GE

რომელ სტუდენტებს მიენიჭებათ განსხვავებული უფლებები მობილობისა და სტატუსის შეჩერებისას – საკანონმდებლო ინიციატივა

საქართველოს პარლამენტი უმაღლესი განათლების შესახებ ახალ საკანონმდებლო ინიციატივას განიხილავს, რომელიც ზოგიერთი სტუდენტისთვის მობილობისა და სტატუსის შეჩერების მომენტში განსხვავებულ მიდგომებს დაამკვიდრებს. ინიციატივა საკანონმდებლ ორგანოში თებერვლის თვეში დარეგისტრირდა და მისი ავტორები არიან საქართველოს პარლამენტის წევრები: ირაკლი ბერაია, რატი იონათამიშვილი, ალექსანდრე ტაბატაძე, ეკა სეფაშვილი, გიორგი ამილახვარი, ვლადიმერ ჩაჩიბაია და თამარ ტალიაშვილი.

როგორც კანონპროექტის განმარტებით ბარათში ვკითხულობთ, არსებობს პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი. კერძოდ, თავდაცვის და უსაფრთხოების სექტორის კვალიფიციური პერსონალით დაკომპლექტების, აღნიშნული პროცესის უწყვეტობისა და მდგრადობის მნიშვნელობიდან, ასევე საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივად ხარჯვის აუცილებლობიდან გამომდინარე, მიზანშეწონილია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სამხედრო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკადემიური უმაღლესი განათლების პირველი და მეორე საფეხურის სტუდენტებისათვის მოქმედი კანონმდებლობისგან განსხვავებული უფლებების დადგენა, მობილობასა და სტუდენტის სტატუსის შეჩერებასთან დაკავშირებით.

პროექტის თანახმად, ცვლილება შედის „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 43-ე მუხლში (სტუდენტის უფლებები) და განსხვავებულად რეგულირდება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სამხედრო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტის მობილობისა და სტატუსის შეჩერების საკითხები. კერძოდ:

როგორი იქნება მობილობისა და სტატუსის შეჩერების პროცედურა ამ სტუდენტებისთვის:

– სამხედრო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტს სტატუსის შეჩერების უფლება ექნება, უცხო ქვეყანაში, თავდაცვის სამინისტროს სისტემის მიერ წარგზავნის შემთხვევაში სამხედრო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვისას; აკადემიური უმაღლესი განათლების მეორე საფეხურზე, იმ შემთხვევაში თუ სტუდენტის სტატუსის შეჩერების აუცილებლობა ინიცირებული იქნება იმ ადმინისტრაციული ორგანოსაგან, რომელშიც სწავლის პერიოდში დასაქმებულია სტუდენტი; ასევე სტატუსის შეჩერების უფლებით სარგებლობის შესაძლებლობა მიეცემა ორსულობის, მშობიარობის, ბავშვის მოვლისა ან/და სამხედრო მოსამსახურის სტატუსის მქონე სტუდენტს ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში – სამხედრო სამსახურისათვის შეუსაბამობის დადგენის საფუძველზე.

– სამხედრო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტს მობილობით სარგებლობის უფლება ექნება ასევე, საგამონაკლისო შემთხვევაში – ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, როდესაც იგი ვეღარ შეძლებს დააკმაყოფილოს სამხედრო მოსამსახურისათვის დადგენილი ჯანმრთელობის მდგომარეობის მოთხოვნები. გარდა ამისა, სახელმწიფო ინტერესების გათვალისწინებით, პირს რომელიც სწავლობს უმაღლესი განათლების მეორე საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამაზე, ადმინისტრაციული ორგანოდან გათავისუფლების შემთხვევაში, მიზანშეწონილია შეუწყდეს სტუდენტის სტატუსი შემდგომი მობილობის გამოცხადების შემდეგ, ვინაიდან პროგრამის მიზნობრიობა კარგავს არსებით მნიშვნელობას და სახელმწიფოს მიერ გაღებული ფინანსური და მატერიალური რესურსი ვერ იქნება შედეგის მომტანი იმ სახელმწიფო დაწესებულებებისათვის, რომელმაც წარადგინა პირი აკადემიის სამაგისტრო პროგრამაზე სასწავლებლად.

აღსანიშნავია, რომ ახალი კანონის დამტკიცების შემდეგ მისი მოქმედება დღევანდელ სტუდენტებზეც გავრცელდება: “აღნიშნული ნორმების მოქმედება გავრცელდება მათი ამოქმედების შემდგომ სამხედრო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხულ სტუდენტებზე”, – წერია განმარტებით ბარათში.

როგორც ინიციატორები განმარტავენ, სტუდენტის მობილობისა და სტატუსის შეწყვეტის უფლებასთან დაკავშირებით კანონის ცვლილებაზე მუშაობისას შესწავლილია რამდენიმე ქვეყნის პრაქტიკა და ესენია – ლიეტუვა, საფრანგეთი, ჩეხეთი, ამერიკა.

პარლამენტის სხდომაზე კანონპროექტის გატანა 2022 წლის თებერვლის ბოლომდეა დაგეგმილი.

საბიუჯეტო ნაწილისა და იმის შესახებ თუ რომელი სასწავლებლის სტუდენტებზე აისახება ცვლილებები იხილეთ დოკუმენტში.

ასევე იხილეთ:

„მრავალწლიანი დაფინანსება 3 კონკურენტუნარიანი უნივერსიტეტისთვის“ – რა წერია განათლების სტრატეგიაში უმაღლესების მართვა-დაფინანსებაზე

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური