GE
„საქართველოში, დაწყებითი კლასების გარდა, არც ერთი საგნის პედაგოგი არ მზადდება, ამ საქმეში სერიოზული ხარვეზია“

საქართველოში ხშირად იცვლებიან განათლების მინისტრებიცა და პრემიერ მინისტრებიც, თუმცა უცვლელი რჩება ის, რომ განათლებას, დეკლარირებულ დონეზე, თითოეული მათგანი ქვეყნისთვის ნომერ პირველ პრიორიტეტად, მის განვითარებაზე ზრუნვას კი მთავრობის მთავარ მისიად ასახელებს. პრეზიდენტებსაც არაერთხელ გამოუცხადებიათ ესა თუ ის წელი „განათლების წლად.“ ამ ფონზე კი, განსაკუთრებულად გასაოცარი უნდა იყოს ის, რომ როგორც სპეციალისტები ამბობენ, ქვეყანაში მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა ფაქტობრივად არ არსებობს. მასწავლებლის, რომლის გარეშეც ხარისხიანი განათლების, ძლიერი სკოლისა და განათლებული თაობების წარმოდგენა შეუძლებელია. შესაბამისი ფაკულტეტი არც ერთ უმაღლეს სასწავლებელს არ გააჩნია. გამონაკლისი მხოლოდ დაწყებითი კლასების პედაგოგების მოსამზადებელი საბაკალავრო პროგრამებია.

„საქართველოში, დღეს, დაწყებითი კლასების გარდა, არც ერთი საგნის პედაგოგი არ მზადდება“- ასე იწყებს ჩვენთან საუბარს ილიას უნივერსიტეტის მოწვეული პროფესორი, პედაგოგიური მეცნიერების დოქტორი, ქართული ენისა და ლიტერატურის სახელმძღვანელოების ავტორი ნათელა მაღლაკელიძე, რომელიც სწორედ მომავალ პედაგოგებს ამზადებს. შესაბამისად, მან ზუსტად იცის შიდა სამზარეულოს ყველა დეტალი და მიიჩნევს, რომ ამ მხრივ განგაშის ზარების შემოკვრის დროა, რადგან გამოდის, რომ სკოლაში უფროსი კლასების საგნის მასწავლებლად შესვლა ნებისმიერს შეუძლია, ნებისმიერი სპეციალობის კურსდამთავრებულს და ამისთვის მხოლოდ აღნიშნულ საგანში მინიმალური ბარიერის გადალახვაა საჭირო.

-ნათელა მაღლაკელიძე: მასწავლებლის მომზადების ფაკულტეტი, საქართველოში, არც ერთ უმაღლეს სასწავლებელში არ არსებობს. პედაგოგიურ ფაკულტეტს დღეს ვერც ერთ უმაღლეს სასწავლებელში ვერ ნახავთ და სადაც დარჩენილია, მხოლოდ და მხოლოდ დაწყებითი განათლების მასწავლებლების მოსამზადებლად არის. ეს 300-კრედიტიანი (5-წლიანი) პროგრამაც რამდენიმე წლის წინ ამოქმედდა. ამ პროგრამით, ფაქტობრივად, ვამზადებთ მასწავლებელს, რომელიც მაგისტრის ხარისხთან არის გათანაბრებული და უფლება აქვს დაწყებით კლასებში ასწავლოს, მაგრამ ჩვენ ხომ გვყავს საგნის მასწავლებლებიც და იმ საგნის მასწავლებლების მომზადება არც ერთ უმაღლეს სასწავლებელში არ ხდება. მასწავლებლის მომზადების პროგრამა, როგორც ასეთი, არ არსებობს. ეს ყველამ იცის. ყველა ამბობს, რომ არ ვარგა. ამ ორი-სამი წლის წინ მინისტრმაც გამოაცხადა პედაგოგიური უნივერსიტეტი არ უნდა გაგვეუქმებინაო, მაგრამ ფაქტია, რომ არ გვაქვს.

-ანუ, დაწყებითი განათლების პედაგოგებს სახელმწიფო აძლევს სპეციალურ ცოდნას, მაღალი კლასების საგნების პედაგოგობა კი ნებისმიერს შეუძლია?

-გეტყვით, როგორ „მზადდება“ დღეს საგნის მასწავლებელი. წარმოიდგინეთ ბაკალავრი, რომელმაც დაამთავრა ნებისმიერი სპეციალობა, ნებისმიერი მიმართულებით. არ აქვს მნიშვნელობა სად ისწავლა და რა პროფესიას დაეუფლა. დაამთავრა და 4-წლიანი საბაკალავრო განათლება მიიღო. ამის შემდეგ კი გადაწყვიტა, რომ მასწავლებლობა უნდა. მას უფლება აქვს რომელ საგანშიც უნდა და რომელ საგანშიც თავს უფრო ძლიერად გრძნობს, მასწავლებლის პროფესიული გამოცდა ჩააბაროს, მინიმალური ბარიერი გადალახოს და ამის შემდეგ საგნის მასწავლებლის მოსამზადებლად 60-კრედიტიან პროგრამაზე წვდომა მიიღოს, რომელიც თითქმის ყველა უმაღლეს სასწავლებელს აქვს. ანუ, წარმოიდგინეთ პიროვნება, რომელმაც დაამთავრა ნებისმიერი ფაკულტეტი, გადალახა მინიმალური ბარიერი და ჩემთან მოვიდა, რადგან ქართულის მასწავლებლობა უნდა. ამ 60-კრედიტის გავლის შემდეგ კი მას უკვე სკოლაში წამყვან მასწავლებლად შესვლის უფლება აქვს.

ეს ძალიან დიდ სირთულეს ქმნის. ეროვნული სასწავლო გეგმა, განსაკუთრებით ზედა საფეხურისთვის მოსწავლისაგან, თითოეულ საგანში, ძალიან მაღალ საგნობრივ კომპეტენციას ითხოვს. ახლა წარმოიდგინეთ მასწავლებელი, რომელსაც ამ საგანში მომზადება არ გაუვლია. მან მხოლოდ მინიმალური ბარიერი გადალახა. არადა უფლება აქვს მოვიდეს ჩემთან, 60-კრედიტი გაიაროს და ხვალ სკოლაში მასწავლებლად შევიდეს. მინიმალური ბარიერის გადალახვა არანაირად არ ყოფნის იმას, რომ ის საბაზო და საშუალო საგნის მასწავლებელი იყოს. თავს ვიტყუებთ და მეტი არაფერი. მე არ ვიცი მერე ადგილზე დირექტორები როგორ არჩევენ, მაგრამ ვიცი ის, რომ ამ საქმეში სერიოზული ხარვეზია.

-თავად 60-კრედიტიანი პროგრამა რას აძლევთ მათ?

-ცოდნას მხოლოდ და მხოლოდ პედაგოგიურ დისციპლინებში აძლევს. იქნება ეს განათლების თეორიები თუ კერძო მეთოდიკები. ის, რომ აქ საგნის კომპეტენცია გაღრმავდეს, შეუძლებელია. ეს არც მოგვეთხოვება, ამის არც დროა და არც შესაძლებლობა. ამ პროგრამას ისმენენ სტუდენტები, რომელთაც, ხშირად, აბსოლუტურად განსხვავებული საგნობრივი კომპეტენცია აქვთ. ასეთ კონტინგენტთან მუშაობა ცოტა რთულია.

-და რა შეგიძლიათ თქვათ უკვე შემდგომ ტრენინგებზე, რომელთაც პედაგოგები კომპეტენციის ასამაღლებლად გადიან? რამდენად აახლოებთ ეს მათ იმ ცოდნასთან, რაც, წესით, უნივერსიტეტში უნდა მიეღოთ?

-ალბათ, აახლოებს, მაგრამ ასეთი ტრენინგ კურსები, რომელთაც მასწავლებელი პროფესიული სრულყოფის მიზნით გადის წლების განმავლობაში, ძირითადად, მაინც პედაგოგიკის მიმართულებით არის. საგნობრივი კომპეტენციის გაღრმავება არ ხდება. გამოდის, საგნობრივ კომპეტენციას მასწავლებლისგან აღარ ვითხოვთ? მოსწავლისაგან ვითხოვთ და მასწავლებლისაგან არა? მე ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლებს ვამზადებ და სტუდენტი რომ მოდის, ჩემთვის მთავარია მან საგანი იცოდეს კარგად. პედაგოგიური მიმართულებით დავაოსტატებთ, მაგრამ თუ საგნის ცოდნასთან დაკავშირებით ხარვეზი აქვს, მასთან მუშაობა უკვე ჭირს. უნივერსიტეტი რა ცოდნას აძლევთ ბაკალავრიატში ამას ჩვენ ვერ ვიგებთ, რადგან სხვადსხვა მიმართლებებზე სხვადასხვა პროგრამას გადიან. მასწავლებელს კი, სხვა ცოდნა სჭირდება. ბაკალავრიატში მას მოსმენილი არ აქვს ძალიან ბევრი დისციპლინა, რაც ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგს სჭირდება. შეიძლება არც ერთი დისციპლინა არ ჰქონდეს მოსმენილი, მაგალითად, სოციოლოგიის ფაკულტეტი ჰქონდეს დამთავრებული და უცებ ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგობა გადაწყვიტოს. რა უნდა გავაკეთოთ ასეთებთან? თავიდან დავიწყოთ ქართული ენისა და ლიტერატურის სხვადასხვა კურსის კითხვა? წარმოუდგენელია. ანუ, ფაქტობრივად, საგნის მასწავლებელს არ ვამზადებთ და ეს ყველა საგანში ასეა.

-რა არის გამოსავალი? რა უნდა გაკეთდეს და რამდენად მარტივად შესაძლებელია ეს?

-ამის მოგვარება ძალიან მარტივად შეიძლება – ისე, როგორც დაწყებითი განათლების მასწავლებლის მოსამზადებელი 300-კრედიტიანი პროგრამა არსებობს, იარსებოს ნებისმიერი საგნის მასწავლებლობის მსურველისთვისაც. გვქონდა ჩვენ ეს დაგეგმილი, მაგრამ რატომღაც გაჩერდა და დარჩა ისევ 4+1, ანუ 4 წელი ბაკალავრიატში ნებისმიერი მიმართულებით და 1 წელი 60-კრედიტიანი პროგრამა. თუმცა წელს ისეთი პრობლემის წინაშე დავდექით, რომ მასწავლებლის მომზადების პრობლემამ უკანა პლანზე გადაიწია.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური
edu.aris.ge საგანმანათლებლო ინტერნეტ-პორტალი