„მრავალწლიანი დაფინანსება 3 კონკურენტუნარიანი უნივერსიტეტისთვის“ – რა წერია განათლების სტრატეგიაში უმაღლესების მართვა-დაფინანსებაზე
„უმაღლესი განათლების მიმართულებით რეფორმები ორიენტირებული იქნება რესურსების უფრო ეფექტიან გამოყენებასა და ინსტიტუციური ავტონომიის გაძლიერებაზე, დაბალანსებული და ქმედითი ანგარიშვალდებულების მექანიზმების განვითარებაზე, რაც უზრუნველყოფს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ სტუდენტების, შრომის ბაზრის, ეკონომიკისა და ფართო საზოგადოების საჭიროებებისა და მოთხოვნების დაკმაყოფილების ხარისხს“, – ვკითხულობთ 2022-2032 წლების განათლების ერთიან სტრატეგიაში, რომლის საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცება-არდამტკიცების შესახებ ინფორმაციას EDU.ARIS.GE მომდევნო ინფორმაციაში გაგიზიარებთ.
2021 წლის მიწურულს გასაჯაროებული სქელტანიანი დოკუმენტის ავტორთა განმარტებით, განათლებისა და მეცნიერების სისტემის მესამე ძირითად სტრატეგიულ მიზანს, ქვესათაურით – მართვა, დაფინანსება და ანგარიშვალდებულება), წარმოადგენს ძლიერი ავტონომიური საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების განვითარების მხარდაჭერა. უფრო ზუსტად კი, უნდა განხორციელდეს დაწესებულებების სათანადო რესურსების და დაფინანსების უზრუნველყოფის ხელშეწყობა და დამკვიდრდეს მართვისა და ანგარიშვალდებულების მექანიზმები. ავტორები წერენ, რომ მართვის, დაფინანსებისა და ანგარიშვალდებულების ეფექტიანი მექანიზმების შექმნა წარმოადგენს განათლების სისტემის ყველა საფეხურისა და ასევე სამეცნიერო-კვლევითი და ინოვაციური სისტემების განვითარების ძირითად მიზანს. უფრო კონკრეტულად კი, რას ნიშნავს ეს ჩანაწერი უმაღლესი განათლების მიმართულებით, დოკუმენტში ახსნილია, რომ:
„რეფორმის განხორციელების ერთ-ერთ მთავარ ინსტრუმენტს წარმოადგენს უმაღლესი განათლების დაფინანსების მოდელის ცვლილება შედეგებზე დაფუძნებული დაფინანსების კომპონენტით, რაც ხელს შეუწყობს ინსტიტუციური და ინდივიდუალური მიღწევების გაუმჯობესებას. 2032 წლისთვის განხორციელდება უმაღლესი განათლების სისტემის რესტრუქტურიზაცია და ოპტიმიზაცია ხარისხის უზრუნველყოფის გაუმჯობესებული მექანიზმებისა და ანგარიშვალდებულების დაბალანსებული სისტემის საშუალებით.
„ზოგიერთი ასეთი მექანიზმი შეიძლება მოიცავდეს ინსტიტუციური თანამშრომლობის გაღრმავების სტიმულირებას (ციფრული თანამშრომლობის ჩათვლით): ინსტიტუციონალურ სპეციალიზაციას, უმაღლესი განათლების სისტემის რესტრუქტურიზაციას, სექტორის კონსოლიდაციას და შერწყმას, დაინტერესებულ მხარეებთან თანამშრომლობისას და ზოგადად, საზოგადოებისა და ეკონომიკის შემდგომი განვითარებისთვის“.
დოკუმენტის ავტორები თვლიან, რომ წინგადადგმული ნაბიჯი იქნება უმაღლესი განათლების ყოვლისმომცველი რეფორმის ფარგლებში მთავრობის მიერ პროცესის კონსოლიდაცია და ინსტიტუციების ნებაყოფლობითი შერწყმის ფინანსური მხარდაჭერა. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების დივერსიფიცირებისა და მათი საქმიანობის პროფილის გაფართოების მიზნით მთავრობამ ასევე უნდა გადადგას ნაბიჯები უმაღლესი პროფესიული განათლების სექტორში კარიერაზე ორიენტირებული პროგრამების შესამუშავებლად, რომლებიც შესაბამისობაში იქნება შრომის ბაზრის საჭიროებებთან და სწავლა-სწავლების სფეროში ინოვაციურ მიდგომებთან.
„ეს მიმართულება გახდება დაფინანსების პროგრამის ერთ-ერთი ძირითადი სამიზნე და მომდევნო ათი წლის განმავლობაში უმაღლესი განათლების მსურველთა მნიშვნელოვან რაოდენობას (მინიმუმ 20%-ს) მიიღებს“, – წერია სტრატეგიაში.
მრავალწლიანი დაფინანსება 3 უნივერსიტეტისთვის
სტრატეგიის დოკუმენტიდან ვიგებთ კიდევ ერთ საინტერესო ამბავს, რომელიც ჯერ არსად გაჟღერებულა: „დაფინანსების პირველი ეტაპის ბოლოს, დამატებით მრავალწლიანი დაფინანსების მიღების მიზნით, საერთაშორისო ექსპერტული შეფასების ფარგლებში შეირჩევა საერთაშორისო დონეზე კონკურენტული უნივერსიტეტები (არაუმეტეს 3), რომლებიც ინტენსიურ სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას ეწევიან და მაღალი ხარისხის კვლევების განხორციელების დიდი პოტენციალით გამოირჩევიან.
გარდა ამისა, დაგეგმილია წახალისდეს უმაღლესი სასწავლებლების მიერ მმართველობით ორგანოებში დაინტერესებული მხარეების ჩართვა, რაც სტრატეგიის შემმუშავებელთა აზრით, დაეხმარება მათ შრომის ბაზრისა და საზოგადოების სწრაფად ცვალებადი საჭიროებების უკეთესად აღქმაში.
რისკების ანალიზის მეთოდის შემოტანა და მოლოდინები კლასტერული აკრედიტაციისაგან
დოკუმენტის ავტორები პოზიტიურ ჭრილში შეგვახსენებენ, რომ გაგრძელდება უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სტანდარტების დაახლოება ევროპულ სტანდარტებთან, ასევე სახელმწიფო უნივერსიტეტების მხარდაჭერა ხარისხის უზრუნველყოფის შიდა სისტემების რეორგანიზაციისა და ძვირადღირებული სისტემების ოპტიმიზაციის შესაძლებლობის გაძლიერებისთვის.
„საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციასთან დაკავშირებული გამოწვევებისა და ხარჯების გათვალისწინებით, განვითარდება რისკების ანალიზის მეთოდზე დაფუძნებული ხარისხის უზრუნველყოფის სისტემები და დაინერგება ერთობლივი პროგრამების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული მიდგომები. კლასტერული აკრედიტაციის ამოქმედებით, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებები, ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოზე დაყრდნობით, შეძლებენ ერთობლივად რამდენიმე საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის მიღებას ინდივიდუალური საგანმანათლებლო პროგრამების ნაცვლად, შედარებით მოკლე დროის პერიოდში, ნაკლები ადამიანური და ფინანსური რესურსების გამოყენებით“, – წერია მესამე სტრატეგიულ მიზანში.
უმაღლესში ჩარიცხვის სისტემის რეფორმირება
დოკუმენტიდან ვიგებთ იმასაც, რომ მთავრობა ასევე ხელს შეუწყობს უმაღლესი განათლების სისტემის ავტონომიურობისა და შესაძლებლობების გაძლიერებას უმაღლესი განათლების მარეგულირებელი კანონმდებლობის რეფორმირებისა და შესაძლო ბარიერების აღმოფხვრის გზით. აი როგორ:
„აღნიშნული ასევე მოიცავს უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხვის სისტემის რეფორმირებას, რაც უმაღლეს დაწესებულებებს შესაძლებლობას მისცემს, უფრო აქტიური როლი შეასრულონ სტუდენტების შერჩევის პროცესში.
„ინსტიტუციურ დონეზე მართვისა და ხელმძღვანელობის გაძლიერება კი უზრუნველყოფს სხვადასხვა რეფორმის შედეგად წარმოშობილი ორგანიზაციული გამოწვევების წარმატებით დაძლევას. დასასრულს, სისტემის დონეზე მართვისა და ინსტიტუციური მენეჯმენტის მხარდაჭერა განხორციელდება ღია წვდომის მონაცემთა სისტემების განვითარებისა და მონაცემთა შეგროვების, გაზიარებისა და დიგიტალიზაციის მეშვეობით. ასევე, იმ მექანიზმების განახლების მეშვეობით, რომლებიც უზრუნველყოფს ინფორმაციის სინქრონიზაციის, მონაცემთა ანალიზის შესაძლებლობათა გაძლიერებასა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში მტკიცებულებების გამოყენებას“, – გვიწერენ განათლების მრავალწლიან სტრატეგიაში.
სტრატეგიის შინაარსს თუ დავუჯერებთ, განათლების, მეცნიერების, კვლევისა და ინოვაციების სისტემების სფეროში არსებული მიღწევებისა და გამოწვევების სიტუაციურ ანალიზზე დაყრდნობით, მთავრობამ განსაზღვრა სამი სტრატეგიული მიზანი, რომელიც მიმართულია განათლების ხარისხისა და რელევანტურობის, თანასწორობის, ინკლუზიის და მრავალფეროვნების, აგრეთვე მმართველობის, დაფინანსებისა და ანგარიშვალდებულების სისტემების გაუმჯობესებისკენ. სწორედ ამ მიზნებს დაეფუძნება ის რეფორმები და ინიციატივები, რომლებიც უნდა განხორციელდეს სისტემაში 2022-2032 წლებში.
ასევე იხილეთ:
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება
- საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 2 056.7-ლარამდე გაიზარდა – განათლების სექტორის მაჩვენებელი 2024 წლის III კვარტალში by ARIS.GE-განათლება
- 500, 400 და 300 ლარი – ცნობილია წარმატებული სტუდენტების წახალისებისა და სტუდენტთა სოციალური დახმარების ოდენობები ერედვის 2025 წლის ბიუჯეტში by ARIS.GE-განათლება