GE

საჭირო იქნება თუ არა 12-15 წლის ქრონიკულ დაავადებათა მქონე ბავშვებში ბუსტერ დოზა – თამარ გაბუნიას განმარტება

ქრონიკული დაავადებების მქონე 12-15 წლის ბავშვებში კორონავირუსზე აცრის ორი დოზა იქნება საკმარისი და “ბუსტერის” გამოყენება მათ შემთხვევაში არ განიხილება. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ დღეს, 10 ოქტომბერს, ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის ეთერში ისაუბრა.

როგორც მინისტრის მოადგილე ამბობს, დელტა შტამის ბავშვებში გავრცელება საქართველოში 1%-ზე დაბალია და ავადობა მხოლოდ თანმხლები ქრონიკული დაავადებების მქონე შემთხვევებში დამძიმდა. შესაბამისად, 12-დან 15-წლამდე ასაკობრივ ჯგუფში, საწყის ეტაპზე იმ ბავშვების აცრის რეკომენდაცია გაიცა, რომლებისთვისაც კოვიდით ინფიცირება უფრო მაღალ სასიცოცხლო რისკს წარმოადგენს.

საკითხზე დამატებითი დაზუსტება დღეს ჯანდაცვის მინისტრმაც გააკეთა: „12-დან 15 წლამდე ბავშვებისთვის, ჩვენების მიხედვით, ვისაც აქვთ ქრონიკული დაავადებები, დღესაც არის დაშვებული, რომ აიცრან. სხვა ბავშვებთან დაკავშირებით, საბჭო დამატებით მიიღებს გადაწყვეტილებას. ჯერჯერობით, ეს გადაწყვეტილება საბჭოზე მიღებული არაა“, – აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.

შეგახსენებთ, რომ იმუნიზაციის საბჭოს 7 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, 12-იდან 15 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში მხოლოდ ქრონიკული დაავადებების მქონე ბავშვთა ვაქცინაციაა დაშვებული. ისინი “ფაიზერის” (Pfizer-BioNTech) ვაქცინით აიცრებიან.

რაც შეეხება “ბუსტერ” დოზას, იმუნიზაციის საბჭომ მის გამოყენებას მხარი დაუჭირა, მაგრამ მხოლოდ 50 წლის ზემოთ და ასევე ნებისმიერი ასაკის ქრონიკული დაავადებების მქონე, ან მაღალი რისკის პროფესიის ადამიანებში.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური