GE

რომელი 400 სკოლა იწყებს „კომპიუტერული ტექნოლოგიების“ პილოტირებას და ვინ ასწავლის ამ საგანს – ახალი დეტალები

2020-2021 სასწავლო წლის მეორე სემესტრიდან, საჯარო სკოლებში საგნის „კომპიუტერული ტექნოლოგიები“ პილოტირების დაწყების შესახებ EDU.ARIS.GE-სთვის ახალი დეტალები გახდა ცნობილი.

როგორც ირკვევა, საგნის „კომპიუტერული ტექნოლოგიები“ პილოტირება დაიწყება „ახალი სკოლის მოდელში“ ჩართულ 400-მდე ქართულენოვან სკოლაში.

განათლების სამინისტრო სკოლებს აწვდის ინფორმაციას იმის შესახებაც, რომ უწყების ჩართულობა, საჭიროების შემთხვევაში, საგნის დანერგვის პროცესში დაფინანსების კუთხითაც იქნება და განმარტავს ვინ იქნება მასწავლებელი, ასევე სკოლის დამხმარე ამ მიმართულებით.

აი რა არის ცნობილი ამ მომენტისთვის:

2020-2021 სასწავლო წლის მეორე სემესტრიდან (იანვრიდან) საგნის „კომპიუტერული ტექნოლოგიები“ პილოტირება დაიწყება „ახალი სკოლის მოდელში“ ჩართულ 400-მდე ქართულენოვან სკოლაში.

ქართულენოვან სკოლებს შეეძლებათ „კომპიუტერული ტექნოლოგიების“ შეტანა II, III და IV კლასებიდან რომელიმეში ან სამივეში.

საგნის სწავლებას უზრუნველყოფს შესაბამისი საგნობრივი ჯგუფის მასწავლებელი.

საგნის სწავლების დაფინანსების დეფიციტის შემთხვევაში, მომართვის საფუძველზე, სუბსიდირებას განახორციელებს სამინისტრო.

საგნის დანერგვაში „ახალი სკოლის მოდელში“ ჩართული სკოლების მასწავლებლებს დაეხმარებიან ტექნოლოგიების ქოუჩები, რომლებიც უკვე მუშაობენ აღნიშნულ სკოლებში.

გარდა ამისა, როგორც განათლების სამინისტრო განმარტავს, ამასთანავე გაცნობებთ, რომ ნებისმიერ ქართულენოვან სკოლას, (რომელიც არ არის ჩართული ახალი სკოლის მოდელში ავტ.) სურვილის შემთხვევაში, უფლება აქვს მეორე სემესტრიდან საათობრივ ბადეში შეიტანოს „კომპიუტერული ტექნოლოგიები“ და დაიწყოს მისი სწავლება II, III და IV კლასებიდან რომელიმე ან სამივე კლასში.

როგორც სამინისტროს სკოლამდელი და ზოგადი განათლების განვითარების დეპარტამენტი განმარტავს, სკოლების მხარდაჭერის მიზნით, იგეგმება ვებინარების და ონლაინ შეხვედრების ციკლი, რომლის დროსაც ყველა დაინტერესებულ მასწავლებელს შეეძლება მიიღოს დამატებითი ინფორმაცია საგნის სტანდარტისა და სასწავლო რესურსების შესახებ.

“სკოლამდელი და ზოგადი განათლების განვითარების დეპარტამენტის ექსპერტების მიერ შემუშავდა კომპიუტერული ტექნოლოგიების სწავლების ახალი კონცეფცია, რომლის მიხედვითაც II, III და IV კლასებში საგანი „კომპიუტერული ტექნოლოგიები“ შედის. აქამდე არსებული სტანდარტის მიხედვით, საგანი „ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები“ (ისტ) გათვალისწინებული იყო მხოლოდ I (არჩევითი), V და VI კლასის სასწავლო ბადეში. განხორციელებული ცვლილების შედეგად, დაწყებითი საფეხურის II, III და IV კლასებში საგანი „კომპიუტერული ტექნოლოგიები“ 1-საათიანი კვირეული დატვირთვით დაემატება, რაც სწავლების თანამედროვე მოთხოვნებიდან გამომდინარე, უზრუნველყოფს აღნიშნული საგნის უწყვეტ სწავლებას დაწყებით საფეხურზე”, – განმარტავენ დეპარტამენტში.

2020-2021 სასწავლო წლის მეორე სემესტრიდან სკოლებში საგნის „კომპიუტერული ტექნოლოგიები“ პილოტირება დაიწყება – ვის შეეხება საგანი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური