GE

უცხოურ ენებში მასწავლებლის გამოცდის ლაპარაკის ნაწილის ჩაბარება აპლიკანტების ნაწილს ხელმეორედ მოუწევს – „ლაპარაკის ნაწილში ხარვეზია“

2026 წლის გამოცდები 29 ივლისს დასრულდა, თუმცა მასწავლებლის გამოცდაზე გასული აპლიკანტების ნაწილს უცხოური ენის ლაპარაკის ნაწილის ჩაბარება ხელმეორედ მოუწევს.

როგორც დღეს, 11 აგვისტოს, EDU.ARIS.GE-სთვის გამოცდის მონაწილეებისგან ხდება ცნობილი, მათ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრიდან დაუკავშირდნენ და გამოცდის ლაპარაკის ნაწილის ჩასაბარებლად 13 აგვისტოს დაიბარეს, რადგან მათი თქმით, “ლაპარაკის ნაწილში ხარვეზია”.

ცალკე აღსანიშნავია ისიც, რომ გამოცდაზე დაბარებულ აპლიკანტებს ზეპირი გამოცდა სხვადასხვა საგამოცდო ცენტრში ჰქონდათ ჩაბარებული.

აპლიკანტებთან კომუნიკაციით ირკვევა ისიც, რომ მათ გარკვეულ რაოდენობას მიეცა შესაძლებლობა განმეორებითი გამოცდა იმ ქალაქში ჩაებარებინა, სადაც პირველად იყო გასული, ნაწილს კი თბილისში ჩამოსვლა მოსთხოვეს.

მათ შორის არის მარნეულში მცხოვრები ჩვენი რესპონდენტიც, რომელიც მასწავლებლის მსურველის გამოცდაზე ინგლისურ ენაში წელს პირველად გავიდა.

“ეს სიმართლეა, მათი [გამოცდების ცენტრის] პრობლემა და ხარვეზი იყო. მე დამირეკეს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრიდან და მითხრეს, რომ თქვენი უცხო ენის ლაპარაკის ნაწილის გამოცდაზე ხარვეზები იყო და ხელახლა უნდა ჩააბაროთ 13 აგვისტოს 14:00 საათზე. ვფიქრობდი, რომ კარგად ჩავაბარე და ნორმალურად იყო. მე გამოცდაზე რუსთავში გავედი და ახლა თბილისში უნდა ჩავიდე. ასეთი შემთხვევაც არის, რომ ერთი ადამიანი ბათუმშია წასული და ცენტრს სთხოვა, იქნებ ქუთაისში ჩაებარებინა, მაგრამ უარი უთხრეს, თბილისში უნდა ჩამოხვიდეო. როგორ იქნებოდა ჩემი საქმე, თუ მე საზღვარგარეთ ვიქნებოდი, არ ვიცი?!. ახლა ძალიან ვნერვიულობ, როგორ იქნება, რა იქნება და ჩემი ნერვიულობის გამო, არ მინდა ცუდად ჩავაბარო”, – გვიყვება აპლიკანტი.

ლაპარაკის გამოცდაზე აპლიკანტი კითხვას ეკრანზე ხედავს და შემდეგ საუბრობს. სწორედ ამ ნაწილში დაფიქსირდა ტექნიკური გაუმართაობა.

საკითხზე განმარტება EDU.ARIS.GE-სთან გააკეთეს შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

“უცხოური ენისა (ინგლისური, რუსული, იტალიური, გერმანული) და ქართულის, როგორც მეორე ენის გამოცდების ლაპარაკის ნაწილი, თავისი სპეციფიკიდან გამომდინარე, გარკვეულ თავისებურებებთან არის დაკავშირებული. შესაძლოა, გამოსაცდელის პასუხი სრულად ან სათანადოდ ვერ დაფიქსირდეს ჩანაწერში, როგორც ტექნიკური მიზეზით, ისე საუბრის მიმდინარეობისას წარმოშობილი სხვადასხვა გარემოების გამო.

ასეთ შემთხვევებში, მოქმედი პრაქტიკის შესაბამისად, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი გამოსაცდელებს აძლევს ლაპარაკის ნაწილში გამოცდის დამატებით ჩაბარების შესაძლებლობას (შესაძლებლობას აძლევს თუ იძულებულს ხდის? ავტ.).

წელს, გამოსაცდელთა მცირე ნაწილისთვის, ლაპარაკის ნაწილში გამოცდა დამატებით 13 აგვისტოს ჩატარდება”.

ასეთია გამოცდების ცენტრის პასუხი, რომელიც ობიექტურ კითხვასაც აჩენს და სხვა ვარაუდების გაჩენის შესაძლებლობასაც გვიტოვებს – რადგან ასეთი პრობლემა სხვადასხვა საგამოცდო ცენტრებში შეიქმნა, ეს სისტემურ პროპლემაზე ხომ არ მიუთითებს? თუ განმეორებით გამოცდაზე დაბარებულთა რიცხვი მცირეა, რატომ არ შეიძლებოდა ზუსტი რაოდენობის დასახელება? ხომ შეგვიძლია ვიფიქროთ, რომ ჩანაწერები უბრალოდ წაიშალა…

ცნობისთვის, შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს, უცხოური ენის ლაპარაკის ნაწილში გამოყენებული ტესტი ინგლისურში, რუსულში, იტალიურსა და გერმანულში ჯერ არ გამოუქვეყნებია.

სწორედ ამიტომ, ძვირფასო გამოსაცდელებო, თუკი განმეორებით ლაპარაკის ნაწილის ჩაბარება გიწევთ, გთხოვთ, შეგვატყობინოთ და მოგვწეროთ EDU.ARIS.GE-ს ფეისბუკის გვერდზე ან ელექტრონულ მისამართზე: naecisproblemebi@aris.ge

ასევე იხილეთ:

განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური