GE

„ახალი სასკოლო წიგნების სარჩევი მაინც გამოაქვეყნეთ!“ – რა პასუხი აქვს განათლების სამინისტროს მე-5, მე-7 და მე-10 კლასების პროგრამის გასაიდუმლოებაზე

„15 სექტემბერს პირველ, მეშვიდე და მეათე კლასელებს სრულიად ახალი სახელმძღვანელოები, ახალი პროგრამები დახვდებათ სკოლებში. სახელმძღვანელოები ჰუმანიტარული და STEM მიმართულებების მიხედვით ძალიან მაღალი ხარისხისაა და, მინდა დაგარწმუნოთ, რომ ამისთვის წარმოუდგენლად დიდი სამუშაოები ჩატარდა“, – ეს სიტყვები მოვისმინეთ 5 აგვისტოს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრისგან მთავრობის ადმინისტრაციაში.

თუმცა რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, პედაგოგები, სხვადასხვა საგნის ექსპერტები, სკოლები და მშობლები დღემდე არ იცნობენ დოკუმენტს, პროგრამას, საგნობრივ სტანდარტს, რომელთა საფუძველზეც განათლების სამინისტრო ახალ წიგნებს წერს.

სპეციალისტები და დაინტერესებული მხარეები EDU.ARIS.GE-ს უყვებიან, რომ სამინისტროსგან ახალი სახელმძღვანელოების სარჩევის მიღებასაც კი ვერ ახერხებენ და ამბობენ, რომ მსგავსი დამოკიდებულება მათ არ ახსენდებათ.

განათლების აკადემიური დოქტორი, მათემატიკოსი და არაერთი სახელმძღვანელოს ავტორი დიმიტრი გოშხეთელიანი ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ როგორც განათლების სამინისტროს, ისე მასწავლებლის სახლს პირადად არაერთგზის მიმართა.

“როგორც საქართველოს მოქალაქე, როგორც მამა, ბაბუა, დაინტერესებული ვარ ვიცოდე (და არა მხოლოდ მე) რა საკითხები და რა თანმიმდევრობით არის შეტანილი ახალ წიგნებში. ძალიან გთხოვთ, გვაცნობეთ, არ ვართ მტრები, რაღაც გაგვეგება საგანში და გვაინტერესებს. არ ვითხოვთ ზედმეტს არაფერს. სარჩევი მაინც გამოაქვეყნეთ. რა პრობლემაა თქვენთვის მე-5, მე-7 და მე-10 კლასების მათემატიკის წიგნების სარჩევის გადმოგზავნა, ეს ჩვენ რატომ არ უნდა ვიცოდეთ?!”, – მიმართავს მათემატიკოსი განათლების სამინისტროს.

რა პასუხი აქვს განათლების სამინისტროს

EDU.ARIS.GE დღეს, 10 აგვისტოს, განათლების სამინისტროს დაუკავშირდა და ზოგადი განათლების დეპარტამენტის წარმომადგენლებთან გასაუბრება ითხოვა.

გივი მიქანაძის უწყებისგან ასეთი არაკონკრეტული პასუხი მივიღეთ, რომ სასწავლო პროგრამა თუ სახელმძღვანელოების სარჩევი: “სასწავლო წლის დაწყებამდე ეცნობებათ სკოლებს”. 

ახალი სასწავლო წელი 15 სექტემბერს იწყება და სასკოლო საზოგადოებას შევახსენებთ, რომ განათლების მინისტრი მათ საკანონმდებლო ორგანოში დაპირდა – სახელმძღვანელოებში შევიდოდა ცვლილებები მათი ჩართულობით.

ასევე იხილეთ:

„არ ეჩვენებინოთ პროგრამა, სტანდარტი, რომლის საფუძველზეც სახელმძღვანელოები იწერება, ეს აქამდე არავის უკადრია“

განათლების სამინისტრო: „სახელმძღვანელოების წერა-დამტკიცება დაწყებულია, საგნობრივი სტანდარტები დამტკიცების ეტაპზეა“

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური