GE

შეამოწმე, იყო თუ არა შენი მოგვარე წერა-კითხვის გამავრცელებელთა შორის

„ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ წევრების ელექტრონული საძიებელი, რომელიც საქართველოს ეროვნული არქივისა და საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის თანამშრომლობით შეიქმნა, საზოგადოებას უკვე წარუდგინეს.

ვებპროგრამა აერთიანებს წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებს, რომლებიც ამ ორგანიზაციაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე, 1879-1927 წლებში, გაწევრიანდნენ. ამ ეტაპზე ბაზაში 15 232 პიროვნების ბიოგრაფიული მონაცემია განთავსებული.

ელექტრონულ საძიებელს იხილავთ ეროვნული არქივისა და პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ვებგვერდებზე, იგი ხელმისაწვდომია ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის.

„ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება“ 1879 წელს შეიქმნა. მის დამფუძნებელთა შორის იყვნენ: დიმიტრი ყიფიანი, ილია ჭავჭავაძე, ნიკო ცხვედაძე, იაკობ გოგებაშვილი, აკაკი წერეთელი, ივანე მაჩაბელი, რაფიელ ერისთავი და სხვები. საზოგადოებას არაერთი მეცენატი უწევდა ფინანსურ დახმარებას, მათ შორის: დავით სარაჯიშვილი, ძმები ზუბალაშვილები, თბილისის საადგილმამულო ბანკისა და ქუთაისის ბანკის ხელმძღვანელები; საზოგადოებას გამოცემებითა და ფულადი შემოწირულობებით ეხმარებოდნენ ქართველი მწერლები და საზოგადო მოღვაწეები, ასევე, ამ საზოგადოების თითოეული წევრი.

წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დაარსებით საქართველოში ჩამოყალიბდა ეროვნული საგანმანათლებლო სისტემა: გაიხსნა ათეულობით სკოლა, ბიბლიოთეკები და კულტურულ-საგანმანათლებლო დაწესებულებები. საზოგადოება დახმარებას უწევდა ქართველ მწერლებსა და საზოგადო მოღვაწეებს, მოსწავლეებსა და სტუდენტებს.

ელექტრონული კატალოგი ეროვნულ არქივში დაცული „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ ფონდისა და ეროვნული ბიბლიოთეკის მასალების მიხედვით მომზადდა.

ვებპროგრამის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური