ალტე უნივერსიტეტმა და თსსუ-მ საერთაშორისო კონფერენციას – „ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ უმასპინძლეს
ინოვაციური ხედვების, პროფესიული გამოცდილებისა და კვლევის შედეგების გაზიარების ახალი შესაძლებლობა – ასე შეიძლება შეფასდეს პირველი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია, სახელწოდებით „ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ (AIMCare 2026), რომელიც 29-30 ოქტომბერს, თბილისში, ალტე უნივერსიტეტისა და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პარტნიორობითა და შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფინანსური მხარდაჭერით გაიმართა.
ორდღიანმა კონფერენციამ შექმნა ინტერდისციპლინური სივრცე, სადაც თანამედროვე მედიცინაში, სამედიცინო დიაგნოსტიკასა და თერაპიულ ჩარევებში ხელოვნური ინტელექტის როლზე მედიცინის, ჯანდაცვისა და ტექნოლოგიების სფეროს წარმომადგენლებმა, მკვლევრებმა, კლინიცისტებმა, ინჟინრებმა, აკადემიურმა პერსონალმა, სტუდენტებმა და დარგის ექსპერტებმა იმსჯელეს.
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო მომხსენებლები 10 ქვეყნიდან: საქართველოდან, დიდი ბრიტანეთიდან, გერმანიიდან, ესპანეთიდან, საფრანგეთიდან, იტალიიდან, ირლანდიიდან, პოლონეთიდან, ჩეხეთიდან და იორდანიიდან.
კონფერენციის გახსნაზე AIMCare 2026-ის მნიშვნელობაზე ისაუბრეს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გივი მიქანაძემ, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის დირექტორმა, თეიმურაზ დოჭვირმა, ალტე უნივერსიტეტის პრეზიდენტმა, რამაზ კუკულაძემ და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ირაკლი ნატროშვილმა.
გახსნის ოფიციალური ცერემონიის შემდეგ კონფერენციამ მუშაობა პანელური დისკუსიების ფორმატში განაგრძო, სადაც დარგობრივ ინოვაციებსა და ჯანდაცვის სექტორის განვითარების პერსპექტივებზე იმსჯელეს. განიხილეს ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა: ხელოვნური ინტელექტის გამოყენების შესაძლებლობები სამედიცინო განათლებაში, პროფესიულ მომზადებასა და კლინიკური პრაქტიკის ადმინისტრირებასა და მართვაში; განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ტექნოლოგიების უსაფრთხო და პასუხისმგებლიან გამოყენებას, მონაცემთა დაცვას, ეთიკურ საკითხებსა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში ადამიანის როლის შენარჩუნებას.
ღონისძიების მონაწილეებს ჰქონდათ შესაძლებლობა, პანელური დისკუსიების ფარგლებში დაესვათ კითხვები და მათთვის საინტერესო საკითხებზე მიეღოთ ამომწურავი პასუხები. საერთო ჯამში კი, ალტე უნივერსიტეტისა და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის თანამშრომლობამ ხელი შეუწყო ცოდნისა და რესურსების გაერთიანებას, ახალი პროფესიული კავშირების ჩამოყალიბებასა და ხელოვნური ინტელექტის სამედიცინო განათლებასა და პრაქტიკაში უსაფრთხო და ეფექტიანი დანერგვის შესახებ დისკუსიის განვითარებას.
კონფერენციის შეჯამებისას, ხელოვნური ინტელექტის პასუხისმგებლიან გამოყენებასთან დაკავშირებული საკითხების ერთობლივი განხილვის მნიშვნელობაზე გვესაუბრა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე. მისი განცხადებით, სამინისტრო ყოველთვის უჭერს მხარს ისეთ პროექტებსა და ინიციატივებს, რომლებიც საზოგადოების კეთილდღეობაზეა ორიენტირებული:
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ საკითხებზე მიმდინარეობდეს მუდმივი დისკუსია, განსაკუთრებით, როდესაც საუბარია ხელოვნური ინტელექტის ჩართულობაზე დიაგნოსტირებასა და სხვადასხვა სამედიცინო კუთხით სამკურნალო პროცესებში, რათა ვიცოდეთ, სად არის ის ზომიერება, რომლითაც ხელოვნური ინტელექტის ინტეგრირება ორიენტირებული იქნება მხოლოდ პოზიტივზე, შედეგიანობასა და ეფექტიანობაზე. ამიტომ, მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ საერთაშორისო პარტნიორების გამოცდილება და ასევე გავუზიაროთ მათ ჩვენ მიერ დაგროვებული ცოდნაც. დარწმუნებული ვარ, რომ მსგავსი კონფერენციები ხელს შეუწყობს ამ საკითხზე საერთო პოზიციების ჩამოყალიბებას. მიხარია, რომ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი აფინანსებს მსგავს ღონისძიებებს. ეს კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს სამინისტროს პოლიტიკას, რომ სამეცნიერო, კვლევით საკითხებს, რომლებიც აქტუალურია თანამედროვეობისთვის და ადამიანის კეთილდღეობაზეა ორიენტირებული, ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ფინანასურად და პოლიტიკურად მხარი დავუჭიროთ. ეს ორდღიანი კონფერენციაც ამის დამადასტურებელია“.
ხელოვნური ინტელექტის განვითარების პერსპექტივებსა და გამოწვევებზე გაამახვილა ყურადღება ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ და ამ კონტექსტში კონფერენციის როლის უნიკალურობა აღნიშნა:
„მართლაც ღირსშესანიშნავი ღონისძიება გამოვიდა კონფერენცია, რომლის ორგანიზატორებს შორისაც ვხედავთ ორ უნივერსიტეტს – თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტსა და ალტე უნივერსიტეტს. ასეთი ტიპის თანამშრომლობა აკადემიურ სფეროში, რა თქმა უნდა, უმნიშვნელოვანესია, ვინაიდან ეს არ არის უბრალოდ სამეცნიერო პოტენციალის მექანიკური გაერთიანება. უნიკალურობას განაპირობებს ის, რომ კვლევის საგანი კრიტიკულად მნიშვნელოვანია თანამედროვე ყოფაში – ვსაუბრობ ხელოვნურ ინტელექტზე, რომელიც ერთი მხრივ, უზარმაზარი შესაძლებლობების გამო განსაკუთრებული ინტერესის საგანია და მეორე მხრივ, ხელოვნური ინტელექტის დანერგვის პროცესში აუცილებლად გასათვალისწინებელია არსებული ვეებერთელა საფრთხეებიც, რომლებიც შეიძლება თანმდევი იყოს ამ პროცესში. ესეც, ბუნებრივია, მოითხოვს ძალიან დიდი აკადემიური ცოდნის მობილიზებას, კვლევას იმისთვის, რომ ეს იყოს მაქსიმალურად უსაფრთხოდ განვითარებული პროცესი და ამავდროულად, კვლავაც რჩებოდეს ადამიანთა კეთილდღეობის სამსახურში“.
სტუდენტებისთვის ხელოვნური ინტელექტის პასუხისმგებლიანი გამოყენების სწავლების აუცილებლობაზე ისაუბრა ალტე უნივერსიტეტის პრეზიდენტმა, რამაზ კუკულაძემ და ამ მხრივ, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისა და AIMCare 2026-ის როლს გაუსვა ხაზი:
„კონფერენცია იყო უნიკალური შესაძლებლობა აკადემიური გარემოს შესაქმნელად, სადაც განათლება, კვლევა და პრაქტიკული გამოცდილება ერთმანეთს აბალანსებდა. მოგეხსენებათ, რომ ხელოვნური ინტელექტი გამოიყენება დიაგნოსტიკაში, მკურნალობაში, სამედიცინო დაწესებულებების მართვასა და სამედიცინო განათლებაში. ალტე უნივერსიტეტის ამოცანაა, რომ ჩვენს სტუდენტებს, მომავალ ექიმებს მივცეთ იმის შესაძლებლობა, ისწავლონ ხელოვნური ინტელექტის პასუხისმგებლიანი გამოყენება, დარწმუნდნენ იმაში, რომ ეს ინსტრუმენტი ასახავს რეალობას და მიიღონ პასუხისმგებლობიანი გადაწყვეტილება. აღნიშნულმა კონფერენციამ მისცა შესაძლებლობა ჩვენს აკადემიურ პერსონალს, მკვლევრებს, სტუდენტებს, რომ ერთმანეთისთვის გამოცდილება გაეზიარებინათ და ახალი ცოდნა მიეღოთ. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეს იქნება დასაბამი იმისა, რომ დაიწყება ახალ პროექტებზე მუშაობა, ახალი იდეები გაჩნდება და ახალ კვლევებს ჩაეყრება საფუძველი“.
კონფერენციაზე, მედიცინაში ხელოვნური ინტელექტის გამოყენებასა და სტუდენტებისთვის ცოდნის აკადემიურად მიწოდებაზე გაამახვილა ყურადღება თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ირაკლი ნატროშვილმა:
„მოგეხსენებათ, ხელოვნური ინტელექტი ძალიან აქტიურად შემოიჭრა ჩვენს ცხოვრებაში და მინდა გითხრათ, რომ რადიკალურად და კარდინალურად ცვლის დამოკიდებულებას სამედიცინო სფეროში, დიაგნოსტიკაში, სკრინინგსა და კვლევებში. აქედან გამომდინარე, ძალიან მნიშვნელოვანია აკადემიური სფეროების ჩართულობა, რათა სტუდენტებისთვის ხელოვნური ინტელექტის გამოყენებისთვის საჭირო ცოდნის აკადემიურად მიწოდება მოხდეს“.
ხელოვნური ინტელექტის მზარდ როლსა და ამ კონტექსტში საერთაშორისო თანამშრომლობისა და ცოდნის გაზიარების აუცილებლობაზე გვესაუბრა მასიმილიანო ზატინი, რომელიც იტალიის პადუის უნივერსიტეტს წარმოადგენდა:
„ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა შეიძინა ხელოვნურმა ინტელექტმა და ის დღეს ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური საკითხია. ასეთი კონფერენციები კი ხელს უწყობს კვლევების განვითარებას, ცოდნის გაზიარებასა და საერთაშორისო თანამშრომლობას, რაც ჩვენი მომავლისთვის ძალიან მნიშვნელოვანია“.



