GE

გართობიდან სადიზმამდე – კომპიუტერული თამაშების ბეწვის ხიდი და აგრესია მოზარდებში

ბოლო დღეების განმავლობაში ბავშვებისა და მოზარდების მხრიდან აგრესიის გამოვლენის თემა განსაკუთრებით აქტუალური ორმა ტრაგიკულმა ფაქტმა გახადა – თბილისსა და წყალტუბოში სამი – 16 და 17 წლის მოზარდები თანატოლებმა სასტიკი მეთოდებით მოკლეს. 17 წლის მოზარდს ერთი ჭრილობა ჰქონდა – გულში, 16 წლის ბიჭებს კი ათეულობით. ექიმმა, რომელმაც მათი მდგომარეობა შეაფასა, ჭრილობებს სადისტური უწოდა.

რამდენიმე დღეა საზოგადოება აქტიურად მსჯელობს იმ შესაძლო მიზეზებზე, რასაც ეს ყველაფერი შეიძლებოდა გამოეწვია. საუბრობენ მშობლების მხრიდან დაშვებულ შეცდომებზე, სკოლის, მასწავლებლების, მანდატურებისა თუ სახელმწიფოს უყურადღებობაზე. თუმცა, ყველა თანხმდება იმაზე, რომ აგრესიას, რომელიც მოზარდს სადიზმისაკენ უბიძგებს, თავისი გამომწვევი მიზეზები აქვს.

ფსიქოლოგები, რომელთაც EDU.ARIS.GE ესაუბრა, სწორედ ამ მიზეზებზე ამახვილებენ ყურადღებას და ამბობენ, რომ ბავშვს ადამიანად ის გარემო აყალიბებს, რომელშიც იზრდებიან. ამ თემაზე საუბრისას კი ისინი კომპიუტერული თამაშების გავლენაზე მიუთითებენ, რომელსაც, როგორც აღმოჩნდა, ბავშვისა და მოზარდის ფსიქიკაზე საკმაოდ დიდი ზეგავლენის მოხდენა შეუძლია.

სადიზმი, სისასტიკე, ძალადობა კომპიუტერულ თამაშებში

კომპიუტერული თამაშები ახალგაზრდებში საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს. ფაქტობრივად, ძნელია მოზარდის პოვნა, რომელიც ამით არ არის დაკავებული. ასევე ძნელი და თითქმის შეუძლებელია ისეთი თამაშის პოვნა, რომელიც ძალადობაზე არაა დაფუძნებული. თუ, რა თქმა უნდა, სპორტულ თამაშებს არ ჩავთვლით.

აღსანიშნავია ისიც, რომ თამაშებს, ისევე როგორც მაგალითად ფილმებს, ასაკობრივი დაყოფა აქვთ. ანუ, მათაც  აქვთ მითითებული 18+ ნიშანი, მაგრამ ვინაიდან თამაშები ინტერნეტში უპრობლემოდ იძებნება და მისი ჩამოტვირთვაც საკმაოდ მარტივია, აღნიშნული ამკრძალავი ნიშანი აზრს კარგავს, რადგან მშობლის კონტროლის გარეშე დარჩენილი ბავშვი ნებისმიერ სასურველ თამაშს მარტივად მონახავს.

იმისათვის, რომ კომპიუტერულ თამაშებში მეტად გავრკვეულიყავით, საკუთარი ძალებით ჩატარებულ პატარა კვლევას არ დავჯერდით და გამოცდილ ე.წ. „გეიმერს“ ვესაუბრეთ, რომელმაც თამაშების სტრუქტურა და ძირითადი თემატიკა გაგვაცნო.

როგორც ზურამ აგვიხსნა, რამდენიმე სახის თამაში არსებობს – არის სტრატეგიული ხასიათის თამაშები;  თამაშები, სადაც ტურებს გადიხარ და ყოველი ტურის დაძლევის შემდეგ ახალ დავალებებს იღებ და ე.წ. „შუთერები“, რომლის ძირითადი თემა სროლა და მკვლელობაა – ან ზომბებს დასდევ, ან ერთი კონკრეტული მოწინააღმდეგე გყავს და იმას ესვრი და ა.შ.

„ზოგიერთი თამაშის აზრი მხოლოდ დახოცვაა. რაც მეტს მოკლავ – მით უკეთესი. თუმცა არის თამაშები, რომელთაც კონკრეტული მიზანი გააჩნიათ. მარტივი მაგალითის სახით რომ გითხრათ – სამყაროს გადარჩენა ან რაიმე მსგავსი. თუმცა ესენიც ძალადობას მოიაზრებს, რადგან გზადაგზა აუცილებლად გიწევს ხალხის ხოცვა.

„მაგალითად, ერთ-ერთი პირველი „შუთერი“ wolfenstein იმაზეა, რომ მიდიხარ, გზად ნაცისტ ზომბებსა და რობოტებს კლავ. ბოლოს კი ბოსს ხვდები, რომელიც ასევე ნაცისტია. მოკლედ ნაცისტებს ხოცავ და სამყაროს იხსნი. ასეთივეა „ასასინს ქრიდი“, ებრძვი ტამპლიერებს რომლებსაც სამყაროს მართვა უნდათ. call of duty, medal of honor – ესენი ყველაზე ცნობილი თამაშებია სადაც ან ნაცისტებს ებრძვი ან იაპონელებს. მოკლედ, მარტივად რომ ვთქვათ, კეთილის მხარეს ხარ,  მაგრამ ხალხი უნდა დახოცო, რათა თავი დაიცვა,“ – ამბობს ზურა.

მისივე თქმით, ზოგიერთ თამაშში ყურადღება ექცევა არა უბრალოდ მოკვლას, არამედ იმას, თუ როგორ კლავ. ანუ, რაც უფრო სასტიკია მეთოდი, მით უფრო მაგარ მოთამაშედ ითვლები. ეს თამაშები მოთამაშეს ასწავლის კიდეც  „საჭირო წერტილებს“ ადამიანის ორგანიზმში, რათა ერთი სროლით, ან ერთი ჭრილობით მაქსიმალურად სწრაფი ეფექტის მიღება შეგეძლოს.

„ზოგიერთ თამაშში ტურებს რომ გადიხარ შენი პერსონაჟი ვითარდება და მეტი რამის კეთება შეუძლია. ანუ, უფრო მრავალფეროვანი ხერხებით მოკვლა. თავში მორტყმით რომ კლავ მაგას headshoot  ქვია და ყველაზე მაგარ რამედ ითვლება. არის ერთი თამაში, რომელშიც როცა ესვრი, გიჩვენებს როგორ შედის სხეულში ტყვია,“ – გვიხსნის იგი.

თამაშების ბოლოს კი, თუკი სწრაფად გაიმარჯვებ, ე.წ. ფატალითით „დაჯილდოვდები“. ეს იმას ნიშნავს, რომ თამაში საშუალებას გაძლევს დამარცხებულ მოწინააღმდეგეს უსასტიკესად გაუსწორდე. მაგალითად, შუაზე გადახერხო, კიდურები მოაგლიჯო, ტყავი გააძრო, თავი მოაჭრა და სიგარეტი არტერიაში ჩააქრო, მოჭრილ თავს კი სკალპი ააძრო და ქალით ითამაშო, მოწინააღმდეგეს სახიდან და სხეულიდან ხორცი აათალო, გული ამოაგლიჯო და ჩაკბიჩო და ა.შ.

მაგალითად ასეთი დასასრულები აქვს ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ თამაშს  Mortal Kombat-ს, რომელსაც მთელ მსოფლიოში მილიონობით ბავშვი და მოზარდი თამაშობს. მსგავსი ვიდეოების ყურება საკმაოდ რთული აღმოჩნდა. როგორც „გეიმერები“ გვეუბნებიან, რაც უფრო მეტი სისხლი და სისასტიკეა თამაშში, მით უფრო პოპულარულია იგი.

რა იწვევს ბავშვებში აგრესიის დაგროვებას?

თემაზე მუშაობისას ფსიქოლოგებს ვესაუბრეთ, რომლებმაც ის ზოგადი მიზეზები მიმოიხილეს, რომელთაც ბავშვის ჩამოყალიბებაში განსაკუთრებულად დიდი წვლილი მიუძღვით. პრაქტიკული ფსიქოლოგიური ცენტრის „პიკი“ დამფუძნებელი ირინა ტაბუციძე  ამბობს, რომ  ბავშვებში აგრესიის დაგროვებას ხელს, პირველ რიგში, არაჯანსაღი გარემო უწყობს. ამაში იგულისხმება ის, რომ ოჯახში არ არის სითბო და სიყვარული, როდესაც ბავშვზე არ ზრუნავენ, არ უყვართ, არ აღიარებენ, არ ეხმარებიან რთული სიტუაციის გადალახვაში და ა.შ.

თუმცა, აქვე იმასაც აღნიშნავს, რომ მეორე ხელშემწყობი მიზეზი შესაძლოა გადაჭარბებული მზრუნველობაც იყოს.  ამბობს, რომ ჭარბი ზრუნვა დათვურ სამსახურს ემსგავსება, ვინაიდან გარესამყაროში მოხვედრისას ბავშვი ვეღარ ხვდება თუ როგორ უნდა მოიქცეს.

„იმ კლინიკებში, სადაც წამალდამოკიდებულებს მკურნალობენ, ხშირად სწორედ ჰიპერმზრუნველობით გაზრდილი ბავშვები ხვდებიან. აგრესიას რაც შეეხება, სკოლებამდე სანამ მივალთ აუცილებლად უნდა ვახსენოთ საბავშვო ბაღები. დღევანდელ რეალობაში გადავსებულ ჯგუფებს 2 ძიძა ჰყავს.  აქ არანაირ აღზრდაზე აღარაა საუბარი. აქ მხოლოდ ისღაა მიზანი რომ ბავშვი სახლში როგორმე უსაფრთხოდ გაუშვან, არაფერი დაემართოს. სტანდარტის მიხედვით კი საბავშვო ბაღში 5 ბავშვზე ერთი აღმზრდელი უნდა მოდიოდეს.

„ბაღზე ყურადღება იმიტომ გავამახვილე, რომ ბულინგი და ჩაგვრა ამ ასაკიდანვე იწყება. როდესაც ბავშვი სუსტია, მას ძლიერი ერევა – ჩვეულებრივი ამბავია, ყველგან ასე ხდება. ამ დროსაა საჭირო უფროსი, რომელიც ჩაერევა და ბავშვებს რთული სიტუაციების გადალახვაში დაეხმარება. ჩვენს რეალობაში ეს არ ხდება და ბავშვი ბაღშივე აწყდება სერიოზულ პრობლემას, რომლის გადალახვაც მარტოს უწევს. რაც არ უნდა კარგ ოჯახში იზრდებოდეს ბავშვი და რაც არ უნდა სწორ ღირებულებებს უყალიბებდნენ სახლში, გარეთ გასული ამ პრობლემებს  მაინც აწყდება.

„ახლა წარმოვიდგინოთ რა ხდება იმ შემთხვევაში, როცა ბავშვი გაზრდილია ოჯახში, სადაც „ქუჩური გაგებაა“. მისთვის მეორე ადამიანის ჩაგვრა ნორმაა, რადგან სახლშიც ამას ხედავს. ბავშვი, რომელიც ოჯახში დაჩაგრულია, გარეთ იგივეს გაკეთებას ცდილობს, რათა მისი თვითშეფასება ნორმაში მოვიდეს. მერე ეს ბავშვები სკოლაში ხვდებიან, სადაც, რბილად რომ ვთქვათ, არაჯანსაღი გარემოა. წლებია ამ პრობლემების შესახებ ვიცით, მოწმენდილ ცაზე ხომ არ მომხდარა? ეს პრობლემა მარტო ბავშვებში არაა, ოჯახებში, მასწავლებლებში და ზოგადად, ქვეყანაშია აგრესია დაგროვილი. ქვეყანაში აგრესიას კი უიმედობა ბადებს. დაგროვილი ბოღმით გავზარდეთ ბავშვები და მივიღეთ ის, რაც მივიღეთ,“ – ამბობს ტაბუციძე.

ოჯახს გადამწყვეტ როლს აკისრებს ფსიქოლოგი სოფიო ტალახაძეც. ამბობს, რომ  ბავშვის ფსიქო-სოციალური განვითარება იწყება ოჯახში, სადაც მას უნდა გამოუმუშავდეს შინაგანი განცდა იმისა, რომ ის უყვართ, უსმენენ და შესაბამისად, თუკი მის აზრს ისმენენ ე.ი. ის მნიშნელოვანი პიროვნებაა. აცხადებს, რომ ამგვარი მიდგომით ბავშვს ჯანსაღი თვითშეფასება უყალიბდება და შესაბამისად, მოტივაციაც მაღალი აქვს საკუთარი პასუხისმგებლობის მიმართ.

„მაგრამ თუკი ბავშვს არ უსმენენ, ხშირად ამცირებენ და არცხვენენ, ბუნებრივია შედეგად ვიღებთ დაბალ თვითშეფასებას, რომლის ნიადაგზეც უყალიბდება აგრესიული განწყობა, როგორც საკუთარი თავის, ისე სამყაროს მიმართ,“ – აღნიშნავს ფსიქოლოგი.

მისივე თქმით, მოზარდში არ უნდა გამოგვეპაროს მაღალი აგრესიულობა. მომატებული აგრესიის დროს  ნელ-ნელა ყალიბდება დევიაციური (ნორმიდან გადახრილი) ქცევა, ხოლო მისი შორს წასული ფორმა თავისთავად  არის კრიმინალური, მაზოხისტური ან სადისტური გამოვლენა.

„მნიშვნელოვანია იმის გააზრება, რომ ბავშვის პიროვნულ აღზრდაში თანაბარი როლი აკისრია, როგორც ოჯახს, ისე ბაღსა და სკოლას, ანუ იმ გარე ფაქტორებს, რის წინაშეც  მოზარდი დგება.  ამიტომ გასათვალისწინებელია, რომ თითოეულ  აღსაზრდელში უნდა ვეძებდეთ მათ რესურსს, უნარს  და ნიჭს. როდესაც  სწორად ვითარდება მოზარდი, მეტია მასში ტოლერანტობა და ნაკლებია სხვისი დაჩაგვრის სურვილი,“ – დასძენს იგი.

გართობიდან  ძალადობამდე

აღარავინ უარყოფს იმას, რომ კომპიუტერის არასწორი მოხმარება ბავშვს მრავალმხრივ ზიანს აყენებს. თამაშები, რომლებიც თავიანთი შინაარსით აგრესიაზე არიან დაფუძნებულები და მათთან გატარებული ჭარბი დრო ისაა, რაც მოზარდს საკუთარ კვალს, დიდი ალბათობით, დაამჩნევს.

თუმცა, ირინა ტაბუციძე არც იმას გამორიცხავს, რომ ზოგ შემთხვევაში ეს კვალი არა უარყოფითი, არამედ დადებითიც კი იყოს.

„თუ ბავშვი თამაშებს ზომიერ დროს უთმობს – 1 საათი მშობლის კონტროლის ქვეშ, მაშინ ამაში საფრთხე არაფერია. პირიქით, შესაძლოა ამ თამაშებს დადებითი როლიც კი ჰქონდეთ, თუკი ბავშვი თავის აგრესიას ამ თამაშში გამოავლენს, იქ დაიხარჯება და აქ დატოვებს უარყოფით ემოციას, რაც გარეთ შეიძლებოდა გაეტანა. ასე რომ, ასეთი თამაშები და  ფილმები ზოგჯერ კათარზისის როლსაც კი ითავსებს.

„ძირითადად კი, რა თქმა უნდა, ცუდ გავლენას ახდენს. ბავშვი, რომელიც თამაშშია ჩართული, საკუთარ თავს მთავარ გმირთან აიგივებს. ანუ, წარმოიდგენს, რომ ყველაფერს თვითონ აკეთებს. როცა მშობელს არასოდეს სცალია და ბავშვისათვის თამაშები ერთადერთი გასართობია, შეიძლება  დღეში 5-6 საათს კომპიუტერთან ატარებდეს. ეს რომ მის ფსიქიკაზე დადებით გავლენას არ მოახდენს, მარტივად გასაგებია,“ – აღნიშნავს იგი.

მისივე თქმით, ბავშვი რომ არც იყოს დაინტერესებული თამაშებით, მას მაინც უწევს ფეხის ხმას აყვეს, რადგან როდესაც თამაში მოდური ხდება და სკოლაში მას ყველა თამაშობს, ის ჩამორჩენილად აღიქმება. ამიტომ ისიც ერთვება.

რაც შეეხება იმას, თუ როდის უნდა მიხვდეს მშობელი, რომ მისი შვილი დასაშვებ ზღვარს გადადის და როდის უნდა ატეხოს განგაში, ფსიქოლოგი ამბობს, რომ ამის კონტროლი დაბალი ასაკიდანაა აუცილებელი, რადგან 16-17 წლის მოზარდთან განგაშის ზარები აღარ იმუშავებს.

იმისათვის, რომ დაგვიანებული არ აღმოჩნდეს, ტაბუციძის თქმით, ბავშვი პატარა ასაკიდანვე მაქსიმალურად დატვირთული იყოს მისთვის საინტერესო საქმით. სკოლა, მისი აზრით, დღევანდელ ბავშვებს საინტერესოს ბევრს ვერაფერს სთავაზობს. არც პროგრამებია ბავშვებისათვის მომხიბვლელი და ხშირ შემთხვევაში ვერც პედაგოგები აკმაყოფილებენ თანამედროვე ბავშვების ინტერესებს.

„სახელმწიფომ სკოლებს მაინც უნდა მიაბას უფასო სექციები, რომლებშიც ბავშვები ჩაერთვებიან – ცეკვის, ხატვის, სიმღერის, ლიტერატურის და ა.შ. მესმის, რომ ამაში ყველა არ ჩაერთვება და 20 % გარეთ დაგვრჩეს, მაგრამ 80 % ხომ ჩაერთვება? არ შეიძლება 2 საათზე გააღო კარი და ყველა გარეთ გამოუშვა.

აგრესიის ნებისმიერი გამოვლინება – ეს იქნება კომპიუტერში არსებული, თუ ოჯახში  დანახული, სოფიო ტალახაძის თქმით, მოზარდზე ცუდად მოქმედებს. ფსიქოლოგი, არტთერაპევტი და ფსიქოსინთეზის სპეციალისტი ამბობს, რომ როდესაც ბავშვი ვირტუალურ სამყაროს ეჯაჭვება, შესაძლოა რეალურ ცხოვრებაში არარის სწორად რეალიზებული და ამ საკითხს  ინდივიდუალური გამოკვლევა სჭირდება.

იგი იზიარებს მოსაზრებას,  რომ როცა მშობელი ამ პრობლემის წინაშე დგება, აუცილებელია, რომ კომპიუტერი რაიმე სასარგებლო საშუალებით  ჩაუნაცვლოს.

„მკაცრი ზომებით პირდაპირი აკრძალვა  მაღალი რისკია იმისა, რომ ფანტაზიაში გააგრძელოს პიროვნული რეალიზება. ამიტომ აუცილებელია, რომ მშობელს მუდმივად ჰქონდეს შვილთან დიალოგი სხვადასხვა საკითხზე, მისთვის აქტუალურ თემებზე. ამგვარი ურთიერთობა, თავის მხრივ, ემოციურ კონტაქტსაც უზრუნველყოფს მშობელსა და შვილს შორის, რაც მნიშვნელოვანია ბავშვის ჯანსაღად ჩამოყალიბებაში.

„აგრესიის შორს წასული ფორმები  მარტივი შესამჩნევია სპეციალისტის გარეშეც, მაგრამ თუკი ბავშვს აღენიშნება მომატებული შფოთვა, ჩაკეტილობა, გაღიზიანება, თუნდაც გაფანტული გონება, სასურველია მიმართონ ფსიქოლოგს. რადგან ბავშვი მსხვერპლად ყალიბდება თუ აგრესორად, საბოლოოდ ორივე ერთნაირად მტკივნეულ შედეგამდე მიდის,“ – დასძენს ტალახაძე.

შეგახსენებთ, რომ ზემოთხსენებული გახმაურებული ფაქტების შემდეგ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების და შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ შექმნილი უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფის გადაწყვეტილებით, სკოლების მონიტორინგის პროცესში საპატრულო პოლიცია ჩაერთვება, თუმცა მხოლოდ დროებით.

მოძალადის და მსხვერპლის პორტრეტები ქართულ სკოლაში

სკოლა – ბულინგის სივრცე

როგორ უნდა მოხდეს ძალადობის პრევენცია სკოლაში

მოამზადა ნინო თაბუკაშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური