GE

საზღვაო აკადემიის რექტორს თანამშრომელი სიტყვიერ შეურაცხყოფასა და მუქარაში ადანაშაულებს

საზღვაო აკადემიის სტუდენტთა სერვისებისა და კარიერული მხარდაჭერის დეპარტამენტის უფროსის გოჩა ჩიტიძის განცხადებით, აკადემიის რექტორმა მას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და ფიზიკური ანგარიშსწორებით დაემუქრა. როგორც აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელთან საუბრისას გოჩა ჩიტიძე ამბობს, შემთხვევა სხდომაზე მოხდა, სადაც საზაფხულო სკოლის საკითხს განიხილავდნენ. თქვა, რომ საზაფხულო სკოლის ორგანიზების საკითხებში ჩართული არ ყოფილა და პასუხისმგებლობას მისი დეპარტამენტი ვერ აიღებდა.

ჩიტიძე ირწმუნება, რომ განსხვავებული აზრის დაფიქსირების გამო, ირაკლი შარაბიძემ მას სხვების თანდასწრებით, უცენზურო სიტყვებით მიმართა.

”დღეს ჩატარდა მეზღვაურთა დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების შესახებ თათბუირი, რომლის დროსაც ერთ-ერთ ჩვეულებრივ მიმდინარე საკითხთან დაკავშირებით გამოვთქვი განსხვავებული პოზიცია, ამაზე ბატონ რექტორს ჰქონდა, ჩემი აზრით არაადეკვატური რეაქცია, იგი წამოხტა მომაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და ფიზიკური ანგარიშსწორებით დამემუქრა. საერთოდ ბატონ ირაკლის ახასიათებს ბილწსიტყვაობა, მაგრამ თანამშრომელთან, ხელქვეითთან მიმართებაში ასეთი რამ პირველად მოხდა.

ვაპირებ ამ კონკრეტულ ფაქტთან დაკავშირებით, მივმართო ზემდგომ უწყებას, კერძოდ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს. მე ვაპირებ ყველა კანონიერი გზით დავიცვა ჩემი უფლებები”, – ამბობს გოჩა ჩიტიძე.

საზღვაო აკადემიის თანამშრომელი ლექტორისგან ბოდიშის მოხდას ითხოვს.

​”ვითხოვ ასევე საჯაროდ მოიხადოს ბოდიში, პიროვნული შეურაცხყოფისათვის, მუქარაზეც პასუხი აგოს. მე ამის შემდეგ უსაფრთხოდ ვერ ვიგრძნობ თავს. მოსალოდნელია ამ მუქარის ასრულება. ზოგადად ბატონი ირაკლი ბილწსიტყვებს ხშირად ვერ აკონტროლებს, მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევაში ეს ყველაფერი გამოიწვია ჩემს მიმართ აგრესიულმა დამოკიდებულებამ. დიდი ხანია ცდილობს ჩემს შევიწროებას, სხვადასხვა შემოთავაზებებით, სხვა სამსახურში გადაყვანის დაპირებებით. მე დადგენილი კანონდებლობით ვმოქმედებ. განსხვავებული აზრი მხოლოდ აქედან გამომდინარე მაქვს. ვცდილობ კანონის ფარგლებში იყოს ყველა გადაწყვეტილება მიღებული. ის საკითხი, კონკრეტულად, რომლის შემოთავაზებაც უნდოდათ ჩემი დეპარტამენტისთვის არ შედის ჩვენს კომპეტენციაში, მე ვერ ავიღებდი პასუხისმგებლობას. ეს ეხებოდა საზაფხულო სკოლა, რომლის შემუშავების პროცესში არ ვიყავი ჩართული, არც განხორციელების, დასკვნით ეტაპზე იყო მცდელობა, რომ დეპარტამენტი ჩართულიყო ამაში. რაც არ არის ჩვენი უფლებამოსილება. არ გვაქვს სამაგისო კომპეტენცია. ამაზე გამოვთქვი მოსაზრება, რასაც მოყვა არაადეკვატური რეაქცია, თმენის ვალდებულება ომ არსებობს. სტუდენტებს ვუჩერებთ გინებისა და შეურაცხყოფისთვის სტატუსს, რექტორი კი ვერ აკონტროლებს ემოციებს”, – ამბობს გოჩა ჩიტიძე.

აკადემიის რექტორი ირაკლი შარაბიძე დეპარტამენტის უფროსს პასუხობს და ამბობს, რომ გოჩა ჩიტიძისთვის სიტყვიერი შეურაცხყოფა არ მიუყენებია, მხოლოდ შენიშვნა მისცა და ხმამაღლა ესაუბრა. შენიშვნა კი სამსახურეობრივ თემას უკავშირდებოდა, უფრო კონკრეტულად კი საზაფხულო სკოლის ორგანიზებას.

”დღეს აკადემიაში ყოველკვირეული თათბირი იყო, იხილებოდა მეზღვაურთა დღისადმი დაგეგმილი ღონისძიებები. ერთ-ერთი საკითხი იყო საზაფხულო სკოლა, რომლის დროსაც გვეწვევიან სტუდენტები. გოჩა ჩიტიძე სტუდენტთა სერვისებისა და კარიერული მხარდაჭერის დეპარტამენტის უფროსია, ამიტომ ის უფრო ღრმად უნდა ყოფილიყო ამ საქმეებში გარკვეული და მიიღო მონაწილეობა. როგორც სტუდენტების დახვედრაში, ასევე ღონისძიებებზე მათ განაწილებაში. რაზეც საერთოდ არ იყო ჩამოყალიბებული და მიიღო სიტყვიერი შენიშვნა. მე ვარ რექტორი და ამის უფლება მაქვს. პასუხისმგებელი ვარ და შემიძლია თანამშრომელს შენიშვნა მივცე. სიტყვიერ შეურაცხყოფას არ ვადასტურებ. შეგიძლიათ კითხოთ იმათ, ვინც თათბირს ესწრებოდა. ხმამაღალი საუბარი იყო, შენიშვნა მიიღო და მითითებები როგორ უნდა იმოქმედოს ამ მიმართულებით”, – განაცხადა ირაკლი შარაბიძემ.

რექტორი ბოდიშის მოხდას არ აპირებს.

”გოჩა ჩიტიძისთვის ბოდიშის მოხდას ნაღდად არ ვაპირებ, ქალბატონებს ბოდიში მოვუხადე”.

კითხვაზე: ქალბატონებს რატომ მოუხადა ბოდიში, საზღვაო აკადემიის მმართველმა ასე უპასუხა: ”ქალბატონები იყვნენ და იმიტომ, ხმამაღლა მომიწია საუბარი”.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური