სიტყვაკაზმული ქართული მწერლობის „ცოცხალი ტექსტები“ – ეროვნულ ბიბლიოთეკაში CIU-სა და თსუ-ის პროექტის პრეზენტაცია გაიმართა
ქართული კლასიკური ლიტერატურის ვიდეოთეკა „ცოცხალი ტექსტები“ – ასე ჰქვია კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთობლივ პროექტს, რომლის წარდგენაც 29 მაისს, ილია ჭავჭავაძის სახელობის საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიმართა.
სამი ნაწილისგან შემდგარი ვიდეოთეკა ქართული ლიტერატურის ძველ (V-XVIII საუკუნე), ახალ (XIX საუკუნე) და უახლეს (XX საუკუნე) პერიოდს აერთიანებს და საზოგადოებას საშუალებას აძლევს, მათთვის საყვარელი ქართული მოთხრობებიდან და ლექსებიდან ესა თუ ის მონაკვეთი მოისმინონ.
დაახლოებით, სამსაათიან ფილმში აუდიოვიზუალური ფორმით წარმოდგენილია მონაკვეთები ისეთი ცნობილი ქართველი მწერლებისა თუ პოეტების შემოქმედებიდან, როგორიცაა: სულხან-საბა ორბელიანი, დავით გურამიშვილი, ალექსანდრე ჭავჭავაძე, გრიგოლ ორბელიანი, ნიკოლოზ ბარათაშვილი, ილია ჭავჭავაძე, აკაკი წერეთელი, ვაჟა-ფშაველა, გალაკტიონ ტაბიძე, გიორგი ლეონიძე, ლადო ასათიანი, კონსტანტინე გამსახურდია და სხვ. პროექტის ფარგლებში შექმნილი ქართული ლიტერატურის ისტორიის ვიდეოქრესტომათიაში კი მათ შემოქმედებას კითხულობენ და ახალ სიცოცხლეს სძენენ ლიტერატორები, ტექსტოლოგები და პუბლიცისტები: გურამ მგალობლიშვილი, არქიმანდრიტი ადამი (ვახტანგ ახალაძე), ელგუჯა ხინთიბიძე, გიორგი ალიბეგაშვილი, კახაბერ ლორია, ლია სტურუა, ნინო მინდიაშვილი, ლევან გიგინეიშვილი, კონსტანტინე გამსახურდია და თამარ პაიჭაძე.
ვიდეოთეკა ქართული მწერლობის პოპულარიზაციასა და კიდევ ერთხელ გადააზრებას ისახავს მიზნად, რასაც განსაკუთრებულად გაესვა ხაზი პრეზენტაციაზე, რომელიც კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის (CIU) კანცლერმა, ვახტანგ წივწივაძემ მისასალმებელი სიტყვით გახსნა. სიტყვაკაზმული ქართული მწერლობის „ცოცხალი ტექსტების“ მოკლე ვიდეოანოტაცია კი ეროვნულ ბიბლიოთეკაში შეკრებილ საზოგადოებას პროექტის ავტორმა და ხელმძღვანელმა, თსუ-ის პროფესორმა, თამარ პაიჭაძემ, პროექტის ხელმძღვანელმა, CIU-ს პროფესორმა, ნინო მინდიაშვილმა და CIU-ს ვიცე-კანცლერმა, მულტიმედია ცენტრის ხელმძღვანელმა, პროფესორმა ნინო ჭალაგანიძემ წარუდგინეს.
ვიდეოთეკის მომზადების პროცესსა და მნიშვნელობაზე ისაუბრეს თავად პროექტის მონაწილეებმაც, საზოგადოებას საკუთარი შთაბეჭდილებები კი აკადემიური წრეების წარმომადგენლებმა გაუზიარეს.
ღონისძიებას თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორი, პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორი კახაბერ კორძაია, საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი კონსტანტინე გამსახურდია, სხვადასხვა უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები ა.შ. ესწრებოდნენ.
პრეზენტაციის დასრულების შემდეგ, EDU.ARIS.GE „ცოცხალი ტექსტების“ იდეის ავტორსა და ხელმძღვანელს, თსუ-ის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორ თამარ პაიჭაძეს ესაუბრა. მისი თქმით, ვიდეოთეკა, ქრონოლოგიურად წარმოდგენილი მასალებით, ქართული ლიტერატურის ისტორიის სასწავლო პროგრამებთან სრულ შესაბამისობაშია და ფართო საზოგოადებისთვის უკვე ხელმისაწვდომია:
„პროექტი რამდენიმე წლის წინ ჩავიფიქრეთ. მოტივაცია და გამოწვევა იყო ის, რომ დღევანდელი ცხოვრების სწრაფი ტემპიდან, სტუდენტთა და მოსწავლეთა დამოკიდებულებებიდან გამომდინარე, ყოველთვის იყო მოთხოვნა და კითხვა, რომ აი, ესა თუ ის ტექსტი არის თუ არა ვიდეომასალით, არის თუ არა მისი მოსმენისა და ყურების შესაძლებლობა და ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ეს გაგვეკეთებინა. დღესაც, სტუდენტებს როდესაც ვეუბნები – „ეს წიგნი წაიკითხეთ, ეს ნახეთ“, ყოველთვის მეკითხებიან – „გაციფრებული არ არის? ელექტრომატარებელზე არ არის?“ – ეს ყველაფერი დღევანდელმა ცხოვრებამ მოითხოვა. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ გავყოლოდით ამ მოთხოვნას და შეგვექმნა ასეთი ვიდეოთეკა – ქართული კლასიკური ლიტერატურის ვიდეოქრესტომათია…
ჩვენ ამ მარადიული ღირებულებების მქონე ტექსტებში ვეძებდით ყველაზე მნიშვნელოვანს, რათა 3-5 წუთის განმავლობაში ჩაგვეტია მთავარი სათქმელი, რომლის შემდეგაც ყველას გაუჩნდებოდა ინტერესი, თუ რა მოხდა შემდეგ – მაგალითად, გალაკტიონ ტაბიძის შემოქმედებაში, მაგალითად, რა მოხდა „ვეფხისტყაოსანში“. როდესაც წაიკითხავ ავთანდილის ანდერძს, ნესტანის წერილს – უნდა გაგიჩნდეს კითხვა, თუ რატომ დაიწერა ეს წერილი – ამას ვცდილობდით. მაგრამ არა მხოლოდ სასწავლო პროგრამებისა და მოსწავლეებისთვის, არამედ ეს ტექსტი უნდა ყოფილიყო მათთვისაც, ვისთვისაც საინტერესოა ქართული ლიტერატურის ისტორია. მაგალითად, უცხოეთში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეებისათვის – ვინც ნაკლებად იცის ქართული ენა, მაგრამ ეს ყველაფერი აინტერესებს. შეიძლება წაკითხვა გაუჭირდეს, მაგრამ არ გაუჭირდეს მოსმენა“.
EDU.ARIS.GE ასევე ესაუბრა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ვიცე-კანცლერს, პროფესორსა და CIU მულტიმედია ცენტრის ხელმძღვანელ ნინო ჭალაგანიძეს, რომელმაც პროექტზე მუშაობის პროცესსა და მის საბოლოო მიზანზე გაამახვილა ყურადღება.
„ეს პროექტი ჩემი პროდიუსერობით მომზადდა. პროექტზე ორი წელი ვმუშაობდით და ჩვენ იმთავითვე ავიღეთ გეზი, რომ ღირებულებების, მათ შორის ეროვნული ფასეულობების პროპაგანდა და პოპულარიზაცია ყოფილიყო ჩვენი მუშაობის ძირითადი ხაზი. ამიტომაც, ჩვენს ფოკუსში მოექცა ქართული მწერლობის სამივე პერიოდი – როგორც ძველი, ისე ახალი და უახლესი და გაკეთდა გარკვეული ვიდეოქრონიკა. ჩართული იყვნენ ძალიან მაღალი დონის ექსპერტები, თავად ლიტერატორები, მწერლები. ვიდეოთეკაში ცნობილი ქართველი მწერლების ნაწარმოებებიდან ნაწყვეტებს თანამედროვე ქართველი მწერლები და ლიტერატორები კითხულობენ. მაგალითად, კონსტანტინე გამსახურდიას ნაწარმოებიდან ნაწყვეტს კითხულობს ბატონი კოკო გამსახურდია – უმცროსი კონსტანტინე. ეს ადამიანები აცოცხლებენ ტექსტებს, კონკრეტული ტექსტების წარმოდგენა არის ახლებური ხმით და თანამედროვე სახით. ეს ახალი ფორმატია, ბევრი ასეთი არ მინახავს არც უცხოეთში და ჩვენ ვცდილობთ, რომ ახალგაზრდებს შევაყვაროთ, გავახსენოთ, ახალი მუხტი შევძინოთ იმას, რაც ძალიან ფასეულია ჩვენთვის, დაწყებული ჰაგიოგრაფიიდან“, – განუცხადა ნინო ჭალაგანიძემ EDU.ARIS.GE-ს.
იხილეთ: ქართული კლასიკური ლიტერატურის ვიდეოთეკა „ცოცხალი ტექსტები“
-
ეს სტუდენტები გამოცდას ზოგად უნარებში ჩააბარებენ, რათა სასწავლო გრანტი მოიპოვონ ან გაიუმჯობესონ – პროცედურა ცნობილია
by საგრანტო კონკურსის სიახლეები
-
რამდენ სტუდენტს მიიღებს დიპლომატიის აკადემია – პროგრამები, ბიუჯეტი, ხელფასები და ყველა სხვა დეტალი
by ARIS.GE-განათლება
-
საქართველოს დამოუკიდებლობის აქტის შვიდი პუნქტი – „26 მაისი ისტორიული დღესასწაულია!“
by ARIS.GE-განათლება