GE

საგანმანათლებლო დაწესებულებების ტერიტორიაზე ტყვიის შემცველობაზე მონიტორინგი გარემოს ეროვნულმა სააგენტომ დაიწყო

გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ ატმოსფერულ ჰაერში, წყალსა და ნიადაგში ტყვიის შემცველობის მონიტორინგი ძირითადად საბავშვო ბაღებისა და სკოლების მიმდებარე ტერიტორიებზე ხორციელდება. თბილისის შემდეგ სააგენტო რეგიონებში არსებულ მდგომარეობას შეისწავლის.

სპეციალისტები უკვე იმყოფებოდნენ ზესტაფონში მე-7 საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე და ამჟამად გურიის რეგიონის მონიტორინგი ხორციელდება.

„ამჟამად ვიმყოფებით ჩოხატაურის რაიონში, ავიღეთ სინჯები წყლისა და ჰაერის ძირითადად საბავშვო ბაღებისა და სკოლების ტერიტორიაზე. ადგილზე განისაზღვრა რამდენიმე პარამეტრი, ხოლო სინჯები გადაგზავნილია და რამდენიმე ხანში საზოგადოებას ვაცნობებთ მთლიანად შედეგების შესახებ”, – აცხადებენ გარემოს ეროვნულ სააგენტოში.

როგორც EDU.ARIS.GE – ს გარემოს ეროვნული სააგენტოდან აცნობეს, ქალაქ თბილისში ატმოსფერულ ჰაერში ტყვიის შემცველობის დასადგენად გასულ კვირას ჰაერის სინჯები აიღეს ქალაქის ოთხ ლოკაციაზე: დიდი დიღომი, იოანე პეტრიწის ქ.N7, საბავშვო ბაგა-ბაღთან ,,ნებიერი“; დიდი დიღომი, იოანე პეტრიწის ქ.N1, სკოლასთან ,,მთაწმინდელი“; დიდი დიღომი, იოანე პეტრიწის ქ.N15ა, N198 საბავშვო ბაღთან; დიდი დიღომი, იოანე პეტრიწის ქ.N9, სკოლასთან ,,ფესვები“.

ჰაერის სინჯები გაიგზავნა გარემოს ეროვნული სააგენტოს ლაბორატორიაში. ლაბორატორიული კვლევის შედეგად დადგინდა, რომ თბილისში ოთხივე ლოკაციაზე აღებულ სინჯებში ტყვიის შემცველობა არ აღემატებოდა დასაშვებ ნორმას.

გარემოს ეროვნული სააგენტო გარემოს დაბინძურების მონიტორინგს თბილისსა და რეგიონებში აგრძელებს. საქართველოს მასშტაბით, შერჩეულ ლოკაციებზე ატმოსფერული ჰაერის, ნიადაგისა და წყლის სინჯების აღება მიმდინარეობს და მიღებული კვლევის შედეგები გარემოს ეროვნული სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსდება.

აქვე აღსანიშნავია, რომ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ტყვიის დონის განსასაზღვრად, საქართველოში 2-დან 7 წლამდე ასაკის 1578 ბავშვი გამოიკვლიეს. მათგან 25%-ს სისხლში ტყვიის შემცველობის მცირედი, 16%-ს კი შედარებით მაღალი მატება დაუფიქსირდა.

ა.წ.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური