GE

„სამაგისტრო გამოცდების შედეგების მიხედვით ჩანს, რომ კონკურსანტები შედარებით რთულად ართმევენ თავს ლოგიკურ მსჯელობას“

2022 წლის საერთო სამაგისტრო გამოცდების განრიგი უკვე ცნობილია და 26-27 ივლისს უნდა ჩატარდეს. ზაფხულის ერთიანი ეროვნული გამოცდების დაწყებამდე მხოლოდ ერთი თვე დარჩა, საგამოცდო ციებ-ცხელება 4 ივლისიდან დაიწყება.

არავის გვიყვარს წინასაგამოცდო პერიოდი. მითუმეტეს მაშინ, როცა ბევრი პასუხგაუცემელი კითხვა გვაქვს. სწორედ ამიტომ, EDU.ARIS.GE მუდმივად ცდილობს, რომ ამ მნიშვნელოვან პერიოდში მაქსიმალურად დაეხმაროს გამოცდების ყველა მონაწილეს, იქნება ეს ეროვნული გამოცდა, საერთო სამაგისტრო თუ მასწავლებლების ტესტირება.

2022 წლის საერთო სამაგისტრო გამოცდაზე დარეგისტრირებულებთან გასაუბრების შემდეგ, EDU.ARIS.GE-მ მომავალი მაგისტრებისთვის საინტერესო კითხვები შეაგროვა.

ჩვენს კითხვებს შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა წერილობით უპასუხა. ასე რომ, თუ წელს სამაგისტრო გამოცდას აბარებთ, მაშინ, ეს სტატია თქვენთვის არის.

EDU.ARIS.GE: რამდენად განსხვავდება საერთო სამაგისტრო გამოცდა აბიტურიენტის გამოცდისგან, რა ძირითადი განსხვავებებია მათ შორის?

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი: ერთიან ეროვნულ გამოცდაზე („ბაკალავრის გამოცდაზე“) მოწმდება აბიტურიენტთა სასკოლო პროგრამით გათვალისწინებული ცოდნის დონე ცალკეულ საგანში. სსგ (საერთო სამაგისტრო გამოცდა) კი ამოწმებს კონკურსანტის მიერ მოცემულ სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის გაგრძელების მინიმალურ შესაძლებლობებს, რაც გულისხმობს: რამდენად შეუძლია კონკურსანტს სამეცნიერო-პოპულარული ტექსტის სრულად გააზრება, მის სტრუქტურაში გარკვევა და მთავარი აზრის გამოტანა, მოცემულ თემაზე თვალსაზრისის ცხადად და ნათლად ჩამოყალიბება წერილობითი ფორმით. ასევე ამ გამოცდით მოწმდება რამდენად ახერხებს მონაწილე მოცემული ინფორმაციის საფუძველზე მთელი სურათის შექმნას და ლოგიკური დასკვნის გამოტანას, რამდენად შეუძლია რაოდენობრივი სახით მიწოდებული ინფორმაციის დამუშავება, ანალიზი და გამოყენება.

– ვინაიდან მაგისტრობის მსურველი საერთო სამაგისტრო გამოცდასთან ერთად, სასურველ უმაღლეს სასწავლებელში შიდა საუნივერსიტეტო გამოცდასაც აბარებს, რომ განგვიმარტოთ, რა განსხვავებებია ამ გამოცდებს შორის და რომელია უფრო მნიშვნელოვანი სასურველ ადგილზე ჩარიცხვისთვის?

– სამაგისტრო გრანტის განაწილება მხოლოდ საერთო სამაგისტრო გამოცდის შედეგების მიხედვით ხდება. თუმცა, სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის გაგრძელების აუცილებელი პირობაა როგორც სამაგისტრო, ისე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დანიშნული გამოცდის/გამოცდების წარმატებით ჩაბარება.

ამ გამოცდების მიმართ უნივერსიტეტების დამოკიდებულება ინდივიდუალურია და ყოველი უნივერსიტეტი წინასწარ აქვეყნებს ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რა წონას ანიჭებს თითოეულ მათგანს. საერთო სამაგისტრო გამოცდა ამოწმებს ისეთ კომპეტენციებს, რომლებიც საერთოა ყველა მიმართულებისათვის, ხოლო შიდა საუნივერსიტეტო გამოცდა – ცოდნას კონკრეტული სპეციალობის მიხედვით.

– თუკი მაგისტრობის მსურველი მხოლოდ საერთო სამაგისტრო გამოცდას ჩააბარებს და შიდა საუნივერსიტეტოზე აღარ გავა, ენახება თუ არა თქვენს მიერ ორგანიზებულ გამოცდაზე მიღებული ქულა მომავალი წლისთვის?

– შედეგები არ ინახება. საერთო სამაგისტრო გამოცდის პარალელურად, მაგისტრანტობის მსურველმა შიდა გამოცდა უნდა ჩააბაროს. სასურველ უმაღლესი სასწავლო დაწესებულებაში და ორივე გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში, ხელშეკრულება გააფორმოს უნივერსიტეტთან.

– რაც შეეხება გრანტის განაწილებას, სამაგისტრო გამოცდისთვის მხოლოდ 100%-იანი გრანტი არსებობს, ან აპლიკანტი საერთოდ ვერ იღებს სახელმწიფო დაფინანსებას. იქნებ, დაახლოებით მაინც გვითხრათ, რა ქულებს იღებენ გამოცდაზე ის მომავალი მაგისტრები, რომლებიც სახელმწიფოს მიერ ფინანსდებიან და რამდენად შეუძლია მსურველს შედეგის გაუმჯობესება ისევ გამოცდით?

– სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი თანხა ფიქსირებულია და საკმარისია დაახლოებით 900 მაგისტრანტის დასაფინანსებლად. კონკურენცია სხვადასხვა მიმართულების მიხედვით სხვადასხვაა, საგრანტო ქულებიც განსხვავდება სხვადასხვა მიმართულებაზე.

სამაგისტრო გრანტის გასაუმჯობესებელი სპეციალური გამოცდა, როგორც ეს საბაკალავროს შემთხვევაშია, არ არსებობს. თუმცა, მაგისტრანტს შეუძლია, მომდევნო წელს ხელახლა ჩააბაროს სსგ. აღნიშნული გრანტის გარდა, არსებობს სოციალური და შიდა საუნივერსიტეტო გრანტებიც.

– აპლიკანტებს ასევე აინტერესებთ, შესაძლებელია თუ არა, მაგისტრატურის გამოცდაზე გასვლის პარალელურად, საბაკალავრო გამოცდაც ჩააბარონ ხელმეორედ და ორივე საფეხურზე ერთდროულად ისწავლონ?

– ჩვენგან გამოსაცდელებს ჩარიცხვის პრობლემა არ შეექმნებათ, მათ შეუძლიათ ერთსა და იმავე წელს ჩააბარონ სამაგისტრო და ხელმეორედ საბაკალავრო პროგრამაზე, თუმცა კრედიტების დაგროვების საკითხი მათ უნდა გაარკვიონ შესაბამის უმაღლეს სასწავლო დაწესებულებაში. (როგორც EDU.ARIS.GE-ს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში განუმარტეს, წლის განმავლობაში მხოლოდ 75 კრედიტის ათვისება ხდება, შესაბამისად, კრედიტები მაგალითად ორი სხვადასხვა პროგრამის გავლისას უნდა გაიყოს უნივერსიტეტებთან შეთანხმებით და ისე მოხდეს წელიწადში ორივე უნივერსიტეტში ერთად ჯამში 75 კრედიტის ათვისება.)

– სამაგისტრო გამოცდის რომელ ნაწილში აქვთ ხოლმე ყველაზე არასახარბიელო შედეგები აპლიკანტებს, რა შეცდომებს უშვებენ უმეტესად და რა გაითვალისწინონ ამ შეცდომების გამოსასწორებლად?

– სამაგისტრო გამოცდების შედეგების მიხედვით ჩანს, რომ კონკურსანტები შედარებით რთულად ართმევენ თავს ლოგიკური მსჯელობის ნაწილს. მაგისტრანტობის მსურველებს შეგვიძლია ვურჩიოთ, ყურადღებით წაიკითხონ და გაიაზრონ ყოველი კონკრეტული დავალების პირობა და შეკითხვა, რომელიც მას ახლავს.

– და ბოლოს, ჩვენ ვიცით, რომ საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტურ დავალებაში, კითხვაზე არასწორად გაცემული პასუხისთვის აპლიკანტს 0,2 ქულა აკლდება, ხოლო უპასუხოდ დატოვებული საკითხი 0 ქულით ფასდება. როგორი იქნებოდა თქვენი რჩევა მომავალი მაგისტრებისთვის, ვარაუდით შემოხაზონ სწორი პასუხი თუ დავალება შეუსრულებელი დატოვონ?

– ტესტურ დავალებაზე არასწორი პასუხის გაცემის შემთხვევაში 0,2 ქულის გამოკლება შემოღებულია სწორედ იმ მიზნით, რომ არ წახალისდეს შემთხვევითად რომელიმე პასუხის მონიშვნა მაშინ, როცა დავალება არ არის გააზრებული და ამოხსნილი. პასუხების მონიშვნის ყველასთვის ოპტიმალური სტრატეგია არ არსებობს, რადგან ეს დამოკიდებულია ინდივიდუალურ ფაქტორზე, მაგალითად, კონკურსანტის მომზადების დონესა და მიზნებზე.

ასევე იხილეთ:

გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე

განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

მოამზადა გოგა ნიჟარაძემ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური