GE

შვეულმფრენის პილოტთა და ტექნიკოსთა პროგრამები მზადაა, ახლა მთავარი სტუდენტებია

საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტში მეორე  წელია მიმდინარეობს ათასწლეულის გამოწვევის ფონდი – საქართველოს მიერ დაფინანსებული პროექტი სახელწოდებით ,,საქართველოს სამოქალაქო ავიაციის პროფესიული TVET პროგრამების განვითარება“. 770 ათასი დოლარის საერთო ღირებულების მქონე პროექტი სამი მიმართულების სასწავლო პროგრამების მომზადებას მოიცავდა: შვეულმფრენის პილოტი, საჰაერო ხომალდების ტექნიკური მომსახურება (B1.1) და საჰაერო ხომალდების ტექნიკური მომსახურება (B2);

რატომ დაფინანსდა პროექტი?

პროექტის ხელმძღვანელი და უნივერსიტეტის პრორექტორი საერთაშორისო ურთიერთობების სფეროში გიორგი ევგენიძე EDU.ARIS.GE-სთან პროექტისადმი ნდობის მთავარ ფაქტორად მის საჭიროებაზე ორიენტირებულობას ასახელებს. „შვეულმფრენები, ხშირ შემთხვევაში, საქართველოსთვის  უალტერნატივო ტრანსპორტს წარმოადენს. ამ მიმართულების პილოტები დამოუკიდებელ საქართველოში აღარ მომზადებულან. ასევე, საჰაერო ხომალდების ტექნიკოსის პროფესია ქვეყანაში და საზღვარგარეთაც მუდმივად მოთხოვნადია. ჩვენმა უნივერსიტეტმა 2015 წელს ჩაატარა კვლევა შვეულმფრენებით ოპერირებად კომპანიებთან და  მომავალ აბიტურიენტებთან – მთელი საქართველოს მასშტაბით.  გამოიკითხა 475 რესპონდენტი. შემდეგ შედეგები დამუშავდა უნივერსიტეტში. კვლევამ დაადასტურა, რომ შრომის ბაზარზე არის მოთხოვნილება და მომავალ აბიტურიენტებში არის ინტერესი ამ პროფესიებისადმი.“

ფაქტობრივად, ათასწლეულის გამოწვევის ფონდმა-საქართველომ დააფინანსა საავიაციო უნივერსიტეტის იდეა. არსებობდა მხოლოდ პროექტის სახელწოდება, დანარჩენი – დაწყებული ჩარჩო დოკუმენტებით, სასწავლო პროგრამებით, ინფრსტრუქტურის მომზადებით, ადამიაური რესურსის მომზადება-გადამზადებით ამ პროექტის ფარგლებში განხორციელდა.

სამზადისი

პროექტი 2016 წლის სექტემბერში ამოქმედდა და 2018 წლის 31 აგვისტოს უნდა დასრულდეს. დაკომპლექტდა პროგრამებსა და სახელმძღვანელოებზე მომუშავე გუნდი. „მასში გაერთიანდნენ, როგორც ადგილობრივი, ასევე უცხოელი პროფესიონალები, როგორც საავიაციო, ასევე პროფესიული განათლების სფეროდან. მოსამზადებელი სამუშაოებისთვის გათვალისწინებულ ვადას წელიწადნახევარი წარმოადგენდა“, – აღნიშნავს გიორგი ევგენიძე.

2017 წლის ზაფხულსა და შემოდგომაზე გადამზადდა 20-მდე პედაგოგი, მათ შორის, უნივერსიტეტის ხარისხის მართვის სამსახურის 2 თანამშრომელი. ჯამურად, ჩატარდა 5- 6 ტრენინგი სხვადასხვა მოდულით;  მათ შორის, თელავის სასწავლო-საფრენოსნო ბაზაზე, სადაც კვალიფიკაცია აიმაღლეს მფრინავ-ინსტრუქტორებმა. ამ სეგმენტზე დახარჯულია პროექტის ჯამური ღირებულების 10 პროცენტი. რაც მოიცავს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში გადამზადებულთა სერტიფიცირების თანამდევ ხარჯებსაც.

ინფრასტრუქტურა

ინფრასტრუქტურული განვითარების მხრივ, პროექტის  ყველაზე მოცულობითი ხარჯს შვეულმფრენის საწაფის შეძენა წარმოადგენდა. საწაფი (იგივე სიმულატორი) შეძენილია ტენდერით, რომელიც  გამოაცხადა ათასწლეულის გამოწვევის ფონდმა -საქართველომ. კონკურსში მონაწილეობდნენ მწარმოებლები სხვადასხვა ქვეყნებიდან. გამარჯვებულმა კომპანიამ დაამზადა, ჩამოიტანა, დაამონტაჟა საწაფი, გადაამზადა ტექნიკური მომსახურების პერსონალი, მათ  ვალდებულებაში შედის ტექნიკური მომსახურება გარკვეული პერიოდის მანძილზეც. საწაფის ჯამური ღირებულება 210 ათასი დოლარია.

რაც შეეხება ტექნიკოსთა მიმართულებას, მათთვის მოეწყო სასწავლო ლაბორატორიები. პრაქტიკული სამუშაოებისათვის. „ასევე, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ავიღეთ უზარმაზარი ანგარი, სადაც ამჟამად მოთავსებულია 737 ტიპის ბოინგი. ის არ დაფრინვს, მაგრამ ფუნქციონალურია. ეს ანგარი დავხურეთ, მოხდა შემინვა, სრულად გავარემონტეთ, ბოინგი მოწესრიგდა. მოვაწყვეთ საკლასო ოთახი. სველი წერტილი, გამოსაცვლელი, საშხაპეები… ანუ შეიქმნა ყველა პირობა სასწავლო პროცესის სრულყოფილი წარმართვისათვის. შევიძინეთ დარგობრივი ლიტერატურა და შევიძინეთ საკმაო რაოდენობა ხელსაწყოები, რომელიც სწავლების დროს აუცილებელია“, – აღნიშნავს გიორგი ევგენიძე.

პირველი სტუდენტები

სტუდენტების პირველი ნაკადი 2017 წლის სექტემბერში უნდა მიეღოთ. როგორც ირკვევა, მათ დროულად წარადგინეს პროგრამები აკრედიტაციისათვის, მაგრამ დაგვიანდა აკრედიტაციის საბჭოს შექმნა… შესაბამისად, სწავლება მხოლოდ მიმდინარე წლის თებერვალში დაიწყო.

„სამწუხაროდ, ამ დაგვიანებით, ჩვენ სტუდენტთა გარკვეული რაოდენობა დავკარგეთ, ამდენი ლოდინი ზოგიერთმა არ ისურვა. ახლა გამოცხადებულია მეორე მიღება და იმედი გვაქვს, კიდევ მოხდება შევსება“. პროექტის ხელმძღვანელი ყურადღებას ამახვილებს პროგრამების თვითმდგრადობაზე, რაც სამომავლო პერსპექტივას ქმნის.

თვენახევარია ამ მიმართულებებზე 22 სტუდენტი სწავლობს. მათ შორის, 4 შვეულმფრენის პილოტის და 18 საჰაერო ხომალდის ტექნიკოსის (ორივე სპეციალობით) მიმართულებით.

თუ გავეცნობით პროგრამაში მოხვედრის წინაპირობებს, ეს მოკრძალებული მონაცემები ადვილად ასახსნელი გახდება: სკოლის ატესტატი; კომისიის მიერ გაცემული  ჯანმრთელობის (სრულიად ჯანმრთელი) დამადასტურებელი მოწმობა;  ინგლისურის ცოდნის საერთაშორისო სერტიფიკატით  დადასტურებული დონე (გამონაკლის შემთხვევაში, ეს ცოდნა შეიძლება უნივერსიტეტის კომისიასთანაც დაადასტურდეს); … და რაც მთავარია, სწავლის ღირებულება – შვეულმფრენის პილოტის პროგრამის (2 წელი) გადასახადი 58 ათასი ლარია!  პროგრამის ხელმძღვანელების განმარტებით, ეს ძვირადღირებული პროგრამაა, სამაგიეროდ, შრომის ბაზარზე ამ პროფესიაზე მოთხოვნილებაც მაღალია და ანაზღაურებაც. შედარებით, შერბილებული წინაპირობებია ტექნიკოსის პროგრამებზე, მათ შორის, ღირებულებაც –  წლიური სამი ათასი ლარი.

მილენიუმის მიერ დაფინანსებულ პროექტში არც სტუდენტების სწავლის ხარჯის დაფარვა და არც მასწავლებლების ანაზღაურება არ შედის. მასწავლებლები ანაზღაურებას სტუდენტებისგან შემოსული თანხებიდან იღებენ.

ამჟამინდელი 22 სტუდენტისათვის თავად უნივერსიტეტმა თანადაფინანსების სახით გაიღო პრაქტიკული სწავლების ხარჯები, იგულისხმება სასწავლო პროგრამის მიღმა ჩატარებული პრაქტიკული სამუშაოები. დარგში მომუშავე კომპანიები თავიანთ გაგზავნილ სტუდენტთა გადასახადს ფარავენ.

ყველა ამჟამინდელი სტუდენტი საქართველოს მოქალაქეა, თუმცა სხვა ქვეყნების მოქალაქეებსაც არ ეზღუდებათ სწავლის საშუალება, მით უფრო, რომ პროფესიული  სწავლება ძირითადად ინგლისურ  ენაზე მიმდინარეობს. რეგიონში ამჟამად სხვა ანალოგიური პროგრამა არ ფუნქციონრებს.

მიღებული სერტიფიკატისა და დიპლომის აღიარება ხდება ყველა ქვეყანაში, რომელიც მიერთებულია ბოლონიის პროცესს. საავიაციო უნივერსიტეტს  განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გარდა, ჰყავს მეორე მარეგულირებელიც – სამოქალაქო ავიაციის სააგენტო, რომელიც გასცემს ლიცენზიას კურსდამთავრებულზე. დიპლომი და ლიცენზია კურსდამთავრებულს გზას უხსნის დასაქმებისაკენ, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ. კონკრეტულ ქვეყნებს აქვთ განსხვავებული მოთხოვნები ლიცენზირებასთან დაკავშირებით, რისი დაძლევაც რთული არ არის და დიდ დროს არ ითხოვს.

მდგრადია?

როგორია პროექტის მართვის გუნდის თვითშეფასება? „საკმაოდ დიდი სამუშაო ჩატარდა და გვაქვს უფრო მეტი შედეგი, ვიდრე დასაწყისში ველოდით. მაგალითად, ანგარი არ იყო პროექტში გათვალისწინებული და უნივერსიტეტმა დამატებითი სახსრები გამოძებნა, რამაც შედეგი გააუმჯობესა.  ჩვენი პროექტი მდგრადია. განმეორებითმა კვლევამ  შვეულმფრენებით ოპერირებად კომპანიებთან გვიჩვენა, რომ მათ მოკლე, საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში 120 პროფესიონალი დასჭირდებათ. ამ ოდენობაში მოიაზრება, როგორც თავიანთგან წარგზავნილი, ასევე სხვა კურსდამთავრებულების დასაქმება“.

თუ შრომის ბაზარზე ეს მოთხოვნადი პროფესიებია და მათ მიმართ სახელმწიფო ინტერესიც არსებობს (გავიხსენოთ ზაფხულის ხანძრები და შვეულმფრენების როლი საგანგებო სიტუაციებში), მაშინ მართებულია, გამოინახოს დაფინანსება თუ არა თანადაფინანსება მაინც იმ სტუდენტებისათვის, რომლებიც ამ პროფესიებს წარმატებით დაეუფლებიან.

პროექტმა, რომელიც ამჟამად დასრულებისკენ არის, თავის მიზანს მიაღწია. მაგრამ ეს მიზანი მხოლოდ საწყისი ნაბიჯია მთავარი მიზანისაკენ, რომელიც ახალი, კონკურენტუნარიანი კადრის მომზადებას გულისხმობს. ასეთ შედეგზე საუბარი კი ჯერ ადრეა.

საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები

პროფესიული განათლება საავიაციო უნივერსიტეტში

მოამზადა ნინო კაპანაძემ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური