GE

სასკოლო მერხებს ექსპერტიზა სამხარაულის ბიუროში ჩაუტარდება – განათლების სამინისტროს 140 800 მერხისა და სკამის შეძენა სურს

მერხისა და სკამის ფეხს უნდა ჰქონდეს სპეციალური სამაგრი, რაც დაიცავს იატაკს დაზიანებისაგან, ზედაპირი უნდა იყოს ხის ღია ფერის – ამის შესახებ ფასთა კვლევის შესახებ გამოქვეყნებულ დოკუმენტაციაში წერია, რომელიც სსიპ „საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ“ სასკოლო მერხებისა და სკამების კომპლექტის შესყიდვასთან დაკავშირებით სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოაქვეყნა.

განათლების სამინისტროს 140 800 მერხისა და სკამის შეძენა სურს. აღნიშნული დოკუმენტაციის მიხედვით, ჯერ ცნობილი არ არის, რა თანხა დაიხარჯება, თუმცა დეტალურადაა  აღწერილია, როგორ მერხებთან მოუწევთ მოსწავლეებს საგაკვეთილო პროცესზე ყოფნა.

თითოეული კომპლექტის შემადგენლობაში შედის ერთი ცალი სასკოლო მერხი და ერთი ცალი სასკოლო სკამი, რომელიც გათვლილია ერთ მოსწავლეზე. მერხი და სკამი უნდა იყოს ცალ-ცალკე ნაკეთობა.

სამინისტროს მოთხოვნის თანახმად, მერხის ზედაპირი, ასევე, სკამის საზურგე და სკამის საჯდომი უნდა იყოს ვერზალიტის ან მსგავსი ტექნოლოგიით დამზადებული. უნდა იყოს გლუვი და არ უნდა ჩანდეს სამაგრი დეტალები. სკამის საზურგე (ვერზალიტის ან მსგავსი ტექნოლოგიით დამზადებული ნაწილი) უნდა ფარავდეს მეტალის კონსტრუქციის იმ ნაწილს, რომელზეც ის მაგრდება (წინა მხრიდან, რომელსაც ეყრდნობა მოსწავლე). ზედაპირის უნდა იყოს ხის ღია ფერის.

მერხისა და სკამის კარკასი დამზადებული უნდა იყოს რკინის შენადნობით. თავად რკინის შენადნობი არ უნდა იყოს რეგულირებადი, თუმცა მერხის ან სკამის თითოეულ ფეხს შეიძლება ჰქონდეს ერთმანეთისგან დამოუკიდებლად რეგულირებადი დამატებითი დეტალები, იმისათვის, რომ იატაკის არასწორი საფარის დასაბალანსებლად, თავიდან იქნეს აცილებული მერხის ან სკამის რყევა.

მერხის და სკამის კონსტრუქცია უნდა იყოს მეტალის, მილისებური ან მართკუთხა/კვადრატული პროფილის (მეტალის კედლის სისქე არანაკლებ 1,5მმ), რითაც უზრუნველყოფილი იქნება მერხის სათანადო სიმტკიცე და მდგრადობა.

გამოქვეყნებულ დოკუმენტებში წერია, რომ მილის დიამეტრი ან მართკუთხა/კვადრატული პროფილის დიაგონალი არანაკლებ 19მმ (კედლების სისქის ჩათვლით). მერხისა და სკამის კონსტრუქციის ნაწილები შედუღებული უნდა იყოს CEN/TR 15235-2005 სტანდარტის მიხედვით ან რკალისებრი მეთოდით;

მერხისა და სკამის კონსტრუქციის ნაწილები შეღებილი უნდა იყოს ელექტროსტატიკური (ფხვნილოვანი) დაფარვის მეთოდით, შეღებილი უნდა იყოს ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო საღებავით;

კარკასის ფერი უნდა შეთანხმდეს შემსყიდველთან; მერხისა და სკამის ფეხს უნდა ჰქონდეს სპეციალური სამაგრი, რაც დაიცავს იატაკს დაზიანებისაგან; მერხს უნდა ჰქონდეს მოსწავლის სათავსო (ჩანთის ან წიგნების შესანახი) მერხის ზედაპირის ქვეშ, რომელიც ხელს არ უნდა უშლიდეს მერხის ნორმალურ ექსპლუატაციას. ასევე მეტალის კაუჭი ჩანთის ჩამოსაკიდებლად (გვერდითა მხარეს). უსაფრთხოების მიზნით, მერხსა და სკამს, ასევე მის თანმხლებ დეტალებს არ უნდა ჰქონდეს მახვილი კუთხეები და ბოლოები.

მერხისა და სკამის ყველა დეტალი დამზადებული უნდა იყოს ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო მასალისაგან. განსაზღვრულია ასევე მერხებისა და სკამების ზომა საფეხურების მიხედვით. მერხების მოხმარების გარანტია საბოლოო მიღება-ჩაბარების გაფორმებიდან არანაკლებ 5 წელი უნდა იყოს.

მერხებს და სკამებს, სანამ მოსწავლეებამდე მივა, ექსპერტიზა ჩაუტარდება, რომლის საფასურსაც მიმწოდებელი გადაიხდის. ექსპერტიზაზე გასაგზავნი მერხებისა და სკამების რაოდენობა კი არ იქნება გათვალისწინებული მოსაწოდებელი მერხებისა და სკამების საერთო რაოდენობაში.

„ყოველი მოწოდებული პარტიიდან, შემსყიდველი შერჩევით აიღებს ყოველი დონიდან თითო მერხსა და სკამს, რომელსაც დალუქული სახით ექსპერტიზაზე წარსადგენად გადასცემს მომწოდებელს. საექსპერტო კვლევის დამადასტურებლად წარმოდგენილი უნდა იქნას სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა ან სსიპ „აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო აკრედიტაციის ცენტრის“ მიერ აკრედიტებული ორგანიზაციის (პირი) დასკვნა (დასკვნასთან ერთად წარმოდგენილი უნდა იყოს შესაბამის სფეროში აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტი) ან GS, INTERTEK, EKOTEKS ან სხვა აკრედიტირებული პირის (ასეთ შემთხვევაში, დასკვნასთან ერთად წარმოდგენილ უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის აკრედიტაციის დამადასტურებელი ლეგალიზებული ან აპოსტილით დამოწმებული ქართულ ენაზე თარგმნილი და ნოტარიულად დამოწმებული დოკუმენტი) დასკვნა“, – წერია საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტაციაში.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური