GE

რატომ გვაქვს ისევ მნიშვნელოვანი ჩამორჩენა, თუ საქართველოში დაბალი მიღწევის მქონე მოსწავლეთა წილი შემცირდა? – რას წერს განათლების ეროვნული კვლევების ცენტრი

საქართველოს პრემემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ საქართველომ PISA 2025-ის კვლევაში მნიშვნელოვან წინსვლას მიაღწია და „კვლევის მიხედვით, საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში შედეგების გაუმჯობესების თვალსაზრისით საქართველო მონაწილე 91 ქვეყანას შორის პირველ ადგილს იკავებს, ხოლო მათემატიკასა და საბუნებისმეტყველო საგნებში ბოლო ათწლეულის საუკეთესო მაჩვენებელი გვაქვს“.

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული, საგანმანათლებლო კვლევების ეროვნული ცენტრი, კი რომელიც მოსწავლეთა შეფასების საერთაშორისო პროგრამა PISA 2025 პირველად მონაცემებს ეყრდნობა განმარტავს, რომ მიღწევის ზრდა, ძირითადად, დაბალი მიღწევის მქონე მოსწავლეთა წილის შემცირებით არის განპირობებული, მაგრამ საქართველოს მოსწავლეთა მიღწევები კვლავ მნიშვნელოვნად ჩამორჩება OECD ქვეყნების საშუალო მაჩვენებლებს ყველა ძირითად სფეროში.

“დაბალი მიღწევის ჯგუფში მოსწავლეთა წილი მნიშვნელოვნად შემცირდა, ხოლო მაღალი მიღწევის ჯგუფში – ძირითადად უცვლელი დარჩა”, –წერს საგანმანათლებლო კვლევების ეროვნული ცენტრი კვლევის შედეგებზე დაყრდნობით.

„საქართველოში, კითხვაში მაღალი მიღწევის მქონე მოსწავლეთა კატეგორიაში თითქმის არავინ იმყოფება“ – რა იციან და რა შეუძლიათ ჩვენს მოსწავლეებს (PISA 2025)

როგორ აჯამებს საგანმანათლებლო კვლევების ეროვნული ცენტრი PISA 2025-ის პირველად მონაცემებს საქართველოს კონტექსტში და რა გამოსავალს ხედავს შედეგების გაუმჯობესებისთვის:

“საქართველოს განათლების სისტემაში ბოლო ათწლეულის განმავლობაში მოსწავლეთა მიღწევებში პოზიტიური ცვლილებები შეინიშნება. 2022 წელთან შედარებით მოსწავლეთა საშუალო შედეგები გაუმჯობესდა როგორც მათემატიკაში, ისე კითხვასა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში, ხოლო 2015-2025 წლების ჭრილში მათემატიკასა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში ბოლო ათწლეულის ფარგლებში საუკეთესო შედეგები დაფიქსირდა. ამასთანავე, მიღწევის ზრდა, ძირითადად, დაბალი მიღწევის მქონე მოსწავლეთა წილის შემცირებით არის განპირობებული.

დადებითი დინამიკის მიუხედავად, საქართველოს მოსწავლეთა მიღწევები კვლავ მნიშვნელოვნად ჩამორჩება OECD ქვეყნების საშუალო მაჩვენებლებს ყველა ძირითად სფეროში. განსაკუთრებით საყურადღებოა კითხვის მიმართულება, სადაც მოსწავლეთა უმრავლესობა კვლავ ვერ აღწევს მიღწევის საბაზო საფეხურს. ასევე, შეფასების ახალ სფეროში – პრობლემების გამოთვლითი მეთოდებით გადაჭრა – მიღებული შედეგები ცხადყოფს, რომ ციფრულ ეპოქაში აუცილებელი კომპეტენციების განვითარება საქართველოსთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმდინარე გამოწვევას წარმოადგენს.

განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს სქესის მიხედვით გამოვლენილი განსხვავებები. საქართველოში, ისევე როგორც PISA-ში მონაწილე ქვეყნების უმეტესობაში, ბიჭები განსაკუთრებით ჩამორჩებიან გოგონებს კითხვაში. საქართველოს შედეგების თანახმად, საბუნებისმეტყველო მეცნიერებებშიც გოგონები ბიჭებზე უკეთეს შედეგებს აჩვენებენ. იმის გათვალისწინებით, რომ კითხვის კომპეტენცია ყველა სფეროში წარმატებული სწავლის საფუძველს წარმოადგენს, ამ მიმართულებით დაბალი მიღწევები შეიძლება მომავალში უარყოფითად აისახოს მოსწავლეების აკადემიურ და პროფესიულ წარმატებაზე.

ქვეყნის შიგნით, სკოლის მახასიათებლების მიხედვით განსხვავებები მოსწავლეთა მიღწევებში ბოლო ციკლების განმავლობაში შემცირდა, რაც, ძირითადად, სოფლის სკოლების მოსწავლეთა მიღწევის საშუალო მაჩვენებლების ზრდით არის განპირობებული. ამ პოზიტიური ტენდენციის ფონზე კვლავ მნიშვნელოვანი განსხვავებები არსებობს საჯარო და კერძო სკოლის მოსწავლეთა საშუალო შედეგებს შორის – კერძო სკოლების მოსწავლეთა მიღწევები OECD-ის საშუალო მაჩვენებლებს უახლოვდება, მაშინ როდესაც საჯარო სკოლის მაჩვენებელი ამ ნიშნულს მნიშვნელოვნად ჩამორჩება. ასევე, ყველა სფეროში განსაკუთრებით დაბალი შედეგები ფიქსირდება აზერბაიჯანულენოვან სკოლებში.

თანასწორობის ინდიკატორების ზოგადი ანალიზი მიუთითებს, რომ საქართველოში სოციოეკონომიკური სტატუსის გავლენა მოსწავლეთა მიღწევებზე შედარებით სუსტია OECD-ის ქვეყნებთან შედარებით, თუმცა ეს მაჩვენებელი მიღწევის მაჩვენებელთან კომბინაციაში უნდა განვიხილოთ. 2025 ციკლშიც (სხვა ციკლების მსგავსად) საქართველოს მოსწავლეთა შედეგები კვლავ დაბალია, რაც იმას ნიშნავს, რომ თანასწორობის მაღალი მაჩვენებლების მიუხედავად, ხარისხიანი განათლების ხელმისაწვდომობა მთლიანობაში ქვეყნისათვის კვლავ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება.

PISA 2025-ის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სიახლეა სწავლის გამოცდილების მრავალგანზომილებიანი მოდელი, რომელიც მოსწავლის მიღწევებს ინდივიდუალური მახასიათებლების, სასწავლო გარემოსა და ოჯახის და სკოლის მხარდაჭერის ურთიერთქმედების შედეგად განიხილავს. საქართველოს მონაცემები ამ მიმართულებით არაერთგვაროვან სურათს წარმოაჩენს.

ერთი მხრივ, მოსწავლეები შედარებით დადებითად აფასებენ სასკოლო კლიმატს, საკუთარი შესაძლებლობების განვითარების პერსპექტივებსა და კოგნიტურ ადაპტურობას. მეორე მხრივ, შედარებით დაბალია სწავლისადმი შინაგანი მოტივაცია, ცნობისმოყვარეობა, შეუპოვრობა და ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებისთვის სკოლის მზაობა. ეს შედეგები მიუთითებს, რომ მოსწავლეთა კომპეტენციების განვითარებისთვის მხოლოდ სასწავლო პროგრამების სრულყოფა საკმარისი არ არის – აუცილებელია ისეთი სასწავლო გარემოს შექმნა, რომელიც ერთდროულად გაზრდის მოსწავლეთა მოტივაციას სწავლისთვის, ხელს შეუწყობს თვითრეგულირებადი სწავლის ჩვევების ჩამოყალიბებას, ისევე როგორც კრიტიკული აზროვნებისა და ციფრული კომპეტენციების განვითარებას.

PISA 2025-ის შედეგების გამოქვეყნების შემდეგ მნიშვნელოვანია ამ პრიორიტეტული საკითხების ირგვლივ სასკოლო საზოგადოების დისკუსიების სერიის ხელშეწყობა. სასურველია, რომ რაოდენობრივი მონაცემები გამდიდრდეს მასწავლებლების და სკოლის ლიდერების რეფლექსიით – ამ გამოწვევების ნიუანსების და მათთან გამკლავების პრაქტიკის აღწერითი დოკუმენტებით, რომლებიც სერიების სახით დაერთვება PISA-ს ძირითად ანგარიშს. მასწავლებლებთან განსახილველ საკითხთა შორის მნიშვნელოვანია PISA-ს შეფასების ქვეგანზომილებების მიხედვით მოსწავლეთა გამოწვევებზე კოლექტიური რეფლექსია და რესურსების განვითარება იმ მიმართულებებით, სადაც მოსწავლეები ყველაზე მეტ სირთულეს აწყდებიან.

სკოლის ლიდერებთან მსჯელობისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს სკოლებში არაფორმალური განათლების შესაძლებლობების გაძლიერება და სასწავლო პროცესის ციფრული მხარდაჭერის უზრუნველყოფა”.

ასევე იხილეთ:

„საქართველოში, კითხვაში მაღალი მიღწევის მქონე მოსწავლეთა კატეგორიაში თითქმის არავინ იმყოფება“ – რა იციან და რა შეუძლიათ ჩვენს მოსწავლეებს (PISA 2025)

მოსწავლეთა შედეგები – „საქართველოში გოგონებს ბიჭებზე უკეთესი შედეგები აქვთ კითხვასა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში“ (PISA 2025)

ყველაზე დაბალი მაჩვენებლები დაკვირვების მთელი ისტორიის მანძილზე – PISA 2025 წლის შედეგები გამოქვეყნდა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური