GE

როგორი ურთიერთობა უნდა ჰქონდეთ მოზარდებს ინტერნეტთან, – რეკომენდაციები მშობლებს და მთავრობას

რა გავლენას ახდენს ციფრული ტექნოლოგიები ბავშვების ცხოვრებაზე? რა საფრთხეები მომდინარეობს ინტერნეტიდან და როგორ უმკლავდებიან ამას სხვადასხვა ქვეყნები? რა ხდება ამ მხრივ საქართველოში? – ამ საკითხებზე გაეროს ბავშვთა ფონდის გლობალური ანგარიშის „მსოფლიოს ბავშვთა მდგომარეობა 2017- ბავშვები ციფრულ სამყაროში“  პრეზენტაციისას იმსჯელეს.

ციფრულმა ტექნოლოგიამ უკვე შეცვალა სამყარო და რადგან სულ უფრო მეტი ბავშვი სარგებლობს ინტერნეტით მთელ მსოფლიოში, ციფრული ტექნოლოგია უფრო და უფრო ცვლის ბავშვობას.

კვლევის ანგარიშის მიხედვით, 15-დან 24 წლამდე ახალგაზრდები ის ასაკობრივი ჯგუფია, რომელიც ყველაზე მეტად სარგებლობს ინტერნეტით. მსოფლიო მასშტაბით ამ ასაკობრივი ჯგუფის 71% სარგებლობს ინტერნეტით მაშინ, როცა მთელი მსოფლიოს მოსახლეობისთვის ეს მონაცემი 48%-ს შეადგენს.

ბავშვები და 18 წლამდე მოზარდები მსოფლიოში ინტერნეტის მომხმარებელთა მესამედს შეადგენენ. ყოველდღიურად დასტურდება, რომ ბავშვები სულ უფრო ადრეულ ასაკში იწყებენ ინტერნეტით სარგებლობას. ზოგიერთ ქვეყანაში 15 წლამდე იმდენივე ბავშვი სარგებლობს ინტერნეტით, რამდენიც 25 წელს გადაცილებული ზრდასრული.

„სმარტფონები „საძინებლის კულტურას“ ასაზრდოებს, ეს კი ინტერნეტს უფრო და უფრო პირადულ, ინტიმურ სივრცედ აქცევს ბავშვებისთვის და, შესაბამისად, ასუსტებს უფროსების ზედამხედველობას. ინტერნეტთან კავშირი, შეიძლება, გარდამტეხ ფაქტორად იქცეს მსოფლიოს ყველაზე გარიყული ბავშვებისთვის, დაეხმაროს მათ საკუთარი პოტენციალის რეალიზებაში და სიღარიბის თაობათაშორისი ციკლის რღვევაში.

ციფრული ტექნოლოგიები ბავშვებს სწავლისა და განათლების შესაძლებლობას აძლევს. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია შორეულ, გეოგრაფიულად მიუწვდომელ რეგიონებსა და ჰუმანიტარული კრიზისების პირობებში. ციფრული ტექნოლოგიები ბავშვებს აწვდის ინფორმაციას ისეთ საკითხებზე, რომლებიც მათ საცხოვრებელ გარემოსა და პირობებს, მათ თემს უკავშირდება. ამგვარად, ციფრული ტექნოლოგიები შეიძლება დაეხმაროს ბავშვებს, საკუთარი თემის პრობლემების მოგვარებაში მიიღონ მონაწილეობა“, – აღნიშნულია კვლევაში.

კვლევის ანგარიშის მიხედვით, იმისთვის, რომ ინფორმაციულმა და საკომუნიკაციო ტექნოლოგიამ ხელი შეუწყოს სწავლის პროცესს და ის გამოყენებული იყოს განათლების სფეროში, საჭიროა მასწავლებელთა გადამზადება და სწავლების ეფექტური მეთოდების შემუშავების მხარდაჭერა. მაგრამ ციფრული სამყარო ხშირად ახალ ბარიერად იქცევა, რადგან მილიონობით ბავშვს, რომლებსაც ყველაზე მეტად სჭირდება ციფრულ ტექნოლოგიებზე წვდომა, არ გააჩნია ეს შესაძლებლობა.

კვლევის ორგანიზატორები ყურადღებას ამახვილებენ, ერთის მხრივ, იმ პრობლემებზე, რასაც ინტერნეტის მიუწვდომლობა იწვევს და, მეორეს მხრივ, ციფრული სამყაროს უკონტროლო მოხმარებაზე მოზარდებში.

როგორც კვლევაშია აღნიშნული, მსოფლიოს ახალგაზრდების თითქმის 29%-ს – დაახლოებით 346 მილიონ ადამიანს – ხელი არ მიუწვდება ინტერნეტზე. აფრიკელ ახალგაზრდებს ყველაზე ნაკლებად აქვთ ინტერნეტით სარგებლობის საშუალება. მათი დაახლოებით 60% ამ შესაძლებლობას მოკლებულია, როცა ეს მაჩვენებელი ევროპაში 4 პროცენტია.

ციფრულ ბარიერებს მხოლოდ ინტერნეტის მიუწვდომლობა არ წარმოქმნის. ბავშვები, რომლებიც კომპიუტერზე მეტად მობილურ ტელეფონს იყენებენ, მხოლოდ ნაწილობრივ სარგებლობენ ონლაინ რესურსებით, ხოლო ისინი, ვისაც ციფრული ტექნოლოგიების მოხმარების უნარი არ გააჩნია ან ენობრივი უმცირესობის წარმომადგენელია, ხშირად საერთოდ ვერ ნახულობენ საჭირო რესურსებს ინტერნეტში.

ციფრული ბარიერები კიდევ უფრო გამოკვეთს არსებულ ეკონომიკურ განსხვავებებს, რადგან ის კიდევ უფრო მკვეთრად უსვამს ხაზს შეძლებული ბავშვების უპირატესობასაც და ყველაზე ღარიბი და მოწყვლადი ბავშვების დაკარგულ შესაძლებლობებსაც.

კვლევის მიხედვით, ციფრულ ტექნოლოგიებს შეუძლია, უფრო მეტი საფრთხის წინაშე დააყენოს ბავშვები ინტერნეტის საშუალებით. ბავშვები, რომლებიც ისედაც მოწყვლად ჯგუფს წარმოადგენენ, კიდევ უფრო დაუცველები ხდებიან და ეს მათი პირადი ცხოვრებისა და სივრცის დაუცველობასაც მოიცავს.

კვლევაში ჩამოთვლილია ის რისკები, რომელმაც შეიძლება ბავშვებში ინტერნეტის უკონტროლო მოხმარებამ გამოიწვიოს:

„ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები კიდევ უფრო ამძაფრებს ბავშვის ასაკთან დაკავშირებულ რისკებს, როგორიცაა, მაგალითად, ბულინგი; ასაზრდოებს ბავშვებზე ძალადობისა და მათი ექსპლუატაციის ახალ ფორმებს, როგორიცაა „კლიენტზე მორგებული“ სექსუალური ხასიათის ამსახველი მასალა და ბავშვებზე სექსუალური ზემოქმედების შემცველი სხვა ონლაინ ვიდეოები, რომლებიც ცოცხალი „სტრიმინგით“ ვრცელდება ქსელში.

ბოროტმოქმედები ადვილად ახერხებენ ბავშვებთან ურთიერთობის დამყარებას ანონიმური სოციალური მედიის პროფილების ან გასართობი ფორუმების საშუალებით, მაშინ, როცა ბავშვი ცუდს არაფერს ეჭვობს. ახალი ტექნოლოგიები – როგორიცაა კრიპტოვალუტა და ინტერნეტის ბნელი მხარე – აადვილებს ბავშვებზე სექსუალური ზემოქმედების ამსახველი ვიდეოების და მათთვის საზიანო სხვა სახის შინაარსის მასალის შექმნას და ხშირად სამართალდამცავი მექანიზმები არაფექტურია ამ უკანონო საქმიანობის შეზღუდვისთვის“, – აღნიშნულია კვლევაში.

ბრიტანელმა ექსპერტმა ჯონ კარიმ გლობალური ტენდენციებისა და რეგულაციების მიმოხილვისას აღნიშნა, რომ ქვეყნები ინტერნეტსაიტების კონტროლისთვის სპეციალურ ფილტრებს იყენებენ. მისი თქმით, როდესაც მომხმარებლები მობილურის კარტებს ყიდულობენ, იქ უკვე ჩაყენებული აქვთ ფილტრები. თუ დაადასტურებს პირი, რომ ის სრულწლოვანია, მას შეუძლია მოხსნას ეს ფილტრები თუ არა, გარკვეულ საიტებზე შესვლის კონტროლი თავისთავად ექნება დაყენებული.

ჯონ კარის განცხადებით, Wi-Fi -ს, ასევე ინტერნეტპროვაიდერებს აქვთ ეს ფილტრები დაყენებული, რომელიც აკონტროლებს, სრულწლოვანი შედის თუ არასრულწლოვანი ე.წ. ბავშვებისთვის აკრძალულ საიტებზე.  თუმცა მისი თქმით, ასეთ დროს ბავშვების განათლება არის მთავარი. ფილტრის დაყენება ყველაფერზე არ გამოდის. როგორც ჯონ კარი აღნიშნავს, ფილტრი მხოლოდ უკებელო ინტერნეტში იარსებებს. მასწავლებლებში ინტერნეტის შესახებ ცოდნა, ხოლო მშობლებისთვის ფილტრის დაყენების აუცილებლობაზე საუბარი იქნება გამოსავალი.

ინტერნეტის ზედამხედველობის ფონდის (Internet Watch Foundation) მონაცემებით, ბავშვებზე სექსუალური ძალადობის შემცველი რესურსის ერთიანი ლოკატორების (URL) 92% სულ ხუთ ქვეყანაშია განთავსებული: ჰოლანდია, ამერიკის შეერთებული შტატები, კანადა, საფრანგეთი და რუსეთის ფედერაცია.

„საჭიროა მაქსიმალური ძალისხმევა მოწყვლადი და სოციალურად დაუცველი ბავშვების დასაცავად, რომლებიც ნაკლებად იცნობენ და აცნობიერებენ ონლაინ რისკებს და ამის გამო ყველაზე ხშირად შეიძლება აღმოჩნდნენ საფრთხის წინაშე. ამაში პირადი სივრცისა და მონაცემების დაუცველობაც იგულისხმება. მართალია, სხვადასხვა კულტურაში ადამიანებს ხვადასხვაგვარი ჩვევები ახასიათებთ, მაგრამ ძირითადად, ბავშვები მაინც თავიანთ თანატოლებს მიმართავენ, როცა ონლაინ საფრთხეს გრძნობენ, ეს კი მშობლებს კიდევ უფრო ურთულებს საკუთარი შვილების დაცვას.

მიუხედავად იმისა, რომ ბავშვების უმრავლესობისთვის ინტერნეტით სარგებლობა დადებითი გამოცდილებაა, ბევრი მშობელი და მასწავლებელი ღელავს იმაზე, რომ ეკრანთან გატარებული ზედმეტი დრო ბავშვებს დეპრესიისკენ უბიძგებს, უყალიბებს ინტერნეტზე დამოკიდებულებას და სიმსუქნის პრობლემის ზრდასაც კი უწყობს ხელს“, – ვკითხულობთ კვლევაში.

მკვლევარები აღიარებენ, რომ ციფრული ტექნოლოგიების გადაჭარბებულმა გამოყენებამ ბავშვებში დეპრესიისა და შფოთვის ზრდას შეიძლება შეუწყოს ხელი. მაგრამ ასევე მართალია ისიც, რომ ბავშვებს, რომლებიც ინტერნეტის გარეშე ცხოვრობენ, შესაძლოა, ინტერნეტის საშუალებით ახალი მეგობრები გაეჩინათ და ისეთი სოციალური მხარდაჭერა მიეღოთ, როგორსაც სხვა მხრიდან ვერაფრით ვერ იღებენ. ისეთი საკითხები, როგორიცაა, მაგალითად ოჯახური პრობლემები, მეტად შეიძლება აისახოს ბავშვების უმრავლესობის ჯანმრთელობასა და ბედნიერებაზე, ვიდრე ეკრანთან გატარებული დრო.

„კერძო სექტორს – განსაკუთრებით ტექნოლოგიებისა და სატელეკომუნიკაციო პროდუქციის მწარმოებლებს – განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრება. მას ყველაზე მეტად შეუძლია ზეგავლენა მოახდინოს იმაზე, თუ როგორ მოქმედებს ციფრული ტექნოლოგიები ბავშვებზე. კერძო სექტორის ძალა და ზეგავლენა მნიშვნელოვანი ბერკეტი უნდა იყოს პირადი მონაცემებისა და ინფორმაციის დაცვის მიზნით ბიზნესის ეთიკური სტანდარტების შემუშავებისა და ისეთი მიდგომების განვითარებისთვის, რომლებიც ინტერნეტ სივრცეში ბავშვების დაცვას ემსახურება.

მთავრობებმა უნდა იზრუნონ ისეთი საბაზრო სტრატეგიებისა და წამახალისებელი ინიციატივების შემუშავებაზე, რომლებიც სერვისების მომწოდებლებს შორის ნოვატორობისა და კონკურენტუნარიანობის მოთხოვნილებას გაზრდის და ინტერნეტის მოხმარების საფასურის გაიაფებას შეუწყობს ხელს, რაც ხელმოკლე ოჯახებისა და ბავშვებისთვის ხელმისაწვდომს გახდის ინტერნეტს“, – აღნიშნულია კვლევაში.

დისკუსიის მიმდინარეობისას გაერო-ს ბავშვთა ფონდის განათლების პროგრამის ხელმძღვანელმა მაკო ყუფარაძემ აღნიშნა, რომ რეგლამენტის დაწესება ბავშვებში ბადებს წინააღმდეგობას და საკმაოდ დიდ აგრესიას.

„ჩვენ მათ რაღაც ბარიერს ვუწესებთ და ეს შეიძლება გადაიზარდოს მშობლისა და შვილის კონფლიქტში. ეს შეიძლება მშობლის მიერ ბავშვთან მიმართებაში ძალადობაში გადაიზარდოს, როდესაც მშობელი გამოსტაცებს ხელიდან რაღაც მოწყობილობას: ტელეფონს, მობილურს, თუ ლეპტოპს. ჩვენ გვაქვს ბევრი რეგულაცია, კანონი, მაგრამ როგორ დავეხმაროთ მშობელს? როგორ დაამყაროს ოჯახში ჰარმონია, თუ რამდენი ხანი უნდა იყოს ბავშვი ინტერნეტთან?

რას აკეთებს სკოლა ამისთვის? სკოლას საგანმანათლებლო ინიციატივებისთვის სჭირდება ინტერნეტი. რა ვქნათ მაშინ, როდესაც სკოლაში ყველა მობილურზეა დამოკიდებული? ნაკლებად მონაწილეობს სასწავლო პროცესში და მუდმივად ან ჩათაობს ან ფეისბუქშია შესული? ასეთ დროს სახელმწიფო როგორ ეხმარება მშობელს, სკოლას, ურთიერთობის დაბალანსებისთვის?“

გაეროს ბავშვთა ფონდის კომუნიკაციის პროგრამის ხელმძღვანელმა მაია  ქურციკიძემ აღნიშნა, რომ „იუნისეფი“  არ აწესებს კონკრეტულ რეგლამენტს. ის ამბობს, რომ მნიშვნელოვანი ამ შემთხვევაში არის ის, თუ რას ნახულობენ ინტერნეტში ბავშვები და არ ის, თუ რამდენ ხანს ატარებენ ინტერნეტთან.

„სკოლას არ უნდა ეშინოდეს ციფრული ტექნოლოგიების და ცდილობდეს ის გამოიყენოს სასწავლო პროცესში ბავშვების სასიკეთოდ, როგორც დამხმარე მასალა“, განაცხადა მაია ქურციკიძემ.

მკვლევარები ასეთ დროს გამოსავალს ე.წ. „ოქროს შუალედის“ მოძებნაში ხედავენ.

„სასურველია, ბავშვების მიერ ეკრანთან გატარებული დროის შეფასებაში „ოქროს შუალედის პრინციპი“ გამოვიყენოთ – არც ძალიან ბევრი, არც ძალიან ცოტა – და, რაც მთავარია, იმაზე გავამახვილოთ ყურადღება, თუ რას უყურებენ და აკეთებენ ბავშვები ონლაინ და არა იმაზე, თუ რამდენ დროს ატარებენ ისინი ინტერნეტში. ეს მიდგომა ბავშვების დასაცავად უფრო ეფექტურიც იქნება და თან საშუალებას მისცემს მათ, ინტერნეტში გატარებული დრო უკეთ გამოიყენონ“, – ნათქვამია კვლევაში.

რაც შეეხება საქართველოს, ჩვენთან ინტერნეტსივცრიდან მომავალი საფრთხეებისგან ბავშვების დაცვის პრაქტიკა არ არსებობს. არსებობს გარკვეული რეგულაციები, რომლის შესახებაც დისკუსიის დროს მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივმა დამცველმა თამთა ტეფნაძემ ისაუბრა, თუმცა ასევე აღნიშნა, რომ არსებობს იმის საფრთხეც, რომ ამ რეგულაციებმა, გამოხატვის თავისუფლება შეიძლება შეზღუდოს.

