GE

„შერჩევა შესაძლებელია განხორციელდეს რუსულ, აზერბაიჯანულ ან სომხურ ენებზე“ – ცვლილება პროფესიულ პროგრამებზე ჩარიცხვის წესში

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, გიორგი ამილახვარის ბრძანებით, რომელიც დღეს, 4 აგვისტოს გამოქვეყნდა, ცვლილებები შევიდა „პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ ბრძანებაში.

ბრძანების ერთ-ერთ მუხლს დაემატა ორი ახალი პუნქტი, რომელიც 2023 წელს პროფესიულ პროგრამებზე ჩარიცხვის მიზნით სტუდენტთა შერჩევას და ასევე, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირთა ჩარიცხვის საკითხებს შეეხება.

როგორც დოკუმენტშია განმარტებული, 2023 წელს პროფესიულ პროგრამებზე ჩარიცხვის მიზნით:

შერჩევა შესაძლებელია განხორციელდეს ასევე რუსულ, აზერბაიჯანულ ან სომხურ ენებზე. დაწესებულება ვალდებულია ამ გზით ჩარიცხული პროფესიული სტუდენტებისთვის პროგრამაზე სწავლება დაიწყოს ქართული ენის მოდულით. ქართული ენის მოდულის დაუძლევლობის შემთხვევაში, პირს უწყდება პროფესიული სტუდენტის სტატუსი. ქართული ენის მოდულის დაძლევის შემთხვევაში, პროფესიული სტუდენტი სარგებლობს გარდამავალი (მომლოდინე) პროფესიული სტუდენტის სტატუსით და უფლებამოსილია:

სწავლა განაგრძოს იმავე პროგრამაზე, რომელზეც განხორციელდა მისი ჩარიცხვა. ამ შემთხვევაში, მას პროფესიული სტუდენტის სტატუსი გაუაქტიურდება პირადი განცხადების საფუძველზე, შემდგომი მიღების ფარგლებში ამ პროგრამაზე ჩარიცხული პროფესიული სტუდენტების მიერ სწავლის დაწყებისთანავე;

ამ პუნქტის „ა.ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, დაწესებულების მიერ განსაზღვრული წესის შესაბამისად ისარგებლოს შიდა მობილობით კანონმდებლობით დადგენილი წესით;

ისარგებლოს გარე მობილობით, მინისტრის მიერ დადგენილი წესით;

შეინარჩუნოს მის მიერ მოპოვებული სამართლებრივი მდგომარეობა.

სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირთა ჩარიცხვის მიზნით განსაზღვრული დათქმები იხილეთ განათლების მინისტრის ბრძანებაში.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური