიზნობრივი დაფინანსებით საგანამანათლებლო დაწესებულებას გამოეყოფა მიზნობრივი პროგრამული დაფინანსება საერთაშორისო დონის პროფესიული განათლების უზრუნველსაყოფად. ინსტიტუციური მხარდაჭერისას საგანამანათლებლო დაწესებულების არაპირდაპირი საოპერაციო ხარჯები არ უნდა აღემატებოდეს პირდაპირი საოპერაციო ხარჯების 50%-ს. არაპირდაპირი საოპერაციო ხარჯების დაფინანსება კი განხორციელდება ინსტიტუციური მხარდაჭერის ფარგლებში. შესრულებაზე დაფუძნებული დაფინანსებისას საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის ყოველწლიურად განისაზღვრება სამუშაოს შესრულების ინდიკატორები. დაწესებულების მიერ საქმიანობის შედეგების დაკმაყოფილების შემთხვევაში, საგანამანათლებლო დაწესებულებებზე გამოიყოფა აღნიშნული დაწესებულების მთლიანი ვაუჩერული ბიუჯეტის 20%-მდე. დამატებითი სოციალური დაფინანსების დროს საგანმანათლებლო დაწესებულებას ყოველწლიურად გამოეყოფა დამატებითი დაფინანსება სოციალური ინკლუზიორობის უზრუნველყოფის მიზნით, დამატებითი კაპიტალით დაფინანსდება ხარჯები სტუდენტთა საცხოვრებლით და ტრანსპორტით უზრუნველყოფისთვის და გამოიყოფა სტიპენდიები.
როგორც მინისტრის მოადგილე თამარ ქიტიაშვილმა EDU.ARIS.GE-ს განუცხადა, წელს ახალი დაფინანსების მოდელის მხოლოდ ცალკეული კომპონენტების პილოტირება მოხდება, სრულიად დანერგვა კი 2021 წლიდან განხორციელდება, წელს კი, სისტემაზე და ბიუჯეტზე ამ დაფინანსების მოდელს ეფექტი არ ექნება.
„გაერთიანებული სამეფოს კარგი მმართველობის ფონდის მხარდაჭერით შედგა პროექტი, რომელმაც დაამუშავა პროფესიული განათლების ახალი დაფინანსების მოდელი და სისტემა. ეს მოდელი არის ორიენტიერებული განვითარებაზე. პირველად უპრეცედენტო შემთხვევაა, როდესაც შემოგვაქვს, ასე ვთქვათ, მიღწევებზე დაფუძნებული დაფინანსება. ეს გულისხმობს იმას, რომ იმ შემთხვევაში, თუკი საგანმანათლებლო დაწესებულებებს ექნებათ მაღალი მიღწევები, ეს იქნება წახალისებული განსხვავებული დაფინანსების მექანიზმით. ეს ხელს შეუწყობს საერთო ჯამში გარემოს გაჯანსაღებას, უფრო მეტ კავშირებს კერძო სექტორთან და სისტემის განვითარებას. წელს მოხდება ცალკეული კომპონენტების პილოტირება და 2021 წლიდან სრულად დაინერგება და ამოქმედდება ახალი დაფინანსების მოდელი პროფესიული განათლების სისტემაში. 2020-ში მოხდება დეტალური დაანგარიშება, კიდევ უფრო კარგად გაანალიზდება ცალკეული კომპონენტები და ცალკეული მცირე კომპონენტების დანერგვა მოხდება, ანუ წელს ეფექტი სისტემაზე და საერთო ჯამში ბიუჯეტზე ამ დაფინანსების მოდელს არ ექნება, სრული ამოქმედება დაიწყება 2021 წლიდან“, – განაცხადა თამარ ქიტიაშვილმა.
EDU.ARIS.GE-ს კითხვაზე, ამ შემთხევაში რა კრიტერიუმებით შეფასდება კოლეჯის წარმატება და რამდენად იქნება უზრუნველყოფილი პროცესის გამჭვირვალობა, მინისტრის მოადგილემ განაცხადა, რომ ეს ბევრი კომპონენტისგან შემდგარი პროცესი იქნება, რომელიც ჯერ დამუშავების პროცესშია. ასევე ჯერ არ არის ცნობილი უშუალოდ სამინისტრო განახორციელებს პროცესს თუ რომელიმე მისი დაქვემდებარებული ორგანო.
„ეს კრიტერიუმები ბევრი სხვადსხვა კომპონენტით იქნება შეწონილი, მათ შორის იქნება როგორც სტუდენტთა რაოდენობა, მათი გადინების და სტუდენტთა დასაქმების მაჩვენებელი, ასევე ავტორიზაციის სტატუსი და კოლეჯების მიერ რესურსების გამოყენების ხარისხი და მაჩვენებელი. ანუ, ხარისხის კულტურა რამდენად იქნება განვითარებული ამა თუ იმ კოლეჯში. ეს ყველა სხვადასხვა მაჩვენებელი შეიწონება და ერთიანად მოგვცემს საერთო სურათს. ამ წუთას ჯერ არ არის განსაზღვრული კონკრეტული მექანიზმი თუ როგორ წარიმართება პროცესი, შესაძლოა ეს მოხდეს რომელიმე სააგენტოს მეშვეობით, თუმცა განათლების სამინისტრო მოახდენს ამის შეფასებას“, – განაცხადა თამარ ქიტიაშვილმა.
სამუშაო შეხვედრას კოლეჯების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ, მათი განცხადებით დაფინანსების ახალი მოდელი ჯერ კიდევ დამუშავების პროცესშია, თუმცა შინაარსი მათთვის მისაღებია.
მამუკა ჯანჯალია, კოლეჯი ინფორმაციული ტექნოლოგიების აკადემიის დირექტორი:
„ეს მოდელი, რომელიც დღეს განვიხილეთ ხელს შეუწყობს თითოეული კოლეჯის განვითარებას და უფრო მეტად ჩამოყალიბდება კონკურენტული გარემო. მომავალში ეს აისახება არა მარტო კოლეჯების ბაზარზე, არამედ ზოგადად დამსაქმებელთან ურთიერთობაში და იმ მოთხოვნებთან დაკავშირებით, რომელიც დღეს გააჩნია საბაზრო ურთიერთობებიდან გამომდინარე, მოგეხსენებათ რომ დღევანდელ რეალობაში არსებული დაფინანსება საკმაოდ კარგად არის მორგებული კოლეჯების ინფრასტრუქტურაზე, ადმინისტრაციაზე და პედაგოგებზე , მაგრამ ახალი გამოწვევები როცა დგება ყოველთვის მზად უნდა ვიყოთ მათთვის“.
- პროფესიული განათლება – მომზადება-გადამზადების პროგრამები და საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი დაწესებულებების სია by პროფესიული განათლების ამბები
- რა აიკრძალება დეკემბრიდან „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებით by ARIS.GE-განათლება
- პროფესიული განათლების მასწავლებლის ეთიკის კოდექსი – რა ვალდებულებები გექნებათ 2026 წლიდან by პროფესიული განათლების ამბები