„რა ვალდებულებები აქვს დღეს ინტერნეტპროვაიდერებს საქართველოში? უზრუნველყოს შეზღუდული დაშვების მექანიზმები არასრულწლოვანთათვის განკუთვნილ მომსახურებაზე. ანუ კონტენტი, მასალა რაც სრულწლოვნებისთვის არის განკუთვნილი აუცილებლად კოდირების გზით უნდა იქნეს მიწოდებული მომხმარებლებისთვის, ამ შემთხვევაში, მშობლებისთვის, რომ ბავშვებს არ ჰქონდეთ თავისუფალი  წვდომა. ასევე მომსახურების ქსელის ვალდებულებაა, დაუშვებელი კონტენტის გავრცელებაზე მოახდინოს რეაგირება. არ დაუშვას არასანქცირებული სარგებლობა, მიიღოს ზომები მომხმარებელთა დასაცავად მომსახურებით გამოწვეული შესაძლო რისკისგან. მშობლები უკავშირდებიან ინტერნეტ პროვაიდერებს ფილტრების დაყენებისთვის. რა არის დაუშვებელი ინფორმაცია? ელექტრონული რესურსებით გადაცემული პორნოგრაფია, სიძულვილის ენით გადაცემული, ცილისმწამებლური, შეურაცხმყოფელი, პირადი ცხოვრების ამსახველი და სხვა.

მეორეს  მხრივ, შეიძლება საფრთხე შეექმნას გამოხატვის თავისუფლებას. რთულია, დაიცვა ბალანსი. ერთის მხრივ, ინტერნეტის თავისუფლების ჭრილში და მეორეს მხრივ, ძალიან საფრთხილო თემაა, არასრულწლოვნების სახით და მომავალშიც დიდი ყურადღება უნდა დაეთმოს რეგულაციების დაწესების თვალსაზრისით“, – განაცხადა თამთა ტეფნაძემ.

საქართველოს მცირე და საშუალო სატელეკომუნიკაციო ოპერატორების ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა უჩა სეთურმა აღნიშნა, რომ საჭიროა ე.წ შავი სიების შექმნა, რომელ საიტზე არ შეიძლება ბავშვების შესვლა. მისი თქმით, ეს სიები თავად მშობლებმა უნდა გააკეთონ.

„შავი სიები უნდა გაკეთდეს მშობელთა ჩართულობის შედეგად. ის იხდის ფულს ინტერნეტში და მას აქვს ვალდებულება შვილების მიმართ. უნდა შეიწუხონ თავი და მეტი უნდა იაქტიურონ და შეადგინონ საიტების სიები. მომავალში ასევე შეიქმნება პლატფორმა სადაც დაიწერება, რა არის ლეგალური და რა არა“, – აღნიშნა უჩა სეთურმა.

კვლევა „მსოფლიოს ბავშვთა მდგომარეობა 2017“  ექვსი პრიორიტეტული ქმედების ჩამონათვალით სრულდება, რომელთა მიზანია, ციფრული ეპოქის ძალა და შესაძლებლობები მიმართოს ყველაზე შეჭირვებული და მოწყვლადი ბავშვების დასახმარებლად და ზიანისაგან დაიცვას ყველაზე დაუცველი ჯგუფები. ეს რეკომენდაციებია:

  1. ბავშვების უზრუნველყოფა მაღალი ხარისხის, იაფი ინტერნეტ რესურსებით.
  2. ბავშვების დაცვა ონლაინ ზიანისაგან, რაც შეიძლება მოიცავდეს ძალადობას, ექსპლუატაციას, ტრეფიკინგს, კიბერბულინგსა თუ ასაკისთვის შეუსაბამო მასალაზე წვდომას.
  3. ბავშვების პირადი ცხოვრებისა და მათი ვინაობის დაცვა ინტერნეტ სივრცეში.
  4. ბავშვებისთვის ციფრული ტექნოლოგიების გამოყენების სწავლება იმ მიზნით, რომ ისინი უკეთ ინფორმირებულები და დაცულები იყონ ინტერნეტ სივრცეში.
  5. კერძო სექტორის ბერკეტების გამოყენება ეთიკური სტანდარტების შემუშავებისთვის და ინტერნეტ სივრცეში ბავშვებისთვის სასიკეთო პრაქტიკის დაგეგმვისთვის.
  6. ციფრულ პოლიტიკაში ბავშვების ცენტრალური როლის აღიარება.

გართობიდან სადიზმამდე – კომპიუტერული თამაშების ბეწვის ხიდი და აგრესია მოზარდებში

მოამზადა ცისანა შერგილაშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური