„ხელფასების 10%-იანი ზრდა არასაკმარისია“ – რა თანხები ეთმობა განათლებასა და მეცნიერებას 2022 წლის ბიუჯეტის გადამუშავებულ ვარიანტში და რა იგეგმება
საქართველოს მთავრობის მიერ გადამუშავებული 2022 წლის ბიუჯეტი საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით უკვე განიხილეს.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის განცხადებით, რა თქმა უნდა, 2022 წელს დაგეგმილი საჯარო მოხელეების ხელფასების 10%-იანი ზრდა საკმარისი არ არის, თუმცა ფისკალური კონსოლიდაციიდან გამომდინარე, მომდევნო წელს მეტი რესურსის გამოყოფა სამწუხაროდ შეუძლებელია, მაგრამ ამ კუთხით მუშაობას მთავრობა აგრძელებს და ერთგვარი გარანტიების შემუშავება იგეგმება.
„წარმოდგენილ ბიუჯეტშივე განსაზღვრულია მთავრობისადმი დავალება, რომელიც გულისხმობს, რომ მომდევნო წელს პირველ ივნისამდე უნდა წარმოადგინოს საქართველოს მთავრობამ ძირითადი პრინციპები, რომლის მიხედვითაც საჯარო სექტორში ხელფასების ზრდა იქნება გარკვეულწილად მოწესრიგებული და მსგავსი რეგულაციის შემოღება იქნება გარანტია იმისა, რომ შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე საჯარო მოხელის ხელფასები ყოველწლიურად გაიზრდება ეკონომიკის განვითარების პროპორციულად“, – განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.
საქართველოს ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილის განცხადებით, რომელმაც ბიუჯეტის ახალი ვერსია დეპუტატებს წარუდგინა, 2022 წლს, განათლებისა და მეცნიერების დაფინანსებაზე 2 მილიარდ 91 მილიონი ლარი გამოიყოფა.
მათ შორის მუნიციპალიტეტების დაფინანსებით სკოლამდელ განათლებაზე მიიმართება 380 მილიონ ლარზე მეტი, რომლის ფარგლებშიც განხორციელდება საბავშვო ბაღების პერსონალის ხელფასების ზრდა 100 ლარით.
ზოგადი განათლების დაფინანსება შეადგენს 1 მილიარდ 360 მილიონ ლარს.
საჯარო სკოლებში სტატუსის მქონე მასწავლებლებისთვის დანამატის ზრდა გათვალისწინებულია 100 ლარის ოდენობით.
საჯარო სკოლებში ადმინისტრაციული პერსონალის ხელფასების ზრდა გათვალისწინებულია 10 პროცენტის ოდენობით.
სკოლის მანდატურების ხელფასების ზრდა გათვალისწინებულია 100 ლარის ოდენობით.
სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაციაზე დაიხარჯება დამატებით 160, 8 მილიონი ლარი.
პროფესიული განათლების დაფინანსებისთვის გამოყოფილი არის 119 მილიონი ლარი, მათ შორის პროფესიული კოლეჯების მშენებლობა-რეაბილიტაციისთვის მიიმართება 46 მილიონ ლარზე მეტი.
უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების დაფინანსება კი შეადგენს 232 მილიონ ლარს.
მინისტრის მიმართ დასმულ კითხვებში მოხვდა მასწავლებელთა ანაზღაურების საკითხიც, რომელიც საკმაოდ ჩამორჩება სასურველ ოდენობას, რაზეც დეპუტატებმა მიიღეს პასუხი, რომ პროცესი უნდა გაგრძელდეს.
“პედაგოგების ხელფასების საკითხს რაც შეეხება, სკოლებთან მიმართებაში, ჯამში ეს არის დაახლოებით 90 მილიონი ლარი, ბაღებთან მიმართებით კი, დაახლოებით 40 მილიონ ლარამდეა გათვალისწინებული. რა თქმა უნდა, ერთჯერადად როცა ეხება პრობლემა ამხელა მოცულობის თანხებს, საკმაოდ რთულია ერთჯერადად ამის გადაჭრა, თუმცა ჩვენ ვხედავთ დინამიკას რომ წლების განმავლობაში, გასულ წელსაც, პანდემიური წლის მიუხედავად, მასწავლებლებთან მიმართებით ხელფასებში ზრდები ფიქსირდება და ვფიქრობ, ეს ასე უნდა გავაგრძელოთ იქამდე, სანამ არ მივალთ იმ ოპტიმალურ ნიშნულამდე, რასაც ნამდვილად იმსახურებს განათლების სექტორი. განათლების სექტორის დაფინანსება არის გრძელვადიანად ეკონომიკური განვითარების აუცილებელი პირობა”, – დასძინა ფინანსთა მინისტრმა.
ასევე იხილეთ:
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება
- საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 2 056.7-ლარამდე გაიზარდა – განათლების სექტორის მაჩვენებელი 2024 წლის III კვარტალში by ARIS.GE-განათლება
- 500, 400 და 300 ლარი – ცნობილია წარმატებული სტუდენტების წახალისებისა და სტუდენტთა სოციალური დახმარების ოდენობები ერედვის 2025 წლის ბიუჯეტში by ARIS.GE-განათლება