GE

საქართველოში ღია ტიპის საბავშვო ატრაქციონები გაიხსნა – რა წესების დაცვა მოუწევთ ვიზიტორებს

COVID-19 -ის პანდემიის გამო დაწესებული გარკვეული შეზღუდვების მოხსნის შემდეგ, ქვეყანაში ღია ტიპის საბავშო ატრაქციონები გაიხსნა. EDU.ARIS.GE-ს თბილისის ზოოპარკში განუცხადეს, რომ ატრაქციონების ნაწილი გახსნილი აქვთ. მთაწმინდის პარკში განგვიმარტეს, რომ ყველა ტიპის ატრაქციონი ღიაა წყლის ატრაქციონის გარდა. მუშაობა განახლებულია გლდანის პარკშიც, სადაც ვიზიტორებს უკვე აქვთ შესაძლებლობა ღია ტიპის გასართობი ატრაქციონებით ისარგებლონ.

ჯანდაცვის სამინისტროს, ღია სივრცეში არსებული გასართობი ატრაქციონებისთვის, ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციასთან (COVID-19) დაკავშირებული ზოგადი რეკომენდაციები აქვს შემუშავებული, რომელიც ვიზიტორებმა და თანამშრომლებმა აუცილებლად უნდა დაიცვან. რეკომენდაციებიდან ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა 2-მეტრიანი დისტანციის დაცვა და ხელების ხშირი დამუშავება. არსებობს გამონაკლისებიც, რაც ერთი ოჯახის წევრების შემთხვევაშია დაშვებული.

დასვენებისა და გართობის პარკებში არსებული ატრაქციონების ოპერირებისთვის სავალდებულო ღონისძიებების ნუსხა ასეთია:

პარკის და თითოეული ატრაქციონის შესასვლელში თვალსაჩინო ადგილას განათავსეთ ინფორმაცია COVID-19-ის პრევენციული ღონისძიებების შესახებ;

ინფექციის რისკის შემცირების მიზნით, აუდიო/ვიდეო ტექნიკის გამოყენებით უზრუნველყავით ვიზიტორთა ინფორმირებულობა კორონავირუსის გავრცელების პროფილაქტიკური ღონისძიებების შესახებ;

ყოველი ატრაქციონის შესასვლელში პერსონალისა და ვიზიტორებისთვის ხელმისაწვდომ ადგილას განათავსეთ სულ მცირე 60%-70% ალკოჰოლის შემცველი ხელის დასამუშავებელი საშუალებები და მათი სწორად მოხმარების წესები.

პერსონალს მიაწოდეთ ინფორმაცია: ინდივიდუალური დაცვის საშუალებების გამოყენებასა და მათ შემდგომ განკარგვაზე (შენახვა, მოცილება, ნარჩენების კონტეინერში განთავსება); სადეზინფექციო საშუალებების სწორად გამოყენებაზე;

ატრაქციონების შესასვლელებთან ვიზიტორებისა და პერსონალის მიერ გამოყენებული ერთჯერადი ხელსახოცებისა თუ სხვა ჰიგიენური ნარჩენებისთვის უზრუნველყავით დახურული კონტეინერების განთავსება (სატერფულით გახსნის შესაძლებლობით), რომლებშიც ჩაფენილი იქნება ერთჯერადი პოლიეთილენის პარკი. ნარჩენების პარკი ამოიღეთ და განკარგეთ ერთჯერადი ხელთათმანების გამოყენებით. უზრუნველყავით ასეთი ნარჩენების დროული გატანა შესაბამისი პირის/სამსახურის მიერ;

გამოიყენეთ სანიტარული შესვენებები ყოველ 2 (ორი) საათში ერთხელ, რათა მოხდეს ხშირად შეხებადი ზედაპირების (მათ შორის, თითოეული ატრაქციონის სახელურების) დამუშავება შესაბამისი კონცენტრაციის სადეზინფექციო ხსნარით;

პერსონალი უზრუნველყავით: კოლექტიური და ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით – დამცავი გამჭვირვალე ბარიერებითა და ნიღბით – მესამე პირებთან ურთიერთობის შემთხვევაში;

სანიტარული კვანძები უზრუნველყავით ხელის ჰიგიენის გამართული საშუალებებით (ხელსაბანი ნიჟარა, თხევადი საპონი და ხელის გასამშრალებელი ერთჯერადი ხელსახოცები);

ლოდინის რეჟიმში მყოფი ვიზიტორების ნაკადი აკონტროლეთ შესაბამისი უსაფრთხო დისტანციის დაცვით;

ვიზიტორები ატრაქციონების დასაჯდომ ადგილებზე განათავსეთ იმგვარად, რომ დაცული იყოს უსაფრთხო დისტანცია (არანაკლებ 2 მ);

კარუსელებზე, საბავშვო მატარებლებზე, ე.წ. ,,მხტუნავ ბაყაყზე“, ,,ბროკომელაზე“ და სხვა გასართობ ატრაქციონებზე დატვირთეთ დასაჯდომი ადგილების არა უმეტეს 50%; გამონაკლისი: ერთი ოჯახის წევრები (მშობლები, და-ძმა) შესაძლებლია მოთავსდნენ დისტანციის დაცვის გარეშე“, – ნათქვამია ჯანდაცვის სამნისტროს რეკომენდაციაში.

ამავე დოკუმენტის თანახმად, ამ ეტაპზე კვლავ ძალაში რჩება შეზღუდვა, რომელიც დახურული სივრცის მქონე ატრაქციონების საქმიანობის განახლებას კრძალავს.

თ.ვ.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური