GE

„პირველკურსელებმა უნდა იცოდნენ, რომ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში ცოდნა, შრომა და მონდომება ყოველთვის ფასდება“ – რექტორი

„განათლების სისტემაში მიმდინარე ცვლილებები რეგიონებისთვის მნიშვნელოვან შესაძლებლობებს ქმნის. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ახალგაზრდებს ეძლევათ უმაღლესი განათლების მიღების უფრო ფართო ხელმისაწვდომობა, რაც ბევრ ოჯახს ფინანსურ ტვირთს შეუმსუბუქებს და მეტ ახალგაზრდას მისცემს პროფესიული განვითარების შანსს“, – ამის შესახებ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი EDU.ARIS.GE-სთან ინტერვიუში ამბობს.

სტუდენტებისა და მკვლევრებისთვის შექმნილი სრულფასოვანი სამუშაო გარემო და რესურსები, საერთაშორისო და საგრანტო პროგრამები, გაზრდილი თანამშრომლობა საერთაშორისო უნივერსიტეტებთან და სტუდენტებისა და კურსდამთავრებულების მხარდაჭერა, რომელიც აკაკი წერეთლის უნივერსიტეტისთვის მთავარი პრიორიტეტია, ეს მხოლოდ ნაწილია იმ საკითხებისა, რომელთაც პროფესორი შალვა კირთაძე ჩვენთან ვრცელ ინტერვიუში შეეხო.

– ბატონო შალვა, რომ შევაჯამოთ, რა შედეგებითა და მიღწევებით დაასრულა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტმა გასული სასწავლო წელი და როგორია თქვენი მოლოდინები ახალი სასწავლო წლისთვის? 

მათ შორის,  ქუთაისში ჩვენგან გამოკითხული აბიტურიენტების უმრავლესობა თავის არჩევანში პირველ ადგილს სწორედ აკაკი წერეთლის უნივერსიტეტს უთმობს, როგორ ფიქრობთ, რაზე მიუთითებს აღნიშნული? 

– მადლობას გიხდით აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის საქმიანობით დაინტერესებისა და თანამშრომლობისთვის.

2025–2026 სასწავლო წელი ჩვენი უნივერსიტეტისთვის მნიშვნელოვანი მიღწევებით გამოირჩეოდა. სასწავლო წლის განმავლობაში სრულად შესრულდა სტრატეგიული გეგმით განსაზღვრული ამოცანები, გაგრძელდა საგანმანათლებლო პროგრამების განვითარება, ხარისხის გაუმჯობესება და საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოება. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ინგლისურენოვანი პროგრამების განვითარებას, სასწავლო პროცესის ხარისხის შეფასებას, სტუდენტთა კმაყოფილების კვლევასა და აკადემიური პერსონალის პროფესიულ განვითარებას.

მრავალ მნიშვნელოვან მიღწევას შორის განსაკუთრებით გამოვყოფ უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში აბრაამ საპირის (სეფიაშვილის) სახელობის ქართულ-ებრაული ურთიერთობების ცენტრის შექმნას. სწორედ აქ, ქუთაისში, არის თავმოყრილი აბრაამ საპირის მიერ უნივერსიტეტისთვის გადმოცემული უნიკალური არქივი, რომელიც ათწლეულების განმავლობაში დაგროვილ დოკუმენტურ მასალას მოიცავს. ეს ცენტრი მნიშვნელოვან რესურსს წარმოადგენს აკადემიური პერსონალის, სტუდენტებისა და მკვლევრებისთვის, რადგან მათ აძლევს შესაძლებლობას იმუშაონ უნიკალურ საარქივო მასალებზე, განავითარონ სამეცნიერო კვლევები და კიდევ უფრო გააღრმაონ ქართულ-ებრაული ურთიერთობების შესწავლა.

გასულ წელს კიდევ უფრო გაფართოვდა უნივერსიტეტის საერთაშორისო თანამშრომლობა. წარმატებით გაგრძელდა „ერასმუს+“-ის პროგრამები, სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის საერთაშორისო მობილობა, გაფორმდა ახალი პარტნიორული შეთანხმებები უცხოურ უნივერსიტეტებთან და აქტიურად გაგრძელდა მონაწილეობა საერთაშორისო საგრანტო პროექტებში, რაც კიდევ უფრო აძლიერებს უნივერსიტეტის ინტერნაციონალიზაციას.

მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა პროფესიული განათლების მიმართულებითაც. წარმატებით განხორციელდა პროფესიული პროგრამების განვითარება და რეავტორიზაცია, ხოლო მომავალში ვგეგმავთ პროფესიული განათლების კიდევ უფრო გაფართოებას, რათა შრომის ბაზრის მოთხოვნებს კიდევ უფრო ეფექტიანად ვუპასუხოთ.

ჩვენთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია სტუდენტებისა და კურსდამთავრებულების მხარდაჭერა. უნივერსიტეტი მათ სთავაზობს კარიერული განვითარების, პრაქტიკის, კონსულტირების, დასაქმებისა და პროფესიული ზრდის მრავალ შესაძლებლობას, რაც მათ კონკურენტუნარიანობასა და წარმატებულ დასაქმებას უწყობს ხელს.

რაც შეეხება თქვენი კითხვის მეორე ნაწილს, ვფიქრობ, ის ფაქტი, რომ ქუთაისში აბიტურიენტების დიდი ნაწილი პირველ არჩევანს სწორედ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტზე აკეთებს, ჩვენი უნივერსიტეტისადმი ნდობასა და მზარდ ავტორიტეტზე მიუთითებს. ეს არის ხარისხიანი განათლების, თანამედროვე სასწავლო გარემოს, საერთაშორისო შესაძლებლობებისა და სტუდენტზე ორიენტირებული პოლიტიკის შედეგი. ჩვენთვის ეს დიდი პასუხისმგებლობაცაა, რომელიც გვავალდებულებს, მომავალშიც განვაგრძოთ განათლების ხარისხის, კვლევითი საქმიანობისა და საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარება.

– რა უნდა იცოდეს პირველკურსელმა, რომელიც ახალი სასწავლო წლიდან უნივერსიტეტში აწსუ-ის სტუდენტის სტატუსით შემოაბიჯებს, რა ხვდება მას საგანმანათლებლო დაწესებულებაში, რას სთავაზობს და როგორი სტუდენტობის წლები ელის თქვენთან? 

– უპირველესად, მინდა მივულოცო თითოეულ პირველკურსელს ცხოვრების ახალი, მნიშვნელოვანი ეტაპის დაწყება. ვუსურვებ, სტუდენტობის წლები მათთვის იყოს არა მხოლოდ ცოდნის მიღების, არამედ პიროვნული განვითარების, ახალი მეგობრების, საინტერესო გამოცდილებისა და წარმატებული მომავლის საფუძველი. მინდა, იყვნენ ცნობისმოყვარე, აქტიური და სრულად გამოიყენონ ყველა შესაძლებლობა, რომელსაც აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი სთავაზობს.

რაც შეეხება იმას, თუ რა უნდა იცოდნენ და რა დახვდებათ ჩვენს უნივერსიტეტში, პირველკურსელებმა უნდა იცოდნენ, რომ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში ცოდნა, შრომა და მონდომება ყოველთვის ფასდება. ისინი მოხვდებიან თანამედროვე, სტუდენტზე ორიენტირებულ საგანმანათლებლო გარემოში, სადაც აკადემიური ცოდნის მიღებასთან ერთად, ექნებათ შესაძლებლობა, ჩაერთონ სამეცნიერო-კვლევით, კულტურულ, სპორტულ და საერთაშორისო პროექტებში. უნივერსიტეტი მათ თავიდანვე უზრუნველყოფს სასწავლო პროცესისთვის საჭირო ინფორმაციითა და მხარდაჭერით, რათა ახალ გარემოს მარტივად შეეგუონ და სტუდენტური ცხოვრება წარმატებით დაიწყონ.

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტობა ნიშნავს გახდე მრავალწლიანი ტრადიციების მქონე, მაგრამ თანამედროვე ხედვებზე დაფუძნებული უნივერსიტეტის ნაწილი. ჩვენ ვთავაზობთ ხარისხიან განათლებას, საერთაშორისო პარტნიორობას, გაცვლით პროგრამებს, სამეცნიერო საქმიანობასა და პიროვნული განვითარების მრავალ შესაძლებლობას.

– და რა იქნება თქვენი, როგორც რექტორის სურვილი თუ სათქმელი თითოეული პირველკურსელისთვის? 

– ჩემი სურვილია, თითოეულმა პირველკურსელმა ირწმუნოს საკუთარი შესაძლებლობების, არასოდეს შეწყვიტოს განვითარება და სტუდენტობის წლები წარმატებისა და სასიამოვნო მოგონებების პერიოდად აქციოს. ვუსურვებ მათ სიბრძნეს, მშვიდობას, ჯანმრთელობასა და წარმატებას.

– უნივერსიტეტისთვის ახალი სასწავლო წლის მთავარ მიზნებსა და გეგმებზე რომ გვესაუბროთ, რა სიახლეებითა და განსახორციელებელი გეგმებით დაიწყებს უნივერსიტეტი სასწავლო წელს?

– კიდევ ერთხელ გავუსვამ ხაზს უნივერსიტეტის ერთ-ერთ უმთავრეს სტრატეგიულ მიმართულებას, სწავლებისა და კვლევის ხარისხის უწყვეტ განვითარებას, სამეცნიერო-კვლევითი და შემოქმედებითი საქმიანობის პროდუქტიულობის ზრდასა და აკადემიური ცნობადობის გაძლიერებას.

ამ კონტექსტში განსაკუთრებით აღსანიშნავია აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში ინტერნაციონალიზაციის მზარდი ტენდენცია, საგანმანათლებლო პროგრამების სრულყოფა და სამეცნიერო კვლევების განვითარება.

კვლევითი პრიორიტეტები განისაზღვრება ფაკულტეტების ადმინისტრაციებისა და აკადემიური პერსონალის აქტიური თანამშრომლობით. უნივერსიტეტის ერთ-ერთი მთავარი მიზანია პროფესორ-მასწავლებლებისა და სტუდენტების ჩართულობის გაზრდა საერთაშორისო და ეროვნულ სამეცნიერო-პრაქტიკულ კონფერენციებსა და საგრანტო კონკურსებში.

– ბატონო შალვა, უმაღლესი განათლების რეფორმის მნიშვნელოვან სიახლეებსაც რომ შევეხოთ, თქვენი შეფასებით, რა შესაძლებლობას აძლევს რეგიონს  დაწყებული სიახლეები, მათ შორის პროფილური სწავლებისა და უმაღლესი განათლების უფასოდ მიღების შესაძლებლობის გაჩენა?

– განათლების სისტემაში მიმდინარე ცვლილებები რეგიონებისთვის მნიშვნელოვან შესაძლებლობებს ქმნის. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ახალგაზრდებს ეძლევათ უმაღლესი განათლების მიღების უფრო ფართო ხელმისაწვდომობა, რაც ბევრ ოჯახს ფინანსურ ტვირთს შეუმსუბუქებს და მეტ ახალგაზრდას მისცემს პროფესიული განვითარების შანსს.

რეგიონული უნივერსიტეტებისთვის ეს არის შესაძლებლობა, კიდევ უფრო მეტი მოტივირებული სტუდენტი მოიზიდონ, გააძლიერონ საგანმანათლებლო და კვლევითი გარემო და მეტად უპასუხონ რეგიონის განვითარების საჭიროებებს. ჩვენი ამოცანაა, შევქმნათ ისეთი საგანმანათლებლო სივრცე, სადაც თითოეულ სტუდენტს ექნება ხარისხიანი განათლების, პროფესიული ზრდისა და საკუთარი პოტენციალის სრულად რეალიზების შესაძლებლობა.

– და ბოლოს, როგორ ფიქრობთ, რა როლი და დატვირთვა აქვს რეგიონალური მასშტაბით აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტს დღეს, რა მიმართულებით საჭიროებს ის უფრო მეტად განვითარებას და მეტ ჩართულობას ?

– ამასთან დაკავშირებით სხვებიც ისაუბრებენ, თუმცა მსურს ხაზი გავუსვა, რომ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი დღეს პოპულარული და მოთხოვნადი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებაა. ამის დასტურია ის ინტერესიც, რომელსაც აბიტურიენტები ჩვენი პროგრამების მიმართ იჩენენ. უნივერსიტეტი შრომის ბაზრის მოთხოვნებზე მორგებულ აკადემიურ და პროფესიულ პროგრამებს ახორციელებს და მნიშვნელოვან როლს ასრულებს როგორც რეგიონის, ისე ქვეყნის განვითარებაში.

უნივერსიტეტის სხვა ამბები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური