GE

სასკოლო ფორმის ნებაყოფლობითობის შესახებ – „აუცილებელია, ეს ინფორმაცია განათლების სამინისტრომ საჯაროდ წარმოადგინოს“

ავტორი: მანანა ხვედელიძე, მშობელი, მათემატიკოსი, სერტიფიცირებული პედაგოგი და ტრენერი

„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 19¹ მუხლი საჯარო სკოლების I–VI კლასების მოსწავლეებისთვის სასკოლო ფორმის ტარებას სავალდებულოდ ადგენს. მიმაჩნია, რომ პარლამენტმა აღნიშნულ მუხლს უნდა გადახედოს და ფორმის ტარება ნებაყოფლობითი გახადოს.
ბავშვის უფლებათა კოდექსი ადგენს:

მე-4 მუხლი – ბავშვის ღირსება ხელშეუვალია;

მე-5 მუხლი – ბავშვთან დაკავშირებული ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებისას უპირატესობა უნდა მიენიჭოს მის საუკეთესო ინტერესებს. ბავშვის უფლებებზე გავლენის მომხდენ გადაწყვეტილებას წინ უნდა უძღოდეს ამ ინტერესების შეფასება;

მე-7 მუხლი – ყველა ბავშვისთვის უზრუნველყოფილი უნდა იყოს თანაბარი უფლებები და შესაძლებლობები, ქონებრივი მდგომარეობის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, შეზღუდული შესაძლებლობისა თუ სხვა ნიშნის მიუხედავად;

მე-8 მუხლი – ბავშვს უფლება აქვს, მოუსმინონ იმ საკითხის გადაწყვეტისას, რომელიც მის უფლებებზე ახდენს გავლენას;

21-ე მუხლი – ბავშვს უფლება აქვს, მონაწილეობა მიიღოს მისი უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებაში;

35-ე მუხლი – ბავშვს აქვს ხარისხიანი განათლების მიღების, განათლებაზე თანაბარი ხელმისაწვდომობისა და საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადაწყვეტილებების მიღებაში მონაწილეობის უფლება.

ამ ნორმებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად საჭიროა მოსწავლეების, მშობლებისა და მასწავლებლების მონაწილეობით საჯარო განხილვა, ბავშვის უფლებებზე ზეგავლენის შეფასება და ფორმის სავალდებულო წესის აუცილებლობისა და თანაზომიერების დასაბუთება.

ფორმის არქონა არ უნდა გახდეს მოსწავლისთვის გაკვეთილზე არდაშვების, დისციპლინური პასუხისმგებლობის, დამცირების, სტიგმატიზაციის ან უთანასწორო მოპყრობის საფუძველი.

სასკოლო ფორმებთან დაკავშირებით საჯაროდ პასუხგასაცემია ერთი მნიშვნელოვანი კითხვა:
ჩატარდა თუ არა მოსწავლეთა გამოკითხვა ან მათთან უშუალო კონსულტაცია ფორმის სავალდებულოდ შემოღებამდე?

ბავშვის უფლებათა კოდექსის მე-8 მუხლით, ბავშვს უფლება აქვს, მოუსმინონ ნებისმიერი საკითხის გადაწყვეტისას, რომელიც მის უფლებებზე ახდენს გავლენას. ამ უფლების შეზღუდვა ასაკის გამო დაუშვებელია. შესაბამისად, მეექვსეკლასელები აღარ არიან იმ ასაკში, როდესაც მათი მოსაზრება შეიძლება უგულებელყოფილი იყოს.

მშობლებთან შეხვედრა მნიშვნელოვანია, მაგრამ მშობლის აზრი ბავშვის უშუალო მონაწილეობის უფლებას ვერ ჩაანაცვლებს.

აუცილებლად მიმაჩნია, სამინისტრომ საჯაროდ წარმოადგინოს:

– გამოიკითხნენ თუ არა მოსწავლეები;
– რამდენი მოსწავლე მონაწილეობდა და რომელი კლასებიდან;
– რა კითხვები დაუსვეს მათ;
– როგორია გამოკითხვის შედეგები;
– ჩატარდა თუ არა ბავშვის უფლებებზე ზეგავლენის შეფასება;
– რატომ არ განხორციელდა დაანონსებული საჯარო კენჭისყრა ფორმის მოდელების შესარჩევად.
ასევე განსახილველია, რამდენად ემსახურება თანასწორობას სისტემა, რომელშიც ზოგ მოსწავლეს ფორმა აცვია, ზოგს – არა, ხოლო ვალდებულება მხოლოდ ცალკეულ კლასებზე ვრცელდება.
მაღალ კლასებში შესაძლებელია მოსწავლის ასაკის შესაბამისი, გონივრული ჩაცმის წესის არსებობა, თუმცა ასეთი წესი უნდა შემუშავდეს მოსწავლეების, მშობლებისა და მასწავლებლების მონაწილეობით და არ უნდა იქცეს მოსწავლის დასჯის, დამცირების ან განათლებაზე ხელმისაწვდომობის შეზღუდვის საფუძვლად.

ვფიქრობ, სამართლიანი იქნება ეს მოთხოვნა:

1. პარლამენტმა გადახედოს „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონის 19¹ მუხლს და ფორმის ტარება ნებაყოფლობითი გახადოს;

2. გამოქვეყნდეს ბავშვის უფლებებზე ზეგავლენის შეფასება და ჩატარებული კონსულტაციების შედეგები;

3. სავალდებულო წესის შენარჩუნების შემთხვევაში სახელმწიფომ ყველა მოსწავლე ხარისხიანი, უსაფრთხო და სეზონის შესაბამისი ფორმით უსასყიდლოდ უზრუნველყოს;

4. გათვალისწინებული იყოს ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა, შეზღუდული შესაძლებლობა, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროება, რელიგიური შეხედულება და სხვა ინდივიდუალური გარემოებები.

ასევე იხილეთ:

სასკოლო ფორმები 1-14 სექტემბრის პერიოდში უნდა შეიძინოთ – ეტაპები განისაზღვრა (ფოტოები)

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური