საბავშვო ბაღების ავტორიზაციის პროცესმა 9 წლით გადაიწია – როდის დაიწყება და როგორია ავტორიზაციის გეგმა
საბავშო ბაღებისთვის ავტორიზაციის მიმნიჭებელი იცვლება. აქამდე ეს ფუნქცია ადგილობრივ თვითმმართველობებს ჰქონდათ მინიჭებული, თუმცა „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებების მიხედვით, მათი ავტორიზაციის პროცესი, უნივერსიტეტებისა და სკოლების მსგავსად, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა უნდა უზრუნველყოს. ამის გარდა, აღნიშნული პროცესი 9 წელზე გაიწერა.
საბავშვო ბაღებისთვის აკრედიტაციის მიღებისა და სკოლამდელი განათლების რეფორმაზე, 24 ნოემბერს, ზოგადი განათლების სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს შეხვედრაზე იმსჯელეს.
საბჭოს სხდომაზე ითქვა, რომ ქვეყანაში ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სეგმენტში მნიშვნელოვანი ეტაპი იწყება, რომელიც გულისხმობს ყველა იმ მექანიზმის დანერგვას, რაც აუცილებელია ბავშვის საუკეთესო ინტერესზე მორგებული სკოლამდელი განათლების უზრუნველსაყოფად.
პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა, „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ კანონსა და „ადგილობრივ თვითმმართველობის კოდექსში“ შესატანი ცვლილების პროექტებზე გაამახვილა ყურადღება.
მისი განცხადებით, კანონპროექტის მიღების შედეგად, ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების ავტორიზაცია 2021 წლის 31 დეკემბერს უნდა დასრულებულიყო, მაგრამ 2030 წლის 1 იანვრამდე გახანგრძლივდა. გარდამავალ პერიოდში კი, დაწესებულებათა ავტორიზაციის სისტემის დანერგვისას და განხორციელებისას, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი უფლებამოსილებების განხორციელების დროს ვალდებული იქნებიან, უზრუნველყონ მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების ან/და არასამეწარმეო იურიდიული პირის წარმომადგენლების ჩართულობა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების ავტორიზაციის, აგრეთვე, მისი შეჩერებისა და შეწყვეტის პროცესში დროებითი წესისა და პროცედურების შესაბამისად.
როგორც ცნობილია, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი წლებია ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის პროცესს მართავს.
შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ კანონპროექტის მიზანი საბავშვო ბაღების ავტორიზაციის პროცესის რამდენიმე ეტაპიან გეგმაში მოქცევა და პასუხისმგებელი ინსტიტუტების განსაზღვრაა. ახალი რეფორმა კი, უზრუნველყოფს საბავშვო ბაღებში ერთიანი სტანდარტის არსებობას აღზრდა-სწავლების, ინფრასტრუქტურის თუ კვების მხრივ.
დროში გაწერილი გეგმა ასეთია:
2022 წელს შეიქმნება საბავშვო ბაღების ელექტრონული ბაზა, სადაც ყველა საჯარო და კერძო ბაღი დარეგისტრირდება. ასევე შემუშავდება ავტორიზაციის სტანდარტები.
2023 წელს შეიქმნება თვითშეფასების ელექტრონული პლატფორმა და ყველა სკოლამდელი დაწესებულება გაივლის თვითშეფასების პროცესს ავტორიზაციის ახალი სტანდარტების მიხედვით.
2024 წელს განხორციელდება თვითშეფასებიდან მიღებული საჭიროებების ანალიზი და ბაღების მხარდაჭერა მათი საჭიროებების მიხედვით.
2025-2030 წლებში განხორციელდება ბაღების ეტაპობრივი ავტორიზაცია მათი მზაობიდან გამომდინარე გაწერილი გრაფიკის საფუძველზე.
ასევე იხილეთ:
განხორციელდება საბავშვო ბაღების პერსონალის ხელფასების ზრდა 100 ლარით
- რა აიკრძალება დეკემბრიდან „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებით by ARIS.GE-განათლება
- განათლების მინისტრს ახალი მოადგილეები ჰყავს – ბიოგრაფიები by ARIS.GE-განათლება
- „სააუდიტორიო და საგამოცდო პროცესი 1 დღით ვაკეში მდებარე კორპუსებში შეჩერდება“ – თსუ-ის ადმინისტრაცია by ARIS.GE-განათლება